ახალ წელს მხიარულად რომ შევხვდეთ...
როგორ და სად შევიძინოთ საახალწლო ნაძვის ხე
იდეალური საცივი
საახალწლო ვარსკვლავი – თქვენი ხელით
როგორ შევარჩიოთ საახალწლო სურსათი
გაცივება რომ ავიცილოთ თავიდან
ფეხსაცმლის მოვლა
მამაკაცი და სტილი
ახალი წელი _ ახალი ცხოვრების დასაწყისი
`ალბათ არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით... თავიდან ვმეგობრობდით, მერე ინტენსიურად დავიწყეთ მიმოწერა და მივხვდი, რომ ძალიან მივეჩვიე, მიუხედავად იმისა, რომ არ მყავდა ნანახი...~ _ ამბობს ნატა.
ერთმანეთს პირველად პირველ იანვარს შეხვდნენ და იმ დღესვე მიხვდნენ, რომ ერთმანეთი უყვარდათ... 2010 წლის პირველი დღე სიახლით დაიწყეს...
ყველაფერი მშვიდად და ტრადიციულად წარიმართა _ სამ თვეში ნიშნობა გაიმართა, მერე კი მალევე იქორწინეს. ქორწილისთვის კოტემ შავი შარვალ-კოსტიუმი შეარჩია თეთრი პერანგით, ნატამ კი საპატარძლო კაბის დიზაინი თვითონვე მოიფიქრა და შეაკერინა _ `სადა და უბრალო მინდოდა ყოფილიყო, ყოველგვარი ზედმეტი დატვირთვის გარეშე. თითოეული დეტალი თავად შევარჩიე~. ვარცხნილობა და მაკიაჟიც ბუნებრივი უნდა ყოფილიყო და არა სტანდარტული, ამიტომ ძალიან სადა ვარცხნილობა გაიკეთა და თეთრი ლენტით გააფორმა.
ცეკვა არც ნატამ და არც კოტემ არ იცოდნენ, მაგრამ ქორწილში მაინც აცეკვეს და როგორც ნატა ამბობს, ძალიან სასაცილოები იყვნენ. სამაგიეროდ, ორივე ძალიან კარგად მღერის და იმღერეს კიდეც. გარდა ამისა, ქორწილში ნატას მომღერალმა მეგობრებმა არაერთი სიმღერა შეასრულეს, რაც ქორწილს განსაკუთრებულ ეშხს მატებდა.
ნატას და კოტეს ბედნიერი ოჯახი აქვთ, ორივე მუშაობს, აქვთ საყვარელი საქმე და რაც მთავარია, უყვართ ერთმანეთი. სულ მალე კი, პირველ იანვარს, ერთი წელი შესრულდება, რაც ერთმანეთი პირველად ნახეს. რაც ყველაზე მთავარია, ამ ხნის განმავლობაში წყვილს არ უკამათია. წარმატებებს ვუსურვებთ მათ.
ნატა ფრუიძე და კოტე ბურჯანაძე
მთავარია ელეგანტურობა
scrapbooking _ ლამაზი და საჭირო ჰობი
scrapbooking-ით ბევრი ადამიანია გატაცებული საზღვარგარეთ, ამას ისიც მოწმობს, რომ ინტერნეტში უამრავი ბლოგი, საიტი და ვიდეოგაკვეთილის შოვნა შეიძლება ამ თემაზე. ყველაზე დიდი არჩევანი საალბომე იდეებისა, შეგიძლიათ ყოუტუბე.ცომ-ზე დაძებნოთ.
თუ გსურთ, რომ სცრაპბოოკინგ-ით თქვენც დაკავდეთ, შემდეგი ინვენტარით უნდა შეიარაღდეთ: ძალიან ბევრი სხვადასხვა ფერის, სისქისა და ტექსტურის ქაღალდი, წვრილი ფერადი ბაფთები, ყველა სახის სტიკერი, წებო, სახაზავი, მაკრატელი და დიდი ნებისყოფა. დასაწყისისთვის სავსებით საკმარისია!
აი ლინკები, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გაერკვეთ ამ ხელოვნების არსში და შეიძება რამოდენიმე შესანიშნავი იდეაც მოგაწოდოთ:)
რა დავლიოთ პაემანზე
ეს რჩევები იმ მამაკაცებს გამოადგებათ, რომლებიც პაემანზე დაპატიჟებულ მანდილოსნებს ნატახტარის ლუდით უმასპინძლდებიან და ასევე იმ ქალებს, რომლებმაც არ იციან, რა დალიონ და მამაკაცის მიერ შეთავაზებულ "ნატახტარს" მიირთმევენ.
ძვირფასო ქალებო, როცა სასმელის არჩევაზე მიდგება ჯერი, დიდ ხანს ნუ იფიქრებთ, აირჩიეთ ისეთი სასმელი, რომელიც მარტივი დასალევი იქნება და თქვენს ხელშიც მაქსიმალურად მიმზიდველი და “ქალური” გამოჩნდება - ასეთია ყავის ან ხილის ლიქიორი, მარტინი, სხვადასხვა სახის კოქტეილი, მაგალითად - long icland-ი ან/და რომელიმე ქართული და უცხოური ბრენდის წითელი ღვინო.
თუ თქვენი შეხვედრა პირველი არ არის და უკვე ამ ადამიანს კარგად იცნობთ, შეგიძლიათ უფრო ძლიერი სასმელიც მიირთვათ, მაგალითად ჯინ-ტონიკი და არა ვისკი... ეცადეთ, თავი შეიკავოთ ზედმეტად მაგარი სასმელებისგან, მაგრამ თუ მაინც რაიმე "უფრო ძლიერი" გადაწყვიტეთ, შეუკვეთეთ არაყი ოღონდ არა "არგო" და სხვა მსგავსი. აუცილებლად კარგი და ძვირფასი არაყი შეუკვეთეთ, მაგალითად DANSKA ან SKYY, არაყი სასურველია ხილისა იყოს და თანაც ცოტა რაოდენობის _ ასეთ დროს მთავარია დაიცვათ ზომიერება, რომანტიკული საუბრისას თავი სალათში რომ არ ჩაგივარდეთ.
თუ თქვენი შეხვედრა უფრო თავისუფალ და მეგობრულ გარემოში დაიგეგმა, მაშინ შეგიძლიათ ნაკლებ ალკოჰოლური ან სპეციალურად ქალებისთვის განკუთვნილი, საერთოდ უალკოჰოლო ლუდი დალიოთ. გაითვალისწინეთ, რომ ლუდის სმით, მამაკაცის თვალში “მეგობრის ამპლუას” ვერ მოირგებთ და ვერც მის ბიუჯეტს გაუწევთ არსებით ეკონომიას. ასე რომ, თუ ამ სასმელის მოყვარული არ ბრძანდებით, სისულელეა მხოლოდ ხათრისთვის ხვრიპოთ იგი.
საუზმე საწოლში
საწოლში საუზმის მისართმევად დაგჭირდებათ დიდი და მყარი ლანგარი, რომელზეც შეგიძლიათ ცხელი ტოსტი, ომლეტი და განწყობისთვის, პატარა ყვავილი მოათავსოთ.
ომლეტის დასამზადებლად (ოთხი პორციისთვის) ღრმა თასში კარგად აურიეთ 8ც კვერცხი, 1 ფინჯანი რძე (წყალიც შეიძლება), მარილი გემოვნებით და ცოტაც დაფქული შავი პილპილი ისე რომ, მასა არ მიიყვანოთ ამოფუვებამდე.
ტაფაზე გაადნეთ 2ს/კ კარაქი და ფრთხილად დაასხით კვერცხის მასა. როცა ომლეტი თითქმის გამოცხვება, ჩაახეხეთ შიგ ყველი.
სულ ბოლოს კი ორად მოკეცილ ომლეტს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, გვერდით მიუდეთ კარაქში ან მშრალად გაფიცხებული პურის ტოსტები და ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი.
მერწმუნეთ, ამ უგემრიელესი საუზმით დაწყებული დღე ძალიან ნათელი და ენერგიული იქნება, ასე რომ, ნუ დაგეზარებათ ძვირფასი ადამიანებისთვის მსგავსი საჩუქრის მომზადება.
მოსწავლის საგზალი
ერთადერთი პრობლემა, რასაც შეიძლება ბავშვის საგზალთან მიმართებაში წააწყდეთ, ისევ თქვენი პატარას კომპლექსები გახლავთ _ პატარებს ეთაკილებათ თანაკლასელების დასანახად სახლიდან წაღებული საკვების ჭამა, ამიტომ აუცილებლად დაუკავშირდით თქვენი შვილის ყველაზე ახლო თანაკლასელის მშობელს და შესთავაზეთ მას საგზლის მომზადების იდეა. შემდეგ კი შეგიძლიათ მშვიდად იყოთ _ პატარა მარტო არ იქნება და სახლიდან წაღებულ სადილს დიდი ნეტარებით დააგემოვნებს მეგობართან ერთად.
ნუ დაგავიწყდებათ კონტეინერის გაფორმებაც, საზღვარგარეთ სასკოლო ლანჩისთვის სპეციალური პატარა ჩანთები არსებობს სხვადასხვა ანიმაციური გმირების ნახატებით. თქვენც შეეცადეთ, საგზლის ყუთი კოხტად და ლამაზად გააფორმოთ _ საგზლის კონტეინერი საამაყო ჭურჭელი უნდა იყოს პატარა მოსწავლისთვის.
როგორი ქოლგა გვჭირდება
დაფიქრდით, როგორი ქოლგა გიხდება და გჭირდება. დიდ ქოლგებს, რომლებიც ბოლომდე არ იკეცება, აქვს უბრალო და საიმედო კონსტრუქცია, ამიტომ საკმაოდ გამძლეა. მავთულებს არ აქვს ზედმეტი მექანიზმები და გადატეხვები, ამიტომ ქოლგის გუმბათი უფრო უხეში და მრგვალია, რაც არამარტო ლამაზია, მოსახერხებელიცაა _ წვიმის წვეთები ადვილად ”ცვივა” ქვემოთ და ქოლგაც მალე შრება. ამ სახის ქოლგას ის ნაკლი აქვს, რომ ყოველთვის ხელში უნდა გეჭიროს და შენობაში კუთხეში დატოვება გიწევს, რის გამოც ხშირად გრჩება შენობაში.
რაც შეეხება დასაკეც ქოლგებს, მათი მთავარი პლუსი კომპაქტურობაა, პატარა ჩანთითაც კი შეგიძლიათ ტარება. თუმცა ამ ქოლგის დაზიანების შანსი უფრო დიდია, რადგან რაც მეტი ნაწილი აქვს ქოლგას, მით უფრო მეტი აქვს "სუსტი წერტილიც". დასაკეცი ქოლგები ერთმანეთისგან განსხვავდება გახსნის და დახურვის მეთოდით. არის ხელით სამართავი ნახევრად ავტომატური ქოლგები (სახელური ხელით იწევა და გუმბათი ღილაკზე ხელის დაჭერით), ავტომატური (მათ გასახსნელად ღილაკზე თითის დაჭერაც საკმარისია) და სრულიად ავტომატური, რომლებიც არამარტო იხსნება, არამედ იხურება ავტომატურად, ღილაკზე თითის დაჭერით.
თუ უკვე გადაწყვიტეთ, რა სახის ქოლგა გირჩევნიათ, შეძენისას რამდენიმე ნიუანსი გაითვალისწინეთ: რამდენჯერმე გახსენით და დახურეთ ქოლგა, რათა დარწმუნდეთ მექანიზმის გამართულობაში. გახსნისას შეამოწმეთ კარგად თუ არის გადაჭიმული ქსოვილი მავთულებზე. საერთოდ, დასაკეც ქოლგებს უფრო მსუბუქად აქვს შემოვლებული ქსოვილი, ვიდრე დიდ ქოლგებს, მაგრამ მეტისმეტად მსუბუქად მაინც არ უნდა იყოს _ წვიმის წვეთები არ დაიწურება და დროთა განმავლობაში ქსოვილიც უფრო გაიწელება. მავთულები, რომლებისგანაც დამზადებულია ქოლგის ერთგვარი "ჩონჩხი", უნდა იყოს ერთნაირი და "ჩონჩხსაც" სწორი ფორმა უნდა ჰქონდეს. ასევე, არ დაგავიწყდეთ შეამოწმოთ მყარადაა თუ არა დამაგრებული სახელურები. ბავშვის ქოლგას უსაფრთხოების მიზნით მავთულების დაბოლოებები პლასტმასის ან ხის ბურთულებით უნდა ჰქონდეს დაფარული.
იმისთვის, რომ ქოლგამ დიდხანს გემსახუროთ და ლამაზადაც გამოიყურებოდეს, საჭიროა კარგად მოუაროთ. გააშრეთ ბოლომდე გაშლილ მდგომარეობაში და არ დაკეცოთ სველი ქოლგა. ნურც ჩანთაში, მძიმე ნივთების ქვეშ მოათავსებთ, მავთულები გაიღუნება ან გადატყდება. აუცილებლობისას შეგიძლიათ ქოლგა გარეცხოთ კიდეც, ამისთვის ნახევრადდაკეცილ მდგომარეობაში ჩაალბეთ საპნიან წყალში, ცოტა ხნის შემდეგ კი გახსენით და სუფთა წყალი გადაავლეთ.
და ბოლოს, გაითვალისწინეთ ისიც, რომ უკეთესია ქოლგა არა ფერის, არამედ სტილის მიხედვით შეარჩიოთ _ საქმიან სამოსში გამოწყობილ ქალს ნაკლებად მოუხდება კოპლებიანი ქოლგა. უნდა გავითვალისწინოთ კანის ფერიც _ ფერმკრთალმა ქალებმა წითელი ან მუქი ვარდისფერი ქოლგა უნდა შეარჩიონ, მწვანე და ლურჯი კი უფრო აფერმკრთალებს კანს ვიზუალურად და ხაზს უსვამს ნაოჭებს.
ნაქსოვი ნივთების გარეცხვა
ნაქსოვი ნივთების გასარეცხად უნდა გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ტუტის მცირე შემცველობით. უკეთესია მათ ცივ წყალში თუ გარეცხავთ (არაუმეტეს 30 გრადუსისა). ნაქსოვი სამოსი უნდა გარეცხოთ ხელით. გარეცხვის შემდეგ გაავლეთ მინიმუმ 2-3-ჯერ, მანამ, სანამ წყალი არ გახდება გამჭვირვალე. ბოლო გავლებისას წყალში შეგიძლიათ დაამატოთ ძმარი ან ლიმონის წვენი. თუ სამოსის ეტიკეტზე ან საქსოვი ძაფის შეკვრაზე არის შესაბამისი ნიშნული, იგი შეგიძლიათ გარეცხოთ სარეცხ მანქანაშიც. იმისათვის, რომ არ დაზიანდეს ძაფის სტრუქტურა, უკეთესია სამოსი გარეცხვისას ნაჭრის ტომარაში მოათავსოთ.
რაც შეეხება კონკრეტულად შალის ნაწარმს, ისინი ფრთხილად და მხოლოდ სპეციალური სარეცხი საშუალებებით უნდა გავრეცხოთ, უბრალო ფხვნილები აზიანებენ და არღვევენ მგრძნობიარე ბოჭკოებს და ახდენენ სამოსის დეფორმირებას. შალის ძაფისგან ნაქსოვი სამოსიც ისევე უნდა გავრეცხოთ, როგორც შალის.
გარეცხილი სამოსი შეგიძლიათ გაწუროთ პირსახოცით, მაგრამ ნუ დაატრიალებთ. ნაქსოვი სამოსი უნდა გააშროთ გამობრუნებულ მდგომარეობაში წყლის შემწოვ ზედაპირზე (მაგალითად, პირსახოცი). არ შეიძლება ნაქსოვი ნივთების გაშრობა გამათბობელ საშუალებებთან ახლოს ან მზის პირდაპირი სხივების ქვეშ.
ქუდი და სტილი
"ცოტა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ მეც მიყვარდა"
როგორ დავზოგოთ ფული
ხელფასის აღებამდე აუცილებლად გააკეთეთ მთელი თვის შესყიდვების სია და თანხის აღების შემდეგ, მაქსიმალურად შეეცადეთ, არ გადაუხვიოთ მას.
ყველა ქალს უნდა ჰქონდეს გარდერობში ცნობილი მარკების ტანსაცმელი, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრებისთვის სამოსი შეგიძლიათ უფრო “უბრალო” მაღაზიებში შეიძინოთ, ისეთებში როგორიცაა: BTM-(ხელვაჩაურში), კ.გამსახურდიას (ძველი ლენინის) ქუჩის #20-ში არსებულ მაღაზია “ანგელოზში”. სპორტული “აღჭურვილობის” მოყვარულებმა შეგიძლიათ დ.თავდადებულის ქ. #46-ში არსებული გერმანული მაღაზია `დიადორა” მოინახულოთ. ფულის დასაზოგად კარგი ვარიანტია ქსოვაც. გარდა იმისა, რომ ეს ხელსაქმე ნერვებს ამშვიდებს, საკმოდ სერიოზულ ეკონომიასაც გააკეთებთ.
ჩაინიშნეთ ან უბრალოდ დაიმახსოვრეთ, დღის განმავლობაში ნანახი ის მაღაზიები, რომელთა ვიტრინებზეც ყველა ქალის საყვარელი აბრა _ “SALE”-ია გამოკრული. თუ სადმე ძალიან ლამაზ და ძვირფას ნივთს გადაეყარეთ, ნუ იჩქარებთ, აუცილებლად მოძებნეთ იგი ონლაინმაღაზიებში, ასე შესაძლოა სამჯერ უფრო იაფად შეიძინოთ.
დილით აუცილებლად მიითვირთ მსუყე საუზმე და სახლიდან გასულმა პატარა კონტეინერით აუცილებლად გაიყოლეთ საგზალი. ნაცვლად, უგემურად წახემსებული ჰამბურგერისა და ფენოვანისა, “პერერივზე”, სახლში დამზადებულ, უსაფრთხო საკვებს მიირთმევთ, რითაც მთელი თვის განმავლობაში სოლიდურ თანხასაც დაზოგავთ.
იარეთ იმ კაფეებში, სადაც “მიწიერი” ფასებია და სადაც თავს დაჯერებულად იგრძნობთ. “ვიპ პრესტიჟულ” კაფეებში, ნათხოვარი ნოუთბუქით ჯდომა, მარტო იმიტომ, რომ იქ უფასო ინტერნეტია, ცოტა უხერხულია, ამიტომ თავი შეიკავეთ ხუთლარიანი ყავის სმისგან.
მაქსიმალურად ეცადეთ, არ დაახურდავოთ “დიდი ფული/კუპიურა”, ხურდები კი დიდ ფულში გადაცვალოთ –ერთიდან ხუთ ლარამდე კუპიურები ისე შემოგეხარჯებათ, რომ ვერც კი ვხვდებით, სად და როგორ გაქრა ის.
და რა თქმა უნდა, გაუფრხილდით ელექტროენერგიას _ როცა სადმე მიდიხართ, ყველაფერი გამორთეთ.
ბოლოს კი რამდენიმე “მითი” ფულის შესახებ, რომლებიც ზოგჯერ ნამდვილად ამართლებს და იქნებ თქვენც გესინჯათ _ ქუჩაში მოძეული ხურდა არ დახარჯოთ და სანამ იგი საფულეში გექნებათ, ფული არ დაგელევათ; ფულის ნაწილი სახლში უნდა შეინახოთ _ ფული, ფულს იზიდავს. ასევე გაუფრთხილდით კუპიურებს, მათ კარგი მოპყრობა უყვართ – ამბობენ, რომ როცა ფულს არ კუჭავთ და არ ხევთ, ისინი საგრძნობლად მრავლდებიან თქვენს საფულეში.
რამდენიმე რჩევა სუნამოს შესახებ
სუნამოს სურნელი რომ უფრო მდგრადი იყოს, იგი უნდა წაისვათ იმ ადგილებში, სადაც ვენები გადის _ მაჯა, იდაყვი, კისერი, ყურის ძირებთან, საფეთქელი, საძილე არტერია, ყელი და მხრები. კანი ამ ადგილებში უფრო თბილია და გარდა სუნის ხანგრძლივობისა, სუნამოს არომატი ბოლომდე იხსნება.
მაშინ, როცა სუნამოს ტანსაცმელზე ასხამთ, გახსოვდეთ, რომ სუნამო ნატურალურ ქსოვილებზე უფრო უკეთ ნარჩუნდება და არც მისი სუნი იცვლება. შალისა და ბეწვეულის სამოსი სუნს წლობით ინარჩუნებს. სუნამომ ღია ფერის სამოსზე შეიძლება ლაქები დატოვოს, ამიტომ იგი სამოსის შიგნიდან უნდა დაასხათ, ნაკერებში.
ყველა ქალმა იცის, რომ დაუშვებელია სუნამოების შერევა, მაგრამ სამწუხაროდ სურნელზე ზეგავლენას უბრალო დეზოდორანტიც ახდენს. ამიტომ, თუ გინდათ, რომ თქვენი სუნამოს თავბრუდამხვევი არომატი უბრალო გამვლელებსაც კი აჯადოვებდეს, შეარჩიეთ რაც შეიძლება ნაკლებარომატული დეზოდორანტი.
რაც შეეხება სუნამოს შენახვას, `იგი ბნელ და გრილ ადგილას, თავდახურული უნდა შეინახოთ _ სუნამოს, რომელსაც მზის სხივი ხვდება, კეთილსურნელებას კარგავს~ _ გვითხრა ნანა ჟორჟაძემ.
გურმანის საჩუქარი
თქვენ შეგიძლიათ გამოაცხოთ ორცხობილა ან ნამცხვარი, მაგალითად ვაშლის. მის მოსამზადებლად მიქსერით ათქვიფეთ 3 ც კვერცხი, ნელ-ნელა ჩააყარეთ შიგ ერთი ჭიქა შაქარი, შემდეგ გამორთეთ მიქსერი და დაშაქრული კვერცხის მასაში ჩააყარეთ ერთი ჭიქა ფქვილი და კოვზით ამოურიეთ. არ დაგავიწყდეთ, ცოტაოდენი ვანილის ჩამატებაც. აიღეთ ღმა ფორმა, თუ ის არ გაქვთ, პატარა რკინის თასი, წაუსვით შიგნით ზეთი და ჩაასხით შიგ ცომი, რომელშიც ჩაყარეთ დაჭრილი ვაშლი. ნამცხვარი დაახლოებით 20 წუთში გამოცხვება, თუმცა შიგ ჩაყრილი ვაშლის გამო იგი დიდად არ ამოფუვდება, სამაგიეროდ უფრო გემრიელი იქნება ვიდრე, მხოლოდ თავზე მოყრილი ვაშლებით იქნებოდა (ეს ნამცხვარი მეორე დღეს უფრო გემრიელია).
არ დაგავიწყდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი _ საჩუქრის გაფორმება. იგი აუცილებლად კოხტად სუფთად და მადისაღმძვრელად უნდა გამოიყურებოდეს, რაშიც ლამაზი ჭურჭელი და სადღესასწაულო ბაფთები დაგეხმარებათ.
გარდა ამისა, შეგიძლიათ ნამცხვარს ერთი ბოთლი სახლის ღვინოც დაურთოთ, რომელიც ლამაზ ბოთლში იქნება ჩასხმული. "სასაჩუქრე" ბოთლები და სხვა სახის ქილები მაღაზია `სუპერში~ შეიძლება შეიძინოთ. ბოთლზე კი შეგიძლიათ იუბილარისადმი მისალოცი ტექსტი მიაწებოთ.
კარგი იქნება თუ ამ ყველაფერთან ერთად რომელიმე კარგი ხარისხის შოკოლადითაც დაატკბობთ იუბილარს. სასაჩუქრე შოკოლადს ქაღალდი შემოაცალეთ და მხოლოდ ფოლგა დაუტოვეთ, შემდეგ კი ლამაზ ქაღალდში (წიგნებზე გადასაკრავ) გაახვიეთ, ბაფთა დააბნიეთ და მზადაა.
მერწმუნეთ თქვენს მეგობარს ასეთი საჩუქრი უფრო გაუხარდება, ვიდრე ნებისმიერი იარლიყიანი ნივთი. მართლაც, რა უნდა იყოს იმ საჩუქარზე უფრო კარგი, რომელიც იჭმევა!
როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია
კონდიციონერის სიმძლავრე, ისევე, როგორც გათბობის სისტემების სიმძლავრე, გასათბობი ფართობის მიხედვით უნდა შეარჩიოთ; კონდიციონერის ჩართვისას ნუ დააყენებთ თერმოსტატის ტემპერატურას 24 გრადუსზე ქვემოთ, ამით ელექტროენერგია დაიზოგება;
მაცივრის ტევადობა აირჩიეთ მოთხოვნილების შესაბამისად. მაცივარი უნდა მოათავსოთ სითბოს წყაროდან მოშორებით და აუცილებლად გაწმინდოთ საყინულე, როცა ყინულის სისქე მიაღწევს 3 მმ-ს, ამით ენერგიის 30%ს დაზოგავთ. ასევე არ უნდა შეინახოთ მაცივარში ცხელი საჭმელი და არც მაცივრის კარი უნდა დატოვოთ ღია _ თურმე ესეც დიდ ზეგავლენას ახდენს ენერგიის წვაზე;
სარეცხი მანქანა უნდა ამუშაოთ სრული დატვირთვით. ეცადეთ, გამოიყენოთ დაბალტემპერატურიანი პროგრამები. რეგულარულად უნდა გაიწმინდოს სარეცხი მანქანის ფილტრი, ელექტროენერგიის მოხმარებას ამითაც შეამცირებთ;
ღამით და სახლის დატოვების შემთხვევაში ქსელიდან უნდა გამორთოთ აუდიო-ვიდეო ტექნიკა. ერთი ტელევიზორი მოლოდინის რეჟიმში (ეკრანზე გამოსახულების გარეშე და ანთებული მართვის სისტემით _ ანუ ანთებული პატარა, წითელი ნათურით) მოიხმარს ნორმალური მუშაობის დროს საჭირო ენერგიის 15%-ს.
საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ დაზოგვის ეს ხერხები ძალიან ეფექტურია, მას შემდეგ, რაც უბრალო ნათურები, ენერგოდამზოგავი, სპირალისებრი ნათურებით ჩავანაცვლე, ელექტროენერგიის გადასახადი საგრძნობლად შემცირდა.
როგორ მოვაწყოთ საძინებელი იაფად და გემოვნებით
დეკორაციული და სურნელოვანი სანთლები არამარტო მყუდრო გარემოს შექმნიან თქვენს საძინებელში, ისინი განტვირთვაშიც დაგეხმარებიან _ მათი შეძენა "სუპერში", "გუდვილსა" და "ჯორჯიტას" სუპერმარკეტშია შესაძლებელი (ფასი _ ერთიდან 25 ლარამდე);
საძინებელში რამდენიმე სახასიათო ნივთი _ ორიგინალური სურათები, ნახატები, განსაკუთრებული სათამაშოები და ა.შ. _ ხაზს გაუსვამს ოთახის პერსონალურობას;
განათება საძინებელში არ უნდა იყოს ზედმეტად კაშკაშა, საწოლში წიგნის საკითხავად ან უბრალოდ დაბალი განათებისთვის, პატარა ელექტროლამფები უნდა შეიძინოთ, რომლებიც საძინებელში არსებული, რომელიმე ავეჯის ტექსტურს უნდა შეეფერებოდეს...
ფარდებს რაც შეეხება, ინტერნეტში წავიკითხე, რომ ახლა დიზაინერები უპირატესობას ჭერთან ახლოს დაკიდულ ფარდებს ანიჭებენ, რომლებიც იატაკს სწვდება. ასეთი ფარდის საზღვრები ფანჯრის სისქეს უნდა აღემატებოდეს _ ფარდები ფანჯრის კიდეებამდე უნდა იყოს გახსნილი, რაც განსაკუთრებულ, კლასიკურ ეფექტს შესძენს ოთახს;
თუ საძინებელში სიცარიელეს გრძნობთ, არადა, ფერწერული ტილოების დაკიდება ძვირი გიჯდებათ, ან უბრალოდ სხვა მიზეზის გამო არ გნებავთ _ აჯობებს სარკეები დაკიდოთ... სასურველია ისინი რაიმე ლამაზ ჩარჩოში ჩასვათ. გარდა ოთახის ვიზუალურად გადიდებისა, ეს შესანიშნავი დიზაინერული შტრიხი იქნება თქვენი საძინებლისთვის.
დეკუპაჟი – დიზაინერული ხრიკი
დეკუპაჟის მოყვარულთა ფანგვერდზე - prodecoupage.com - ზე წავიკითხე, რომ ამოპრინტერებულ ქაღალდს, დაწებებამდე თმის ლაქი უნდა შეასხათ. ფოტოსურათს ჯერ ზედაპირზე (გამოსახულების მხარეს) უნდა წაუსვათ ლაქი, გაშრობის შემდეგ კი წყალში დაასველოთ და ფრთხილად მოაშოროთ ქვედა (თეთრი) მხარე. დეკუპაჟისთვის ხშირად იყენებენ მისალოც ბარათებს – მათი მომზადება ყველაზე ადვილია – დაასველეთ თითი წყალში და გადაუსვით ბარათს უკანა მხარეს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ზედაპირის დამუშავება, რომელზეც აწებებთ სურათს, მაგალითად, შუშა და ფაიფური კარგად უნდა გაწმინდოთ სპირტით ან ძმრით. ხის ნივთების ზედაპირი კი, დაწებებამდე უნდა გახეხოთ და თუ არ დაგეზარებათ, აკრილითაც შეღებეთ.
იმედია, დაგაინტერესათ დეკორირების ამ ხერხმა და თქვენც შექმნით რაიმე ორიგინალურ და ძალიან ლამაზ დეკუპაჟს.
ორცხობილა ჯემით
ორცხობილა საკმაოდ მალე ცხვება, ამიტომ ყურადღებით იყავით, როგორც კი შეწითლდება, გამოიღეთ ისინი ღუმელიდან და ღრმა ვაზაზე დაალაგეთ.
რა არის სიზმარი?
რა არის სიზმარი, როდის და რატომ ვხედავთ მას, შეიძლება თუ არა სიზმრების კონტროლი... ამ და სხვა კითხვებზე ფიზიოლოგი, თამარ ასანიძე გვპასუხობს:
"ძილის დროს აღინიშნება პასიური და აქტიური ფაზები. ძილის სტადიები შეიძლება დავყოთ ხუთ ფაზად. ადამიანი სიზმარს მხოლოდ მეხუთე ფაზაში ხედავს, ანუ რემძილსაც (თვალების სწრაფ მოძრაობა) უწოდებენ. ამ დროს ტვინი იმდენად აქტიურია, რომ შეიძლება ღვიძილსაც კი შევადაროთ. რემძილის დროს ხმაურზე შეიძლება არ გაგეღვიძოთ, მაგრამ თუ ვინმემ თქვენი სახელი ახსენა, გაგეღვიძებათ და მთელ სიზმარს დალაგებულად მოყვებით".
იმიაზე, თუ რა არის სიზმარი, კამათობდნენ ადრე და კამათობენ ახლა, თუმცა ზუსტი, პასუხი დღემდე არ არსებობს _ "ამბობენ, რომ სიზმარი ისაა, რაზეც გვიფიქრია. ხშირად ისეთი სიზმარიც გვესიზმრება, რაზეც საერთოდ არ გვიფიქრია და არც შეიძლება რომ მოხდეს. ჩვენს ორგანიზმს, გააჩნია ბიოლოგიური საათი, რომლის დახმარებით შეიძლება განისაზღვროს მოსალოდნელი ცვლილებები და ეს ცვლილებები შეიძლება ვნახოთ რემფაზაში სიზმრის სახით".
ხშირად, სიზმარი ბუნდოვნად ან საერთოდ არ გვახსოვს. ამაში ძილის ფაზებია "დამნაშავე". ძილის თითოეული ფაზა დღე-ღამეში რამდენჯერმე მეორდება, დაძინებიდან დაახლოებით 70-90 წუთში დგება პირველი რემფაზა, ანუ მეხუთე სტადია და შემდეგ ციკლი თავიდან მეორდება. სიზმარი გვამახსოვრდება და მის მოყოლას შევძლებთ მხოლოდ ბოლო რემფაზიდან, რის შემდეგაც გაგვეღვიძა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც თითქოს საერთოდ ვერ ხედავენ სიზმრებს, როგორც ფიზიოლოგი ამბობს, ისინი სიზმრებს ბოლო ფაზაში არ ხედავენ და ადრეული რემძილის დროს ნანახი სიზმრები არ ამახსოვრდებათ _ "მათ თუ გააღვიძებ ადრეული რემძილის შემდეგ, სიზმარს მთლიანად მოყვებიან".
რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას _ სიზმარი სულ რამდენიმე წამს გრძელდება და მხოლოდ ჩვენ გვგონია იგი ხანგრძლივი, ფიზიოლოგი არ ადასტურებს: "რემძილის ფაზა 20-25 წუთი გრძელდება და რამდენადაც ვიცი, ამ ფაზაში ვითარდება სიზმარი. იგი შეიძლება ფაზის განმავლობაშიც გაგრძელდეს. შესაძლებელია არსებობს ამასთან დაკავშირებული ახალი კვლევები და აღმოჩენებიც, რომლებიც მე ჯერ არ ვიცი".
ხშირად გვინდა, ესა თუ ის სიზმარი არ განმეორდეს ან პირიქით, მაგრამ დადასტურებულია, რომ სიზმრების კონტროლი და მით უმეტეს, შეკვეთა შეუძლებელია. ზოგჯერ გვესიზმრება ის, რაზეც მთელი დღეს ვფიქრობთ და ეს შეიძლება მივიჩნიოთ სიზმრის შეკვეთის მცდელობად. თუმცა, მთელი დღე რაღაც საკითხზე ფიქრი არ არის გარანტი, რომ სიზმარს აუცილებლად ნახავთ.
რამდენად შესაძლებელია სიზმრის დახმარებით მომავლის წინასწარმეტყველება? _ თამარ ასანიძე ამბობს, რომ ბიოლოგიური საათის დახმარებით შესაძლებელია მოსალოდნელი ცვლილებების განსაზღვრა. ჩავატარე გამოკითხვა ქუჩაში და ერთ-ერთ სოციალურ ქსელში კითხვით: `გჯერათ თუ არა სიზმრის?~ გამოვკითხე 100 ადამიანი. გამოკითხული ქალების ნახევარს სჯერა სიზმრების, ნახევარს _ არა. მამაკაცებიდან კი მხოლოდ 30%-ს სჯერა. ორივე სქესის წარმომადგენლებისგან მოვისმინე პასუხი: "მჯერა, მაგრამ რელიგია კრძალავს..."
ამ თემით თავის დროზე დაინტერესდა ზიგმუნდ ფროიდიც, რომელსაც მიაჩნდა, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი. კერძოდ, სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული დარღვევები, სიზმრის შინაარსი კი შეესაბამება ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს, მისწრაფებებს და მოტივებს. სიზმრის ახსნას კი ორმაგი მნიშვნელობა აქვს: საშუალება გვეძლევა გავიგოთ, რა კავშირშია სიზმარი პიროვნების სულიერ მდგომარეობასთან, მის ბიოლოგიურ ფუნქციებთან და მეორე _ შეგვიძლია გავარკვიოთ, აქვს თუ არა სიზმრის ყოველ ელემენტს თავისი "მნიშვნელობა".
სიზმარი არაერთი ადამიანის წარმატების საწინდარი გახდა, მაგალითად, აინშტაინს დღე-ღამეში 10 საათი ეძინა და ფარდობითობის თეორიის ზოგიერთი ასპექტი სწორედ ძილში აღმოაჩინა. ედგარ პო კი ლექსებს სიზმრებში ხედავდა; მოცარტი სიზმარში მოსმენილ მუსიკას ცხადში წერდა; ფედერიკო ფელინი კი ფილმების სიუჟეტს სიზმარში ქმნიდა.
"ვიცოდი, რომ სხვა არავინ შემიყვარდებოდა"
რამდენიმე თვის შემდეგ ვახო ნინოს სიყვარულში გამოუტყდა, თუმცა უარი მიიღო... გადიოდა დრო, წყვილი ხანდახან ისევ ხვდებოდა ერთმანეთს. ერთხელაც ნინო მიხვდა, რომ უკვე უყვარდა ვახო...
მერე იყო შეყვარებულობის პერიოდი, პაემნები, სეირნობა ღამის ბათუმში, ვახო მუდმივად უმეორებდა, რომ ძალიან უყვარდა, ნინო ძალიან ბედნიერი იყო _ "ვისაც გამოუცდია ეს გრძნობა, იცის, რას ნიშნავს საყვარელი ადამიანისგან ეს სიტყვები".
ნინო მაგიდის ჩოგბურთზე დადიოდა, ვახო არც ერთ შეჯიბრს არ ტოვებდა და საყვარელ ადამიანს მხარში ედგა... "ძალიან მამხნევებდა მისი დარბაზში ყოფნა..."
შეუღლებაზე ხშირად არა, მაგრამ მაინც ლაპარაკობდნენ _ "ვიცოდი, რომ სხვა არავინ შემიყვარდებოდა და ჩემი მეუღლე აუცილებლად ვახო გახდებოდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, ასე უცებ თუ გადავწყვეტდით ოჯახის შექმნას."
ერთ დღეს იკამათეს და ვახომ მის მეგობარს დაურეკა, რომელმაც წყვილი მასთან სახლში წაიყვანა, გზაშივე შერიგდნენ და იქვე გადაწყვიტეს, რომ გაპარულიყვნენ. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან ორივეს მშობლებმა იცოდნენ მათი ურთიერთობის შესახებ და არც არავინ ყოფილა წინააღმდეგი.
ქორწილი მალევე გაიმართა. წყვილს დარბაზში სამი პატარა გოგონა შეუძღვა, რომლებსაც ერთნაირი, ვარდისფერი და ძალიან ლამაზი კაბები ეცვათ. ისინი ვახოს და ნინოს ვარდის ფურცლებს უყრიდნენ, ნინო კი ამ დროს სტუმრებისკენ კანფეტებს ისროდა.
მოწვეული ჰყავდათ ცოცხალი ბენდი და ქორწილი გემოვნებიანი მუსიკით გააფორმეს. ამაზე ვახოს და ნინოს მამებმა იზრუნეს, რადგან, როგორც ნინო ამბობს, არც ერთს არ მოსწონს პოპულარული უხარისხო მელოდიები. იყო ფეიერვერკიც და ფერადი ბუშტებიც... "როდესაც მე და ვახომ პირველი ცეკვა ვიცეკვეთ, ტანში ჟრუანტელი მივლიდა... მელოდიაც ძალიან ლამაზი იყო, ვახომ შეარჩია სპეციალურად."
საქორწინო ჩაცმულობაზე თავად იზრუნეს, ნინოს თეთრი, აჟურული კაბა ეცვა დეკოლტეთი, ვარცხნილობაც თავისი გემოვნებით შეარჩია და თმაში თეთრი, ცოცხალი ყვავილი გაიკეთა. ვახოს კი შავი შარვალ-კოსტიუმი ეცვა. წყვილისთვის "გუდვილში" სპეციალურად დაამაზადეს საქორწილო ტორტი, რომელიც ძალიან ლამაზი და გემრიელი გამოვიდა.
ნინომ თეთრი ვარდებისგან გაკეთებული თაიგულიც ისროლა, ოღონდ წესების ზუსტი დაცვით _ მხოლოდ გასათხოვი გოგონები ელოდებოდნენ თაიგულს. საბოლოოდ ის ნინოს მეჯვარემ დაიჭირა, თუმცა, ჯერჯერობით ცრურწმენა წრურწმენადვე რჩება...
ქორწილის ბოლოს კი, როცა უკვე დაღამდა, ვახომ თავისი საყვარელი მელოდიების დისკი ჩართო _ "ვახოს ძალიან უყვარს კლუბური მუსიკა, დარბაზში იყო განათება და ყველა ცეკვავდა."
საბოლოოდ, ყველაფერმა ლამაზად ჩაიარა, "არ ყოფილა განსაკუთრებული შეჯიბრებები და კურიოზები, არც არავინ დამთვრალა წაქცევამდე და, უბრალოდ, ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო..."
გარდა შეუღლებისა, ვახოს და ნინოს წელს კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი ჰქონდათ, ორივე სტუდენტი გახდა. ოღონდ ნინომ თბილისში ჩააბარა, ვახომ _ ბათუმში. სწორედ ამიტომ თაფლობის თვე არ ჰქონიათ. ისინი შეძლებისდაგვარად ხშირად ნახულობენ ერთმანეთს, ხან ნინო ჩამოდის ბათუმში და ხან ვახო ჩადის თბილისში. ნინო ბათუმში გადმოსვლას გეგმავს. "ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან არაჩვეულებრივი და რაც მთავარია, ჩემთვის საყვარელი ადამიანი მყავს გვერდით", _ ამბობს ნინო.
ნინო ჩიჯავაძე და ვახო კობიძე
სტილი და შეცდომები
ამისათვის უნდა იცოდეთ რამდენიმე მთავარი წესი. პირველი და მთავარი არის ის, რომ თავს კომფორტულად გრძნობდეთ შერჩეულ სტილში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალობა. არ უნდა მიყვეთ სტერეოტიპებს და არ ეცადოთ, გახდეთ ისეთი, როგორიც უნდა სხვას, არამედ უნდა იყოთ ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ. წარმოიდგინეთ იდეალური საკუთარი თავი, როგორიც გინდათ რომ იყოთ... და შექმენით... თუ თქვენ ატარებთ ჯინსის შარვალს და თმას მოკლედ იკრეჭთ, როგორც თქვენი მეგობრები, ამ დროს კი საკუთარი თავი შანელის სტილის კოსტიუმში და გრძელი თმებით წარმოგიდგენიათ, ე.ი. ესაა თქვენი სტილი და არა ის, რომელსაც თქვენი მეგობრები მისდევენ.
სტილის შერჩევისას მნიშვნელოვანია ფერების შერჩევაც. შესაძლოა, თქვენ შავგრემანი ხართ ცისფერი თვალებით და ცისფერი სამოსი ჯადოსნურ სილამაზეს განიჭებთ. იქნებ შავგრემანი ხართ და წითელი ფერი გიხდებათ, ან ქერა ხართ ვერცხლისფერში და ა.შ. ყოველთვის გამოინახება ფერები, რომლებიც თქვენს სილამაზეს გამოაჩენს ან პირიქით, დაჩრდილავს. თუ თქვენს მეგობარს ყვითელი ფერი უხდება, ეს არ არის გარანტი, რომ თქვენც მოგიხდებათ. ეძიეთ თქვენი ფერები.
ასევე, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ სტილი შედგება არამარტო სამოსისგან და მაკიაჟისგან, არამედ აქსესუარებისგან, სამკაულებისგან და ა.შ. შეიტანეთ თქვენს სტილში სუნამო, კარგი ფეხსაცმელი, ვარცხნილობები და აუცილებლად იმუშავეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და ფიგურაზე. თუ ოცნებობთ ატაროთ ღია ფერის ჯინსები, მაგრამ თეძოებზე მჭიდროდ გაქვთ, ივარჯიშეთ და სპორტი თქვენი ცხოვრების სტილად აქციეთ.
ხშირად, სტილის შერჩევაში თუ უკვე შერჩეულ საკუთარ სტილში შეცდომები მოგვდის, რომლებსაც თავი უნდა ავარიდოთ. არასოდეს უნდა მივენდოთ მთლიანად მოდურ ჟურნალებსა თუ გადაცემებს. ხშირად ჟურნალებში ნანახ სამოსში ვხარჯავთ ფულს და შედეგად კი ეს სამოსი უსარგებლოა.
შემდეგი შეცდომა, რომელსაც ხშირად ვუშვებთ, არასწორი ზომის სამოსის შეძენაა იმ მიზნით, რომ რამდენიმე კილოგრამს დავიკლებთ და გამოგვადგება.
არანაკლებ შეცდომას ვუშვებთ მრავალფეროვანი სამოსის შეძენითაც. სრულიად გამოუსადეგარია ერთი შეხედვით ბევრი ლამაზი ნივთი, რომლებიც უბრალოდ კარადას ავსებენ. თქვენ გაქვთ უამრავი სამოსი, მაგრამ ჩასაცმელი _ არა. იყიდეთ ის სამოსი, რომელსაც ჩაიცვამთ. თუმცა, რომელიმე სტილის ამოჩემებაც არ ვარგა, რაც ძირითადად კლასიკური სტილის შერჩევისას მოგვდის, რადგან ეს სტილი თითქმის ყველა შემთხვევისთვის გამოსადეგია.
განუმეორებლად რომ გამოიყურებოდეთ, შეარჩიეთ სტილი სწორად და შეავსეთ თქვენი საყვარელი სამოსი აქსესუარებით.
როგორ გავწმინდოთ ფანჯარა
მოკლედ, მოგვწონს თუ არა, ფანჯრის გაწმენდა აუცილებელია, ამასთან, წელიწადში ორჯერ მაინც ფანჯრები უნდა გაირეცხოს, გაწმენდა კი მას უფრო ხშირად სჭირდება.
ერთ-ერთ საიტზე ამასთან დაკავშირებულ რჩევებს გავეცანი. უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინეთ, რომ ფანჯრები ცხელ ან ქარიან ამინდში არ უნდა გაწმინდოთ, რადგან სწრაფად გამშრალ მინაზე ცისარტყელასებური ლაქები წარმოიქმნება.
დასაწყისისთვის მინებს რბილი ტილოთი უნდა მოაშოროთ მტვერი და მხოლოდ შემდეგ რომელიმე სარეცხი საშუალებით გაწმინდოთ ისინი. შემდეგ კი ფანჯრის მინები, ჩარჩო და რაფა თბილი წყლით უნდა გარეცხოთ და ბოლოს გადაავლოთ ცივი წყალი.
ეფექტური და გამოცდილი საშუალებაა ცარცით გაწმენდა. მინა ჯერ სველი რბილი ტილოთი გაწმინდეთ და შემდეგ ბამბის ტამპონით წაუსვით ცარცის ფხვნილის ნაყენი. გაშრობის შემდეგ გაწმინდეთ მშრალი ტილოთი.
ბევრი დიასახლისი უპირატესობას ანიჭებს ასევე ნიშადურის სპირტს (ერთი სუფრის კოვზი ერთ ლიტრ წყალში), რომლითაც კარგად ირეცხება როგორც მინები, ასევე ფანჯრის ჩარჩო და რაფა.
თუ გინდათ მინამ სარკისებური ბრწყინვალება შეიძინოს, გაწმინდეთ იგი ერთი სუფრის კოვზი სახამებლისა და ერთი ლიტრი ცივი წყლის ნაზავით. მინა კარგად რომ პრიალებდეს, გაწმინდეთ ძმრით და ცოტა ხნის შემდეგ წყლით გაასუფთავეთ.
ბუზების ნაკვალევი ნიშადურის სპირტისა და წყლის თანაბარი ნაზავით უნდა გაწმინდოთ. ძლიერ დასვრილი მინები ადვილად იწმინდება თბილი წყლით, რომელშიც ცოტა სპირტი იქნება ჩამატებული. იმისთვის, რომ ფანჯრები არ გაიყინოს, შიდა მხარე კარგად გაწმინდეთ სპირტისა და გლიცერინის ნაზავით.
ტილოთი გაწმინდეთ ფანჯრის ჩარჩო, შემდეგ წყალში დასველებული გაზეთით გაწმინდეთ მინა და ბოლოს მშრალი გაზეთით ფანჯრის ერთი მხარე ზევიდან ქვევით, მეორე კი მარცხენიდან მარჯვნივ გაამშრალეთ. ასე ადვილად შეიმჩნევა დარჩენილი ლაქები. ზამთარში ფანჯრის მინები ხშირად ყინულის ფენით იფარება. მისი მომტვრევა არ ღირს, უკეთესია იგი მარილიანი ტილოთი გაწმინდოთ. მარილი `შეჭამს~ ყინულს, მინა კი სუფთა და გამჭვირვალე გახდება.
ფილმები, რომლებიც "აუცილებლად" უნდა ნახოთ
Remember Me – ყველასათვის ცნობილი სერიალების _ "სოპრანოს კლანისა" და "სექსი დიდ ქალაქში"-ს რეჟისორის, ალენ კულტორის უახლესი დრამაა. ნინო აშბას თქმით, ფილმში უამრავი ადამიანური გრძნობაა ასახული, მათ შორის სიყვარულიც – ასე რომ, დრამებისა და მელოდრამების მოყვარულებს შესანიშნავი შანსი გაქვთ, კიდევ ერთხელ დაღვაროთ ცრემლები ცისფერი ეკრანების წინ.
ტონი სკოტის რომანტიკული დრამის _ "True Romance"-ის ნახვას გირჩევთ ნინა მასალკინა _ "სხვათა შორის, პოპსა ფილმია, თუმცა ძალიან კარგი პოპსაა. ასევე შესანიშნავი ფილმია ჯიმ ჯარმუშის “Cofee and Sigarets” (2003) და "Breaqfast At Tifoni" (1961), ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით. ვფიქრობ, ძალიან კარგი სანახავი იქნება გოგონებისთვის”.
კარენ გასპარიანი “Fear & loathing in Las Vegas”-ის ნახვას გირჩევთ, რომელიც ამერიკელი ჟურნალისტის _ ჰანთერ ტომპსონის რომანის მიხედვით 1998 წელს ტერი გილიამმა გადაიღო. ფილმის სიუჟეტი ნარკოტიკებით გაჟღენთილი ჟურნალისტისა და მისი ადვოკატის ლას ვეგასში საქმიანი ვიზიტის შესახებ მოგვითხრობს. მთავარი როლის შემსრულებლები: ჯონი დეპი, ბენისიო დელ ტორო და მათი ჰალუცინაციები.
საშინელებათა ფილმებისა და მისტიკის მოყვარულთათვის ნინო არქანიამ შემდეგი ფილმები გვირჩია: "Eternal” – 2004 წელს, ვილჰელმ ლიბენბერგისა და ფედერიკო სანჩესის მიერ გადაღებული ფილმი, რომლის მთავარი გმირი ისტორიული რკინის ლედის, ელიზაბეტ ბატორის თანამედროვე პროტოტიპია.
მეორე ფილმი კი _ "Mirrors”, 2009 წელსაა გადაღებული, ფრანგი რეჟისორის, ალექსანდრე აჟას მიერ გადაღებული თრილერი, რომლის სიუჟეტიც, როგორც სათაურიდან მიხვდით, სარკეებზეა, რომლებიც ყოველთვის სიმართლეს არ აჩვენებენ.
დასანანია, რომ ჩამოთვლილ ფილმთა სიაში ვერ მოხვდა რამდენიმე შესანიშნავი ფილმი, ამიტომ თავს მივცემ უფლებას და რამდენიმე ფილმს საკუთარი გემოვნებითაც გირჩევთ, აი ისინიც: ემირ კუსტურიცას _“Arizona dream” (1993); გერმანელი რეჟისორის, ვოლფგან ბეკერის ფილმი _“Good Bye, Lenin!” (2003); მიშელ გონდრის დრამა, ნახევრად ფანტასტიკა _ “Eternal Sunshine of the Spotless Mind”, სპაიკ ჯონსის ფანტასყ ფილმი – “Where The Wild Things Are”(2009); Karen O-ს ფანტასტიური საუნდთრეკებით და ფრედერიკ ბეგბედერის რომანის ეკრანიზაცია _ "99Francs” (2007).