`ალბათ არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით... თავიდან ვმეგობრობდით, მერე ინტენსიურად დავიწყეთ მიმოწერა და მივხვდი, რომ ძალიან მივეჩვიე, მიუხედავად იმისა, რომ არ მყავდა ნანახი...~ _ ამბობს ნატა.
ერთმანეთს პირველად პირველ იანვარს შეხვდნენ და იმ დღესვე მიხვდნენ, რომ ერთმანეთი უყვარდათ... 2010 წლის პირველი დღე სიახლით დაიწყეს...
ყველაფერი მშვიდად და ტრადიციულად წარიმართა _ სამ თვეში ნიშნობა გაიმართა, მერე კი მალევე იქორწინეს. ქორწილისთვის კოტემ შავი შარვალ-კოსტიუმი შეარჩია თეთრი პერანგით, ნატამ კი საპატარძლო კაბის დიზაინი თვითონვე მოიფიქრა და შეაკერინა _ `სადა და უბრალო მინდოდა ყოფილიყო, ყოველგვარი ზედმეტი დატვირთვის გარეშე. თითოეული დეტალი თავად შევარჩიე~. ვარცხნილობა და მაკიაჟიც ბუნებრივი უნდა ყოფილიყო და არა სტანდარტული, ამიტომ ძალიან სადა ვარცხნილობა გაიკეთა და თეთრი ლენტით გააფორმა.
ცეკვა არც ნატამ და არც კოტემ არ იცოდნენ, მაგრამ ქორწილში მაინც აცეკვეს და როგორც ნატა ამბობს, ძალიან სასაცილოები იყვნენ. სამაგიეროდ, ორივე ძალიან კარგად მღერის და იმღერეს კიდეც. გარდა ამისა, ქორწილში ნატას მომღერალმა მეგობრებმა არაერთი სიმღერა შეასრულეს, რაც ქორწილს განსაკუთრებულ ეშხს მატებდა.
ნატას და კოტეს ბედნიერი ოჯახი აქვთ, ორივე მუშაობს, აქვთ საყვარელი საქმე და რაც მთავარია, უყვართ ერთმანეთი. სულ მალე კი, პირველ იანვარს, ერთი წელი შესრულდება, რაც ერთმანეთი პირველად ნახეს. რაც ყველაზე მთავარია, ამ ხნის განმავლობაში წყვილს არ უკამათია. წარმატებებს ვუსურვებთ მათ.
ნატა ფრუიძე და კოტე ბურჯანაძე
0 коммент.:
Отправить комментарий