იდეალური საცივი

საახალწლო სუფრა ქართული ტრადიციული საცივის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომაც, დღეს "იდეალური საცივის" რეცეპტს შემოგთავაზებთ _ მისი დამზადების წესებზე ქალბატონი მერი სურმანიძე გვესაუბრა.
ინდაური ან დედალი (აუცილებლად) მოხარშეთ თუჯის ან ემალის ქვაბში, შემდეგ წყლიდან ამოიღეთ, გააგრილეთ (თორემ ცხელი დაიშლება), დაჭერით ნაჭრებად და შეინახეთ. ქათმის ნახარშ, თბილ წყალში გახსენით წვრილად გატარებული ნახევარი კგ. ნიგოზი _ ნიგოზი უნდა იყოს ქართული, თეთრი და არა შავი, კერძმა ფერი რომ არ შეიცვალოს.
მანამ, სანამ ნიგოზს ნახარშში გაურევდეთ, ნიგოზს, გატარებისას, დაუმატეთ ერთი (არა სავსე) ჩ/კ ხმელი ქინძი, ხმელი სუნელი, ზაფრანა ანუ ყვითელი ყვავილი. ცალკე უნდა გაატაროთ ნივრის 4-5 კბილი და ერთი კონა ქინძი (სუნელები აუცილებლად ნიგვზის გატარების დროს უნდა ჩაამატოთ, თორემ მერე ჩაყრილი ცალკე ამოტივტივდება). შემდეგ ორივე მოათავსეთ სუფთა მარლაში, დაასველეთ ქათმის ნახარშ წვენში და ჩააწურეთ გატარებულ ნიგოზში.
ამის შემდეგ ნიგოზი მოათავსეთ თითბრის (მალიროვან) ქვაბში და მხოლოდ ამის შემდეგ, ფრთხილად დაასხით ნახარში სითხე. ურიეთ ნელა, სითხე უნდა მოზომოთ თვალით, დაასხით იმდენი, რომ საშუალო სისქის მასა მიიღოთ.
მარილი გემოვნებით...
ქალბატონი მერის რჩევით საცივს, ბევრი სუნელი არ უხდება, ნურც მწვანილს გადაამეტებთ, თორემ კერძი მომწვანო ფერს შეიძენს _ ასე რომ, ყველაფერში ზომიერება გმართებთ.
საცივში ზოგჯერ ხახვს ამატებენ, იგი ინდაურის ხარშვისას უნდა ჩაამატოთ წვენში, თუმცა ქალბატონი მერი საცივში ხახვს საერთოდ არ იყენებს.
როცა საცივის მასას მოამზადებთ, წვენში ჩაალაგეთ დაჭრილი ქათამი, ან შეგიძლიათ წვენი და ხორციც ცალ-ცალკე შეინახოთ და მხოლოდ სუფრაზე გატანისას გააერთიანოთ.
გემრიელად მიირთვით!

0 коммент.:

Отправить комментарий