როცა მარტოხელა ხარ


ვალენტინობა მხოლოდ შეყვარებულების დღე როდია, ეს დღე ყვავილებისა და შოკოლადების გამყიდველთა დღესასწაულიცაა... დღე, როცა ირგვლივ ყველა ხელჩაკიდებული და გაბადრული დადის, მაგრამ რა უნდა ქნა, როცა 14 თებერვალს შენ "მარტოხელას" სტატუსი გაქვს და “შოკოლადებისა და ყვავილების ქაოსში” ჩართვის არანაირი სურვილი არ გაგაჩნია?
1. დააიგნორე სასიყვარულო აურზაური _ გაატარე ეს დღე "მარტოხელა" მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, თანამშრომლებთან და ზოგადად იმ ხალხთან ერთად, ვინც შენთვის ძვირფასია… _ ადამიანებთან, რომლებთან ყოფნა გსიამოვნებს და გიხარია. ეს დღე არავის დაუკანონებია მხოლოდ შეყვარებულებისთვის, ამიტომაც შეგიძლია დღეს აღნიშნო ნებისმიერი შენთვის სასურველი დღესასწაული _ მეგობრობის დღე, შენი დაბადებიდან 265-ე თვე, შემწვარი კარტოფილის დღესასწაული და ა.შ.
2. დღევანდელი დღე შეგიძლია მთლიანად საკუთარ თავს მიუძღვნა _ ჩამოწერე იმ საქმიანობათა სია, რომლის კეთებაც გულს უხარია და დილიდანვე შეუდექი შენთვის სასარგებლო და სასიამოვნო საქმის კეთებას, მაგალითად მოიწყვე “საშინაო კინოჩვენება”, დახატე რამე, უსმინე საყვარელ მუსიკას, იცეკვე, იმღერე, წაიკითხე წიგნები, ჟურნალები და სხვა. ნუ დაწვრილმანდები, გაანებივრე საკუთარი თავი ისეთი სასიამოვნო პროცედურებით, როგორიცაა მასაჟი, სპა თერაპია და ა.შ.
3. გამოუტყდი საკუთარ თავს სიყვარულში _ თუკი დღეს არავისზე აპირებ შოკოლადის ჩუქებას და არც არავისგან ელოდები ჰოლანდიურ ვარდებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი თავი უსაჩუქროდ უნდა დატოვო! შეიძინე ყველაზე გემრიელი სასუსნავი, საყვარელი სუნამო, პარფიუმერია ან რომელიმე ძვირფასი აქსესუარი, მოკლედ, ყველაფერი, რაც კი შენს თვალსა და გულს გაუხარდება!
თქვენს დღეს გილოცავთ მეგობრებო და წარმატებულ კვირას გისურვებთ!

ვალენტინობა უფრო საინტერესო რომ იყოს...


ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბევრი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი, ყველაზე გავრცელებულის მიხედვით, იტალიაში ცხოვრობდა მღვდელი ვალენტინი, რომელიც საიდუმლოდ წერდა ჯვარს შეყვარებულებს. საქმე იმაშია, რომ მაშინ ჯარისკაცებს ეკრძალებოდათ ცოლის შერთვა, რათა ოჯახს არ მოეცდინა საქმიანობისთვის. ურჩობისთვის ვალენტინი 270 წლის 14 თებერვალს სიკვდილით დასაჯეს. სწორედ ამიტომ, შეყვარებულები 14 თებერვალს აღნიშნავენ ვალენტინობას, შეყვარებულების დღეს.

ვალენტინობა კარგი მიზეზია რომანტიკული საღამოსთვის, იმისთვის, რომ უთხრათ საყვარელ ადამიანს თქვენი გრძნობების შესახებ და ლამაზად გაატაროთ დღე. შევეცდები, გირჩიოთ, როგორ გაატაროთ ეს დღე, რათა ვალენტინობა არ დაემსგავსოს ტრადიციულს და იყოს უფრო ხალისიანი, ყოვლად განსხვავებული.

ეს დღე შეგიძლიათ აღნიშნოთ როგორც მხოლოდ ორმა ადამიანმა, ასევე მეგობრებმა შეყვარებულებთან ერთად. ასე თუ ისე, ნებისმიერ შემთხვევაში გჭირდებათ საჩუქარი. მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს გაახარებთ ნებისმიერი ლამაზი ნივთი, რომელიც გამოხატავს თქვენს გრძნობებს, იქნება ეს უბრალო სუვენირი თუ ლამაზი სამკაული. მამაკაცებისთვის ცოტა რთულია საჩუქრის შერჩევა, მაგრამ მაინც შესაძლებელი _ აჩუქეთ ხარისხიანი და სტილური `ბრელოკი~, სანთებელა, ჰალსტუხი, საფულე, მაგიდის საათი და ა.შ. თუმცა, სულ არაა აუცილებელი საჩუქრები იყოს მატერიალური. ეს შეიძლება იყოს ლექსი ან სიმღერა სპეციალურად მისთვის, სეირნობა რომანტიკულ ადგილას, შეხვედრა ერთად განთიადთან ან მზის ჩასვლასთან…

თუ გადაწყვეტთ, ეს დღე მხოლოდ ერთმანეთს მიუძღვნათ, შესანიშნავი ვარიანტია პატარა, მყუდრო და რომანტიკული კაფე. ურიგო არ იქნება კინოში წასვლა და რომანტიკული მელოდრამის ნახვა. თუმცა ჯერჯერობით ბათუმში ეს შეუძლებელია და სახლის პირობების გარდა.

ამ დღეს ერთმანეთს შეგიძლიათ უამრავი სასიამოვნო და იმავდროულად მხიარული სიურპრიზი მოუწყოთ. მაგალითად, გაიხსენეთ როგორ გაიცანით ერთმანეთი, სად იყო პირველი პაემანი და მიდით იქ, შეეცადეთ მაქსიმალურად გაიხსენოთ ის დღე და ითამაშეთ საკუთარი თავის როლი. ძალიან სახალისოა. შეგიძლიათ ამ დღეს აიხდინოთ დიდი ხნის ოცნება და გააკეთოთ ის, რაც დიდი ხანია გინდათ, თუნდაც რამე ეგზოტიკური კერძი დააგემოვნეთ. ასევე, ძალიან გაახარებთ თქვენს რჩეულს, თუ აჩუქებთ იმ ნივთს, რაც დიდი ხანია სურს. თუ ერთად მუშაობთ ან ადვილად შეგიძლიათ მის სამსახურში მოხვედრა, დაელოდეთ მის შესვენებაზე გასვლას და სამუშაო მაგიდა `გაულამაზეთ~ _ ბუშტები, მისალოცი ბარათები, ფონი კომპიუტერზე, ელექტრონული მისალოცი ბარათი, თქვენი ერთობლივი ფოტო ლამაზ ჩარჩოში და ა.შ. ასეთი სიურპრიზი ერთნაირად გაახარებს ორივე სქესის წარმომადგენელს.

გოგონებისთვის არაჩვეულებრივი სიურპრიზი იქნება, თუ მთელი დღის განმავლობაში ლამაზ მისალოც ბარათებს მიიღებს თქვენგან. ჩაუყარეთ ისინი ჩანთაში, ჯიბეებში, სამუშაო მაგიდის უჯრაში, მანქანაში და ა.შ.

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვიტეთ ეს დღე მეგობრების წრეში აღნიშნოთ, რომლებიც თავიანთ რჩეულებთან ერთად მოვლენ, აუცილებელია გარემო იყოს რომანტიკული. მაგიდას თეთრი სუფრა გადააფარეთ და წითელი ლენტებით `მორთეთ~, დაანთეთ სანთლები, გამჭვირვალე ჭურჭელში ჩაასხით წყალი და ჩაალაგეთ `მოცურავე~ სანთლები, ყვავილების ფურცლები. წითელი ქაღალდისგან გამოჭერით სხვადასხვა ზომის გულები და ჩამოკიდეთ მთელ ოთახში. შეგიძლიათ რამდენიმე გულს თქვენი სტუმარი წყვილების ფოტოებიც დააწებოთ, მათ ძალიან ასიამოვნებთ.

ალბათ თქვენს დღესასწაულზე მოვლენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მარტონი არიან. დააწყვილეთ ისინი! ამისთვის რამდენიმე გული გაჭერით შუაზე, მარჯვენა ნახევარი `მარტოხელა~ მამაკაცებს მიეცით, მარცხენა კი _ მანდილოსნებს. თქვით, რომ ყველამ უნდა იპოვოს თავისი მეორე ნახევარი, რადგან ამ დღესასწაულზე არ შეიძლება გატეხილი გულები იყოს.

დღესასწაულზე კერძებიც შესაბამისი უნდა იყოს _ არანაირი ტრადიციული სალათები და მით უმეტეს `მძიმე~ კერძები. შეეცადეთ მსუბუქი ბუტერბროდები დაამზადოთ, ტკბილეული კი გულის ფორმის იყოს. თუ ამას თვითონ ვერ შეძლებთ, სუპერმარკეტებში მზა ტკბილეულის დიდი არჩევანია, მათ შორის ბევრი სწორედ გულის ფორმაში.

დღესასწაულის გასამხიარულებლად კი მოიფიქრეთ სხვადასხვა სახის თამაშები. შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს: გაიხსენეთ რაც შეიძლება მეტი შეყვარებული წყვილი, რომლებიც ცნობილი გახდნენ სწორედ მათი სიყვარულით და ერთგულებით (რომეო და ჯულიეტა, ტრისტანი და იზოლდა, რუსლანი და ლუდმილა და ა.შ.). ასევე, შეგიძლიათ ჩამოწეროთ რამდენიმე ფურცელზე სასიყვარულო სიმღერების დასაწყისი. მამაკაცებმა უნდა ამოირჩიონ ერთ-ერთი ფურცელი და რომელი სიმღერის დასაწყისიც შეხვდებათ, ის იქვე ბოლომდე შეუსრულონ თავის რჩეულს. სახალისოა ყველაზე შეყვარებული ადამიანის გამოვლენაც, რასაც უბრალო წამმზომის საშუალებით დაადგენთ _ მოუსმინეთ, ვის უფრო სწრაფად უცემს გული. კარგი იქნება `ცეკვა ქაღალდზე~ _ იატაკზე დაალაგეთ ერთი ან ორი თაბახის ფურცელი, რომლებზეც მოცეკვავე წყვილმა წინასწარ შერჩეული სიმღერის დამთავრებამდე უნდა იცეკვოს ისე, რომ იატაკზე ფეხი არ დადგას. გაიმარჯვებს ის წყვილი, ვინც ყველაზე დიდხანს იცეკვებს. სახალისოა ასეთი თამაშიც _ გულის ფორმის ქაღალდებზე დაწერეთ სასიყვარულო სიტყვები, მეორე მხარეს კი იმ ადამიანის სახელი, ვისაც ისინი ეძღვნება. ამ სიტყვების ავტორი ცხადია, საიდუმლოდ უნდა დარჩეს და ვერავინ გაიგოს, ვინ ვის რა უთხრა. ამ თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც მამაკაცებს, ასევე მანდილოსნებს, რადგან, როგორც ცნობილია, ვალენტინობა ის დღესასწაულია, როცა დასაშვებია სიყვარულში მანდილოსანი გამოტყდეს პირველი.

და ბოლოს, სულ არაა აუცილებელი გაითვალისწინოთ ეს რჩევები, გამოიყენეთ იმპროვიზაცია, ფანტაზია, გააკეთეთ ექსპერიმენტები, როგორც ამბობენ, სიყვარულს საზღვარი არ აქვს. მთავარია გახსოვდეთ, რომ თქვენი ნებისმიერი იდეა გულიდან უნდა მოდიოდეს. მართალია, ბევრს `არ სჯერა~ ამ დღესასწაულის, მაგრამ სხვა თუ არაფერი, ეს დღე გვაძლევს საშუალებას, ვუთხრათ ერთმანეთს მნიშვნელოვანი სიტყვები და რატომ უნდა გავუშვათ ეს შესაძლებლობა ხელიდან?

(ფოტოზე: ლაშა ველიძე და ირინოლა დევაძე)

”ვალენტინკები” თქვენი ხელით...

"ვალენტიკები" ვალენტინობის დღის აუცილებელი ატრიბუტებია. ისინი შეგიძლიათ საკანცელარიო მაღაზიებში შეიძინოთ ან თავად გააკეთოთ. ბოლო ვარიანტით განსაკუთრებით ასიამოვნებთ თქვენს რჩეულს. ამიტომ, გთავაზობთ სხვადასხვა სახის ”ვალენტინკის” დამზადების რამდენიმე მარტივ მეთოდს, იქნებ რომელიმე განსაკუთრებით მოგეწონოთ და დაამზადოთ კიდეც.

”ვალენტინკა-გარმონი” _ ორიგინალურია და იმავდროულად მარტივად დასამზადებელი. დაკეცეთ ქაღალდი გარმონისებურად და და თითოეულ ნაკეცზე მიაწებეთ პატარა გული, რომელსაც წითელი ქაღალდისგან გამოჭრით. გულის უკანა მხარეს შეგიძლიათ სასიყვარულო სიტყვები მიაწეროთ, ან გარმონის ნაკეცებში მოათავსოთ პატარ-პატარა წერილები.


”ვალენტინკა-ღია ბარათი” _ თაბახის ფურცელი გაკეცეთ შუაზე და მიაწებეთ წითელი ქაღალდისგან გამოჭრილი წრე, წრის ირგვლივ კი _ სხვადასხვა ფერის ქაღალდებისგან გამოჭრილი ფოთლები, ისე რომ საბოლოოდ გვირილას მსგავსი ყვავილი მიიღოთ. ღია ბარათიც მზადაა, ახლა მხოლოდ მასზე წარწერის გაკეთებაღა დაგრჩათ.


”ფრთიანი ვალენტინკა” _ წითელი ქაღალდისგან გამოჭერით გული, შემდეგ თეთრ ქაღალდზე დახატეთ დაახლოებით ისეთი ფრთები, როგორიც სურათზეა ნაჩვენები და ფრთხილად გამოჭერით. მიღებული ფრთები მიაწებეთ გულს უკანა მხრიდან და იმისთვის, რომ უფრო ლამაზი გამოვიდეს, უკანა მხრიდან მიაწებეთ წითელი ქაღალდისგან გამოჭრილი იმავე ზომის გული, ისე, რომ ფრთების მიწებების ადგილი დაიფაროს.

გულები თექისგან _ აიღეთ თექის ნაჭერი ან სხვა სქელი ქსოვილი და სპეციალური მაკრატლით, რომელიც სხვადასხვა სახის ფიგურას ჭრის,

გამოჭერით ორი ერთნაირი ზომის გული. იმისთვის, რომ გული იყოს ლამაზი და ზუსტი, შეიძლება დაიხმაროთ მუყაოს შაბლონიც. მიაკერეთ გულები ერთმანეთს, შუაში კი მცირე ადგილი დატოვეთ, საიდანაც ბამბას ჩატენით წვრილი ფანქრის ან ასანთის ღერის საშუალებით.

გავსილი გული უკვე ბოლომდე ამოკერეთ და განსხვავებული, ოღონდ მსგავსი ტონალობის ძაფით ცენტრში პატარა ”ბულავკა” მიაკერეთ.

ამ მეთოდით შეგიძლიათ დაამზადოთ ბევრი ”ვალენტინკა” და მიამაგროთ როგორც სამოსს და მუყაოს ”ვალენტინკას”, ასევე, მათგან გააფორმოთ ინტერიერი.


”ვალენტინკა სკრეპებით” _ თუ თქვენი რჩეული თქვენი კოლეგაა ან მარტივად მიგიწვდებათ ხელი მის სამუშაო მაგიდასთან, ეს მარტივი ”ვალენტინკები” ძალიან დაგეხმარებათ. უბრალოდ, გადაღუნეთ სპეციალურად შერჩეული წითელი ან ვარდისფერი ”სკრეპები” ზუსტად ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები და მიამაგრეთ ბლოკნოტს ან რამე დოკუმენტს, რომელიც თვალსაჩინო ადგილას იქნება. შეგიძლიათ ამ ორიგინალური სკრეპების საშუალებით პატარა წერილიც დაუტოვოთ თქვენს რჩეულს. ეს ”ვალენტინკა” იდეალურია ვარიანტია მაშინაც, თუ მოუცლელი ხართ და სხვა ”ვალენტინკებისთვის” დრო არ გაქვთ.


სულ ეს იყო… გახსოვდეთ, მთავარი არაა, ძვირფასი საჩუქარი ან ”ვალენტინკა” აჩუქოთ ამ დღეს თქვენს რჩეულს, მთავარია მან დაინახოს თქვენი ყურადღება და ის, რომ ნამდვილად გსურთ ასიამოვნოთ.

ედემის ვაშლები ვალენტინისთვის

დღეს საყვარელ ადამიანს ლამაზად შეფუთული საჩუქრებისა და ვალენტინკების გარდა შეგიძლიათ თქვენი ხელით გამომცხვარი, უგემრიელესი და მაცდუნებელი ვაშლები მიართვათ _ მერწმუნეთ, გულგრილი ნამდვილად არ დარჩება :)


*ინგრედიენტები: ვაშლი _ 6ც., თაფლი _ 1 ჭიქა, ნუში (წვრილად დაჭრილი) ან მიწის თხილი, შაქრის ფხვნილი.
ვაშლიდან ფრთხილად ამოჭერით გული (ისე, რომ ფსკერი არ გამოჭრათ), მიღებულ ფორმაში მოათავსეთ სხვადასხვა სახის ტკბილეული. ასეთი ვაშლისთვის ერთ-ერთი ძალიან გემრიელი შიგთავსია თაფლი, წვრილად დაჭრილი ნუშით ან თხილით.
ვაშლზე მოასხით თაფლი თხილით, მოახეხეთ ზედ ცოტაოდენი დარიჩინი და აერღუმელში შედგით 10-15 წუთით. როცა ვაშლები წითლად შეიბრაწება, მოაყარეთ ცოტაოდენი შაქრის ფხვნილი და უგემრიელესი დესერტიც მზადაა.

* ინგრედიენტები: მწვანე ვაშლი _ 4ც, ლიმონი _ 1ც, შაქარი _ 2ჩ/კ, ქიშმიში (სასურველია ალუბლის ჩირი) _ 50გრ.
ლიმონიდან გამოწურეთ წვენი, ჩაამატეთ შიგ შაქარი და ქიშმიში, მიღებული მასა ჩაასხით ღრმად გულამოჭრილ ვაშლის ფორმებში. ე.წ. `ჟარონაზე~ დაასხით ცოტაოდენი წყალი (2-3 ს/კ), შედგით აერღუმელში და დაახლოებით ნახევარი საათით აცხვეთ.
რჩევა: გულის ამოჭრისას ვაშლს თავზე მოათალეთ კანი, ასე უფრო უკეთ შეიწოვს შიგთავსს და უფრო ადრეც გამოცხვება.
თუ შეამჩნიეთ, რომ ვაშლების ზედა მხარე უფრო მალე ცხვება, ვიდრე გული, გადააფარეთ მათ ფოლგა (ვერცხლის ქაღალდი), ასე ვაშლები ერთიანად ჩაიშუშება.
გაამოთ, ბედნიერ ვალენტინობას გისურვებთ!

ზამთრის ფეხსაცმელი

წელს ბათუმში, ზამთრის ფეხსაცმლის რამდენიმე ტიპია მოდური _ უბრალო, ტყავის ჩექმა, გლამურული ბოტები _ იგივე ვალინკი, ტიმბერლანდ-ები (ფერადი ბათინკები) და უგები (UGG). ერთი შეხედვით მოსალოცი ამბავია, როცა ბათუმის ბაზარზე ამხელა არჩევანის საშუალება გეძლევა, მაგრამ "ფაქტი ფეხებზეა" _ თიმბერლანდ-ებიც და ათასგვარი ბეწვით გაფორმებული ვალინკი ქალაქში ყველას აცვია. ბაზარზე UGG-ებიც მომრავლდა, მაგრამ მეეჭვება ორიგინალს გადააწყდეთ სადმე. შედარებით ხარისხიანის შეძენა მაღაზიებშია შესაძლებელი, თუმცა უგების ჩინური ვერსიები აქაც მრავლადაა. ყველაზე დიდი შანსი, კარგი ხარისხის უგის ნახვისა, სექენდ ჰენდშია, ე.წ. "ძონძებში" სრულიად ახალი და ძალიან კარგი ხარისხის ფეხსაცმელი სულ რაღაც 5-15 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ, მაშინ, როცა ბაზარზე და მაღაზიებში ჩინური უგის ფასი 40-დან 200 ლარამდე მერყეობს.
კარგი ხარისხის უგის გამოცნობა მარტივია, მას აუცილებლად უნდა ეწეროს _ "UGG", უნდა იყოს კარგი ხარისხის ზამშისაგან დამზადებული და ძირზე არ უნდა ჰქონდეს ნაკერები _ როგორც წესი იგი ძალიან ოსტატურად არის ხოლმე მიწებებული.
უგების სილამაზესა და დახვეწილობაზე საუბარი ნამდვილად ძნელია, ისინი თავიდანვე პრაქტიკული დანიშნულებით შექმნეს ავსტრალიელმა ფერმერებმა და სახელიც _ UGG-ი, ინგლისურად უგლყ ბოოტს _ უშნო ფეხსაცმლისგან მოდის. უგები გარედან ზამში, ხოლო შიგნიდან ცხვრის ბეწვგამოკრული ფეხსაცმელია, იგი დაწებებულია სქელ ან თხელ ძირზე და შეუდარებლად თბილი და რბილი სატარებელია. უგების ჩაცმა წვიმიან ამინდში ყოვლად დაუშვებელია, დასველების დროს იგი კარგავს ფორმას, რის შემდეგაც ძნელია მისი მწყობრში მოყვანა. წვიმიანი ამინდისთვის უმჯობესია ვალინკი შეიძინოთ. საწვიმარი ბოტების ფასი, ხარისხისა და დიზაინის მიხედვით, მაღაზიებსა და ბაზრობაზეც 25-500 ლარია. სამწუხაროდ, ბათუმში ამინდი ხშირად გვიწყობს მოულოდნელ `შხაპუნა სიურპრიზებს~, ამიტომაც უგების დასველების დიდი შანსია. ჰოდა, თუ ასეთი რამ მოხდა, არავითარ შემთხვევაში არ გარეცხოთ ისინი ცხელ წყალში და ნურც ცხელი ჰაერით გააშრობთ მათ. დააცადეთ, სანამ თავისით გაშრება ფეხსაცმელი, შემდეგ კი ცოტაოდენი ცივი წყლითა და კბილის ჯაგრისით, ფრთხილად მოაშორეთ ტალახი.
ეს ფეხსაცმელი იმდენად მარტივი დიზაინისაა, რომ მისი ჩაცმა არც ერთ ტანსაცმელს არ გადატვირთავს. იგი შეიძლება ატაროთ ჯინსთანაც, კომბინიზონთან და სხვადასხვა სახის ქვედაბოლოსთან _ ასეთ დროს კარგი იქნება თუ თქვენი უგის შესაფერი ფერის, გრძელ ნაქსოვ წინდას ჩაიცმევთ _ ეს ვიზუალურად ფეხსაცმლის სისქესა და სიუხეშეს დააბალანსებს და ბევრად უფრო კოხტად გამოჩნდება ფეხზე, ვიდრე პირდაპირ კოლგოტზე ჩაცმული.
უგებს, წვრილი ჯაჭვებისა თუ ფერადი ბუსების სახით შეგიძლიათ, თქვენი დიზაინერული შტრიხები შემატოთ და მთლიანად მოარგოთ თქვენს სტილს.

მცენარეები ზამთარში

თოვლით თუ უთოვლოდ, საბოლოოდ მაინც დადგა ზამთარი და გარეთ აცივდა. ჰოდა, მეც გადავწყვიტე რამდენიმე რჩევა მოგცეთ ზამთარში მცენარეების მოვლის შესახებ. სიცივეში მცენარეებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, ისინი უფრო იშვიათად უნდა მორწყოთ (გარდა იმ მცენარეებისა, რომლებიც ზამთარში ყვავილობენ), მათთვის ოდნავ ნოტიო ნიადაგიც საკმარისია, მიწის ზედმეტად დასველებამ, კი შესაძლოა ობი გაუჩინოს და ფესვები დაულპოს. სასურველია კაკტუსები და სხვა სუკულენტური მცენარეები სრულ სიმშრალეში ამყოფოთ, მშრალი და თბილი ჰავა სამომავლოდ მათ ყვავილობას უწყობს ხელს.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ზამთარში ონკანიდან მომდინარე წყალი ძალიან ცივია და მან შესაძლოა მცენარე დააზიანოს, ამიტომ იგი ცოტა ხანი დააყენეთ ოთახის ტემპერატურაზე ან თბილი წყალი გაურიეთ და ისე დაუსხით მცენარეს.
მცენარის ნიადაგის განოყიერებას რაც შეეხება, ზამთარში მცენარეთა უმეტესობა მას არ საჭიროებს, მაგრამ იმ მცენარეთა ნიადაგი, რომლებიც ზამთარში ყვავილობენ (მაგალითად, აზალია), ყოველ 3-4 კვირაში მაინც უნდა გამოკვებოთ სასუქებით.

ჯანმრთელობა და სილამაზე


ახალი წლის შემდეგ მომატებული კილოგრამები ბევრი ადამიანის თავსატეხი ხდება. არადა, დატვირთული სამუშაო წლის შემდეგ ნანატრი რამდენიმედღიანი დასვენების დროს ძნელია შეზღუდო რაციონი და უგემრიელესი კერძები არ დააგემოვნო.
როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან ზედმეტი კილოგრამები, რატომ მაინც და მაინც ზამთრის არდადეგებზე გვემუქრება გასუქების საფრთხე და არსებობს თუ არა უნივერსალური დიეტა _ ამ და სხვა კითხვებზე ენდოკრინოლოგი სალომე ღლონტი გვპასუხობს.
სალომე ღლონტი: ”შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჭარბი წონითაა დაავადებული. ამ დაავადებას მივყავართ სხვა პრობლემებამდე, ძირითადად ეს არის შაქრიანი დიაბეტი, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა და უკვე გულისხმობს სხვა დაავადებებსაც.
ჭარბი წონა არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს გამწვავების პერიოდები, ზამთარი სწორედ ეს პერიოდია. რაციონში კალორიული საკვების რაოდენობა იზრდება, რადგან ასეთი საკვები უფრო ათბობს და შეიძლება დაუფიქრებლად, მაგრამ სწორედ ამიტომ ადამიანი ზამთრის პერიოდში უფრო მეტ კალორიულ საკვებს იღებს. გარდა ამისა, ზამთარში მცირდება ფიზიკური აქტივობა - თუ ზაფხულში აქტიურად დავდივართ ზღვაზე, ვსეირნობთ სუფთა ჰაერზე, ზამთარში ამას ენაცვლება სითბოში ყოფნის სურვილი. სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ გვინდა დავწვეთ თბილად და ტელევიზორს ვუყუროთ, ძნელია თბილი პლედიდან გამოძვრომა და სასეირნოდ წასვლა. ამ ყველაფერს ემატება ახალი წელი მთელი თავისი ხანგრძლივობით და კალორიული კერძებით _ გოჭი, ხაჭაპური, ალკოჰოლი, _ გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი კალორიულია, მადასაც აძლიერებს.”
ქალბატონი სალომე ამბობს, რომ ამ პერიოდში მომატებული წონის დაკლება ძნელია, რადგან ორგანიზმი ზამთარში ისვენებს და არ არის ორიენტირებული ენერგიის დახარჯვაზე. ამიტომ, მზიან დღეებში მაინც უნდა შევეცადოთ ვივარჯიშოთ, სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ, ვიაროთ საცურაო აუზებზე. საჭირო კალორიებიც უკეთესია ხილით და არა ცომეულით მივიღოთ.
”უნივერსალური დიეტა, რომელიც ყველას მოერგება, არ არსებობს. თუმცა, არის რამდენიმე წესი, რომელთა დაცვის შემთხვევაში წონის შენარჩუნებას შეძლებთ: დღეში ხშირად და მცირე ულუფებით ჭამა, ძირითადად მსუბუქი პროდუქტების _ როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი, მინერალური წყალი მიღება, ხაჭაპურის და ნამცხვრის ჩანაცვლება ქიშმიშით, ყველით ან სხვა მსუბუქი საკვებით. სტატისტიკის მიხედვით, ჩვენთან ზაფხულში და ზამთარში მოხმარებადი ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა მკვეთრად განსხვავდება. არადა, ჩვენ ზამთარშიც არ გვაქვს ამის პრობლემა და თავისუფლად შეგვიძლია მივიღოთ ისინი. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც რძის ნაწარმი, სხვადასხვა სახის ხილი და ბოსტნეული მთელი ზამთრის განმავლობაში არის და უნდა გამოვიყენოთ ისინი.” _ გვირჩევს ქალბატონი სალომე.
ადამიანებს, რომლებსაც დატვირთული დღის რეჟიმი აქვთ და დღეში რამდენჯერმე ჭამას ვერ ახერხებენ, ცხადია, მათთვის მოსახერხებელია სწრაფი კვება, რაც ცალკე პრობლემაა. მოუცლელ ადამიანებს ენდოკრინოლოგი ურჩევს მიირთვან იოგურტი, მაწონი, მოხარშული ხორცი _ `ყველაზე დიეტური პროდუქტი საქართველოში არის მაწონი და მასზე ყველას მიუწვდება ხელი. შესაძლებელია მაწონი და ორცხობილა (სუხარი) მიირთვათ ერთად.~
სწორი კვების შედეგად თანდათან ვიკლებთ წონაში, სხვადასხვა სახის დიეტის დროს კი შედეგი სწრაფად დგება. ამას ”ახერხებენ” არა ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებით, არამედ სითხის დაკარგვის ხარჯზე _ ”შარდმდენების, საფაღარათო საშუალებებისა და ა.შ. გამოყენება რეალურად იწვევს წონაში კლებას, მაგრამ რის ხარჯზე? მთავარია, არ ავნო შენს ორგანიზმს. იმაზე უკეთესი საშუალება, როგორიცაა ფიზიკური აქტივობა და კალორაჟის გათვალისწინება, არ არსებობს.”
რადგან დიეტის დაცვას სხვადასხვა გართულება შეიძლება მოჰყვეს თან, დასაწყისში უნდა გავიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან. ”დიეტის დაწყება გამოკვლევის გარეშე არ შეიძლება, ორგანიზმს სჭირდება მომზადება. შიმშილი არის სტრესი და ორგანიზმი არ გვპატიობს არც ერთ სტრესს. სოფი ლორენმა თქვა _ ყველაზე დიდი სიამოვნება ცხოვრებაში ჭამააო”.
რაც შეეხება რაციონიდან პურის ამოღებას, ენდოკრინოლოგი ამბობს, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის ეს არ არის შეუძლებელი და ადვილად შესაძლებელია პურის ჩანაცვლება ბრინჯით, წიწიბურათი და ა.შ. _ ”პური საკმაოდ კალორიულია, განსაკუთრებით ცხელი, მაგრამ ამავე დროს სასარგებლოა და შესაძლებელია გარკვეული რაოდენობით დარჩეს რაციონში. რამდენიმე ნაჭერი პური და ბოსტნეულის სალათი ან მსგავსი მსუბუქი საკვები, მისაღებია. საკვებთან მიმართებაში უნდა გავითვალისწინოთ ოქროს წესი _ ზომიერება.”
და ბოლოს, ალბათ გაგიგიათ სხვადასხვა ფორმულის შესახებ, რომელთა საშუალებით იდეალური წონა გამოითვლება. ერთ-ერთ მათგანს გვთავაზობს სალომე ღლონტი - ”სიმაღლეს მინუს 115-დან 118-მდე, ანუ თუ თქვენი სიმაღლე არის 180 სანტიმეტრი, წონა უნდა იყოს 65 კილოგრამი ან ნაკლები (180-115).”

”ახლა ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ”

არჩილ ლაბაძესა და ნინო ბერიძეს ერთმანეთი მეგობრებმა გააცნეს. მათივე მეშვეობით დაახლოვდნენ და მალევე დამეგობრდნენ. რადგანაც ნინო რუსეთში ცხოვრობდა, ურთიერთობა ტელეფონისა და ინტერნეტის საშუალებით გააგრძელეს.

ნინო: 2010 წლის 2 იანვარს ჩვენ დაგვებედა ერთმანეთი, ამ დღეს დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია. აჩის სიტყვებმა, ქცევებმა და მისმა ზრდილობამ ნელ-ნელა მისდამი გრძნობები გამიჩინია. მოკლე დროში მივხვდი, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. ჩვენი ურთიერთობა სიყვარულითა და სითბოთი იყო გაჟღენთილი.
არჩილი: ნინი იყო ის გოგო, რომელმაც ჩემთან ურთიერთობა დაიწყო გულწრფელად, რაც ძალიან მომეწონა. იყო ნაზი, ლამაზი, ჭკვიანი, ზრდილობიანი, ეს ყოველივე მხიბლავდა მასში. დარწმუნებული ვიყავი, რომ როგორც კი ჩამოვიდოდა რუსეთიდან, ჩემი ცოლი გახდებიოდა.
ნინო: რუსეთიდან რომ ჩამოვედი, გული უკვე სიყვარულით მქონდა სავსე. აჩი რომ დავინახე, იყო დაუვიწყარი წუთები, ცრემლები, სიცილი და რაც მთავარია, უდიდეს სიყვარულთან შეხვედრა. მიყვარდა გულით, მის გარეშე ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა.
მზის ჩასვლისას მომართვა ვარდები და ამიხსნა სიყვარული. მან მითხრა სიტყვები, რომლებიც არასოდეს დამავიწყდება. მე ვირწმუნე აჩის სიყვარული და ახლა ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ.
არჩილი: მე და ნინი მისი ჩამოსვლის შემდეგ ორ კვირაში დავინიშნეთ. ნინი ჩემი ცხოვრება, ცოლი და მომავალი შვილის დედაა.
ქორწილი 2011 წლის 18 იანვარს გადავიხადეთ, სარიტუალო სახლ `ჯორჯიაში~. ახლობლებისა და მეგობრების გარემოცვაში. ძალიან ბედნიერები ვიყავით, დიდხანს ველოდით ამ დღეს…
ქორწილის დაწყებისას ვალსი შევასრულეთ, მერე ნინიმ ძმასთან ერთად დაისი იცეკვა.
ბევრი ახლობელი და მეგობარი გვესტუმრა რუსეთიდან.
ქორწილს მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი ”გოგლაურა”. გვიმღერეს ჩემმა პატარა დისშვილმა, ანა ანანიძემ და ბიძაშვილმა, დიანა ლაბაძემ.
ნინო: საქორწინო მოგზაურობას აჩის სამსახურის გამო მოგვიანებით ვაპირებთ, ალბათ რუსეთში წავალთ.

აქსესუარები ზამთარში

ზამთარი, მართალია, გვიან, მაგრამ ძალას მაინც იკრებს. არის რამდენიმე აქსესუარი, რომლებიც ამ დროს აუცილებლად გვჭირდება. გარდა იმისა, რომ თბილად უნდა გვეცვას, ეს აქსესუარები დაგვეხმარება იმაშიც, რომ სტილურად და ელეგანტურად გამოვიყურებოდეთ. გირჩევთ, როგორ უნდა შევარჩიოთ და ვატაროთ `ყველაზე ზამთრის~ აქსესუარები.

ქუდი _ მართალია, წელს არც ისე ცივი ზამთარია, მაგრამ ქუდი მაინც აქტუალურია და მისი უამრავი მოდელი არსებობს. რათა ზამთარი იყოს არამხოლოდ თბილი, არამედ სტილურიც, მნიშვნელოვანია ქუდის სწორად შერჩევა. ამისთვის უნდა გაითვალისწინოთ თქვენი სამოსის სტილი და სახის ფორმა. როგორც ერთ-ერთ უცხოურ ინტერნეტსაიტზე წერენ, თუ მრგვალი სახე გაქვთ, ასიმეტრიული ქუდები მოგიხდებათ. მჭიდრო ქუდი კი მოითხოვს თავის სწორ ფორმას და ოვალურ სახეს. მოცულობითი ბერეტები პრაქტიკულად ყველას უხდება, ის იმიჯს უფრო რბილს და ქალურს ხდის; თუ მაღალი შუბლი გაქვთ, ღრმად დამჯდარი, მაღალი ქუდი მოგიხდებათ. წინ წამოწეულ და სამკუთხა ფორმის სახეს ბეწვის ქუდი ან შლიაპა მოუხდება. ნაქსოვი, მოცულობითი კეპები კი იდეალურია ოვალური სახის მქონე ქალბატონებისთვის, ასევე, ეს ქუდები ვიზუალურად ასწორებს ყბის არასწორ ფორმას.

შარფი – მისი ტარების ბევრი მეთოდი არსებობს და სულ არაა აუცილებელი უბრალოდ შემოიხვიოთ ან ერთი ბოლო წინ დატოვოთ, მეორე კი _ უკან. შარფი ის აქსესუარია, რომლითაც შეგიძლიათ ითამაშოთ ისე, როგორც მოგესურვებათ. მთავარია, მისი ფერი ემთხვეოდეს რომელიმე სამოსის ფერს ან მსგავსი ტონალობის იყოს. იგი შეგიძლიათ ატაროთ როგორც გინდათ და რასთანაც გინდათ, ის მოუხდება როგორც ყოველდღიურ, ასევე მკაცრ საოფისე სამოსს. შეარჩიეთ ნათელი ფერები ყოველდღიურობისთვის, ოფისისთვის კი _ ერთი ან ორი ფერის, სამოსის შესაბამისი ტექსტურით. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ზედმეტად თხელი შარფის ტარება ზამთარში უადგილოა, იგი მხოლოდ შეგიძლიათ გაიკეთოთ კლასიკურ გამოსასვლელ სამოსთან.

ხელთათმანი – ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქსესუარია ზამთარში. ის გვეხმარება ცივ ამინდში შევინარჩუნოთ თბილი ხელები, ხელის კანი კი კვლავ იყოს რბილი და გლუვი. თუმცა, ხელთათმანებს, გარდა დამცავისა, აქვს ესთეტიკური ფუნქციაც და საკმაოდ მნიშვნელოვანია მათი სწორად შერჩევა. ძირითადად, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ხელთათმანის ფერი და სტილი უნდა ეხამებოდეს ჩანთას, ჰარმონიულად იყოს ფეხსაცმელთან და თუ არ იქნება მთლიანად ქურთუკის ფერის, ერთი ტონალობის მაინც უნდა იყოს.

`ყურთასმენები~ _ ეს აქსესუარი მართალია, მხოლოდ ყურებს ათბობს, მაგრამ როგორც ამბობენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს! ის ყველაზე მეტად მოუხდებათ გოგონებს, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ აქტიური ცხოვრების წესს და სპორტული სტილის სამოსს. `ყურთასმენების~ საკმაოდ დიდი არჩევანია _ მშვიდი, ნატურალური ბეწვისგან, მყვირალა, ნათელი ფერებით, ცხოველების გამოსახულებით, აბების ან მანქანის ბორბლის მსგავსი...

მამაკაცის ჩანთა

დღეს უკვე აღარავის უკვირს მამაკაცების მიერ ჩანთის ტარება. მართალია, მათთვის ეს აქსესუარი არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც ქალებისთვის, მაგრამ ჩანთით სიარული მაინც უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ყველაფრის ჯიბეში "ჩატენა" ან საერთოდაც პოლიეთილენის პარკით ტარება :-)
ბაზარზე მამაკაცების ჩანთების დიდი არჩევანია და შეგიძლიათ შეიძინოთ ის სტილი, რომელიც მოგესურვებათ. ოღონდ ნუ დაივიწყებთ, რომ ჩანთა უნდა შეირჩეს საქმიანობის სფეროს მიხედვით, რათა ადეკვატურად გამოიყურებოდეთ სხვადასხვა სიტუაციაში.
პორტფელი – მის მიმართ მამაკაცები ყოველთვის იყვნენ "კეთილგანწყობილნი". უნდა ითქვას, რომ თანამედროვე პორტფელი საკმაოდ განსხვავდება ძველი მკაცრი მოდელებისგან. თუმცა შენარჩუნებულია მისი მთავარი უპირატესობები _ ნატურალური ტყავი, მოსახერხებელი საკეტი და ფუნქციონალურობა, რომელსაც ჩანთის სხვადასხვა განყოფილებას უნდა ვუმადლოდეთ. ეს ჩანთა საუკეთესო გადაწყვეტილებაა საქმიანი მამაკაცისთვის და უნდა ატაროთ კლასიკური, საქმიანი სტილის სამოსთან ერთად.
ფოსტალიონის ჩანთა – ამ ჩანთამ პროფესიული გარდერობიდან ფართო მასებში გადაინაცვლა. მას ხშირად სქელი ქსოვილისგან (მაგალითად ე.წ. "ბრეზენტი") კერავენ. მოსახერხებელია, აქვს გრძელი ქამარი-სახელური და უნდა ატაროთ მხარზე გადაკიდებული. მისი ტარება შეიძლება ყოველდღიურად, ალბათ, სწორედ ამიტომ ყველაზე ხშირად ამ ჩანთას სტუდენტები იყენებენ. თუმცა ნატურალური ტყავისგან შეკერილი ფოსტალიონის ჩანთები და Casual (შარვალი+პერანგი+კარდიგანი+ე.წ. "მოკასინები") სტილი კარგი კომბინაციაა და თუ თქვენს გარდერობში ამ სტილის სამოსი მოიძებნება, ნურც ფოსტალიონის ჩანთას დატოვებთ უყურადღებოდ.
ჩანთა-ტომარა – იგი შეიცავს როგორც ფოსტალიონის ჩანთის, ასევე ფოტოაპარატის ჩანთის ელემენტებს – პატარა, მართკუთხა ფორმის, ქამრით მხარზე გადასაკიდებლად. მოსახერხებელია ყველა იმ შემთხვევისთვის, როცა საჭიროა მხოლოდ აუცილებელი ნივთების ტარება. ეს ჩანთა შეუთავსებელია საქმიანი სტილის სამოსთან, იგი უნდა ატაროთ თავისუფალ, დასვენებისთვის განკუთვნილ სამოსთან ერთად.
კურიერის ჩანთა – ძალიან ჰგავს ფოსტალიონის ჩანთას, თუმცა ეს მოდელი არ "გაზრდილა", ის კვლავ ინარჩუნებს ძველ სტილს. ასეთი ჩანთები მხოლოდ ქსოვილისგან იკერება და მას ხშირად იყენებენ სტუდენტები, რომლებიც უარს ამბობენ ტრადიციულ ზურგჩანთაზე. ასევე მოსახერხებელია საქმიანი მამაკაცებისთვისაც, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად ფუნქციონალურებისა, საქმიანი მამაკაცისთვის იგი ზედმეტად არასერიოზულია. იგი უნდა ატაროთ Casual და სპორტული სტილის ტანსაცმელთან.
ნოუთბუქის ჩანთა – ბათუმში მას განსაკუთრებით ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ალბათ მისი პრაქტიკულობის გამო. როგორც წესი, ეს ჩანთა არ გამოირჩევა კარგი დიზაინით. თუ პორტფელის ნაცვლად საქმიანი მამაკაცი ამ ჩანთას მიანიჭებს უპირატესობას, იგი აუცილებლად უნდა იყოს მაღალი ხარისხის.
სპორტული ჩანთა – სპორტული ჩანთა უნდა იყოს ელეგანტური – შავი, სხვადასხვა სახის ლოგოს მინიმალური რაოდენობით. უნდა ატაროთ დასვენებისთვის განკუთვნილ სამოსთან ერთად.
Tote Bag – ეს ქალის დიდი ჩანთების პროტოტიპია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ცოტა მამაკაცი თუ აირჩევს მას, იგი მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, აქტიურად იყენებენ შოუბიზნესის ვარსკვლავები და იგი ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ ჩანთად მიიჩნევა.