თანამშრომლობიდან ოჯახურ ბედნიერებამდე

ერთმანეთს შვიდი წლის წინ შეხვდნენ… თამარს მეგობარმა მუშაობის დასაწყებად ერთ-ერთ ოფისში მისვლა შესთავაზა, სადაც დასაქმებას ჰპირდებოდნენ. თამარი ოფისში სამუშაოდ დაიტოვეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი ოფისში სამუშაოდ ლაშაც მივიდა... რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი მხოლოდ ახლო მეგობრები იყვნენ. ერთ დღეს კი მიხვდენენ, რომ ერთმანეთთან მეგობრებაზე მეტი რამ აკავშირებდათ…
შეუღლება სპონტანურად არ გადაუწყვეტიათ, კიდევ უფრო კარგად გაიცნეს ერთმანეთი. ამ პერიოდთან დაკავშირებთ ბევრი სასიამოვნო მოგონება აქვთ. როგორც თამარი ამბობს, ლაშა ანებივრებდა და ხშირად უწყობდა სიურპრიზებს. შეუღლებამდე ერთი საინტერესო შემთხვევაც მოხდა _ თამარმა მეგობრის ქორწილში შემთხვევთ პატარძლის თაიგული დაიჭირა _ “მოშორებით ვიჯექი, საერთოდ არ მივსულვარ თაიგულის დასაჭერად, უცებ კი ჩემ წინ თაიგული დაეცა”.
თამარის ხელის სათხოვნელად მშობლებთან ლაშას მეგობრები მივიდნენ, რასაც მოჰყვა ტრადიციული ნიშნობა და დაიგეგმა ქორწილიც. საქორწილოდ თამარი და ლაშა საგანგებოდ მოემზადნენ, შეისწავლეს ცეკვაც _ “არც ერთმა არ ვიცოდით ცეკვა და გადავწყვიტეთ, გვესწავლა. დაახლოებით ხუთჯერ მივედით მეცადინეობაზე და შედეგად საკმაოდ კარგად მოვემზადეთ. მოწვეულმა სტუმრებმა იცოდნენ, რომ ცეკვა არ ვიცოდით და ჩვენს დაისს განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ. კარგად გამოგვივიდა, ლაშას განსაკუთრებით…”
ქორწილი ტრადიციული იყო, მუსიკალური გაფორმებაც შესაბამისი _ “თამადამ საინტერესოდ წარმართა ქორწილი, ყველა სადღეგრძელოს ბიბლიიდან ამონარიდებით იწყებდა”.
ლაშამ გადაწყვიტა ქორწილის დღეს ჩოხა ჩაეცვა, რომლის შოვნაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. სამი თვის განმავლობაში ეძებდნენ შესაბამის ჩოხას და მხოლოდ ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე იშოვეს. “გული მწყდება, რომ ასე რთულია საქართველოში ქართული ტრადიციული სამოსის შოვნა” _ ამბობს ლაშა. თამარს თეთრი, სადა კაბა ეცვა, ჩოხის შესაბამისი _ “ლაშასგან განსხვავებით კაბის შერჩევა არ გამჭირვებია”. რაც შეეხება ვარცხნილობას, თამარმა ინტერნეტში შეარჩია სადა და ძალიან ლამაზი ვარცხნილობა.
საქორწილო დარბაზში ნეფე-პატარძლის კუთხე თეთრსა და კრემისფერში იყო გაფორმებული, რაც ძალიან მოუხდა დარბაზის საერთო _ ვარდისფერს. მოწვეული სტუმრების მაგიდებს ამშვენებდა სხვადასხვა ფერის იკებანა.

დაგეგმილი იყო, რომ ქორწილში ნეფე-პატარძალს უნდა ემღერა, მაგრამ ვერ მოახერხეს. და რადგანაც ქორწილის დღე კვირას დაემთხვა, ვერც ხელის მოწერა შეძლეს. წყვილი ხელის მოწერას უახლოეს მომავალში აპირებს.
თამარი და ლაშა თაფლობის თვის გასატარებლად ერთობლივად შეგროვილი ფულით ანტალიაში გაემგზავრნენ _ “წინასწარ დავგეგმეთ თაფლობის თვე და ფულის შეგროვებაც დავიწყეთ. ძალიან კარგად გვახსენდება იქ გატარებული ათი დღე, ვცხოვრობდით სასტუმროში, რომლის მარცხნივ მთა იყო, მარჯვნივ კი _ ზღვა, ძალიან ლამაზი იყო…”


ლაშა და თამარ ჩხაიძეები

ჯვრისწერა სვეტიცხოველში – ახდენილი ოცნება



ეკასა და ნიკას ქორწილი კურიოზებით დაიწყო. ჯერ იყო და შეცივებული და მოშიებული პატარძალი პირველი შევარდა დარბაზში, რაც საქორწილო ჩანაწერებშიც კარგად ჩანს. მერე კი, ცეკვისას, თითქმის ყველა დასრიალდა საქორწილო დარბაზის იატაკზე და ბევრი დაეცა კიდეც, მათ შორის ერთ-ერთი მეჯვარეც. ყველაფერი კი იმით დაგვირგვინდა, რომ ერთ-ერთი მოწვეული სტუმარი ისე ცეკვავდა, myvideo.ge _ ზეც მოხვდა ეს ჩანაწერი.
ეკა ჯაიანი და ნიკა ნადარაია ინტერნეტის საშუალებით დაახლოვდნენ, თუმცა ისინი მანამდეც იცნობდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთ პოპულარულ საიტზე ნიკამ ეკას ფოტოები დაათვალიერა და მისწერა კიდეც _ “გათხოვილი ხარ?”. ამის შემდეგ დაიწყეს აქტიური მიმოწერა, მაგრამ რადგან ნიკა თბილისში ცხოვრობდა და ეკა ბათუმში, ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეხვდნენ. ერთხელაც, ნიკა ერთი დღით ჩამოვიდა ბათუმში, გაიცნო ეკა და მეორე დღესაც აქ დარჩა …
შემდეგ კვლავ ვირტულური ურთიერთობა... ისევ შეხვედრა... და ნიკა ისევ ჩამოვიდა ბათუმში. `შეხვდი და ტაძარში წავედით. ნიკამ სამი სანთელი იყიდა და მითხრა, ერთი შენია, ერთი ჩემი და ერთიც უფლის, რომ ასეთი სიყვარული მაჩუქაო. შემდეგ დაიჩოქა მუხლებზე და ხელი მთხოვა”. ეკას უარი არ უთქვამს, მაგრამ შეუღლება ნაადრევად მიაჩნდა, თუმცა ნიკამ შეძლო მისი დათანხმება და იმ დღესვე გაიპარნენ…
დაახლოებით ერთ თვეში ტრადიციული ქორწილიც გაიმართა, რომელსაც თამადა უძღვებოდა, ჟღერდა ტრადიციული და თანამედროვე მუსიკა.
ქორწილამდე წყვილმა ხელი მოაწერა, ჯვარი კი ქორწილის დღეს სვეტიცხოველში დაიწერეს. როგორც ეკა ამბობს ჯვრისწერა სვეტიცხოველში მისი ოცნება იყო და აუხდა კიდეც: “ყოველთვის მინდოდა, ჯვარი სვეტიცხოველში დამეწერა, ოცნება ამიხდა”.
რაც შეეხება ნეფე-პატარძლის ჩაცმულობას, ნიკას შავი შარვალ-კოსტიუმი ეცვა, თეთრი პერანგითა და მოთეთრო მოლურჯო ჰალსტუხით. ეკას კი დიდი დრო დასჭირდა კაბის შესარჩევად _ “ამ მხრივ პრეტენზიული ვარ, არ შემიძლია ყველაფერი ჩავიცვა… რომელიც მომეწონა, იმ კაბას არ აქირავებდნენ და ყიდვა მე არ მინდოდა”. საბოლოოდ, მაინც შეძლო სასურველი კაბის პოვნა _ თეთრი, ღრმა დეკოლტეთი და ლამაზი ნაქარგებით. ვარცხნილობა და მაკიაჟიც თავად შეარჩია.
ეკა განსაკუთრებით სამსართულიანი, ოქროსფერი ტორტის დაჭრის პროცესს და დარბაზიდან სახლში წასვლის მომენტს იხსენებს: “ტრადიციულად, ნეფე-პატარძალმა ერთმანეთს უნდა გაასინჯოს ტორტი. ნიკამ ჯერ იყო და იმხელა ნაჭერი მომაწოდა, ძლივს გადავყლაპე, მერე კი რატომღაც კრემი წამისვა სახეზე, მეც წავუსვი და შემდეგ ძლივს მოვიშორეთ ეს ცხიმი, კადრზეცაა აღბეჭდილი ჩვენი გასუფთავების პროცესი.
ქორწილის დასასრულს მძღოლი, ვისაც ჩვენ უნდა წავეყვანეთ, აღმოჩნდა, რომ ძალიან მთვრალი იყო. ყველაზე გვიან ჩვენ გამოვედით დარბაზიდან, მანქანას და მძღოლს ვეძებდით, ვინც სახლამდე მიგვიყვანდა”.
პატარძალმა წესისამებრ თაიგულიც ისროლა, საგანგებოდ დამზადებული. და რაც ყველაზე საინტერესოა, ის გოგონა, ვინც თაიგული დაიჭირა, ქორწილის შემდეგ მალევე გათხოვდა.

ეკა ამჟამად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეოთხე კურსზე სწავლობს, ამიტომ ხშირად უხდება საყვარელ ადამიანთან დაშორება. ნიკა კი თბილისში, საბაჟოზე მუშაობს და ცდილობს, ხშირად ჩამოვიდეს ეკას სანახავად.

ხატის წინ ახსნილი სიყვარული

იაგო ირინას სიყვარულში ეკლესიაში, ხატის წინ გამოუტყდა... დადებითი პასუხი მალე არ მიუღია, რადგან მანამდე ისინი მეგობრები იყვნენ და ეს ირინასთვის მოულოდნელი იყო. “რადგან ღვთის სახლში მოხდა ყველაფერი, დავუჯერე და მეც გამიჩნდა მის მიმართ გრძნობები”.
იაგო ამბობს, რომ მეგობრობის პერიოდში უფრო თბილი ურთიერთობა ჰქონდათ, ვიდრე მერე, როცა ირინას თავისი გრძნობები გაუმხილა _ “როცა მიხვდა, რომ ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო, ჩვენი ურთიერთობა გაცივდა, დიდი ძალისხმევა და ბევრი დრო დამჭირდა მისი გულის მოსანადირებლად” _ იხსენებს იაგო.
იაგო კახაბერიძისა და ირინა დიასამიძის ერთწლიანი სიყვარული ტრადიციული ნიშნობით დაგვირგვინდა და მალე ქორწილიც გაიმართა. “ყოველთვის ვოცნებობდი ჯვრისწერაზე და ავიხდინე ეს ოცნება _ ჯვარი ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა, ჩემმა მოძღვარმა, მამა გრიგოლმა დამწერა. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა საყვარელ ადამიანთან ჯვარს იწერ”.
ჯვრისწერის შემდეგ წყვილი სასეირნოდ წავიდა, გადაიღეს ფოტოებიც... საქორწილო დარბაზში ფეიერვერკის ფონზე შევიდნენ, სადაც ვარდის ფურცლებით მიმობნეული წითელი ხალიჩა გაიარეს.
ქორწილი ტრადიციული მუსიკით დაიწყო, თუმცა აჟღერდა ახალგაზრდების საყვარელი თანამედროვე მუსიკაც. “მართალია, ტრადიციები არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ შევეცადეთ, არც ახალგაზრდებისთვის დაგვეწყვიტა გული, ამიტომ ტრადიციული და თანამედროვე მუსიკა შევაზავეთ, ყველა კმაყოფილი დარჩა” _ ამბობს იაგო.
პატარძალმა ტრადიციულად სადილიც მოიტანა.
იაგომ და ირინამ თავიანთ ქორწილში სიმღერაც შეასრულეს. როგორც ირინა ამბობს _ “იაგო კარგად მღერის, არც მე ვმღერი ცუდად და გადავწყვიტეთ, დუეტი შეგვესრულებინა. კარგი ნომერი გამოგვივიდა”.
წყვილი ერთ კურიოზსაც იხსენებს: ქორწილის წინა დღეს, სანამ სიმღერის რეპეტიციას გაივლიდნენ, ირინა მოიწამლა. ქორწილის დღესაც ცუდად გრძნობდა თავს, ამიტომ სალონში წასვლა ვერ შეძლო და მაკიაჟი სახლში გაუკეთეს. მხოლოდ ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე მომჯობინდა. თუმცა ირინამ იაგოს ეს ყველაფერი მხოლოდ ქორწილის შემდეგ გაუმხილა.
რაც შეეხება ნეფე-პატარძლის ჩაცმულობას, იაგოს რუხი ფერის შარვალ-კოსტიუმი და თეთრი პერანგი ეცვა, ხოლო ირინას თეთრი, სადა კაბა. მართალია, კაბა თვითონ შეარჩია, მაგრამ იაგოს გემოვნებაც გაითვალისწინა.
ნეფე-პატარძლის კუთხე სხვადასხვა ტონალობაში იყო გადაწყვეტილი, თუმცა ვარდისფერი ჭარბობდა _ “დიზაინერმა ბევრი ვარიანტი გვაჩვენა, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაზე მეტად მოგვეწონა” _ ამბობს ირინა. საპატარძლო ტორტი, რომლის დიზაინი ირინამ ინტერნეტში მოიძია, დიდი წითელი ვარდებით იყო გაფორმებული. ინტერნეტთან დაკავშირებით იაგო ხუმრობს კიდეც: ირინამ საქმროს გარდა ყველაფერი ინტერნეტში იპოვაო...
წყვილმა საჩუქრად უამრავი სუვენირი და საოჯახო ნივთი მიიღო.

იაგო კახაბერიძე და ირინა დიასამიძე

უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს


მაია ქათამაძისა და როსტომ ხახუტაიშვილის სიყვარულის ისტორია იმითაა გამორჩეული, რომ მათ ექვსი წელია უყვართ ერთმანეთი და ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც კი არ უკამათიათ _ “უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს”, ამბობს მაია. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნო. შემდეგ როსტომმა მაიას ტელეფონის ნომერი გაიგო და...
მაია ამბობს, რომ როსტომი მეტად ყურადღებიანია: “როსტომისადმი სიმპათიები თავიდანვე არ გამჩენია, გავურბოდი კიდეც უნივერსიტეტში რომ მაკითხავდა. მაგრამ იმდენად ყურადღებიანია, რომ მოახერხა ჩემი მოხიბვლა”.
შეუღლებაზე ფიქრი ერთმანეთის გაცნობიდან ექვსი წლის შემდეგ დაიწყეს. ტრადიციულად ჯერ დაინიშნენ, ერთმანეთის მშობლები გაიცნეს. “ყველამ იცოდა, ერთმანეთი რომ გვიყვარდა, მამაჩემის გარდა. მან მხოლოდ ნიშნობის დღეს გაიგო ამის შესახებ” _ ამბობს მაია.
როსტომმა და მაიამ მაისის დასაწყისში იქორწინეს. ქორწილიც ტრადიციული ჰქონდათ, ტრადიციული მუსიკით, თამადითა და სადილით... განსხვავებული ის იყო, რომ დარბაზში შესვლისას წყვილმა ვალსი იცეკვა _ “როსტომი წინააღმდეგი იყო დაისის ცეკვისა, რადგან საერთოდ არ იცის ქართული ცეკვა”.
დარბაზი, სადაც ქორწილი გადაიხადეს, სხვადასხვა ფერებში იყო გადაწყვეტილი. მაია ამბობს, რომ დიზაინი წინასწარ არ დაუთვალიერებია, ამისთვის ვერ მოიცალა, თუმცა კმაყოფილი დარჩა _ “ყველაფერი ისე იყო მომზადებული, როგორც მინდოდა”.
რაც შეეხება ნეფე-პატარძლის ჩაცმულობას, როსტომს შავი შარვალ-კოსტიუმი ეცვა თეთრი პერანგით, ხოლო მაიას _ თეთრი აჟურული კაბა. “სასურველი კაბა ვერსად ვიშოვე, შემდეგ ერთ მაღაზიაში ვნახე და მეორე დღეს მისულს გაყიდული დამხვდა. რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთ მაღაზიაში ჩამოიტანეს ახალი კაბები და იქ მომეწონა თეთრი, აჟურული კაბა. ისეთი ლამაზი იყო, გამიხარდა კიდეც პირველი არჩევანი რომ გაიყიდა” _ იხსენებს მაია.

როგორც პატარძლების უმრავლესობა, მაიაც ინახავს თეთრი ვარდების საქორწილო თაიგულს. ქორწილის დღეს კი ახალგაზრდებისკენ სხვა, სპეციალურად დამზადებული თაიგული ისროლა.

მაია ქათამაძე და როსტომ ხახუტაიშვილი

სიყვარულის ხუთწლიანი ისტორია


ქეთი კომახიძესა და თორნიკე მიქელაძეს თითქმის ხუთწლიანი სიყვარულის ისტორია აკავშირებთ. ისინი საზღვაო აკადემიაში ერთ კურსზე სწავლობდნენ. ქეთი ამბობს, რომ თორნიკემ პირველივე წელს გამოხატა სიმპათიები მის მიმართ. “თავიდანვე სულ ვკამათობდით და ერთხელ ისე ვიჩხუბეთ, რომ ერთი წლის განმავლობაში არ ვლაპარაკობდით. რამდენჯერმე ჰქონდა შერიგების მცდელობა, მაგრამ მე არ ვურიგდებოდი. ერთხელ, შობა დღეს, კურსელები ერთად შევიკრიბეთ და რა თქმა უნდა, თორნიკეც იქ იყო. საცეკვაოდ გამიწვია და შევრიგდით...”
შეუღლება სწავლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს. გასულ ზაფხულს დაინიშნენ და წელს, აპრილში იქორწინეს. იმის გამო, რომ ქორწილის თარიღი მოულოდნელად შეიცვალა, ჯვრისწერა ვეღარ მოახერხეს, ამიტომ ჯვარს უახლოეს დღეებში დაიწერენ.
ქორწილი ტრადიციული იყო. “აჭარული ტრადიციის თანახმად, მე, როგორც პატარძალს, ე.წ “სადილი” უნდა შემომეტანა. მაგრამ არ მინდოდა და დედაჩემს ვთხოვე, მას შემოეტანა. თუმცა მას არ დართეს ნება და საბოლოოდ ჩემი სადილი ჩოხოსნებმა მოიტანეს. ძალიან ლამაზი ცერემონია იყო _ კალათები დარბაზში ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა სამმა ვაჟმა და ერთმა მანდილოსანმა შემოიტანა”.
ქეთის მძივებით გაფორმებული, ღია კრემისფერი კაბა ეცვა _ “კაბის გამო დარბაზში შესვლისას კურიოზიც შეგვემთხვა _ ქართული უნდა გვეცეკვა, მაგრამ მუსიკა რომ ჩაირთო, კაბა მძივებისაგან იმდენად მძიმე იყო, ხელი საეთოდ ვერ გავაქანე. ასე მოხდა მეორე ცდაზეც და შედეგად თორნიკეს ორჯერ მოუწია მუსიკოსების გაჩერება მკაცრი ტონით: “გააჩერეთ მუსიკა!..”.
რაც შეეხება ვარცხნილობას, “გვირგვინი მეკეთა და უკან თმები ბოლომდე აწეული მქონდა. თორნიკეს ერთღილიანი შავი შარვალ-კოსტიუმი ეცვა და ღია კრემისფერი პერანგი ამ ფერის ჰალსტუხითვე “_ გვითხრა ქეთიმ.
პატარძლის ინიციატივით დარბაზი თეთრ და წითელ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ნეფე-პატარძლის კუთხეს ორი დეკორატიული ხე და პეპლები ამშვენებდა _ `რატომღაც ბავშვობიდან მიყვარს პეპლები და გადავწყვიტე, ჩემს ქორწილშიც გამომეყენებინა მათი სილამაზე”.
საქორწილო ტორტიც თეთრი და წითელი ფერებით იყო გაფორმებული და ამავე ფერების დიდრონი ვარდები ამშვენებდა. ამავე ფერის ყვავილებით იყო გაკეთებული თაიგულიც, რომელიც ქეთის იმდენად მოეწონა, რომ გადასაგდებად დაენანა და დღესაც შენახული აქვს.
ქორწილის მუსიკალური გაფორმებაც ტრადიციული იყო. ქეთი იხსენებს, რომ რამდენჯერმე იცეკვა “აჭარული” და “დაისი”. ტრადიციული ცეკვების შემდეგ წყვილმა ვალსიც შეასრულა.
წყვილი დარბაზიდან ფეიერვერკის ფონზე გამოაცილეს “ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ” _ ამბობს ქეთი.


ქეთი კომახიძე და თორნიკე მიქელაძე

დედამთილის შერჩეული სარძლო

ყველაფერი მეგობრის ქორწილში თაიგულის დაჭერით დაიწყოამავე ქორწილში შორენამ სრულიად შემთხვევით მომავალი დედამთილიც გაიცნო. როგორც შემდეგ გაირკვა, ქორწილში ერთ-ერთ ქალბატონს, რომლის შვილიც მორაგბეა და იმ დროს ესპანეთში იმყოფებოდა, შორენა სარძლოდ მოეწონა.
მეგობრის ქორწილის შემდეგ ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდაერთ დღესაც, სრულიად შემთხვევით, შორენას სამსახურში მომავალი დედამთილი მივიდა თავის საქმეზე. აქ უკვე შორენა უკეთესად გაიცნო და სანამ მომავალი მეუღლე, ემზარი გაიცნობდა მას, თითქმის მთელი ოჯახი იცნობდა.
მალე ემზარიც დაბრუნდა საქართველოში და სანამ პირადად გაიცნობდა, რამდენიმე დღეს შორენას სამსახურთან ხშირად ჩერდებოდა მისი ავტომანქანაერთხელაც, შორენასთან პატარა გოგონა მივიდა წითელი ვარდებით ხელშიროგორც შორენა ამბობს, მას შემდეგ ასე გრძელდებოდა თითქმის ყოველ დღე, ყვავილები იცვლებოდა მხოლოდ სეზონის მიხედვით.
ურთიერთობა ვირტუალურად, ერთ-ერთი სოციალური ქსელის საშუალებით დაიწყეს, მალევე დაახლოვდნენ და პირველი შეხვედრაც შედგა. მალე შორენას თბილისში მოუწია მივლინებით გამგზავრება, ემზარმა თბილისში საკუთარი მანქანით წაყვანა შესთავაზა, შორენაც დათანხმდა.სწორედ ამ მგზავრობისას გაიცნო წყვილმა ერთმანეთი ახლოს
საქორწინო სამზადისი ჩვეულებრივად ნამდვილად არ მიმდინარეობდა _ ორივე სამსახურითაა დაკავებული და ამისთვის დრო ფაქტობრივად არ ჰქონდათ. ყველაფერი შორენას მამის ორგანიზებით მოეწყო და როგორც შორენა ამბობს, ქორწილი საქეიფო, მხიარული და საინტერესო გამოვიდა.
ქორწილს კურიოზების გარეშე არ ჩაუვლია. ჯერ იყო და ჯვრისწერამდე რამდენიმე წუთით ადრე აღმოაჩინა ემზარმა, რომ სამკერვალოდან შარვალი არ ჰქონდა მოტანილი. ამის გამო ჯვრისწერა ცოტათი დაგვიანებით, მაგრამ მაინც შედგა; შემდეგ კი, დროს უკმარისობის გამო, ემზარმა და მისმა მეჯვარემ ნეფე-პატარძლის მანქანა ტაძარში შესვლის წინ რამდენიმე წუთში მორთეს ფერადი ლენტებით.
ჯვრისწერის შემდეგ ახალდაქორწინებულებმა ფოტოების გადასაღებად გაისეირნეს. იქვე ითქვა, რომ ცეკვა არც ერთმა არ იცოდა. მაყარს ერთი ბავშვი გამოეყო და ცეკვის სწავლება შესთავაზა ნეფე-პატარძალს. ცეკვის ნახევარსაათიანი გაკვეთილი ბულვარშივე ჩაუტარდათ და რეპეტიციაც აქვე გაიარეს, იქედან კი პირდაპირ საქორწინო დარბაზში წავიდნენ, სადაც ნახევარ საათში ნასწავლი ცეკვის პრემიერა გაიმართა.
სახალისო იყო სახლში შესვლის ცერემონიაც. დედამთილმა, ტრადიციულად, წყვილს თეფში დაუდო გასატეხად, მაგრამ მისი გატეხვა შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც შემდეგ გაირკვა, თეფში უბრალო კი არა, ნაკლებადმსხვრევადი იყო. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ იგი სხვა თეფშით ჩაანაცვლეს.
ამჟამად წყვილი ბესიკის ქუჩაზე, მარტო ცხოვრობს სახლში, რომელიც მთლიანად თავიანთი გემოვნებით გაარემონტეს ქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე.


ემზარ შველიძე და შორენა მიქაძე

მოსწავლე რძალი და კლასის დამრიგებელი დედამთილი

ერთმანეთი საერთო ნაცნობის ქორწილში გაიცნეს და უთიერთობა მალევე ააწყვეს, თუმცა ხშირად ჩხუბობდნენ და შეიძლება ითქვას, ორი წლის განმავლობაში შეყვარებულობის პერიოდზე მეტიგაბრაზების პერიოდი” ჰქონდათ.
ერთ-ერთი კამათის შემდეგ ლიკა საერთოდ აღარ ეკონტაქტებოდა ბიძინას, არ პასუხობდა მის ზარებსბიძინამ გადაწყვიტა, მოულოდნელად მისულიყო სკოლაში ლიკასთან და შერიგებოდა. ასეც მოიქცა, ნახა ლიკა და ერთ-ერთ კაფეში წაიყვანა. იქ დიდხანს ისაუბრეს, სკოლიდან სახლში დაბრუნების დროს საკმაოდ გადააცილეს და მშობლებიც ანერვიულეს. სამაგიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა _ წყვილი შერიგდა.
ისე ხშირად ვჩხუბობდით, მორიგ ჩხუბამდე უნდა მომესწრო მისი ცოლად მოყვანაო _ ხუმრობს ბიძინა. და ერთ დღესაც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს ბიძინამ ცოლობა სთხოვალიკას დის სახლიდან გაიპარნენ. ლიკას დაც ორი თვის გათხოვილი იყო, მას ლიკა დაეხმარა გაპარვაში
მშობლებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შვილების ურთიერთობის შესახებ იცოდნენ, მათი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ლიკა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო და თან პირველი ქალიშვილიც სულ ახლახან გაუთხოვდათ. მაგრამ მალევე შეეგუენ შვილების გადაწყვეტილებას.
სანამ ქორწილს გადაიხდიდნენ, სურამში უნდოდათ წასვლა, მაგრამ ვერ მოახერხეს, ქობულეთში დაისვენეს.
ქორწილი გაპარვიდან 41 დღის შემდეგ გაიმართა, პატარძალი ტრადიციულად .. ”ორმოცზემივიდა სახლში და მეორე დღეს იქორწინეს კიდეც.

ლიკას თეთრი, მოცულობითი კაბა ეცვა დეკოლტეთი. ბიძინას ჩოხის ჩაცმა უნდოდა, მაგრამ იდეა მეუღლემ დაუწუნა და შავი შარვალ-კოსტიუმი შეარჩია.
დარბაზში ნეფე-პატარძლის კუთხე თეთრსა და ვარდისფერში იყო გაფორმებული, წყვილის გემოვნებით. შესაბამისი ტონალობის იყო ტორტიც. მუსიკალურ გაფორმებაზე ბიძინას მეგობარმა იზრუნა და ქორწილის საერთო სტილისგან გამომდინარე, ძირითადად ტრადიციული მელოდია ჟღერდა, თუმცა მღეროდნენ თანამედროვე უცხოურ სიმღერებსაც.
აღსანიშნავია თაიგულის სროლის ცერემონია _ თაიგულის დაჭერის მსურველებმა ლამის ნეფე-პატარძლის მაგიდა დააზიანეს. დარბაზს დაბალი ჭერი ჰქონდა და ლიკას ნასროლი თაიგული ჯერ ჭერს მოხვდა, შემდეგ კი მაგიდაზე დავარდა. ახალგაზრდები ერთდროულად მიცვივდნენ მაგიდას და თაიგულისთვის ბრძოლაც იქვე გააჩაღეს.
საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და ქორწილმაც შესანიშნავად ჩაიარა.
წყვილი ახლა ქობულეთში ცხოვრობს და ბიძინას დის ქორწილის სამზადისშია. ლიკა ჩაქვის სკოლის მოსწავლე იყო, ახლა კი საბუთები ქობულეთში გადაიტანა და დამრიგებელი, არც მეტი არც ნაკლები, მისი დედამთილია.


ბიძინა სურმანიძე და ლიკა დიასამიძე

სიყვარულის დღეს დაწყებული სიყვარულის ისტორია



ერთმანეთი სიყვარულის დღეს, 15 აპრილს გაიცნეს. სიმპათიებიც პირველივე დღიდან გაჩნდა და როცა ლია მშობლებს სასწავლებელში ეგონათ, იგი მირზასთან ერთად სეირნობდა. შეყვარებულები ექვსი თვის განმავლობაში იყვნენ. ამ ხნის მანძილზე ფაქტობრივად არ უკამათიათ და შეუღლებაც მტკიცედ გადაწყვიტეს. ლიასა და მირზას შეხვედრაში ხშირად ლიას მეგობრები ეხმარებოდნენ.
მერე მირზამ ლიას დედა და ძმა გაიცნო… მათ ისე კარგად გაუგეს ერთმანეთს, ლია ხუმრობს, დედაჩემს ჩემზე მეტად მირზა უყვარსო.
ქორწილამდე ტრადიციულად იყო ნიშნობა, მირზა მივიდა ლიას ოჯახში და მშობლებს ლიას ხელი სთხოვა.
ქორწილამდე მირზა ხშირად დადიოდა დანიშნულთან ოჯახში საჩუქრებით.
ქორწილიც ტრადიციული გაიმართა, რომლისთვის მზადება არც ისე დიდხანს მიმდინარეობდა. წყვილმა საქორწილო სამოსიც მალე შეარჩია, დარბაზის დიზაინიც და შესვლისას დაისიც იცეკვა რეპეტიციის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ლია ქართულს ვერ ცეკვავს.
ქორწილი მხიარული გამოვიდა, დარბაზში ყველა ცეკვავდა, მათ შორის ლიაც და ნამდვილად არ ყოფილა მორცხვი პატარძალი. თამადამ განსაკუთრებული შეჯიბრიც მოიფიქრა და ცეკვაში არა მოწვეული სტუმრები, არამედ ნეფე-პატარძალი გაეჯიბრა ერთმანეთს.
პატარძალმა თაიგულიც ისროლა, რომელიც მისმა ძმამ დაიჭირა. ლიამ კი დარბაზში მყოფი ბავშვებისგან საჩუქრად ვარდები მიიღო.

მირზა აბაშიძე და ლია ბოლქვაძე

პატარძლის დაგეგმილი ქორწილი



ხათუნასა და მინდიას ქორწილი, როგორც ხათუნა ამბობს, სანახაობრივად მდიდარი იყო. ქორწილს თავად პატარძალი ორგანიზატორობდა. 400-კაციანი ქორწილი “ნიკალაში” გაიმართა. “დარბაზში დამონტაჟებული იყო დიდი ეკრანი და ჩვენი ქორწილი პირდაპირ ეთერში გადიოდა. ჩვენი ცეკვისას კი ჭერიდან ბუშტები და ფერადი ლენტები ცვიოდა” _ იხსენებს ხათუნა.
დარბაზში მისულ ნეფე-პატარძალს ვაჟები ტრადიციულად ხანჯლებით შეეგებნენ, გოგონები კი _ ვარდებით ხელში.
დარბაზი გაფორმებული იყო ფეიერვერკით, მოწვეული სტუმრებისთვის კი საჩუქრად ყველა მაგიდაზე თაიგულები იდო.
ფოტოგადაღებისთვის მოწვეული ჰყავდათ ცნობილი ფოტოგრაფი თურქეთიდან და როგორც ხათუნა ამბობს, მის გამო სასაცილო სიტუაციებშიც ვარდებოდნენ _ “ფოტოს გადაღებისას იატაკზე წვებოდა ან ხეებზე დაძვრებოდა, რაც ხალხის ინტერესს იწვევდა”.
მინდია მახარაძემ და ხათუნა გუნდაძემ ერთმანეთი ტელეფონის საშუალებით გაიცნეს, დამეგობრდნენ და ერთ დღესაც მინდიამ ხათუნა მოიტაცა. ხათუნა მეგობრებმა პატრულის საშუალებით დააბრუნეს უკან. იგი ერთი თვის განმავლობაში გაბრაზებული იყო მინდიაზე, შემდეგ კი შეურიგდა და რამდენიმე თვეში იქორწინეს კიდეც.
ქორწილში ხათუნას გამოყვანილი და უკან ღრმად ამოჭრილი, ღია კრემისფერი კაბა ეცვა, რომელიც თავისი გემოვნებით შეაკერინა. სადა ვარცხნილობაც თავისით შეარჩია. რაც შეეხება მინდიას, მას ხათუნას შერჩეული სამოსი ეცვა _ შავი შარვალ-კოსტიუმი კრემისფერი პერანგით და ამავე ფერის ჰალსტუხით.
მუსიკალური გაფორმება ტრადიციული იყო, მუსიკოსები დოლზე და ჭიბონზე უკრავდნენ. ქორწილში მინდიას მეგობარი მღეროდა, რომელიც ხათუნას მოტაცების მონაწილე იყო. ჰყავდათ მოწვეული მოცეკვავეებიც _ ბავშვების ანსამბლები, რომლებიც სადღეგრძელოებს შორის ცეკვავდნენ და ალამაზებდნენ ქორწილს.
რაც შეეხება საჩუქრებს, უამრავ საინტერესო საჩუქარს შორის განსაკუთრებით შთამბეჭდავი მინდიას თურქი მეგობრების საჩუქარი _ სასტუმროს ნომერი იყო.
ქორწილში უამრავი საინტერესო დაგეგმილი და დაუგეგმავი კურიოზიც მოხდა. `ჩვენი ქორწილი კვირა დღეს დაემთხვა, მმაჩის ბიურო ამ დღეს არ მუშაობდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ხელისმოწერა გაგვეთამაშებინა. “მმაჩის ბიუროს ქალის” როლი ჩემს მეგობარს მოვარგეთ და ხელი ფიქტიურად მოვაწერეთ, რეალურად კი შვილის, დათას, დაბადებამდე ერთი კვირით ადრე მოვაწერეთ ხელი”. სხვა კურიოზული სიტუაციებიც ბევრი იყო. რადგან საქორწილო შოუს ორგანიზატორი ხათუნა იყო, ის ქორწილის დღეს გასეირნებისას თუ უკვე დარბაზში ყოფნისას განკარგულებებს იძლეოდა _ “დაგეგმილი მქონდა, რომ ჩვენი ცეკვის დროს დარბაზში შუქი უნდა ჩამქრალიყო. ცეკვა რომ დავიწყეთ, ჩემს ძმას გაღიმებული სახით, მაგრამ მკაცრი ხმით ვეუბნებოდი _ შუქი ჩააქრეთ!..”
ქორწილის დასასრულს მინიდისკოთეკა გაიმართა. ახალდაქორწინებულები მეგობრებთან ერთად დიდხანს ერთობოდნენ _ “რამდენიმე ადამიანი ხმის გამაძლიერებელზეც კი ავიდა და იქ ცეკვავდა”.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მუხამბაზი, რომელიც პატარძალს მეუღლემ მოწვეულ მოცეკვავეებთან ერთად ფიალებით ხელში შეუსრულა. “სტუმრად გვყავდა მინდიას ნიგერიელი მეგობრებიც, ერთ-ერთმა ძალიან კარგად იმღერა და მთელი დარბაზი ცეკვავდა” _ ამბობს ხათუნა.

მინდია მახარაძე და ხათუნა გუნდაძე