როგორ შევარჩიოთ საახალწლო სურსათი


ახალი წლის ღამეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციული მაგიდაა. ამიტომ შევეცდები გირჩიოთ როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად ”საახაწლო სურსათი”.
საახალწლო მაგიდაზე მთავარი ადგილი გოჭს უკავია და როგორც ბაზრობაზე მითხრეს, მისი შეძენისას უპირველესად ყურადღება უნდა მივაქციოთ აქვს თუ არა ერთგვარი ბეჭედი, რაც ნიშნავს, რომ ლაბორატორიაში შემოწმებულია და ვარგისიანია. რაც შეეხება ხორცის გემოს, გამყიდველი ეთერ შანიძე ამბობს, რომ ყველაზე გემრიელი ხორცი შავ-ჭრელ გოჭს აქვს და მისი გამორჩევა ფერით შეგიძლიათ. ან დააკვირდით ჩლიქებზე შემორჩენილ ბეწვს, ის აუცილებლად შავი უნდა იყოს. ალბათ სწორედ ამ უპირატესობის გამო შავ-ჭრელი გოჭი დანარჩენებთან შედარებით 5-10 ლარით ძვირი ღირს. საერთოდ, კი, როგორც ქალბატონმა ეთერმა მითხრა, ჩოხატაურიდან ჩამოტანილი გოჭი ყველაზე გემრიელია.
რაც შეეხება ინდაურს, აქაც უპირველესად ბეჭედს უნდა დააკვირდეთ, თუ ის გადასული აქვს, ე.ი. ახალი არაა და რამდენიმე დღისაა. საერთოდ კი, ახალია თუ არა ინდაური, ადვილად მიხვდებით სუნით _ დასუნეთ კისერში და კურტუმოს ადგილას, ასევე გააჭრევინეთ გამყიდველს და დააკვირდით ღვიძლსაც, ახალი ინდაურის ღვიძლი თითქოს ანათებს, პრიალებს, ძველის კი მუქია. დააკვირდით ინდაურის ფერსაც, ჩაშავებული არ უნდა იყოს. თუ გინდათ ინდაურის ხორცი რბილი იყოს და მალე მოიხარშოს, შეძენისას ჩააჭირეთ ფრჩხილი ფრთის შუა ნაწილში, მოკეცვის ადგილას, ტყავზე, თუ რბილია და ჩაიჭრა, ე.ი ადვილად მოიხარშება.
საახალწლო სუფრის მნიშვნელოვანი ინგრედიენტებია ნიგოზი და თხილიც. ბაზრობაზე მირჩიეს, რომ წელს უხარისხო ნიგოზია და უკეთესია გარჩეულს თუ შევიძენთ. მიჩნეულია, რომ თეთრი ნიგოზი უფრო ხარისხიანი, თუმცა როგორც ბაზრობაზე მითხრეს, თეთრი კარგია ბაჟესთვის, ისე კი უფრო მუქი შეფრილობის ნიგოზს მეტი ცხიმი და ვიტამინი აქვს და მისი გამოყენება სხვა კერძებში უკეთესია. რაც შეეხება ე.წ. ”რუსულ” და ”კერკეტ” ნიგოზს, მას უფრო მეტი ცხიმი და ეთერზეთები აქვს და სამკურნალოდაც კი იყენებენ. თუ მაინც გასარჩევი ნიგვზის ყიდვას გადაწყვეტთ, კარგ ნიგოზს არ უნდა ჰქონდეს სიშავეები ადგილ-ადგილ და რა თქმა უნდა, ნასვრეტები. თუ მეტისმეტად მსუბუქია, ე.ი. ცარიელია, თუმცა არც მძიმე ნიშნავს ხარისხიანს, რადგან შეიძლება დამპალი იყოს და სწორედ ამიტომ იყოს მძიმე.
რაც შეეხება თხილს, თურმე პატარა თხილი უფრო გემრიელია და რაც უფრო დიდია თხილი, მით უფრო უგემურია და შეიძლება დიდ ნაჭუჭში პატარა გული იყოს.
ნიგოზისა და თხილის შემდეგ ტრადიციული გოზინაყისთვის თაფლის შეძენაღა დაგრჩათ. ამაზე ერთხელ უკვე ვისაუბრეთ. თუ ჭურჭლიდან მშრალი კოვზით ამოღებისას თაფლი რთულად შორდება კოვზს, ესე იგი ხარისხიანია. გარდა ამისა, ნამდვილი თაფლი კოვზით ამოღებისას იწელება და არ წყდება, წყალში ადვილად არ იხსნება, ბლანტია და ოდნავ მწარე გემო დაჰყვება.
საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია სხვადასხვაგვარი სასუსნავის გარეშე, რომელთა შორის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ჩურჩხელასა და ჩირს უკავია. ხარისხიანი ჩურჩხელა ელასტიური უნდა იყოს და ბადაგის ქვეშ უნდა ჩანდეს თხილი თუ ნიგოზი. თეთრი ან მოწითალო შეფერილობის ჩურჩხელა უკეთესია, რადგან ნამდვილად ბადაგშია ამოვლებული.
რაც შეეხება ჩირს, ბაზრობაზე მითხრეს, რომ ოდნავ თეთრი შეფერილობის, დაშაქრული ჩირი ყველაზე ხარისხიანია, დასრულებულია უკვე, არც წონაში მოიმატებს და გემრიელია. კარგი ჩირი უნდა იყოს საშუალო სირბილის და ბუნებრივი შეფერილობის, მაგარი ან გაშავებული ჩირი არ ვარგა, ეს ნიშნავს, რომ წყალი ან მტვერი აქვს მიღებული.

0 коммент.:

Отправить комментарий