როგორ გამოვაცხოთ აჭარული ხაჭაპური


ამ კერძის დასამზადებლად რჩევები - კაფე ბარ _ “ლაგუნას” მზარეულმა _ რომან რომანოვმა მოგვცა, იგი ექვსი თვე ეუფლებოდა ამ ხელობას და დღეს მართლაც უგემრიელეს ხაჭაპურს აცხობს.
აჭარაში ყველაზე გავრცელებული და ერთ-ერთი უგემრიელესი კერძის _ აჭარული ხაჭაპურის დამზადება სახლის პირობებში, როგორც აღმოჩნდა, არც ისე რთული საქმეა. რომანის რჩევით, ცომი თბილი წყლით უნდა მოიზილოს. ცომს გაურიეთ ცოტა მარილი და საფუარი, ზილეთ 5 წუთის განმავლობაში, დაელოდეთ მის გაფუებას, რის შემდეგაც შეუდექით აჭარულ ხაჭაპურზე ნავისებრი ფორმის მიცემას. აიღეთ დაახლოებით 200 გრ. ცომი და მას შემდეგ, რაც მას 1სმ.-მდე გააბრტყელებთ (კიდეებში ოდნავ სქლადაც შეიძლება) მიეცით მას ოვალური ფორმა და უბრალოდ გადმოუკეცეთ ორი მხარე, ისე რომ, შუაში ადგილი არ დარჩეს ანუ ორივე ფრთა ერთმანეთს მიებჯინოს, დარჩენილი ორი ბოლო(ყურები) კი მოუმრგვალეთ, შემდეგ თითები ნაკეცში ჩავყოთ და გადმოკეცილი ფრთები მარჯვენა და მარცხენა მხარეს მივაჩოჩოთ. როცა ცომი ნავის ფორმას მიიღებს, მასში მოათავსეთ გახეხილი ყველი.
«ლაგუნას» კიდევ ერთი მზარეულის _ ალიოშა იანდიანის რჩევით, კარგი იქნება თუ იმერულ ყველთან ერთად, სულგუნსაც გაურევთ და ცოტა კვერცხს ჩაუმატებთ (3 პორცია ხაჭაპურზე - 1კვერცხი). ხაჭაპური შედგით ღუმელში.

იმის მიზეზი რომ ხშირად სახლში გამომცხვარი აჭარული ხაჭაპური ისეთივე გემრიელი არ გამოდის, როგორიც კაფეში - არის ის, რომ აქ იგი 500გრადუსზე იწვის, ამიტომ სახლის ღუმელი მაქსიმალურ ტემპერატურაზე ჩართეთ. საშუალოდ 20-25წუთის შემდეგ, როცა ხაჭაპური შეწითლებას დაიწყებს, გამოიღეთ და ყველში ჩაუმატეთ კვერცხის გული (სასურველია სოფლის კვერცხი) და ისევ ღუმელში შედგით. დაახლოებით 2-3 წუთში, როცა ხაჭაპური საბოლოოდ შეწითლდება, კერძი მზადაა, დაუმატეთ 1-2 ნაჭერი კარაქი.
გემრიელად მიირთვით!

ბავშვის ოთახი



ნებისმიერი ოთახის ინტერიერი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზე. ამიტომაც განსაკუთრებით დიდი ყურადღებაა საჭირო ბავშვის ოთახის მოწყობისას. ინტერიერის გაფორმებისას მნიშვნელოვანია ფერთა პალიტრა. ფერების საშუალებით შესაძლოა არამარტო ოთახის მოცულობის ვიზუალურად გაზრდა და შემცირება, არამედ ადამიანის განწყობის მართვაც.
საღებავების მწარმოებელი კომპანია "კაპაროლის" კონსულტანტი, ინგა ლორთქიფანიძე, გვირჩევს, რომ სასურველია, ბავშვის ოთახი თბილი და წყნარი ფერებით _ იისფერი, მწვანე, ღია ყვითელი... _ შევღებოთ. ეს ფერები დადებითად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე, განსხვავებით წითელისა და სხვა მყვირალა ფერებისგან, რომლებიც აღაგზნებს და ძაბავს ბავშვის გონებას.
თუმცა წითელი ფერის დეტალების შეტანა ინტერიერში მისაღებია, ისინი ხალისს და სიფხიზლეს ჰმატებენ ოთახს. ასევე შესაძლებელია კედელზე სხვადასხვა კონტურისა და ნახატის გამოყვანაც _ ამ შემთხვევაში მხოლოდ ხელოსნის ოსტატობა და თქვენი ან ბავშვის ფანტაზიაა საჭირო.

მყუდრო და სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად მხოლოდ ოთახის შეფერილობა არ არის საკმარისი. ბავშვის ოთახს კომფორტული ავეჯი უნდა ავსებდეს. დღეს ამგვარი ავეჯის დიდი არჩევანია. ესთეტიკური თვალსაზრისით, სასურველია, ოთახის ფერიც ავეჯის ფერს ეხამებოდეს.
საბავშვო ოთახის კომპლექსში, ძირითადად ერთი საწოლი (ორი ბავშვისთვის ორსართულიანი საწოლებიც არსებობს), გარდერობი, კომოდი და სამუშაო მაგიდა შედის. ავეჯის სახლში _ "i peki", საბავშვო საძინებლის კომპლექტი, ცოტა მეტი შემადგენლობით, საშუალოდ, 2000$ ღირს.
ხშირია შემთხვევა, როცა სახლში არ არის გამოყოფილი საბავშვო ოთახი. ასეთ დროს, შესაძლოა მას საერთო ოთახში გამოუყოთ კუთხე. ბავშვის კუთხე შეგიძლიათ ოთახის ძირითადი ფერიდან განსხვავებული, მაგრამ მასთან შეხამებული ფერით შეღებოთ, გააფორმოთ რაიმე ორნამენტით, დადგათ სამუშაო მაგიდა, წიგნების თარო და კუთხე პატარა ფერადი სუვენირებით გააწყოთ _ იქნება ეს სურათები, ნახატები თუ სხვა დეკორატიული ნივთები.
ბავშვის ოთახისა თუ კუთხის მორთვა ძალიან მარტივია. თუკი თქვენი შვილი იმ ასაკშია, რომ თავად შეუძლია არჩევანის გაკეთება, აუცილებლად გაუწიეთ ანგარიში მის სურვილებს და ეცადეთ, ოთახი მისი გემოვნებით მოაწყოთ. ბავშვის ოთახი _ ეს მისი პატარა სამყაროა, სადაც მას ყოველთვის შეეძლება ხალისით იმეცადინოს, გაერთოს და მშვიდად მოისვენოს.

მამაკაცი და სტილი



ზურა ჩართოლანი პროფესიით რეჟისორია. მისთვის ჩაცმულობა, ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია – თვითგამოხატვისთვის. იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს, საკუთარი გემოვნებით ხელმძღვანელობს. მიიჩნევს, რომ მამაკაცის გარდერობში ყველა სტილის სამოსი უნდა იყოს.
"სამოსს ყველგან ვყიდულობ, ცნობილ ბრენდების მაღაზიებში, ბაზრობაზეც და სექენდ ჰენდშიც. ხშირად სექენდ ჰენდში, პატარა ხარვეზის გამო, ძვირადღირებული ბრენდების ტანისამოსი ხვდება. თუმცა სულ არაა სამარცხვინო, რომ ფინანსების უქონლობის გამო ვინმემ მეორადი მოხმარების სამოსი შეიძინოს. ბაზრობაზე ნაყიდი სამოსი ყველას აცვია, მეორადებში კი ყოველთვის ნახავ ორიგინალურს და დარწმუნებული მაინც იქნები, რომ ასეთი სამოსით სხვა არავინ გაივლის", _ ამბობს ზურა.
თუკი გინდათ, რომ სხვებისგან განსხვავებული ტანსაცმელი გეცვათ, ზურა გირჩევთ, თავად მოიფიქროთ სვიტერის ან ჟაკეტის დიზაინი და ვინმეს მოაქსოვინოთ.
ყველა მამაკაცის გარდერობში მოიპოვება ჯინსის ერთი შარვალი მაინც, რომლის ფერსა და ფორმაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული _ სამოსის ფერი და ფორმა ვიზუალურად ამაღლებს ან აპატარავებს ადამიანს. `დაბალი ბიჭები უნდა მოერიდონ ისეთი სამოსის ჩაცმას, რომელიც მათ სიდაბლეს გაუსვამს ხაზს. ასეთი სამოსია, მაგალითად, ფართე, ჩაჩაჩული შარვალი და გრძელცხვირიანი ფეხსაცმელი. მათ უნდა ჩაიცვან რაიმე გამოყვანილი მაისურები, სიგრძივი ზოლებით ან სვიტერი, ასეთივე ნაქსოვი ორნამენტით. უნდა მოერიდონ გადმოშვებულ მაისურებს და მუქ ფერებს, _ ამბობს ზურა.
უმეტესობა დღეს მუქი ფერის სამოსს ატარებს. შავი ფერი ადამიანს ინდივიდუალურობას უკარგავს. ფერით შეიძლება შენი ხასიათი განსაზღვრო. მთავარია, ფერები ერთმანეთს ეხამებოდეს. კაცი მაინც უფრო ექსპრესიულია და ტანსაცმელი რაღაცას უნდა გამოხატავდეს. თუ ქალისთვის თავის მოწონება გსურს, არ უნდა იმალებოდე რუხ ფერებში და უფრო გაბედული უნდა იყო ჩაცმულობასა და საქციელშიც".
ზურა ამბობს, რომ ჯობია გეცვას ის, რაშიც კომფორტულად გრძნობ თავს. სხვაზე მიბაძვას აზრი არა აქვს. ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება, ვისაც ისეთი მოეწონები, როგორიც ხარ. ის, რაც გაცვია, შენს ხასიათს უნდა ესადაგებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თამაში გიწევს, რითაც საკუთარ მეობას კარგავ.
მამაკაცის აქსესუარი საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია მის ჩაცმულობაში. ნებისმიერი აქსესუარი თქვენს ხასიათს და გარკვეულ ღირსებებს უნდა უსვამდეს ხაზს და თქვენი პიროვნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. ზურას თქმით, მამაკაცის აქსესუარი იაფფასიანი არ უნდა იყოს _ "იაფფასიანში მხოლოდ ფასს არ ვგულისხმობ. სტილური მამაკაცის აქსესუარი არ უნდა იყოს უგემოვნო. ხელნაკეთი აქსესუარები ყოველთვის მომგებიანია. იმას გააჩნია, თუ რაზე გინდა აქცენტის გაკეთება... ჩვენთან რატომღაც მოდაშია ოქროს ჯაჭვები და უფრო მეშჩანური აქსესუარები. შესაძლოა, რამე ხელნაკეთი აირჩიო, ხით გაწყობილი ყელსაბამი აფრიკულ სტილში ან სამაჯური".
ასე რომ, თუ საკუთარი განუმეორებელი სტილის შექმნა გსურთ, მაქსიმალურად ეცადეთ საკუთარი ინდივიდუალურობა შეინარჩუნოთ, რადგან სტილურად ჩაცმა არ ნიშნავს ატარო ის, რაც მოდაშია. იგი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ლამაზი სამოსი. თქვენი ჩაცმის სტილი თქვენს პიროვნებას, ინტერესის სფეროს და მისწრაფებებს წარმოაჩენს.
ზურას აზრით, ზედმეტად თავის მოვლა და ჩაცმაზე გადაყოლა მიზანშეწონილი არ არის _ "ეს არც საპირისპირო სქესში იწვევს მოწონებას. ქალებს უფრო მოსწონთ მამაკაცური და ექსპრესიული კაცები, რომლებშიც მამაკაცური საწყისი უფრო ძლიერად არის გამოხატული. თუ მამაკაცი ამ თვისებებს გაუსვამს ხაზს თავისი ჩაცმულობით და ქცევით, ალბათ, ყველა ქალის ინსტინქტზე იმოქმედებს".

გემოვნებიანად ჩაცმის მარტივი და ხელმისაწვდომი გზები



აღმოჩნდა, რომ პოპულარული ბრენდების, საკმაოდ ხარისხიანი და სტილური სამოსი, ეგრეთ წოდებულ "სექენდ ჰენდში" სულ რაღაც 7-8 ლარად შეიძლება შეიძინო.
რატომღაც არსებობს მოსაზრება, რომ აქ მხოლოდ გაცვეთილი, უვარგისი ძველმანები იყიდება, რომელთა შეძენაც ან არაფერში გჭირდება, ან იმ საზოგადოების აზრს უფრთხი, რომლის წარმომადგენლებიც მალულად, მაგრამ ძალიან ხშირად სტუმრობენ ძველმანების მაღაზიებს.
სულ ახლახან ბათუმის ყველა "სექენდ ჰენდი" იმ მიზნით შემოვიარე, რომ გამერკვია, თუ რამდენად ვარგისიანი საქონელი იყიდება აქ. ძველმანებში საოცრად მრავალფეროვანი არჩევანი დამხვდა: sisley, benetton, espriti _ ეს ის ბრენდებია, რომლებიც, ჩვეულებრივ, ძალიან ძვირი ღირს, აქ კი ასე უყურადღებოდ ეყარა `ძონძების~ გვერდით.
ხშირად აქ სულ ახალი სამოსი იყიდება. მას შემდეგ, რაც ამ ტანსაცმელს ევროპის საუკეთესო მაღაზიებში ჩამოფასებულის სტატუსს ანიჭებენ, ისინი ისეთ ქვეყნებში იგზავნება ან იყიდება, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ის სამოსი კი, რომელიც უკვე მეორადი მოხმარებისაა, სრულ დეზინფექციას გადის და ისე გააქვთ გასაყიდად.
სპეციფიკური სუნი, რომელიც ხშირად გვხვდება ამგვარ მაღაზიებში, სწორედ დეზინფექციის შედეგია. აქ შეძენილ მეორადი მოხმარების ნივთს სპეციფიკური სუნი რომ მოაცილოთ, საჭიროა, მისი უბრალოდ ცხელ წყალში რამდენიმე საათით გაჩერება და შემდეგ გარეცხვა.
ჩემი "ძონძებში" მოგზაურობა უშედეგოდ არ დასრულებულა. აქ შესანიშნავი პატარა ზურგჩანთა და უგის ჩექმები (Uggs-ზამშის ჩექმა დაბალ ძირებზე) შევიძინე. მათი ფასი საქართველოშიც და უცხოეთშიც 120 დოლარამდეა. მე კი სულ რაღაც 15 ლარი გადავიხადე.