ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება, ნაძვის ხე კი ბევრს თქვენგანს – ჯერაც არ შეუძენია. იმის გარკვევაში, თუ სად და რა ფასად შეიძლება კარგი ნაძვის ხის შეძენა, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.
პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტოთ, ხელოვნური ნაძვის შეძენა გსურთ თუ ბუნებრივის. მე ხელოვნურს გირჩევთ და საამისოდ რამდენიმე არგუმენტიც მაქვს _ ზოგადად იგი უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ყოველ წელს შეძენილი ახალი, ნამდვილი ნაძვი, იგი, მრავალ ახალ წელს გემსახურებათ. ასევე ბუნებრივისგან განსხვავებით, ხელოვნური ნაძვი უფრო "შეფოთლილია" და გაცილებით უფრო ლამაზად გამოიყურება. ნურც ეკოლოგიური საკითხი გამოგრჩებათ ყურადღებიდან _ თქვენი ახირების გამო ყოველწლიურად უამრავი ნაძვი იჩეხება და ზიანდება. თუ დაგარწმუნეთ, უკვე უშუალოდ რჩევებზე გადავალ:
ხელოვნური ნაძვის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ წიწვის ხარისხს, იგი ადვილად არ უნდა ძვრებოდეს ღეროს და ტოტებიც მყარი მავთულისა უნდა იყოს _ ყოველწლიურად დაკეცვისას რომ არ დატყდეს. ბათუმში ასეთი ნაძვის შეძენა რამდენიმე ადგილას შეიძლება: მაღაზია `სუპერიში~ ორი მეტრის სიგრძის ნაძვის ხე 244 ლარი ღირს, 1.5 მეტრის სიგრძის _ 65 ლარი. იმავე სიგრძის, მაგრამ უფრო დაბალი ხარისხის ნაძვი კი 49 ლარად იყიდება.
ხოფის ბაზარზე, უმეტესად, დაბალი ხარისხის ნაძვი შემხვდა _ შიგ ჩამონტაჟებული მანათობლებითა და ა.შ. სულ პატარა (30-40სმ) ნაძვები 3-8 ლარი ღირს, პატარა ნაძვები (ნახევარი და ერთი მეტრი) 100-170 ლარამდე ღირს, მაღალი ნაძვები, ორ მეტრომდე სიგრძისა, 135-255 ლარად იყიდება. `ბეტმენში~ ამ ნაძვს 200 ლარად შეიძენთ _ თუმცა აქვე დავამატებ, რომ ასეთ ნაძვებს ზედმეტად ხელოვნური, სქელი `წიწვები~ აქვთ და ტოტების სიმრავლითაც ვერ დაიკვეხნიან. უმჯობესია, შესახედაობით უფრო რეალისტური, წვრილწიწვიანი ნაძვი შეარჩიოთ
_ ასეთი ნაძვის ფასი (ნახევარი მეტრო) 50 ლარია, ორი მეტრო ნაძვის კი _ 150 ლარი.
საქართველოში ნაძვის მოჭრა აკრძალულია და ბაზარზე მხოლოდ ტოტებით აწყობილი ნაძვები იყიდება, თუმცა ზოგჯერ ასეთი ნაძვიც ხშირტოტებიანია. ჰოდა, თუ ასეთი ნაძვის ხე მოგივიდათ თვალში, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ტოტების დრეკადობას _ ნედლ ნაძვის ხის ტოტები იდრიკება და ადვილად არ ტყდება. საყურადღებოა წიწვების ფერიც, იგი ხასხასა მწვანე ფერისა უნდა იყოს და გადატეხისას, მძაფრ არომატს უნდა აფრქვევდეს. ბაზრობაზე ასეთი ნაძვის ფასიც მისი სიგრძის მიხედვით განისაზღვრება: 1მ. _ 10 ლარი, 1.5მ. _ 15-30 ლარი, 2.5მ. _ 40-50 ლარი.
ბუნებრივი ნაძვის ხის შეძენისას გასათვალისწინებელია გამძლეობაც. მაგალითად, კარგი გამძლეობით გამოირჩევა ფიჭვის ხე, ნაძვი კი მალე ხმება, წიწვები ცვივა და 2-3 დღეში კოხტად მორთული ცარიელი ტოტები შეგრჩებათ ხელში. ფიჭვისა და ნაძვის ხის გარჩევა, ტოტისა და წიწვის მიხედვით შეიძლება _ ამ უკანასკნელს უფრო მოკლე ტოტები და წვრილი წიწვები აქვს.
როცა ნაძვის ხეს მორთავთ, აუცილებლად გადაინახეთ რამდენიმე ახალნაყიდი სათამაშო, რომლებიც ოჯახის ყველა წევრმა ზუსტად 12 საათზე უნდა შეაბას ნაძვს და ყველაზე სანუკვარი სურვილები უნდა ჩაიფიქროს ამ დროს _ ამბობენ სურვილები წლის განმავლობაში აუცილებლად შესრულდებაო.
0 коммент.:
Отправить комментарий