ვალენტინობა უფრო საინტერესო რომ იყოს...


ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბევრი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი, ყველაზე გავრცელებულის მიხედვით, იტალიაში ცხოვრობდა მღვდელი ვალენტინი, რომელიც საიდუმლოდ წერდა ჯვარს შეყვარებულებს. საქმე იმაშია, რომ მაშინ ჯარისკაცებს ეკრძალებოდათ ცოლის შერთვა, რათა ოჯახს არ მოეცდინა საქმიანობისთვის. ურჩობისთვის ვალენტინი 270 წლის 14 თებერვალს სიკვდილით დასაჯეს. სწორედ ამიტომ, შეყვარებულები 14 თებერვალს აღნიშნავენ ვალენტინობას, შეყვარებულების დღეს.

ვალენტინობა კარგი მიზეზია რომანტიკული საღამოსთვის, იმისთვის, რომ უთხრათ საყვარელ ადამიანს თქვენი გრძნობების შესახებ და ლამაზად გაატაროთ დღე. შევეცდები, გირჩიოთ, როგორ გაატაროთ ეს დღე, რათა ვალენტინობა არ დაემსგავსოს ტრადიციულს და იყოს უფრო ხალისიანი, ყოვლად განსხვავებული.

ეს დღე შეგიძლიათ აღნიშნოთ როგორც მხოლოდ ორმა ადამიანმა, ასევე მეგობრებმა შეყვარებულებთან ერთად. ასე თუ ისე, ნებისმიერ შემთხვევაში გჭირდებათ საჩუქარი. მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს გაახარებთ ნებისმიერი ლამაზი ნივთი, რომელიც გამოხატავს თქვენს გრძნობებს, იქნება ეს უბრალო სუვენირი თუ ლამაზი სამკაული. მამაკაცებისთვის ცოტა რთულია საჩუქრის შერჩევა, მაგრამ მაინც შესაძლებელი _ აჩუქეთ ხარისხიანი და სტილური `ბრელოკი~, სანთებელა, ჰალსტუხი, საფულე, მაგიდის საათი და ა.შ. თუმცა, სულ არაა აუცილებელი საჩუქრები იყოს მატერიალური. ეს შეიძლება იყოს ლექსი ან სიმღერა სპეციალურად მისთვის, სეირნობა რომანტიკულ ადგილას, შეხვედრა ერთად განთიადთან ან მზის ჩასვლასთან…

თუ გადაწყვეტთ, ეს დღე მხოლოდ ერთმანეთს მიუძღვნათ, შესანიშნავი ვარიანტია პატარა, მყუდრო და რომანტიკული კაფე. ურიგო არ იქნება კინოში წასვლა და რომანტიკული მელოდრამის ნახვა. თუმცა ჯერჯერობით ბათუმში ეს შეუძლებელია და სახლის პირობების გარდა.

ამ დღეს ერთმანეთს შეგიძლიათ უამრავი სასიამოვნო და იმავდროულად მხიარული სიურპრიზი მოუწყოთ. მაგალითად, გაიხსენეთ როგორ გაიცანით ერთმანეთი, სად იყო პირველი პაემანი და მიდით იქ, შეეცადეთ მაქსიმალურად გაიხსენოთ ის დღე და ითამაშეთ საკუთარი თავის როლი. ძალიან სახალისოა. შეგიძლიათ ამ დღეს აიხდინოთ დიდი ხნის ოცნება და გააკეთოთ ის, რაც დიდი ხანია გინდათ, თუნდაც რამე ეგზოტიკური კერძი დააგემოვნეთ. ასევე, ძალიან გაახარებთ თქვენს რჩეულს, თუ აჩუქებთ იმ ნივთს, რაც დიდი ხანია სურს. თუ ერთად მუშაობთ ან ადვილად შეგიძლიათ მის სამსახურში მოხვედრა, დაელოდეთ მის შესვენებაზე გასვლას და სამუშაო მაგიდა `გაულამაზეთ~ _ ბუშტები, მისალოცი ბარათები, ფონი კომპიუტერზე, ელექტრონული მისალოცი ბარათი, თქვენი ერთობლივი ფოტო ლამაზ ჩარჩოში და ა.შ. ასეთი სიურპრიზი ერთნაირად გაახარებს ორივე სქესის წარმომადგენელს.

გოგონებისთვის არაჩვეულებრივი სიურპრიზი იქნება, თუ მთელი დღის განმავლობაში ლამაზ მისალოც ბარათებს მიიღებს თქვენგან. ჩაუყარეთ ისინი ჩანთაში, ჯიბეებში, სამუშაო მაგიდის უჯრაში, მანქანაში და ა.შ.

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვიტეთ ეს დღე მეგობრების წრეში აღნიშნოთ, რომლებიც თავიანთ რჩეულებთან ერთად მოვლენ, აუცილებელია გარემო იყოს რომანტიკული. მაგიდას თეთრი სუფრა გადააფარეთ და წითელი ლენტებით `მორთეთ~, დაანთეთ სანთლები, გამჭვირვალე ჭურჭელში ჩაასხით წყალი და ჩაალაგეთ `მოცურავე~ სანთლები, ყვავილების ფურცლები. წითელი ქაღალდისგან გამოჭერით სხვადასხვა ზომის გულები და ჩამოკიდეთ მთელ ოთახში. შეგიძლიათ რამდენიმე გულს თქვენი სტუმარი წყვილების ფოტოებიც დააწებოთ, მათ ძალიან ასიამოვნებთ.

ალბათ თქვენს დღესასწაულზე მოვლენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მარტონი არიან. დააწყვილეთ ისინი! ამისთვის რამდენიმე გული გაჭერით შუაზე, მარჯვენა ნახევარი `მარტოხელა~ მამაკაცებს მიეცით, მარცხენა კი _ მანდილოსნებს. თქვით, რომ ყველამ უნდა იპოვოს თავისი მეორე ნახევარი, რადგან ამ დღესასწაულზე არ შეიძლება გატეხილი გულები იყოს.

დღესასწაულზე კერძებიც შესაბამისი უნდა იყოს _ არანაირი ტრადიციული სალათები და მით უმეტეს `მძიმე~ კერძები. შეეცადეთ მსუბუქი ბუტერბროდები დაამზადოთ, ტკბილეული კი გულის ფორმის იყოს. თუ ამას თვითონ ვერ შეძლებთ, სუპერმარკეტებში მზა ტკბილეულის დიდი არჩევანია, მათ შორის ბევრი სწორედ გულის ფორმაში.

დღესასწაულის გასამხიარულებლად კი მოიფიქრეთ სხვადასხვა სახის თამაშები. შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს: გაიხსენეთ რაც შეიძლება მეტი შეყვარებული წყვილი, რომლებიც ცნობილი გახდნენ სწორედ მათი სიყვარულით და ერთგულებით (რომეო და ჯულიეტა, ტრისტანი და იზოლდა, რუსლანი და ლუდმილა და ა.შ.). ასევე, შეგიძლიათ ჩამოწეროთ რამდენიმე ფურცელზე სასიყვარულო სიმღერების დასაწყისი. მამაკაცებმა უნდა ამოირჩიონ ერთ-ერთი ფურცელი და რომელი სიმღერის დასაწყისიც შეხვდებათ, ის იქვე ბოლომდე შეუსრულონ თავის რჩეულს. სახალისოა ყველაზე შეყვარებული ადამიანის გამოვლენაც, რასაც უბრალო წამმზომის საშუალებით დაადგენთ _ მოუსმინეთ, ვის უფრო სწრაფად უცემს გული. კარგი იქნება `ცეკვა ქაღალდზე~ _ იატაკზე დაალაგეთ ერთი ან ორი თაბახის ფურცელი, რომლებზეც მოცეკვავე წყვილმა წინასწარ შერჩეული სიმღერის დამთავრებამდე უნდა იცეკვოს ისე, რომ იატაკზე ფეხი არ დადგას. გაიმარჯვებს ის წყვილი, ვინც ყველაზე დიდხანს იცეკვებს. სახალისოა ასეთი თამაშიც _ გულის ფორმის ქაღალდებზე დაწერეთ სასიყვარულო სიტყვები, მეორე მხარეს კი იმ ადამიანის სახელი, ვისაც ისინი ეძღვნება. ამ სიტყვების ავტორი ცხადია, საიდუმლოდ უნდა დარჩეს და ვერავინ გაიგოს, ვინ ვის რა უთხრა. ამ თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც მამაკაცებს, ასევე მანდილოსნებს, რადგან, როგორც ცნობილია, ვალენტინობა ის დღესასწაულია, როცა დასაშვებია სიყვარულში მანდილოსანი გამოტყდეს პირველი.

და ბოლოს, სულ არაა აუცილებელი გაითვალისწინოთ ეს რჩევები, გამოიყენეთ იმპროვიზაცია, ფანტაზია, გააკეთეთ ექსპერიმენტები, როგორც ამბობენ, სიყვარულს საზღვარი არ აქვს. მთავარია გახსოვდეთ, რომ თქვენი ნებისმიერი იდეა გულიდან უნდა მოდიოდეს. მართალია, ბევრს `არ სჯერა~ ამ დღესასწაულის, მაგრამ სხვა თუ არაფერი, ეს დღე გვაძლევს საშუალებას, ვუთხრათ ერთმანეთს მნიშვნელოვანი სიტყვები და რატომ უნდა გავუშვათ ეს შესაძლებლობა ხელიდან?

(ფოტოზე: ლაშა ველიძე და ირინოლა დევაძე)

0 коммент.:

Отправить комментарий