იაგო ირინას სიყვარულში ეკლესიაში, ხატის წინ გამოუტყდა... დადებითი პასუხი მალე არ მიუღია, რადგან მანამდე ისინი მეგობრები იყვნენ და ეს ირინასთვის მოულოდნელი იყო. “რადგან ღვთის სახლში მოხდა ყველაფერი, დავუჯერე და მეც გამიჩნდა მის მიმართ გრძნობები”.
იაგო ამბობს, რომ მეგობრობის პერიოდში უფრო თბილი ურთიერთობა ჰქონდათ, ვიდრე მერე, როცა ირინას თავისი გრძნობები გაუმხილა _ “როცა მიხვდა, რომ ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო, ჩვენი ურთიერთობა გაცივდა, დიდი ძალისხმევა და ბევრი დრო დამჭირდა მისი გულის მოსანადირებლად” _ იხსენებს იაგო.
იაგო კახაბერიძისა და ირინა დიასამიძის ერთწლიანი სიყვარული ტრადიციული ნიშნობით დაგვირგვინდა და მალე ქორწილიც გაიმართა. “ყოველთვის ვოცნებობდი ჯვრისწერაზე და ავიხდინე ეს ოცნება _ ჯვარი ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა, ჩემმა მოძღვარმა, მამა გრიგოლმა დამწერა. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა საყვარელ ადამიანთან ჯვარს იწერ”.
ჯვრისწერის შემდეგ წყვილი სასეირნოდ წავიდა, გადაიღეს ფოტოებიც... საქორწილო დარბაზში ფეიერვერკის ფონზე შევიდნენ, სადაც ვარდის ფურცლებით მიმობნეული წითელი ხალიჩა გაიარეს.
ქორწილი ტრადიციული მუსიკით დაიწყო, თუმცა აჟღერდა ახალგაზრდების საყვარელი თანამედროვე მუსიკაც. “მართალია, ტრადიციები არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ შევეცადეთ, არც ახალგაზრდებისთვის დაგვეწყვიტა გული, ამიტომ ტრადიციული და თანამედროვე მუსიკა შევაზავეთ, ყველა კმაყოფილი დარჩა” _ ამბობს იაგო.
პატარძალმა ტრადიციულად სადილიც მოიტანა.
იაგომ და ირინამ თავიანთ ქორწილში სიმღერაც შეასრულეს. როგორც ირინა ამბობს _ “იაგო კარგად მღერის, არც მე ვმღერი ცუდად და გადავწყვიტეთ, დუეტი შეგვესრულებინა. კარგი ნომერი გამოგვივიდა”.
წყვილი ერთ კურიოზსაც იხსენებს: ქორწილის წინა დღეს, სანამ სიმღერის რეპეტიციას გაივლიდნენ, ირინა მოიწამლა. ქორწილის დღესაც ცუდად გრძნობდა თავს, ამიტომ სალონში წასვლა ვერ შეძლო და მაკიაჟი სახლში გაუკეთეს. მხოლოდ ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე მომჯობინდა. თუმცა ირინამ იაგოს ეს ყველაფერი მხოლოდ ქორწილის შემდეგ გაუმხილა.
რაც შეეხება ნეფე-პატარძლის ჩაცმულობას, იაგოს რუხი ფერის შარვალ-კოსტიუმი და თეთრი პერანგი ეცვა, ხოლო ირინას თეთრი, სადა კაბა. მართალია, კაბა თვითონ შეარჩია, მაგრამ იაგოს გემოვნებაც გაითვალისწინა.
ნეფე-პატარძლის კუთხე სხვადასხვა ტონალობაში იყო გადაწყვეტილი, თუმცა ვარდისფერი ჭარბობდა _ “დიზაინერმა ბევრი ვარიანტი გვაჩვენა, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაზე მეტად მოგვეწონა” _ ამბობს ირინა. საპატარძლო ტორტი, რომლის დიზაინი ირინამ ინტერნეტში მოიძია, დიდი წითელი ვარდებით იყო გაფორმებული. ინტერნეტთან დაკავშირებით იაგო ხუმრობს კიდეც: ირინამ საქმროს გარდა ყველაფერი ინტერნეტში იპოვაო...
წყვილმა საჩუქრად უამრავი სუვენირი და საოჯახო ნივთი მიიღო.
იაგო კახაბერიძე და ირინა დიასამიძე
ხატის წინ ახსნილი სიყვარული
04:40
khatia.Lifestyle
0 коммент.:
Отправить комментарий