სიყვარულის ხუთწლიანი ისტორია


ქეთი კომახიძესა და თორნიკე მიქელაძეს თითქმის ხუთწლიანი სიყვარულის ისტორია აკავშირებთ. ისინი საზღვაო აკადემიაში ერთ კურსზე სწავლობდნენ. ქეთი ამბობს, რომ თორნიკემ პირველივე წელს გამოხატა სიმპათიები მის მიმართ. “თავიდანვე სულ ვკამათობდით და ერთხელ ისე ვიჩხუბეთ, რომ ერთი წლის განმავლობაში არ ვლაპარაკობდით. რამდენჯერმე ჰქონდა შერიგების მცდელობა, მაგრამ მე არ ვურიგდებოდი. ერთხელ, შობა დღეს, კურსელები ერთად შევიკრიბეთ და რა თქმა უნდა, თორნიკეც იქ იყო. საცეკვაოდ გამიწვია და შევრიგდით...”
შეუღლება სწავლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს. გასულ ზაფხულს დაინიშნენ და წელს, აპრილში იქორწინეს. იმის გამო, რომ ქორწილის თარიღი მოულოდნელად შეიცვალა, ჯვრისწერა ვეღარ მოახერხეს, ამიტომ ჯვარს უახლოეს დღეებში დაიწერენ.
ქორწილი ტრადიციული იყო. “აჭარული ტრადიციის თანახმად, მე, როგორც პატარძალს, ე.წ “სადილი” უნდა შემომეტანა. მაგრამ არ მინდოდა და დედაჩემს ვთხოვე, მას შემოეტანა. თუმცა მას არ დართეს ნება და საბოლოოდ ჩემი სადილი ჩოხოსნებმა მოიტანეს. ძალიან ლამაზი ცერემონია იყო _ კალათები დარბაზში ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა სამმა ვაჟმა და ერთმა მანდილოსანმა შემოიტანა”.
ქეთის მძივებით გაფორმებული, ღია კრემისფერი კაბა ეცვა _ “კაბის გამო დარბაზში შესვლისას კურიოზიც შეგვემთხვა _ ქართული უნდა გვეცეკვა, მაგრამ მუსიკა რომ ჩაირთო, კაბა მძივებისაგან იმდენად მძიმე იყო, ხელი საეთოდ ვერ გავაქანე. ასე მოხდა მეორე ცდაზეც და შედეგად თორნიკეს ორჯერ მოუწია მუსიკოსების გაჩერება მკაცრი ტონით: “გააჩერეთ მუსიკა!..”.
რაც შეეხება ვარცხნილობას, “გვირგვინი მეკეთა და უკან თმები ბოლომდე აწეული მქონდა. თორნიკეს ერთღილიანი შავი შარვალ-კოსტიუმი ეცვა და ღია კრემისფერი პერანგი ამ ფერის ჰალსტუხითვე “_ გვითხრა ქეთიმ.
პატარძლის ინიციატივით დარბაზი თეთრ და წითელ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ნეფე-პატარძლის კუთხეს ორი დეკორატიული ხე და პეპლები ამშვენებდა _ `რატომღაც ბავშვობიდან მიყვარს პეპლები და გადავწყვიტე, ჩემს ქორწილშიც გამომეყენებინა მათი სილამაზე”.
საქორწილო ტორტიც თეთრი და წითელი ფერებით იყო გაფორმებული და ამავე ფერების დიდრონი ვარდები ამშვენებდა. ამავე ფერის ყვავილებით იყო გაკეთებული თაიგულიც, რომელიც ქეთის იმდენად მოეწონა, რომ გადასაგდებად დაენანა და დღესაც შენახული აქვს.
ქორწილის მუსიკალური გაფორმებაც ტრადიციული იყო. ქეთი იხსენებს, რომ რამდენჯერმე იცეკვა “აჭარული” და “დაისი”. ტრადიციული ცეკვების შემდეგ წყვილმა ვალსიც შეასრულა.
წყვილი დარბაზიდან ფეიერვერკის ფონზე გამოაცილეს “ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ” _ ამბობს ქეთი.


ქეთი კომახიძე და თორნიკე მიქელაძე

0 коммент.:

Отправить комментарий