ახალი წელი ის დღესასწაულია, როცა ყველა რაღაც საოცრებას ელოდება და გულის სიღრმეში მაინც სჯერა, რომ თოვლის ბაბუა მოვა და ყველაზე სანუკვარ სურვილებს აუსრულებს. ყველა, დიდი თუ პატარა ოცნებობს, წელიწადში ერთხელ მაინც დაივიწყოს პრობლემები და ეს დღე განსაკუთრებულად გაატაროს.
ნათქვამია, ახალ წელს როგორც შეხვდები, ისე გაატარებ მთელ წელსო. ამიტომ, ახალი წლის ღამე ნათელ და დასამახსოვრებელ დღესასწაულად აქციეთ, ისეთად, ემოციები მთელ წელს რომ გაგყვეთ.
ახალგაზრდებს ახალი წლის გარეთ გატარება ურჩევნიათ, თუმცა მშობელთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ახალ წელს მთელი ოჯახი ერთად უნდა შეხვდეს. თუმცა წინასწარ ნუ ჩაიქნევთ ხელს, თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვინც 12 საათზე სახლში უნდა იყოს, თქვენი მეგობრების უმრავლესობაც იმავე სიტუაციაშია. ამიტომ, დაგეგმეთ ისე, რომ ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდეთ და გარეთ მერე გახვიდეთ.
გართობის ყველაზე კარგი ხერხი კარნავალია, ოღონდ მისი ხიბლი ბოლომდე უნდა შეინარჩუნოთ, აუცილებლად გაიკეთეთ ნიღბები და არ გაამხილოთ წინასწარ თქვენი პერსონაჟი. კონკრეტული პერსონაჟების მოფიქრება კი საკმაოდ მარტივია, მაგალითად, ადვილად შეგიძლიათ შექმნათ პეპის და ალადინის კოსტიუმები, ასევე კარლსონი, ”პროპელერს” რაც შეეხება, თქვენ ან რომელიმე თქვენს მეგობარს ალბათ ექნება სახლში ძველი და გამოუსადეგარი ”ვენტილიატორი”, რომელსაც ზუსტად ისეთი პროპელერი აქვს, როგორიც კარლსონს ”შეეფერება”.
მეორე და საკმაოდ კარგი ხერხია დღესასწაული კონკრეტულ სტილში. მოიფიქრეთ ერთი სტილი და წვეულება მთლიანად მას მოარგეთ. ოთახის დიზაინი, სხვადასხვა დეტალი, სანთლები, გადასაფარებლები _ ყველაფერი ამ სტილს უნდა შეესაბამებოდეს. არ დაგავიწყდეთ შესაბამისი მუსიკის წინასწარ შერჩევაც.
შეგიძლიათ ახალი წელი ქალაქგარეთ გაატაროთ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, მით უმეტეს, თუ ამინდიც გიწყობთ ხელს. შეიძლება წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი და სახლი იქირავოთ რამდენიმე დღით, თუმცა, უჩვეულოდ თბილ ამინდებს თუ გავითვალისწინებთ, არც კარავით წასვლა გაგიჭირდებათ.
გარდა კონკრეტული ადგილისა, სადაც შეხვდებით და გაატარებთ ახალი წლის ღამეს, მნიშვნელოვანია ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვაც. შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო კონკურსს, რომლებიც შეგიძლიათ ყველგან და სხვადასხვა ინტერესის ხალხთან ერთად მოამზადოთ.
პირველი და ყველაზე სახალისოა ”საახალწლო ლატარია”. ჩაყარეთ ყუთში სხვადასხვა სახის პატარ-პატარა საჩუქრები, შემდეგ ქაღალდზე ჩამოწერეთ თითოეული საჩუქარი და მიანიჭეთ ნუმერაცია, შემდეგ თითოეული ციფრი დაწერეთ ქაღალდის ნაკუწებზე, მეორე მხარეს კი დავალება მიუწერეთ, მაგალითად _ ”იმღერე საახალწლო სიმღერა”, ”ცალი ფეხით მიირბინე კარიდან ფანჯრამდე”, ”იცეკვე” და ა.შ. დაკეცეთ ქაღალდები და ჩაყარეთ ყუთში ან ტომარაში. თამაშის თითოეული მონაწილე ამოიღებს ერთ მათგანს, შეასრულებს მასზე დაწერილ დავალებას და მიიღებს იმ საჩუქარს, რომლის ნომერიც ფურცლის მეორე მხარეს ეწერება.
საინტერესოა ასევე კონკურსი _ ”საახალწლო სურვილები”. თითოეული მონაწილე ასახელებს თავის საახალწლო სურვილს. ვინც 5 წამზე მეტხანს დაფიქრდება, ის გავარდება თამაშიდან. გაიმარჯვებს ის, ვინც ყველაზე დიდხანს დარჩება თამაშში. ეს თამაში უბრალოა და მარტივია, მაგრამ ძალიან სახალისო, რადგან გარდა იმისა, რომ გაიგებთ რა სურთ თქვენს მეგობრებს, ბევრი მხიარული და სასაცილო სურვილიც იქნება.
სურვილებზე კიდევ ერთი მარტივი თამაშის მომზადება შეიძლება _ ფურცელზე დაწერეთ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოხდა გასულ წელს და ერთიც სურვილი, რასაც ამ წლისგან ელოდებით და რომლის შესრულება ყველაზე მეტად გინდათ. ჩაყარეთ ქაღალდები ყუთში და დაწებეთ. შეინახეთ საიმედო ადგილას და ერთი წლის შემდეგ გახსენით, ძალიან მხიარული და საინტერესო იქნება ამ სურვილების ერთი წლის შემდეგ წაკითხვა.
საინტერესოა მუსიკალური კონკურსიც_ ქაღალდის ნაკუწებზე დაწერეთ სიტყვები, ჩაყარეთ ყუთში და ამოიღეთ რიგრიგობით. უნდა იმღეროთ ის სიმღერა, რომელშიც ის სიტყვა იქნება მოხსენიებული, რომელიც შეგხვდებათ.
და ბოლოს, ”ცეკვა ქაღალდზე” _ იატაკზე დაალაგეთ ერთი ან ორი თაბახის ფურცელი, რომლებზეც მოცეკვავე წყვილმა წინასწარ შეჩეული სიმღერის დამთავრებამდე უნდა იცეკვოს ისე, რომ იატაკზე ფეხი არ დადგას. გაიმარჯვებს ის წყვილი, ვინც ყველაზე დიდხანს იცეკვებს.
კიდევ უამრავი სახალისო თამაშის მოფიქრება შეიძლება, მთავარია საყვარელი ადამიანები გვერდით და ცოტა ფანტაზია. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!..
2 коммент.:
ძალიან კარგი ინფორმაციაა, სამწუხაროდ მხოლოდ ახლა ვნახე ეს ბლოგი და არა ახალ წლამდე. მომდევნო ახალ წელს აუცილებლად გავითვალისწინებ :) ისე, სხვა დღესასწაულებზეც თავისუფლად შეიძლება ამ თამაშების გამოყენება. მადლობა :)))
არაფრის :-) ხშირად შემოგვიარე ხოლმე ;-)
Отправить комментарий