გაცივება რომ ავიცილოთ თავიდან

ზამთარიც დადგა და მიუხედვად უჩვეულო სითბოსი, გაციების რისკიც გაიზარდა. ყელის ტკივილი, მაღალი სიცხე და ხველა _ ჩვენი თუ არა, ოჯახის რომელიმე წევრის მეგზური მაინც ხდება თითქმის მთელი ზამთრის განმავლობაში. თან გაციება ისეთ დროს ”გვეწვევა”, მისთვის ნამდვილად რომ არ გვცალია, არც სახლში ყოფნის და ბოლომდე გამოჯანმრთელების საშუალებას გვაძლევს დატვირთული გრაფიკი და ვერც უეცრად მოსულ თოვლში ”ხელების ფათურისგან” ვიკავებთ თავს.
ოჯახის ექიმი, ნინო კვაჭაძე გვირჩევს, თუ როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი და თავიდან ვიცილოთ გაციება. `პირველ რიგში, უნდა მოერიდოთ ჩაკეტილ სივრცეს, ხშირად გაანიავეთ ოთახი, სადაც იმყოფებით. განსაკუთრებით აუცილებელია საძინებელი ოთახის განიავება. თუ ყოველდღიურად გიწევთ ხალხში ყოფნა, პროფილაქტიკის მიზნით შეიძლება ცხვირის ქვეშ, ნესტოებთან წაისვათ ”ოქსალინის მალამო”. ადგილებში, სადაც არის იმის საშიშროება, რომ შეიძლება რამე გადაგედოთ, აუცილებლად გამოიყენეთ ერთჯერადი ნიღაბი.~
წელს შემოდგომასა და ზამთარში უჩვეულოდ თბილი ამინდებია და ალბათ ბევრი ჩვენგანს ხშირად ესმის საყვედური მშობლისგან თბილად ჩაცმის თაობაზე. ექიმი ამბობს, რომ უნდა ჩავიცვათ ტემპერატურის და სეზონის მიხედვით _ ”ზოგიერთი მშობელი მეტისმეტად თბილად აცმევს ბავშვს, რადგან ფიქრობს, რომ ამით იცავს გაციებისგან. არადა, პირიქითაა, როცა ბევრი აცვია, ბავშვი ოფლიანდება და თუ ორპირ ქარში მოხვდა, გაცივდება.”
რაც შეეხება იმუნიტეტის გაძლიერებას, ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ფარმაკოლოგიური პრეპარატები, ასევე ხალხური მედიცინაც _ ”ერთი ლიმონის წვენი და 2 სუფრის კოვზი თაფლი აურიეთ ერთმანეთში და უზმოზე მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი. სასარგებლოა ნიგოზიც, დილით ორი-სამი ლებნის მიღება აძლეიერებს იმუნიტეტს და დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. რაც შეეხება პრეპარატებს, შეგიძლიათ მიიღოთ ”იმუნორიცი” ორჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში, ასევე იმუნალი, როგორც წვეთებში, ისევე აბებში. ასე მომზადებული შეხვდებით ცივ ამინდებს. ეს პრეპარატები არ არის მავნებელი. ასევე, კარგია C ვიტამინის მიღებაც”.
თუ სურდო დაგეწყოთ, აუცილებლად მიიღეთ ბევრი თბილი სითხე (თბილი და არა ცხელი). აღმოჩნდა, რომ ამ დროს მავნებელია როგორც ზედმეტად ცივი, ასევე ცხელიც და არამარტო ყელისთვის, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას კუჭ-ნაწლავს. სასურველია მიიღოთ ლიმონიანი ჩაი, დაითბილოთ ფეხები და გაიკეთოთ ინგალაცია _ ცხელ წყალში ჩაყარეთ ცოტაოდენი სოდა, მარილი და დაამატეთ იოდი, გადაიფარეთ თავზე პირსახოცი და 2-3 წუთს იორთქლეთ. როგორც ექიმი ამბობს, ეს კარგი საშუალებაა ცხვირ-ხახის დაავადებებისთვის _ ”თუ გაცივდით, ნუ გახვალთ ქუჩაში, შეეცადეთ 2-3 დღეს სახლში დარჩეთ.”
თუ სურდო გართულდა და 2-3 დღის განმავლობაში სიცხემ არ დაიწია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს _ ”ნუ ენდობით თქვენს გამოცდილებას, ახლობლებსა თუ მეზობლებს, ამ დროს ექიმის კონსულტაცია აუცილებელია, ჩვენ შეიძლება რაღაც გამოგვეპაროს და ჩვენი დაუდევრობით საკუთარ თავს ზიანი მივაყენოთ” _ ამბობს ნინო კვაჭაძე.

0 коммент.:

Отправить комментарий