თამუნა გერგედავასა და ბესო თურმანიძის სიყვარულის ისტორია უჩვეულოდ დაიწყო _ ბათუმში დასასვენებლად ჩამოსულმა თამუნამ შემთხვევით გაიცნო ბესო. თავიდან ურთიერთობა არ აეწყო, როგორც თამუნა ამბობს, ხშირად კამათობდნენ. თუმცა მათ შორის გრძნობა მალე გაჩნდა და ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. რადგან თამუნა თბილისში ცხოვრობდა და ბესო ბათუმში, ისინი ერთმანეთს ძირითადად ტელეფონისა და ინტერნეტის საშუალებით ეკონტაქტებოდნენ.
ერთ დღესაც, როცა ბესო მეგობრებთან ერთად მისი დის დაბადების დღეს აღნიშავდა, გადაწყვიტა, რომ თამუნა ცოლად შეერთო. იგი დასთან და მეგობრებთან ერთად გაემგზავრა თბილისში და თამუნა წამოიყვანა _ “ორ საათნახევარში ჩავედით თბილისში და სამი საათის განმავლობაში თამუნას სახლს ვეძებდით. როგორც იქნა მივაგენით, სახლში თამუნა და მისი და მარტონი იყვნენ და ორივე წამოვიყვანეთ” _ ამბობს ბესო.
ქორწილი მალევე გაიმართა. 350-კაციანი ქორწილი გონიოში, სარიტუალო დარბაზ “ერაში” გადაიხადეს. თამუნას კრემისფერსა და ყავისფერში გადაწყეტილი სადა კაბა ეცვა, ბესოს კი ტრადიციული შარვალ-კოსტიუმი თეთრი პერანგით. წყვილს მენდელსონის მარშით შეეგებნენ, შემდეგ კი ტრადიციულად ხანჯლების ქვეშ გაატარეს.
`რადგანაც მე სამეგრელოდან ვარ, აჭარული ტრადიციების შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი და ძალიან გამიკვირდა, როცა მითხრეს, რომ დარბაზში შემოსვლისას კალათიდან კანფეტები უნდა გადმომეყარა. თუმცა შემდეგ ისე მომეწონა ეს პროცესი, რომ ლამის თითო-თითო კანფეტებს ვისროდი. ბოლოს კი ბესომ ერთდროულად ამოიღო კალათიდან რამდენიმე კანფეტი და თვითონვე გადაყარა, ოღონდ მისი მეგობრებისკენ” _ იხსენებს თამუნა.
მართალია ქორწილი ტრადიციული იყო, მაგრამ თანამედროვე ელემენტებსაც შეიცავდა. სადღეგრძელოების პარალელურად ქორწილს კონკურსები და სხვადასხვა სახის თამაშები ალამაზებდა. გამარჯვებულებს ქართული ტრადიციული სასმისები გადაეცათ საჩუქრად. გამორჩეული იყო მაგიდების გაფორმებაც _ თითქმის ყველა კერძს სხვადასხვა ყვავილის ფორმა ჰქონდა.
საინტერესო იყო თაიგულის სროლის მომენტი _ პატარძალს მეჯვარის ნაჩუქარი თაიგული ძალიან მოეწონა და არ ემეტებოდა გადასაგდებად, ამიტომ ქორწილამდე ნახევარი საათით ადრე ბესოს დის ინიციატივით სპეციალურად ამ ცერემონიისთვის დაამზადებინეს ერთგვარი “პატენტი”. პატარძლის მიერ ნასროლი თაიგული პატარძლის ბიძიამ დაიჭირა და შემდეგ მან ისროლა ახალგაზრდებში.
წყვილმა ქორწილის დღესვე დაიწერა ჯვარიც ახლშენის სამების ეკლესიაში.
ქორწილიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, მეგრული ტრადიციის მიხედვით, უნდა გამართულიყო ე.წ. “დაბრუნებითი ქორწილი” (მეორე ქორწილი პატარძლის დედულეთში, სადაც მიპატიჟებულია ახალი სიძის ოჯახის წევრები და ნათესავები). თამუნას ნათესავებმა გადაწყვიტეს, ქორწილი აფხაზეთში გაემართად. ენგურზე 25 ადამიანი გადავიდა და ძალიან ლამაზი, ტრადიციული ქორწილიც გაიმართა. ახალდაქორწინებულები თითქმის 20 დღეს დარჩნენ იქ და დაათვალერეს რამდენიმე ქალაქი. ეს იყო ერთგვარი თაფლობის თვე აფხაზეთში.
თამუნასა და ბესოს ოჯახს მალე ახალი, პატარა წევრი შეემატება.
თამუნა გერგედავა და ბესო თურმანიძე
თაფლობის თვე აფხაზეთში
05:57
LIFEstyle
0 коммент.:
Отправить комментарий