პატარძლის დაგეგმილი ქორწილი



ხათუნასა და მინდიას ქორწილი, როგორც ხათუნა ამბობს, სანახაობრივად მდიდარი იყო. ქორწილს თავად პატარძალი ორგანიზატორობდა. 400-კაციანი ქორწილი “ნიკალაში” გაიმართა. “დარბაზში დამონტაჟებული იყო დიდი ეკრანი და ჩვენი ქორწილი პირდაპირ ეთერში გადიოდა. ჩვენი ცეკვისას კი ჭერიდან ბუშტები და ფერადი ლენტები ცვიოდა” _ იხსენებს ხათუნა.
დარბაზში მისულ ნეფე-პატარძალს ვაჟები ტრადიციულად ხანჯლებით შეეგებნენ, გოგონები კი _ ვარდებით ხელში.
დარბაზი გაფორმებული იყო ფეიერვერკით, მოწვეული სტუმრებისთვის კი საჩუქრად ყველა მაგიდაზე თაიგულები იდო.
ფოტოგადაღებისთვის მოწვეული ჰყავდათ ცნობილი ფოტოგრაფი თურქეთიდან და როგორც ხათუნა ამბობს, მის გამო სასაცილო სიტუაციებშიც ვარდებოდნენ _ “ფოტოს გადაღებისას იატაკზე წვებოდა ან ხეებზე დაძვრებოდა, რაც ხალხის ინტერესს იწვევდა”.
მინდია მახარაძემ და ხათუნა გუნდაძემ ერთმანეთი ტელეფონის საშუალებით გაიცნეს, დამეგობრდნენ და ერთ დღესაც მინდიამ ხათუნა მოიტაცა. ხათუნა მეგობრებმა პატრულის საშუალებით დააბრუნეს უკან. იგი ერთი თვის განმავლობაში გაბრაზებული იყო მინდიაზე, შემდეგ კი შეურიგდა და რამდენიმე თვეში იქორწინეს კიდეც.
ქორწილში ხათუნას გამოყვანილი და უკან ღრმად ამოჭრილი, ღია კრემისფერი კაბა ეცვა, რომელიც თავისი გემოვნებით შეაკერინა. სადა ვარცხნილობაც თავისით შეარჩია. რაც შეეხება მინდიას, მას ხათუნას შერჩეული სამოსი ეცვა _ შავი შარვალ-კოსტიუმი კრემისფერი პერანგით და ამავე ფერის ჰალსტუხით.
მუსიკალური გაფორმება ტრადიციული იყო, მუსიკოსები დოლზე და ჭიბონზე უკრავდნენ. ქორწილში მინდიას მეგობარი მღეროდა, რომელიც ხათუნას მოტაცების მონაწილე იყო. ჰყავდათ მოწვეული მოცეკვავეებიც _ ბავშვების ანსამბლები, რომლებიც სადღეგრძელოებს შორის ცეკვავდნენ და ალამაზებდნენ ქორწილს.
რაც შეეხება საჩუქრებს, უამრავ საინტერესო საჩუქარს შორის განსაკუთრებით შთამბეჭდავი მინდიას თურქი მეგობრების საჩუქარი _ სასტუმროს ნომერი იყო.
ქორწილში უამრავი საინტერესო დაგეგმილი და დაუგეგმავი კურიოზიც მოხდა. `ჩვენი ქორწილი კვირა დღეს დაემთხვა, მმაჩის ბიურო ამ დღეს არ მუშაობდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ხელისმოწერა გაგვეთამაშებინა. “მმაჩის ბიუროს ქალის” როლი ჩემს მეგობარს მოვარგეთ და ხელი ფიქტიურად მოვაწერეთ, რეალურად კი შვილის, დათას, დაბადებამდე ერთი კვირით ადრე მოვაწერეთ ხელი”. სხვა კურიოზული სიტუაციებიც ბევრი იყო. რადგან საქორწილო შოუს ორგანიზატორი ხათუნა იყო, ის ქორწილის დღეს გასეირნებისას თუ უკვე დარბაზში ყოფნისას განკარგულებებს იძლეოდა _ “დაგეგმილი მქონდა, რომ ჩვენი ცეკვის დროს დარბაზში შუქი უნდა ჩამქრალიყო. ცეკვა რომ დავიწყეთ, ჩემს ძმას გაღიმებული სახით, მაგრამ მკაცრი ხმით ვეუბნებოდი _ შუქი ჩააქრეთ!..”
ქორწილის დასასრულს მინიდისკოთეკა გაიმართა. ახალდაქორწინებულები მეგობრებთან ერთად დიდხანს ერთობოდნენ _ “რამდენიმე ადამიანი ხმის გამაძლიერებელზეც კი ავიდა და იქ ცეკვავდა”.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მუხამბაზი, რომელიც პატარძალს მეუღლემ მოწვეულ მოცეკვავეებთან ერთად ფიალებით ხელში შეუსრულა. “სტუმრად გვყავდა მინდიას ნიგერიელი მეგობრებიც, ერთ-ერთმა ძალიან კარგად იმღერა და მთელი დარბაზი ცეკვავდა” _ ამბობს ხათუნა.

მინდია მახარაძე და ხათუნა გუნდაძე

0 коммент.:

Отправить комментарий