დღეს უკვე აღარავის უკვირს მამაკაცების მიერ ჩანთის ტარება. მართალია, მათთვის ეს აქსესუარი არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც ქალებისთვის, მაგრამ ჩანთით სიარული მაინც უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ყველაფრის ჯიბეში "ჩატენა" ან საერთოდაც პოლიეთილენის პარკით ტარება :-)
ბაზარზე მამაკაცების ჩანთების დიდი არჩევანია და შეგიძლიათ შეიძინოთ ის სტილი, რომელიც მოგესურვებათ. ოღონდ ნუ დაივიწყებთ, რომ ჩანთა უნდა შეირჩეს საქმიანობის სფეროს მიხედვით, რათა ადეკვატურად გამოიყურებოდეთ სხვადასხვა სიტუაციაში.
პორტფელი – მის მიმართ მამაკაცები ყოველთვის იყვნენ "კეთილგანწყობილნი". უნდა ითქვას, რომ თანამედროვე პორტფელი საკმაოდ განსხვავდება ძველი მკაცრი მოდელებისგან. თუმცა შენარჩუნებულია მისი მთავარი უპირატესობები _ ნატურალური ტყავი, მოსახერხებელი საკეტი და ფუნქციონალურობა, რომელსაც ჩანთის სხვადასხვა განყოფილებას უნდა ვუმადლოდეთ. ეს ჩანთა საუკეთესო გადაწყვეტილებაა საქმიანი მამაკაცისთვის და უნდა ატაროთ კლასიკური, საქმიანი სტილის სამოსთან ერთად.
ფოსტალიონის ჩანთა – ამ ჩანთამ პროფესიული გარდერობიდან ფართო მასებში გადაინაცვლა. მას ხშირად სქელი ქსოვილისგან (მაგალითად ე.წ. "ბრეზენტი") კერავენ. მოსახერხებელია, აქვს გრძელი ქამარი-სახელური და უნდა ატაროთ მხარზე გადაკიდებული. მისი ტარება შეიძლება ყოველდღიურად, ალბათ, სწორედ ამიტომ ყველაზე ხშირად ამ ჩანთას სტუდენტები იყენებენ. თუმცა ნატურალური ტყავისგან შეკერილი ფოსტალიონის ჩანთები და Casual (შარვალი+პერანგი+კარდიგანი+ე.წ. "მოკასინები") სტილი კარგი კომბინაციაა და თუ თქვენს გარდერობში ამ სტილის სამოსი მოიძებნება, ნურც ფოსტალიონის ჩანთას დატოვებთ უყურადღებოდ.
ჩანთა-ტომარა – იგი შეიცავს როგორც ფოსტალიონის ჩანთის, ასევე ფოტოაპარატის ჩანთის ელემენტებს – პატარა, მართკუთხა ფორმის, ქამრით მხარზე გადასაკიდებლად. მოსახერხებელია ყველა იმ შემთხვევისთვის, როცა საჭიროა მხოლოდ აუცილებელი ნივთების ტარება. ეს ჩანთა შეუთავსებელია საქმიანი სტილის სამოსთან, იგი უნდა ატაროთ თავისუფალ, დასვენებისთვის განკუთვნილ სამოსთან ერთად.
კურიერის ჩანთა – ძალიან ჰგავს ფოსტალიონის ჩანთას, თუმცა ეს მოდელი არ "გაზრდილა", ის კვლავ ინარჩუნებს ძველ სტილს. ასეთი ჩანთები მხოლოდ ქსოვილისგან იკერება და მას ხშირად იყენებენ სტუდენტები, რომლებიც უარს ამბობენ ტრადიციულ ზურგჩანთაზე. ასევე მოსახერხებელია საქმიანი მამაკაცებისთვისაც, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად ფუნქციონალურებისა, საქმიანი მამაკაცისთვის იგი ზედმეტად არასერიოზულია. იგი უნდა ატაროთ Casual და სპორტული სტილის ტანსაცმელთან.
ნოუთბუქის ჩანთა – ბათუმში მას განსაკუთრებით ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ალბათ მისი პრაქტიკულობის გამო. როგორც წესი, ეს ჩანთა არ გამოირჩევა კარგი დიზაინით. თუ პორტფელის ნაცვლად საქმიანი მამაკაცი ამ ჩანთას მიანიჭებს უპირატესობას, იგი აუცილებლად უნდა იყოს მაღალი ხარისხის.
სპორტული ჩანთა – სპორტული ჩანთა უნდა იყოს ელეგანტური – შავი, სხვადასხვა სახის ლოგოს მინიმალური რაოდენობით. უნდა ატაროთ დასვენებისთვის განკუთვნილ სამოსთან ერთად.
Tote Bag – ეს ქალის დიდი ჩანთების პროტოტიპია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ცოტა მამაკაცი თუ აირჩევს მას, იგი მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, აქტიურად იყენებენ შოუბიზნესის ვარსკვლავები და იგი ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ ჩანთად მიიჩნევა.
მამაკაცის ჩანთა
05:08
khatia.Lifestyle
0 коммент.:
Отправить комментарий