ეკასა და ნიკას ქორწილი კურიოზებით დაიწყო. ჯერ იყო და შეცივებული და მოშიებული პატარძალი პირველი შევარდა დარბაზში, რაც საქორწილო ჩანაწერებშიც კარგად ჩანს. მერე კი, ცეკვისას, თითქმის ყველა დასრიალდა საქორწილო დარბაზის იატაკზე და ბევრი დაეცა კიდეც, მათ შორის ერთ-ერთი მეჯვარეც. ყველაფერი კი იმით დაგვირგვინდა, რომ ერთ-ერთი მოწვეული სტუმარი ისე ცეკვავდა, myvideo.ge _ ზეც მოხვდა ეს ჩანაწერი.
ეკა ჯაიანი და ნიკა ნადარაია ინტერნეტის საშუალებით დაახლოვდნენ, თუმცა ისინი მანამდეც იცნობდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთ პოპულარულ საიტზე ნიკამ ეკას ფოტოები დაათვალიერა და მისწერა კიდეც _ “გათხოვილი ხარ?”. ამის შემდეგ დაიწყეს აქტიური მიმოწერა, მაგრამ რადგან ნიკა თბილისში ცხოვრობდა და ეკა ბათუმში, ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეხვდნენ. ერთხელაც, ნიკა ერთი დღით ჩამოვიდა ბათუმში, გაიცნო ეკა და მეორე დღესაც აქ დარჩა …
შემდეგ კვლავ ვირტულური ურთიერთობა... ისევ შეხვედრა... და ნიკა ისევ ჩამოვიდა ბათუმში. `შეხვდი და ტაძარში წავედით. ნიკამ სამი სანთელი იყიდა და მითხრა, ერთი შენია, ერთი ჩემი და ერთიც უფლის, რომ ასეთი სიყვარული მაჩუქაო. შემდეგ დაიჩოქა მუხლებზე და ხელი მთხოვა”. ეკას უარი არ უთქვამს, მაგრამ შეუღლება ნაადრევად მიაჩნდა, თუმცა ნიკამ შეძლო მისი დათანხმება და იმ დღესვე გაიპარნენ…
დაახლოებით ერთ თვეში ტრადიციული ქორწილიც გაიმართა, რომელსაც თამადა უძღვებოდა, ჟღერდა ტრადიციული და თანამედროვე მუსიკა.
ქორწილამდე წყვილმა ხელი მოაწერა, ჯვარი კი ქორწილის დღეს სვეტიცხოველში დაიწერეს. როგორც ეკა ამბობს ჯვრისწერა სვეტიცხოველში მისი ოცნება იყო და აუხდა კიდეც: “ყოველთვის მინდოდა, ჯვარი სვეტიცხოველში დამეწერა, ოცნება ამიხდა”.
რაც შეეხება ნეფე-პატარძლის ჩაცმულობას, ნიკას შავი შარვალ-კოსტიუმი ეცვა, თეთრი პერანგითა და მოთეთრო მოლურჯო ჰალსტუხით. ეკას კი დიდი დრო დასჭირდა კაბის შესარჩევად _ “ამ მხრივ პრეტენზიული ვარ, არ შემიძლია ყველაფერი ჩავიცვა… რომელიც მომეწონა, იმ კაბას არ აქირავებდნენ და ყიდვა მე არ მინდოდა”. საბოლოოდ, მაინც შეძლო სასურველი კაბის პოვნა _ თეთრი, ღრმა დეკოლტეთი და ლამაზი ნაქარგებით. ვარცხნილობა და მაკიაჟიც თავად შეარჩია.
ეკა განსაკუთრებით სამსართულიანი, ოქროსფერი ტორტის დაჭრის პროცესს და დარბაზიდან სახლში წასვლის მომენტს იხსენებს: “ტრადიციულად, ნეფე-პატარძალმა ერთმანეთს უნდა გაასინჯოს ტორტი. ნიკამ ჯერ იყო და იმხელა ნაჭერი მომაწოდა, ძლივს გადავყლაპე, მერე კი რატომღაც კრემი წამისვა სახეზე, მეც წავუსვი და შემდეგ ძლივს მოვიშორეთ ეს ცხიმი, კადრზეცაა აღბეჭდილი ჩვენი გასუფთავების პროცესი.
ქორწილის დასასრულს მძღოლი, ვისაც ჩვენ უნდა წავეყვანეთ, აღმოჩნდა, რომ ძალიან მთვრალი იყო. ყველაზე გვიან ჩვენ გამოვედით დარბაზიდან, მანქანას და მძღოლს ვეძებდით, ვინც სახლამდე მიგვიყვანდა”.
პატარძალმა წესისამებრ თაიგულიც ისროლა, საგანგებოდ დამზადებული. და რაც ყველაზე საინტერესოა, ის გოგონა, ვინც თაიგული დაიჭირა, ქორწილის შემდეგ მალევე გათხოვდა.
ეკა ამჟამად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეოთხე კურსზე სწავლობს, ამიტომ ხშირად უხდება საყვარელ ადამიანთან დაშორება. ნიკა კი თბილისში, საბაჟოზე მუშაობს და ცდილობს, ხშირად ჩამოვიდეს ეკას სანახავად.
0 коммент.:
Отправить комментарий