ზღვაში დაგეგმილი ქორწილი

ამდენიმე დღის წინ რედაქციაში ქალბატონი გვესტუმრა, რომელმაც გვთხოვა, ერთ-ერთი წყვილის სიყვარულის ისტორიის შესახებ დაგვეწერა. მან გადაწყვიტა დისშვილის, გოჩა ჯოყილაძისა და მისი მეუღლისთვის, მაკა ლუხუტაიშვილისთვის სიურპრიზი მოემზადებინა და მათ შესახებ ჩვენთვის მოეყოლა. მაშ ასე...

წყვილის ურთიერთობა ოთხი წლის წინ, ერთ-ერთ მეგობრულ შეკრებაზე დაიწყო. გაცნობისთანავე გაუჩნდათ ერთმანეთის მიმართ სიმპათიები, უკეთ გასაცნობად კი ტელეფონსა და ინტერნეტს იყენებდნენ

გოჩამ საზღვაო აკადემია დაამთავრა და, შესაბამისად, მალე გემზე წავიდა სამუშაოდ. მაკა კი ელოდებოდა მის დაბრუნებას

2009 წლის შემოდგომაზე ტრადიციული ნიშნობა შედგა, ქართული ადათ-წესებით. გოჩას მალე კვლავ მოუწია გემზე დაბრუნება და რადგან დროში შეზღუდულები იყვნენ, იქვე დაგეგმა ქორწილიც.

გემიდან დაბრუნებულს, მშობლებმა სიურპრიზი დაახვედრეს _ საკუთარი ბინა, რამაც უფრო დააჩქარა წყვილის ქორწინება.

თუმცა ქორწინებამდე იყო ერთი უსიამოვნო ფაქტიც. ქორწილის წინა დღეს, როცა გოჩა მაკას სახლში აცილებდა, ავარიაში მოყვნენ, საბედნიეროდ, გადარჩნენ და მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. მიუხედავად ამისა, ეს ამბავი არავის გაუმხილეს, ოჯახის წევრებს რომ არ ენერვიულათ და ქორწილსაც კარგად ჩაევლო

ქორწილი ძალიან ლამაზი გამოვიდა, ერთი შეხედვითაც ჩანდა წყვილის დიდი ბედნიერებამაკას კაბა თეთრსა და ოქროსფერში იყო გადაწყვეტილი, ხოლო გოჩას შავი შარვალ-კოსტიუმი და თეთრი პერანგი ეცვა. ნეფე-პატარძლის კუთხეც მაკას კაბის ფერებთან იყო შეხამებული.


ნეფე-პატარძალმა ტრადიციულ ცეკვებთან ერთად, ფეიერვერკის ფონზე შეასრულა ვალსი. საინტერესო იყო თაიგულის სროლის მომენტი _ მაკას თაიგული სრულიად შემთხვევით მისმა მეჯვარემ დაიჭირა.

წყვილმა ერთად ყოფნის სურვილი ხელის მოწერითაც დაადასტურა. ოფიციალური ცერემონიალი საქორწინო დარბაზში შედგა, რამაც კიდევ უფრო გაალამაზა ქორწილი. საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და გოჩა და მაკა ახლა თაფლობის თვეს მყუდრო გარემოში ატარებენ.

გოჩა ჯოყილაძე და მაკა ლუხუტაიშვილი

”სატელეფონო ზარები ვეღარ იტევდა სიყვარულს”


”ჩვენი სიყვარული ბათუმში დაიწყო... ორივენი 14 წლის ვიყავით, ერთ ქალაქში და თითქმის ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით. ამიტომაც ლაშას მეტ-ნაკლებათ გაუადვილდა ურთიერთობაში შემოსვლა... ჯერ იყო მოწონება, შემდეგ სიყვარული, რომელიც ბევრჯერ გამოიცადა” _ ამბობს ნატა ჭანტურია.

ერთხელაც, ნატამ და ლაშამ თავიანთი გრძნობების შესახებ მშობლებს გაუმხილეს _ ”მშობლების კურთხევა გვქონდა ერთი პირობით _ მხოლოდ სწავლის დამთავრების შემდეგ უნდა დავქორწინებულიყავით”.

სკოლის დამთავრების შემდეგ ნატამ პეტერბურგში, ხოლო ლაშამ მოსკოვში განაგრძო სწავლა. ერთმანეთის გარეშე ძალიან გაუჭირდათ, ხშირად ურეკავდნენ ერთმანეთს, მაგრამ _ ”ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს ერთი მთელი შუაზე გაიყო, ნახევარი მაკლდა. მიმოწერები და სატელეფონო ზარები ვეღარ იტევდა სიყვარულს და ამიტომაც, ხშირად ჩამოდიოდა ლაშა პეტერბურგში. მისგან სიურპრიზებით გათამამებული ვიყავი, ხშირად ვსეირნობდით ღამის პიტერში”.

ბოლოს ერთად ყოფნის სურვილმა გადაალახვინათ მშობლების რიდი.… ”რა თქმა უნდა ძალიან გვეშინოდა მშობლების რეაქციის, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ შეუღლება. ლაშა ჩამოვიდა მეგობრებთან ერთად, მეც შევკრიბე ჩემი მეგობრები და ჯვარი დავიწერეთ პეტერბურგის ქართულ ეკლესიაში~.

ჯვრისწერისას ნატას მეჯვარე პეტერბურგში მცხოვრები ქართველი გოგონა იყო _ ”ის ქორწილშიც ჩამოვიდა, ყოველთვის ჩემ გვერდითაა და მომავალი ბავშვის ნათლიაც ის იქნება… ძალიან ცოტაა მისნაირი ერთგული და სანდო ადამიანი”.

ზაფხულში ნატა ჭანტურია და ლაშა ბალაძე საქართველოში დაბრუნდნენ და ტრადიციული ქორწილი გადაიხადეს.

ლაშას ტრადიციულად, ჩოხა ეცვა, ხოლო ნატამ სტამბულში შეარჩია სასურველი კაბა. რაც შეეხება ვარცხნილობას, ნატას სადა, მაგრამ ძალიან ლამაზი ვარცხნილობა ჰქონდა _ კაბის ორნამენტებთან შეხამებული. განსხვავებული იყო თეთრი ვარდებისგან დამზადებული თაიგულიც.

მუსიკალური გაფორმებაც ქართული ტრადიციული ქორწილის შესაფერი იყო. თუმცა, წყვილმა ვალსი ვიოლინოს ჰანგებზე იცეკვა _ ”ყველაფერმა კარგად ჩაიარა,… მშობლები ნერვიულობდნენ ძალიან. ასევე ძმაც, მას სახეზე ეტყობოდა, არ სჯეროდა, მისი და რომ თხოვდებოდა” _ ამბობს ნატა.

ნატას და ლაშას სწავლა არ დაუმთავრებიათ. ნატა კვლავ პეტერბურგშია, ლაშა კი _ მოსკოვში... თითქმის ყოველ კვირას ან ლაშა მიემგზავრება ნატას სანახავად, ან პირიქით... ”ბაკალავრის საფეხური უკვე გავიარე, ნახევარი წელი დამრჩა უნივერსიტეტის დასამთავრებლად და მერე სულ ერთად ვიქნებით”, _ ამბობს ნატა.

სად იცხოვრებენ _ საქართველოში თუ სხვაგან _ ჯერ არ გადაუწყვეტიათ. რაც მთავარია და როგორც ნატა ამბობს _ ”გვიყვარს ერთმანეთი და გვიხარია ცხოვრება”.

ლაშა ბალაძე და ნატა ჭანტურია

თანამშრომლობიდან ოჯახურ ბედნიერებამდე

ერთმანეთს შვიდი წლის წინ შეხვდნენ… თამარს მეგობარმა მუშაობის დასაწყებად ერთ-ერთ ოფისში მისვლა შესთავაზა, სადაც დასაქმებას ჰპირდებოდნენ. თამარი ოფისში სამუშაოდ დაიტოვეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი ოფისში სამუშაოდ ლაშაც მივიდა... რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი მხოლოდ ახლო მეგობრები იყვნენ. ერთ დღეს კი მიხვდენენ, რომ ერთმანეთთან მეგობრებაზე მეტი რამ აკავშირებდათ…
შეუღლება სპონტანურად არ გადაუწყვეტიათ, კიდევ უფრო კარგად გაიცნეს ერთმანეთი. ამ პერიოდთან დაკავშირებთ ბევრი სასიამოვნო მოგონება აქვთ. როგორც თამარი ამბობს, ლაშა ანებივრებდა და ხშირად უწყობდა სიურპრიზებს. შეუღლებამდე ერთი საინტერესო შემთხვევაც მოხდა _ თამარმა მეგობრის ქორწილში შემთხვევთ პატარძლის თაიგული დაიჭირა _ “მოშორებით ვიჯექი, საერთოდ არ მივსულვარ თაიგულის დასაჭერად, უცებ კი ჩემ წინ თაიგული დაეცა”.
თამარის ხელის სათხოვნელად მშობლებთან ლაშას მეგობრები მივიდნენ, რასაც მოჰყვა ტრადიციული ნიშნობა და დაიგეგმა ქორწილიც. საქორწილოდ თამარი და ლაშა საგანგებოდ მოემზადნენ, შეისწავლეს ცეკვაც _ “არც ერთმა არ ვიცოდით ცეკვა და გადავწყვიტეთ, გვესწავლა. დაახლოებით ხუთჯერ მივედით მეცადინეობაზე და შედეგად საკმაოდ კარგად მოვემზადეთ. მოწვეულმა სტუმრებმა იცოდნენ, რომ ცეკვა არ ვიცოდით და ჩვენს დაისს განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ. კარგად გამოგვივიდა, ლაშას განსაკუთრებით…”
ქორწილი ტრადიციული იყო, მუსიკალური გაფორმებაც შესაბამისი _ “თამადამ საინტერესოდ წარმართა ქორწილი, ყველა სადღეგრძელოს ბიბლიიდან ამონარიდებით იწყებდა”.
ლაშამ გადაწყვიტა ქორწილის დღეს ჩოხა ჩაეცვა, რომლის შოვნაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. სამი თვის განმავლობაში ეძებდნენ შესაბამის ჩოხას და მხოლოდ ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე იშოვეს. “გული მწყდება, რომ ასე რთულია საქართველოში ქართული ტრადიციული სამოსის შოვნა” _ ამბობს ლაშა. თამარს თეთრი, სადა კაბა ეცვა, ჩოხის შესაბამისი _ “ლაშასგან განსხვავებით კაბის შერჩევა არ გამჭირვებია”. რაც შეეხება ვარცხნილობას, თამარმა ინტერნეტში შეარჩია სადა და ძალიან ლამაზი ვარცხნილობა.
საქორწილო დარბაზში ნეფე-პატარძლის კუთხე თეთრსა და კრემისფერში იყო გაფორმებული, რაც ძალიან მოუხდა დარბაზის საერთო _ ვარდისფერს. მოწვეული სტუმრების მაგიდებს ამშვენებდა სხვადასხვა ფერის იკებანა.

დაგეგმილი იყო, რომ ქორწილში ნეფე-პატარძალს უნდა ემღერა, მაგრამ ვერ მოახერხეს. და რადგანაც ქორწილის დღე კვირას დაემთხვა, ვერც ხელის მოწერა შეძლეს. წყვილი ხელის მოწერას უახლოეს მომავალში აპირებს.
თამარი და ლაშა თაფლობის თვის გასატარებლად ერთობლივად შეგროვილი ფულით ანტალიაში გაემგზავრნენ _ “წინასწარ დავგეგმეთ თაფლობის თვე და ფულის შეგროვებაც დავიწყეთ. ძალიან კარგად გვახსენდება იქ გატარებული ათი დღე, ვცხოვრობდით სასტუმროში, რომლის მარცხნივ მთა იყო, მარჯვნივ კი _ ზღვა, ძალიან ლამაზი იყო…”


ლაშა და თამარ ჩხაიძეები

ჯვრისწერა სვეტიცხოველში – ახდენილი ოცნება



ეკასა და ნიკას ქორწილი კურიოზებით დაიწყო. ჯერ იყო და შეცივებული და მოშიებული პატარძალი პირველი შევარდა დარბაზში, რაც საქორწილო ჩანაწერებშიც კარგად ჩანს. მერე კი, ცეკვისას, თითქმის ყველა დასრიალდა საქორწილო დარბაზის იატაკზე და ბევრი დაეცა კიდეც, მათ შორის ერთ-ერთი მეჯვარეც. ყველაფერი კი იმით დაგვირგვინდა, რომ ერთ-ერთი მოწვეული სტუმარი ისე ცეკვავდა, myvideo.ge _ ზეც მოხვდა ეს ჩანაწერი.
ეკა ჯაიანი და ნიკა ნადარაია ინტერნეტის საშუალებით დაახლოვდნენ, თუმცა ისინი მანამდეც იცნობდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთ პოპულარულ საიტზე ნიკამ ეკას ფოტოები დაათვალიერა და მისწერა კიდეც _ “გათხოვილი ხარ?”. ამის შემდეგ დაიწყეს აქტიური მიმოწერა, მაგრამ რადგან ნიკა თბილისში ცხოვრობდა და ეკა ბათუმში, ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეხვდნენ. ერთხელაც, ნიკა ერთი დღით ჩამოვიდა ბათუმში, გაიცნო ეკა და მეორე დღესაც აქ დარჩა …
შემდეგ კვლავ ვირტულური ურთიერთობა... ისევ შეხვედრა... და ნიკა ისევ ჩამოვიდა ბათუმში. `შეხვდი და ტაძარში წავედით. ნიკამ სამი სანთელი იყიდა და მითხრა, ერთი შენია, ერთი ჩემი და ერთიც უფლის, რომ ასეთი სიყვარული მაჩუქაო. შემდეგ დაიჩოქა მუხლებზე და ხელი მთხოვა”. ეკას უარი არ უთქვამს, მაგრამ შეუღლება ნაადრევად მიაჩნდა, თუმცა ნიკამ შეძლო მისი დათანხმება და იმ დღესვე გაიპარნენ…
დაახლოებით ერთ თვეში ტრადიციული ქორწილიც გაიმართა, რომელსაც თამადა უძღვებოდა, ჟღერდა ტრადიციული და თანამედროვე მუსიკა.
ქორწილამდე წყვილმა ხელი მოაწერა, ჯვარი კი ქორწილის დღეს სვეტიცხოველში დაიწერეს. როგორც ეკა ამბობს ჯვრისწერა სვეტიცხოველში მისი ოცნება იყო და აუხდა კიდეც: “ყოველთვის მინდოდა, ჯვარი სვეტიცხოველში დამეწერა, ოცნება ამიხდა”.
რაც შეეხება ნეფე-პატარძლის ჩაცმულობას, ნიკას შავი შარვალ-კოსტიუმი ეცვა, თეთრი პერანგითა და მოთეთრო მოლურჯო ჰალსტუხით. ეკას კი დიდი დრო დასჭირდა კაბის შესარჩევად _ “ამ მხრივ პრეტენზიული ვარ, არ შემიძლია ყველაფერი ჩავიცვა… რომელიც მომეწონა, იმ კაბას არ აქირავებდნენ და ყიდვა მე არ მინდოდა”. საბოლოოდ, მაინც შეძლო სასურველი კაბის პოვნა _ თეთრი, ღრმა დეკოლტეთი და ლამაზი ნაქარგებით. ვარცხნილობა და მაკიაჟიც თავად შეარჩია.
ეკა განსაკუთრებით სამსართულიანი, ოქროსფერი ტორტის დაჭრის პროცესს და დარბაზიდან სახლში წასვლის მომენტს იხსენებს: “ტრადიციულად, ნეფე-პატარძალმა ერთმანეთს უნდა გაასინჯოს ტორტი. ნიკამ ჯერ იყო და იმხელა ნაჭერი მომაწოდა, ძლივს გადავყლაპე, მერე კი რატომღაც კრემი წამისვა სახეზე, მეც წავუსვი და შემდეგ ძლივს მოვიშორეთ ეს ცხიმი, კადრზეცაა აღბეჭდილი ჩვენი გასუფთავების პროცესი.
ქორწილის დასასრულს მძღოლი, ვისაც ჩვენ უნდა წავეყვანეთ, აღმოჩნდა, რომ ძალიან მთვრალი იყო. ყველაზე გვიან ჩვენ გამოვედით დარბაზიდან, მანქანას და მძღოლს ვეძებდით, ვინც სახლამდე მიგვიყვანდა”.
პატარძალმა წესისამებრ თაიგულიც ისროლა, საგანგებოდ დამზადებული. და რაც ყველაზე საინტერესოა, ის გოგონა, ვინც თაიგული დაიჭირა, ქორწილის შემდეგ მალევე გათხოვდა.

ეკა ამჟამად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეოთხე კურსზე სწავლობს, ამიტომ ხშირად უხდება საყვარელ ადამიანთან დაშორება. ნიკა კი თბილისში, საბაჟოზე მუშაობს და ცდილობს, ხშირად ჩამოვიდეს ეკას სანახავად.

ხატის წინ ახსნილი სიყვარული

იაგო ირინას სიყვარულში ეკლესიაში, ხატის წინ გამოუტყდა... დადებითი პასუხი მალე არ მიუღია, რადგან მანამდე ისინი მეგობრები იყვნენ და ეს ირინასთვის მოულოდნელი იყო. “რადგან ღვთის სახლში მოხდა ყველაფერი, დავუჯერე და მეც გამიჩნდა მის მიმართ გრძნობები”.
იაგო ამბობს, რომ მეგობრობის პერიოდში უფრო თბილი ურთიერთობა ჰქონდათ, ვიდრე მერე, როცა ირინას თავისი გრძნობები გაუმხილა _ “როცა მიხვდა, რომ ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო, ჩვენი ურთიერთობა გაცივდა, დიდი ძალისხმევა და ბევრი დრო დამჭირდა მისი გულის მოსანადირებლად” _ იხსენებს იაგო.
იაგო კახაბერიძისა და ირინა დიასამიძის ერთწლიანი სიყვარული ტრადიციული ნიშნობით დაგვირგვინდა და მალე ქორწილიც გაიმართა. “ყოველთვის ვოცნებობდი ჯვრისწერაზე და ავიხდინე ეს ოცნება _ ჯვარი ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა, ჩემმა მოძღვარმა, მამა გრიგოლმა დამწერა. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა საყვარელ ადამიანთან ჯვარს იწერ”.
ჯვრისწერის შემდეგ წყვილი სასეირნოდ წავიდა, გადაიღეს ფოტოებიც... საქორწილო დარბაზში ფეიერვერკის ფონზე შევიდნენ, სადაც ვარდის ფურცლებით მიმობნეული წითელი ხალიჩა გაიარეს.
ქორწილი ტრადიციული მუსიკით დაიწყო, თუმცა აჟღერდა ახალგაზრდების საყვარელი თანამედროვე მუსიკაც. “მართალია, ტრადიციები არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ შევეცადეთ, არც ახალგაზრდებისთვის დაგვეწყვიტა გული, ამიტომ ტრადიციული და თანამედროვე მუსიკა შევაზავეთ, ყველა კმაყოფილი დარჩა” _ ამბობს იაგო.
პატარძალმა ტრადიციულად სადილიც მოიტანა.
იაგომ და ირინამ თავიანთ ქორწილში სიმღერაც შეასრულეს. როგორც ირინა ამბობს _ “იაგო კარგად მღერის, არც მე ვმღერი ცუდად და გადავწყვიტეთ, დუეტი შეგვესრულებინა. კარგი ნომერი გამოგვივიდა”.
წყვილი ერთ კურიოზსაც იხსენებს: ქორწილის წინა დღეს, სანამ სიმღერის რეპეტიციას გაივლიდნენ, ირინა მოიწამლა. ქორწილის დღესაც ცუდად გრძნობდა თავს, ამიტომ სალონში წასვლა ვერ შეძლო და მაკიაჟი სახლში გაუკეთეს. მხოლოდ ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე მომჯობინდა. თუმცა ირინამ იაგოს ეს ყველაფერი მხოლოდ ქორწილის შემდეგ გაუმხილა.
რაც შეეხება ნეფე-პატარძლის ჩაცმულობას, იაგოს რუხი ფერის შარვალ-კოსტიუმი და თეთრი პერანგი ეცვა, ხოლო ირინას თეთრი, სადა კაბა. მართალია, კაბა თვითონ შეარჩია, მაგრამ იაგოს გემოვნებაც გაითვალისწინა.
ნეფე-პატარძლის კუთხე სხვადასხვა ტონალობაში იყო გადაწყვეტილი, თუმცა ვარდისფერი ჭარბობდა _ “დიზაინერმა ბევრი ვარიანტი გვაჩვენა, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაზე მეტად მოგვეწონა” _ ამბობს ირინა. საპატარძლო ტორტი, რომლის დიზაინი ირინამ ინტერნეტში მოიძია, დიდი წითელი ვარდებით იყო გაფორმებული. ინტერნეტთან დაკავშირებით იაგო ხუმრობს კიდეც: ირინამ საქმროს გარდა ყველაფერი ინტერნეტში იპოვაო...
წყვილმა საჩუქრად უამრავი სუვენირი და საოჯახო ნივთი მიიღო.

იაგო კახაბერიძე და ირინა დიასამიძე

უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს


მაია ქათამაძისა და როსტომ ხახუტაიშვილის სიყვარულის ისტორია იმითაა გამორჩეული, რომ მათ ექვსი წელია უყვართ ერთმანეთი და ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც კი არ უკამათიათ _ “უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს”, ამბობს მაია. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნო. შემდეგ როსტომმა მაიას ტელეფონის ნომერი გაიგო და...
მაია ამბობს, რომ როსტომი მეტად ყურადღებიანია: “როსტომისადმი სიმპათიები თავიდანვე არ გამჩენია, გავურბოდი კიდეც უნივერსიტეტში რომ მაკითხავდა. მაგრამ იმდენად ყურადღებიანია, რომ მოახერხა ჩემი მოხიბვლა”.
შეუღლებაზე ფიქრი ერთმანეთის გაცნობიდან ექვსი წლის შემდეგ დაიწყეს. ტრადიციულად ჯერ დაინიშნენ, ერთმანეთის მშობლები გაიცნეს. “ყველამ იცოდა, ერთმანეთი რომ გვიყვარდა, მამაჩემის გარდა. მან მხოლოდ ნიშნობის დღეს გაიგო ამის შესახებ” _ ამბობს მაია.
როსტომმა და მაიამ მაისის დასაწყისში იქორწინეს. ქორწილიც ტრადიციული ჰქონდათ, ტრადიციული მუსიკით, თამადითა და სადილით... განსხვავებული ის იყო, რომ დარბაზში შესვლისას წყვილმა ვალსი იცეკვა _ “როსტომი წინააღმდეგი იყო დაისის ცეკვისა, რადგან საერთოდ არ იცის ქართული ცეკვა”.
დარბაზი, სადაც ქორწილი გადაიხადეს, სხვადასხვა ფერებში იყო გადაწყვეტილი. მაია ამბობს, რომ დიზაინი წინასწარ არ დაუთვალიერებია, ამისთვის ვერ მოიცალა, თუმცა კმაყოფილი დარჩა _ “ყველაფერი ისე იყო მომზადებული, როგორც მინდოდა”.
რაც შეეხება ნეფე-პატარძლის ჩაცმულობას, როსტომს შავი შარვალ-კოსტიუმი ეცვა თეთრი პერანგით, ხოლო მაიას _ თეთრი აჟურული კაბა. “სასურველი კაბა ვერსად ვიშოვე, შემდეგ ერთ მაღაზიაში ვნახე და მეორე დღეს მისულს გაყიდული დამხვდა. რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთ მაღაზიაში ჩამოიტანეს ახალი კაბები და იქ მომეწონა თეთრი, აჟურული კაბა. ისეთი ლამაზი იყო, გამიხარდა კიდეც პირველი არჩევანი რომ გაიყიდა” _ იხსენებს მაია.

როგორც პატარძლების უმრავლესობა, მაიაც ინახავს თეთრი ვარდების საქორწილო თაიგულს. ქორწილის დღეს კი ახალგაზრდებისკენ სხვა, სპეციალურად დამზადებული თაიგული ისროლა.

მაია ქათამაძე და როსტომ ხახუტაიშვილი

სიყვარულის ხუთწლიანი ისტორია


ქეთი კომახიძესა და თორნიკე მიქელაძეს თითქმის ხუთწლიანი სიყვარულის ისტორია აკავშირებთ. ისინი საზღვაო აკადემიაში ერთ კურსზე სწავლობდნენ. ქეთი ამბობს, რომ თორნიკემ პირველივე წელს გამოხატა სიმპათიები მის მიმართ. “თავიდანვე სულ ვკამათობდით და ერთხელ ისე ვიჩხუბეთ, რომ ერთი წლის განმავლობაში არ ვლაპარაკობდით. რამდენჯერმე ჰქონდა შერიგების მცდელობა, მაგრამ მე არ ვურიგდებოდი. ერთხელ, შობა დღეს, კურსელები ერთად შევიკრიბეთ და რა თქმა უნდა, თორნიკეც იქ იყო. საცეკვაოდ გამიწვია და შევრიგდით...”
შეუღლება სწავლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს. გასულ ზაფხულს დაინიშნენ და წელს, აპრილში იქორწინეს. იმის გამო, რომ ქორწილის თარიღი მოულოდნელად შეიცვალა, ჯვრისწერა ვეღარ მოახერხეს, ამიტომ ჯვარს უახლოეს დღეებში დაიწერენ.
ქორწილი ტრადიციული იყო. “აჭარული ტრადიციის თანახმად, მე, როგორც პატარძალს, ე.წ “სადილი” უნდა შემომეტანა. მაგრამ არ მინდოდა და დედაჩემს ვთხოვე, მას შემოეტანა. თუმცა მას არ დართეს ნება და საბოლოოდ ჩემი სადილი ჩოხოსნებმა მოიტანეს. ძალიან ლამაზი ცერემონია იყო _ კალათები დარბაზში ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა სამმა ვაჟმა და ერთმა მანდილოსანმა შემოიტანა”.
ქეთის მძივებით გაფორმებული, ღია კრემისფერი კაბა ეცვა _ “კაბის გამო დარბაზში შესვლისას კურიოზიც შეგვემთხვა _ ქართული უნდა გვეცეკვა, მაგრამ მუსიკა რომ ჩაირთო, კაბა მძივებისაგან იმდენად მძიმე იყო, ხელი საეთოდ ვერ გავაქანე. ასე მოხდა მეორე ცდაზეც და შედეგად თორნიკეს ორჯერ მოუწია მუსიკოსების გაჩერება მკაცრი ტონით: “გააჩერეთ მუსიკა!..”.
რაც შეეხება ვარცხნილობას, “გვირგვინი მეკეთა და უკან თმები ბოლომდე აწეული მქონდა. თორნიკეს ერთღილიანი შავი შარვალ-კოსტიუმი ეცვა და ღია კრემისფერი პერანგი ამ ფერის ჰალსტუხითვე “_ გვითხრა ქეთიმ.
პატარძლის ინიციატივით დარბაზი თეთრ და წითელ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ნეფე-პატარძლის კუთხეს ორი დეკორატიული ხე და პეპლები ამშვენებდა _ `რატომღაც ბავშვობიდან მიყვარს პეპლები და გადავწყვიტე, ჩემს ქორწილშიც გამომეყენებინა მათი სილამაზე”.
საქორწილო ტორტიც თეთრი და წითელი ფერებით იყო გაფორმებული და ამავე ფერების დიდრონი ვარდები ამშვენებდა. ამავე ფერის ყვავილებით იყო გაკეთებული თაიგულიც, რომელიც ქეთის იმდენად მოეწონა, რომ გადასაგდებად დაენანა და დღესაც შენახული აქვს.
ქორწილის მუსიკალური გაფორმებაც ტრადიციული იყო. ქეთი იხსენებს, რომ რამდენჯერმე იცეკვა “აჭარული” და “დაისი”. ტრადიციული ცეკვების შემდეგ წყვილმა ვალსიც შეასრულა.
წყვილი დარბაზიდან ფეიერვერკის ფონზე გამოაცილეს “ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ” _ ამბობს ქეთი.


ქეთი კომახიძე და თორნიკე მიქელაძე

დედამთილის შერჩეული სარძლო

ყველაფერი მეგობრის ქორწილში თაიგულის დაჭერით დაიწყოამავე ქორწილში შორენამ სრულიად შემთხვევით მომავალი დედამთილიც გაიცნო. როგორც შემდეგ გაირკვა, ქორწილში ერთ-ერთ ქალბატონს, რომლის შვილიც მორაგბეა და იმ დროს ესპანეთში იმყოფებოდა, შორენა სარძლოდ მოეწონა.
მეგობრის ქორწილის შემდეგ ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდაერთ დღესაც, სრულიად შემთხვევით, შორენას სამსახურში მომავალი დედამთილი მივიდა თავის საქმეზე. აქ უკვე შორენა უკეთესად გაიცნო და სანამ მომავალი მეუღლე, ემზარი გაიცნობდა მას, თითქმის მთელი ოჯახი იცნობდა.
მალე ემზარიც დაბრუნდა საქართველოში და სანამ პირადად გაიცნობდა, რამდენიმე დღეს შორენას სამსახურთან ხშირად ჩერდებოდა მისი ავტომანქანაერთხელაც, შორენასთან პატარა გოგონა მივიდა წითელი ვარდებით ხელშიროგორც შორენა ამბობს, მას შემდეგ ასე გრძელდებოდა თითქმის ყოველ დღე, ყვავილები იცვლებოდა მხოლოდ სეზონის მიხედვით.
ურთიერთობა ვირტუალურად, ერთ-ერთი სოციალური ქსელის საშუალებით დაიწყეს, მალევე დაახლოვდნენ და პირველი შეხვედრაც შედგა. მალე შორენას თბილისში მოუწია მივლინებით გამგზავრება, ემზარმა თბილისში საკუთარი მანქანით წაყვანა შესთავაზა, შორენაც დათანხმდა.სწორედ ამ მგზავრობისას გაიცნო წყვილმა ერთმანეთი ახლოს
საქორწინო სამზადისი ჩვეულებრივად ნამდვილად არ მიმდინარეობდა _ ორივე სამსახურითაა დაკავებული და ამისთვის დრო ფაქტობრივად არ ჰქონდათ. ყველაფერი შორენას მამის ორგანიზებით მოეწყო და როგორც შორენა ამბობს, ქორწილი საქეიფო, მხიარული და საინტერესო გამოვიდა.
ქორწილს კურიოზების გარეშე არ ჩაუვლია. ჯერ იყო და ჯვრისწერამდე რამდენიმე წუთით ადრე აღმოაჩინა ემზარმა, რომ სამკერვალოდან შარვალი არ ჰქონდა მოტანილი. ამის გამო ჯვრისწერა ცოტათი დაგვიანებით, მაგრამ მაინც შედგა; შემდეგ კი, დროს უკმარისობის გამო, ემზარმა და მისმა მეჯვარემ ნეფე-პატარძლის მანქანა ტაძარში შესვლის წინ რამდენიმე წუთში მორთეს ფერადი ლენტებით.
ჯვრისწერის შემდეგ ახალდაქორწინებულებმა ფოტოების გადასაღებად გაისეირნეს. იქვე ითქვა, რომ ცეკვა არც ერთმა არ იცოდა. მაყარს ერთი ბავშვი გამოეყო და ცეკვის სწავლება შესთავაზა ნეფე-პატარძალს. ცეკვის ნახევარსაათიანი გაკვეთილი ბულვარშივე ჩაუტარდათ და რეპეტიციაც აქვე გაიარეს, იქედან კი პირდაპირ საქორწინო დარბაზში წავიდნენ, სადაც ნახევარ საათში ნასწავლი ცეკვის პრემიერა გაიმართა.
სახალისო იყო სახლში შესვლის ცერემონიაც. დედამთილმა, ტრადიციულად, წყვილს თეფში დაუდო გასატეხად, მაგრამ მისი გატეხვა შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც შემდეგ გაირკვა, თეფში უბრალო კი არა, ნაკლებადმსხვრევადი იყო. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ იგი სხვა თეფშით ჩაანაცვლეს.
ამჟამად წყვილი ბესიკის ქუჩაზე, მარტო ცხოვრობს სახლში, რომელიც მთლიანად თავიანთი გემოვნებით გაარემონტეს ქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე.


ემზარ შველიძე და შორენა მიქაძე