ზურა ჩართოლანი პროფესიით რეჟისორია. მისთვის ჩაცმულობა, ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია – თვითგამოხატვისთვის. იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს, საკუთარი გემოვნებით ხელმძღვანელობს. მიიჩნევს, რომ მამაკაცის გარდერობში ყველა სტილის სამოსი უნდა იყოს.
"სამოსს ყველგან ვყიდულობ, ცნობილ ბრენდების მაღაზიებში, ბაზრობაზეც და სექენდ ჰენდშიც. ხშირად სექენდ ჰენდში, პატარა ხარვეზის გამო, ძვირადღირებული ბრენდების ტანისამოსი ხვდება. თუმცა სულ არაა სამარცხვინო, რომ ფინანსების უქონლობის გამო ვინმემ მეორადი მოხმარების სამოსი შეიძინოს. ბაზრობაზე ნაყიდი სამოსი ყველას აცვია, მეორადებში კი ყოველთვის ნახავ ორიგინალურს და დარწმუნებული მაინც იქნები, რომ ასეთი სამოსით სხვა არავინ გაივლის", _ ამბობს ზურა.
თუკი გინდათ, რომ სხვებისგან განსხვავებული ტანსაცმელი გეცვათ, ზურა გირჩევთ, თავად მოიფიქროთ სვიტერის ან ჟაკეტის დიზაინი და ვინმეს მოაქსოვინოთ.
ყველა მამაკაცის გარდერობში მოიპოვება ჯინსის ერთი შარვალი მაინც, რომლის ფერსა და ფორმაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული _ სამოსის ფერი და ფორმა ვიზუალურად ამაღლებს ან აპატარავებს ადამიანს. `დაბალი ბიჭები უნდა მოერიდონ ისეთი სამოსის ჩაცმას, რომელიც მათ სიდაბლეს გაუსვამს ხაზს. ასეთი სამოსია, მაგალითად, ფართე, ჩაჩაჩული შარვალი და გრძელცხვირიანი ფეხსაცმელი. მათ უნდა ჩაიცვან რაიმე გამოყვანილი მაისურები, სიგრძივი ზოლებით ან სვიტერი, ასეთივე ნაქსოვი ორნამენტით. უნდა მოერიდონ გადმოშვებულ მაისურებს და მუქ ფერებს, _ ამბობს ზურა.
უმეტესობა დღეს მუქი ფერის სამოსს ატარებს. შავი ფერი ადამიანს ინდივიდუალურობას უკარგავს. ფერით შეიძლება შენი ხასიათი განსაზღვრო. მთავარია, ფერები ერთმანეთს ეხამებოდეს. კაცი მაინც უფრო ექსპრესიულია და ტანსაცმელი რაღაცას უნდა გამოხატავდეს. თუ ქალისთვის თავის მოწონება გსურს, არ უნდა იმალებოდე რუხ ფერებში და უფრო გაბედული უნდა იყო ჩაცმულობასა და საქციელშიც".
ზურა ამბობს, რომ ჯობია გეცვას ის, რაშიც კომფორტულად გრძნობ თავს. სხვაზე მიბაძვას აზრი არა აქვს. ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება, ვისაც ისეთი მოეწონები, როგორიც ხარ. ის, რაც გაცვია, შენს ხასიათს უნდა ესადაგებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თამაში გიწევს, რითაც საკუთარ მეობას კარგავ.
მამაკაცის აქსესუარი საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია მის ჩაცმულობაში. ნებისმიერი აქსესუარი თქვენს ხასიათს და გარკვეულ ღირსებებს უნდა უსვამდეს ხაზს და თქვენი პიროვნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. ზურას თქმით, მამაკაცის აქსესუარი იაფფასიანი არ უნდა იყოს _ "იაფფასიანში მხოლოდ ფასს არ ვგულისხმობ. სტილური მამაკაცის აქსესუარი არ უნდა იყოს უგემოვნო. ხელნაკეთი აქსესუარები ყოველთვის მომგებიანია. იმას გააჩნია, თუ რაზე გინდა აქცენტის გაკეთება... ჩვენთან რატომღაც მოდაშია ოქროს ჯაჭვები და უფრო მეშჩანური აქსესუარები. შესაძლოა, რამე ხელნაკეთი აირჩიო, ხით გაწყობილი ყელსაბამი აფრიკულ სტილში ან სამაჯური".
ასე რომ, თუ საკუთარი განუმეორებელი სტილის შექმნა გსურთ, მაქსიმალურად ეცადეთ საკუთარი ინდივიდუალურობა შეინარჩუნოთ, რადგან სტილურად ჩაცმა არ ნიშნავს ატარო ის, რაც მოდაშია. იგი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ლამაზი სამოსი. თქვენი ჩაცმის სტილი თქვენს პიროვნებას, ინტერესის სფეროს და მისწრაფებებს წარმოაჩენს.
ზურას აზრით, ზედმეტად თავის მოვლა და ჩაცმაზე გადაყოლა მიზანშეწონილი არ არის _ "ეს არც საპირისპირო სქესში იწვევს მოწონებას. ქალებს უფრო მოსწონთ მამაკაცური და ექსპრესიული კაცები, რომლებშიც მამაკაცური საწყისი უფრო ძლიერად არის გამოხატული. თუ მამაკაცი ამ თვისებებს გაუსვამს ხაზს თავისი ჩაცმულობით და ქცევით, ალბათ, ყველა ქალის ინსტინქტზე იმოქმედებს".
0 коммент.:
Отправить комментарий