scrapbooking _ ლამაზი და საჭირო ჰობი

scrapbooking _ ალბომების შექმნის ხელოვნებაა, უფრო სწორად ალბომის თითოეული გვერდის გაფორმების. ძირითადად ასეთ ალბომებში ოჯახის წევრების ფოტოსურათებს, ძვირფას წერილებს და მისალოც ბარათებს ინახავენ. რატომ დავვინტერესდი ამ ხელოვნებით: სულ ახლახან აღმოვაჩინე, რომ ძალიან ძნელია ლამაზი ფოტოალბომის შოვნა ფოტომაღაზიებში. ხშირად მსმენია, რომ საქორწინო ფოტოალბომები ძალიან ცუდი გაფორმებულია, საოჯახო ალბომები კი ზედმეტად მოსაწყენი. ჰოდა, ძვირფასო გოგონებო! ეს ხელსაქმე სწორედ მსგავსი "მნიშვნელოვანი წვრილმანებისთვისაა".
scrapbooking-ით ბევრი ადამიანია გატაცებული საზღვარგარეთ, ამას ისიც მოწმობს, რომ ინტერნეტში უამრავი ბლოგი, საიტი და ვიდეოგაკვეთილის შოვნა შეიძლება ამ თემაზე. ყველაზე დიდი არჩევანი საალბომე იდეებისა, შეგიძლიათ ყოუტუბე.ცომ-ზე დაძებნოთ.
თუ გსურთ, რომ სცრაპბოოკინგ-ით თქვენც დაკავდეთ, შემდეგი ინვენტარით უნდა შეიარაღდეთ: ძალიან ბევრი სხვადასხვა ფერის, სისქისა და ტექსტურის ქაღალდი, წვრილი ფერადი ბაფთები, ყველა სახის სტიკერი, წებო, სახაზავი, მაკრატელი და დიდი ნებისყოფა. დასაწყისისთვის სავსებით საკმარისია!

აი ლინკები, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გაერკვეთ ამ ხელოვნების არსში და შეიძება რამოდენიმე შესანიშნავი იდეაც მოგაწოდოთ:)





რა დავლიოთ პაემანზე

ალკოჰოლური სასმელი მხოლოდ მამაკაცებისთვის არ მოუგონიათ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ყველა სასმელი ქალისთვის, პირდაპირი მნიშვნელობით - მიუღებელია.
ეს რჩევები იმ მამაკაცებს გამოადგებათ, რომლებიც პაემანზე დაპატიჟებულ მანდილოსნებს ნატახტარის ლუდით უმასპინძლდებიან და ასევე იმ ქალებს, რომლებმაც არ იციან, რა დალიონ და მამაკაცის მიერ შეთავაზებულ "ნატახტარს" მიირთმევენ.
ძვირფასო ქალებო, როცა სასმელის არჩევაზე მიდგება ჯერი, დიდ ხანს ნუ იფიქრებთ, აირჩიეთ ისეთი სასმელი, რომელიც მარტივი დასალევი იქნება და თქვენს ხელშიც მაქსიმალურად მიმზიდველი და “ქალური” გამოჩნდება - ასეთია ყავის ან ხილის ლიქიორი, მარტინი, სხვადასხვა სახის კოქტეილი, მაგალითად - long icland-ი ან/და რომელიმე ქართული და უცხოური ბრენდის წითელი ღვინო.
თუ თქვენი შეხვედრა პირველი არ არის და უკვე ამ ადამიანს კარგად იცნობთ, შეგიძლიათ უფრო ძლიერი სასმელიც მიირთვათ, მაგალითად ჯინ-ტონიკი და არა ვისკი... ეცადეთ, თავი შეიკავოთ ზედმეტად მაგარი სასმელებისგან, მაგრამ თუ მაინც რაიმე "უფრო ძლიერი" გადაწყვიტეთ, შეუკვეთეთ არაყი ოღონდ არა "არგო" და სხვა მსგავსი. აუცილებლად კარგი და ძვირფასი არაყი შეუკვეთეთ, მაგალითად DANSKA ან SKYY, არაყი სასურველია ხილისა იყოს და თანაც ცოტა რაოდენობის _ ასეთ დროს მთავარია დაიცვათ ზომიერება, რომანტიკული საუბრისას თავი სალათში რომ არ ჩაგივარდეთ.
თუ თქვენი შეხვედრა უფრო თავისუფალ და მეგობრულ გარემოში დაიგეგმა, მაშინ შეგიძლიათ ნაკლებ ალკოჰოლური ან სპეციალურად ქალებისთვის განკუთვნილი, საერთოდ უალკოჰოლო ლუდი დალიოთ. გაითვალისწინეთ, რომ ლუდის სმით, მამაკაცის თვალში “მეგობრის ამპლუას” ვერ მოირგებთ და ვერც მის ბიუჯეტს გაუწევთ არსებით ეკონომიას. ასე რომ, თუ ამ სასმელის მოყვარული არ ბრძანდებით, სისულელეა მხოლოდ ხათრისთვის ხვრიპოთ იგი.

საუზმე საწოლში

თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ საუზმე საწოლში მხოლოდ ცოლ-ქმრისთვის არ არის მოგონილი, ასეთი სასიამოვნო საჩუქარი შეგიძლიათ თქვენი ოჯახის ნებისმიერ წევრს მოუმზადოთ და საამისოდ არანაირი განსაკუთრებული მიზეზი არ არის საჭირო. ეს ყურადღების სასიამოვნოდ და გემრიელად გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
საწოლში საუზმის მისართმევად დაგჭირდებათ დიდი და მყარი ლანგარი, რომელზეც შეგიძლიათ ცხელი ტოსტი, ომლეტი და განწყობისთვის, პატარა ყვავილი მოათავსოთ.
ომლეტის დასამზადებლად (ოთხი პორციისთვის) ღრმა თასში კარგად აურიეთ 8ც კვერცხი, 1 ფინჯანი რძე (წყალიც შეიძლება), მარილი გემოვნებით და ცოტაც დაფქული შავი პილპილი ისე რომ, მასა არ მიიყვანოთ ამოფუვებამდე.
ტაფაზე გაადნეთ 2ს/კ კარაქი და ფრთხილად დაასხით კვერცხის მასა. როცა ომლეტი თითქმის გამოცხვება, ჩაახეხეთ შიგ ყველი.
სულ ბოლოს კი ორად მოკეცილ ომლეტს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, გვერდით მიუდეთ კარაქში ან მშრალად გაფიცხებული პურის ტოსტები და ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი.
მერწმუნეთ, ამ უგემრიელესი საუზმით დაწყებული დღე ძალიან ნათელი და ენერგიული იქნება, ასე რომ, ნუ დაგეზარებათ ძვირფასი ადამიანებისთვის მსგავსი საჩუქრის მომზადება.

მოსწავლის საგზალი

ყველას სურს, თავისი შვილი მხოლოდ სასარგებლო და უსაფრთხო საკვებით იკვებებოდეს, მაგრამ რა ვიღონოთ, როცა ბავშვი სკოლაშია და მთელი დღე ბუფეტში შეძენილ ფენოვანსა და გაზიან სასმელს მიირთმევს? ასეთი კვება ხომ წარმოუდგენლად დიდ ზიანს აყენებს ბავშვის ორგანიზმს.
სწორედ ამიტომ თქვენი პატარისთვის აუცილებლად უნდა შეიძინოთ მომცრო ზომის პლასტმასის კონტეინერი, რომლითაც ყოველდღე გაატანეთ სკოლაში თქვენს მომზადებულ პიურეს, კარტოფილის ღვეზელსა თუ სხვა ნებისმიერი სახის საკვებს. არ დაგავიწყდეთ, რომ პატარებს ძალიან უყვართ `ბონუს საკვები~, ანუ რაიმე სასუსნავი, ამიტომაც სკოლაში ბანანი, ვაშლი ან რამე სხვა ხილი გაატანეთ. კარგი იქნება, თუ პატარა თერმოსით კაკაოს ან ხილის კომპოტსაც გაატანთ _ დღეს სასკოლო ჩანთებს თერმოსის ჩასადები სპეციალური უბეებიც აქვს.
ერთადერთი პრობლემა, რასაც შეიძლება ბავშვის საგზალთან მიმართებაში წააწყდეთ, ისევ თქვენი პატარას კომპლექსები გახლავთ _ პატარებს ეთაკილებათ თანაკლასელების დასანახად სახლიდან წაღებული საკვების ჭამა, ამიტომ აუცილებლად დაუკავშირდით თქვენი შვილის ყველაზე ახლო თანაკლასელის მშობელს და შესთავაზეთ მას საგზლის მომზადების იდეა. შემდეგ კი შეგიძლიათ მშვიდად იყოთ _ პატარა მარტო არ იქნება და სახლიდან წაღებულ სადილს დიდი ნეტარებით დააგემოვნებს მეგობართან ერთად.
ნუ დაგავიწყდებათ კონტეინერის გაფორმებაც, საზღვარგარეთ სასკოლო ლანჩისთვის სპეციალური პატარა ჩანთები არსებობს სხვადასხვა ანიმაციური გმირების ნახატებით. თქვენც შეეცადეთ, საგზლის ყუთი კოხტად და ლამაზად გააფორმოთ _ საგზლის კონტეინერი საამაყო ჭურჭელი უნდა იყოს პატარა მოსწავლისთვის.

როგორი ქოლგა გვჭირდება

ბათუმში ძნელად მოიძებნება ადამიანი, ვინც ქოლგას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მიუხედავად თბილი და ზოგჯერ ცხელი ამინდებისა, როგორც მოდის სამყაროში ამბობენ, ქოლგა "აქტუალობას არც წელს დაკარგავს" _ სინოპტიკოსები მალე წვიმას და აცივებას გვპირდებიან. და თუ ქოლგა ჯერ არ შეგიძენიათ, დროა გაეშუროთ ბაზრობისკენ.
დაფიქრდით, როგორი ქოლგა გიხდება და გჭირდება. დიდ ქოლგებს, რომლებიც ბოლომდე არ იკეცება, აქვს უბრალო და საიმედო კონსტრუქცია, ამიტომ საკმაოდ გამძლეა. მავთულებს არ აქვს ზედმეტი მექანიზმები და გადატეხვები, ამიტომ ქოლგის გუმბათი უფრო უხეში და მრგვალია, რაც არამარტო ლამაზია, მოსახერხებელიცაა _ წვიმის წვეთები ადვილად ”ცვივა” ქვემოთ და ქოლგაც მალე შრება. ამ სახის ქოლგას ის ნაკლი აქვს, რომ ყოველთვის ხელში უნდა გეჭიროს და შენობაში კუთხეში დატოვება გიწევს, რის გამოც ხშირად გრჩება შენობაში.
რაც შეეხება დასაკეც ქოლგებს, მათი მთავარი პლუსი კომპაქტურობაა, პატარა ჩანთითაც კი შეგიძლიათ ტარება. თუმცა ამ ქოლგის დაზიანების შანსი უფრო დიდია, რადგან რაც მეტი ნაწილი აქვს ქოლგას, მით უფრო მეტი აქვს "სუსტი წერტილიც". დასაკეცი ქოლგები ერთმანეთისგან განსხვავდება გახსნის და დახურვის მეთოდით. არის ხელით სამართავი ნახევრად ავტომატური ქოლგები (სახელური ხელით იწევა და გუმბათი ღილაკზე ხელის დაჭერით), ავტომატური (მათ გასახსნელად ღილაკზე თითის დაჭერაც საკმარისია) და სრულიად ავტომატური, რომლებიც არამარტო იხსნება, არამედ იხურება ავტომატურად, ღილაკზე თითის დაჭერით.
თუ უკვე გადაწყვიტეთ, რა სახის ქოლგა გირჩევნიათ, შეძენისას რამდენიმე ნიუანსი გაითვალისწინეთ: რამდენჯერმე გახსენით და დახურეთ ქოლგა, რათა დარწმუნდეთ მექანიზმის გამართულობაში. გახსნისას შეამოწმეთ კარგად თუ არის გადაჭიმული ქსოვილი მავთულებზე. საერთოდ, დასაკეც ქოლგებს უფრო მსუბუქად აქვს შემოვლებული ქსოვილი, ვიდრე დიდ ქოლგებს, მაგრამ მეტისმეტად მსუბუქად მაინც არ უნდა იყოს _ წვიმის წვეთები არ დაიწურება და დროთა განმავლობაში ქსოვილიც უფრო გაიწელება. მავთულები, რომლებისგანაც დამზადებულია ქოლგის ერთგვარი "ჩონჩხი", უნდა იყოს ერთნაირი და "ჩონჩხსაც" სწორი ფორმა უნდა ჰქონდეს. ასევე, არ დაგავიწყდეთ შეამოწმოთ მყარადაა თუ არა დამაგრებული სახელურები. ბავშვის ქოლგას უსაფრთხოების მიზნით მავთულების დაბოლოებები პლასტმასის ან ხის ბურთულებით უნდა ჰქონდეს დაფარული.
იმისთვის, რომ ქოლგამ დიდხანს გემსახუროთ და ლამაზადაც გამოიყურებოდეს, საჭიროა კარგად მოუაროთ. გააშრეთ ბოლომდე გაშლილ მდგომარეობაში და არ დაკეცოთ სველი ქოლგა. ნურც ჩანთაში, მძიმე ნივთების ქვეშ მოათავსებთ, მავთულები გაიღუნება ან გადატყდება. აუცილებლობისას შეგიძლიათ ქოლგა გარეცხოთ კიდეც, ამისთვის ნახევრადდაკეცილ მდგომარეობაში ჩაალბეთ საპნიან წყალში, ცოტა ხნის შემდეგ კი გახსენით და სუფთა წყალი გადაავლეთ.
და ბოლოს, გაითვალისწინეთ ისიც, რომ უკეთესია ქოლგა არა ფერის, არამედ სტილის მიხედვით შეარჩიოთ _ საქმიან სამოსში გამოწყობილ ქალს ნაკლებად მოუხდება კოპლებიანი ქოლგა. უნდა გავითვალისწინოთ კანის ფერიც _ ფერმკრთალმა ქალებმა წითელი ან მუქი ვარდისფერი ქოლგა უნდა შეარჩიონ, მწვანე და ლურჯი კი უფრო აფერმკრთალებს კანს ვიზუალურად და ხაზს უსვამს ნაოჭებს.

ნაქსოვი ნივთების გარეცხვა

უკვე აცივდა და ნაქსოვი ნივთებიც სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდა. შესაბამისად, მათი რეცხვაც უფრო ხშირად გვიწევს. ჩვენმა საყვარელმა თბილმა სვიტერმა თუ კაშნემ ფორმა და ფერი რომ არ შეიცვალოს, რამდენიმე რჩევას მოგცემთ ნაქსოვი ნივთების რეცხვასთან დაკავშირებით.
ნაქსოვი ნივთების გასარეცხად უნდა გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ტუტის მცირე შემცველობით. უკეთესია მათ ცივ წყალში თუ გარეცხავთ (არაუმეტეს 30 გრადუსისა). ნაქსოვი სამოსი უნდა გარეცხოთ ხელით. გარეცხვის შემდეგ გაავლეთ მინიმუმ 2-3-ჯერ, მანამ, სანამ წყალი არ გახდება გამჭვირვალე. ბოლო გავლებისას წყალში შეგიძლიათ დაამატოთ ძმარი ან ლიმონის წვენი. თუ სამოსის ეტიკეტზე ან საქსოვი ძაფის შეკვრაზე არის შესაბამისი ნიშნული, იგი შეგიძლიათ გარეცხოთ სარეცხ მანქანაშიც. იმისათვის, რომ არ დაზიანდეს ძაფის სტრუქტურა, უკეთესია სამოსი გარეცხვისას ნაჭრის ტომარაში მოათავსოთ.
რაც შეეხება კონკრეტულად შალის ნაწარმს, ისინი ფრთხილად და მხოლოდ სპეციალური სარეცხი საშუალებებით უნდა გავრეცხოთ, უბრალო ფხვნილები აზიანებენ და არღვევენ მგრძნობიარე ბოჭკოებს და ახდენენ სამოსის დეფორმირებას. შალის ძაფისგან ნაქსოვი სამოსიც ისევე უნდა გავრეცხოთ, როგორც შალის.
გარეცხილი სამოსი შეგიძლიათ გაწუროთ პირსახოცით, მაგრამ ნუ დაატრიალებთ. ნაქსოვი სამოსი უნდა გააშროთ გამობრუნებულ მდგომარეობაში წყლის შემწოვ ზედაპირზე (მაგალითად, პირსახოცი). არ შეიძლება ნაქსოვი ნივთების გაშრობა გამათბობელ საშუალებებთან ახლოს ან მზის პირდაპირი სხივების ქვეშ.

ქუდი და სტილი

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ზამთრის სუსხი არ იგრძნობა, დეკემბერი დადგა და უკვე დროა, დავფიქრდეთ ქუდის შერჩევაზე. დღეს ქუდების დიდი არჩევანია და შეგიძლიათ ატაროთ ის მოდელი, რომელიც გსურთ, თუმცა არის ორი მთავარი ნიუანსი _ გარდა იმისა, რომ თბილად უნდა ვიყოთ, მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარეც. რამდენიმე, ყველაზე მოდური ქუდის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას, რაც მის შერჩევაშიც დაგეხმარებათ.
ბერეტი _ რეტრო ტენდენციის გაგრძელებაა და შეიძლება ითქვას, რომ წელს ერთ-ერთი ყველაზე მოდურია. განსაკუთრებით უხდება გაშლილ ხვეულ თმას _ რომანტიკულია, ელეგანტური და ქალური.

ნაქსოვი ქუდები _ ორიგინალურ გოგონებს უხდებათ, რომლებიც განსაკუთრებულ დახვეწილობას უფრო ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე მოდას. თუმცა, ბათუმში არსებულ ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, ასეთი ქუდები უფრო მოდურია, ვიდრე ორიგინალური. ყველაზე მეტად ნაქსოვი ქუდი გაშლილ სწორ თმას უხდება. განსაკუთრებით პოპულარულია ერთფეროვანი ქუდები მსხვილი ნაქსოვით. ამ ქუდის პლუსია ის, რომ შეგიძლიათ თავად მოქსოვოთ და გექნებათ გარანტია, რომ ზუსტად ასეთი ქუდით ქუჩაში არავინ შეგხვდებათ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნაქსოვი ქუდები სპორტულ და თავისუფალ სტილს უხდება.

”უშანკა” _ ძველი რუსული ქუდების ახალგაზრდული ანალოგია. კარგად გვიცავს სიცივისგან და უფრო ახალგაზრდულ და უდარდელ იმიჯს გვიქმნის.

”გავროში” _ ფრანგები საკუთარ ისტორიას მეტისმეტად ფრთხილად ეკიდებიან და ხშირად მოდაშიც ვერ იცილებენ მის გავლენას. სწორედ პარიზმა კვლავ აქტუალური გახადა ქალის კეპები ”გავროშის” სტილში. ზამთარში ასეთი ქუდები უფრო თბილია და ასეთივე ფერები აქვს. მას იკეთებენ ერთ მხარეს გადაწეულ მდგომარეობაში და ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ასიმეტრიულობა ელეგანტურობას უდრის...

”febora” _ ეს არის მცირე ზომის შლაპის მაგვარი ქუდი, რომელიც ზამთარში თბილი ბეწვით ”იმოსება”. ძირითადად ატარებენ პალტოსთან და ქურთუკთან. ეს ქუდი სახის ყველა ტიპს უხდება.

ბეწვის ქუდი _ ბეწვეული მოდურია ნებისმიერ დროს. თუმცა, აქ სიფრთხილეა საჭირო, პირველ რიგში, ბეწვი ნატურალური უნდა იყოს. იგი ყველაზე მეტად ქურთუკს უხდება, რომელსაც სასურველია ბეწვეულის სახელო ან სხვა დანამატები ჰქონდეს. ასევე, საკმაოდ აქტუალურია ბეწვეულის ჩანთები, რომელიც მოუხდება ბეწვის ქუდს. შეეცადეთ, ბეწვეული არ ატაროთ წვიმაში. თუ დასველდა, არავითარ შემთხვევაში არ დავარცხნოთ და არც გამათბობელზე გააშროთ. ბეწვეული ოთახის ტემპერატურაზე უნდა გაშრეს.

ტყავის და ზამშის ქუდები _ ხშირად ამ ტიპის ქუდებს ბეწვის დანამატები აქვს, რაც საშუალებას გვაძლევს, ვატაროთ სხვადასხვა სახის ქურქთან ერთად. ამ ქუდების მთავარი პლუსი მათი პრაქტიკულობაა _ წვიმაში თუ ბათუმისთვის დამახასიათებელ სველ თოვლში, სხვა ქუდებისგან განსხვავებით, ისინი არ სველდებიან და არ კარგავენ ფორმას.

"ცოტა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ მეც მიყვარდა"

ერთმანეთი საერთო ნაცნობთან გაიცნეს. სიმპათიები მაშინვე გაჩნდა და მალე ვიტალი თამარს სიყვარულშიც გამოუტყდა _ "შევეჩვიეთ ერთმანეთს და მიყვარხარო რომ მითხრა, არ გამკვირვებია, თუმცა, მაინც დავფიქრდი და ცოტა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ მეც მიყვარდა".
თამარს სიურპრიზები უყვარს და ვიტალიც ხშირად ანებივრებდა. ერთხელაც, ბულვარში სასეირნოდ გასულები თხილნარში აღმოჩნდნენ და დრო ძალიან ლამაზად გაატარეს. სიყვარულის დღეს კი მოულოდნელად კაფეში დაპატიჟა, სადაც მეგობრები ელოდებონენ და გვიან ღამემდე იმხიარულეს _ "იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი, მიწაზე ფეხი არ დამიდგამს."
მერე იყო ტრადიციული ნიშნობა, ვიტალი თამარის მშობლებთან მივიდა და საყვარელი ადამიანის ხელი სთხოვა. საქორწინო სამზადისი მალევე დაიწყო, თამარმა თეთრი საპატარძლო კაბა შეარჩია, დეკოლტეთი და გიპიურით გაფორმებული, წელზე კი დიდი ბანტი ეკეთა. შესაბამისი ვარცხნილობაც თვითონ მოიფიქრა. ვიტალიმ ტრადიციულ შავ შარვალ-კოსტიუმს და თეთრ პერანგს მიანიჭა უპირატესობა. თეთრსა და ოქროსფერში იყო გადაწყვეტილი და ცოცხალი ყვავილებით გაფორმებული ნეფე-პატარძლის კუთხე, რომლის დიზაინიც დიზაინერის დახმარებით თამარმა შეარჩია.
რადგან ცეკვა კარგად არც ერთმა იცოდა, გადაწყვიტეს, წინასწარ მომზადებულიყვნენ და გარდა ტრადიციული დაისისა, ტანგოც იცეკვეს, რომელიც დამოუკიდებლად, ვიდეორგოლის დახმარებით შეისწავლეს.


ქორწილი ტრადიციების სრული დაცვით გაიმართა. პატარძალს სახლში მიაკითხეს და იქედან წამოიყვანეს, მერე ჯვარი დაიწერეს ბენზეში, თამარის ეკლესიაში.
დარბაზში წყვილს პატარა გოგო და ბიჭი შეუძღვა, რომლებიც წინ ვარდის ფურცლებს უფენდნენ. წყვილმა ჯერ დაისი იცეკვა, შემდეგ კი რამდენიმე დღეში ნასწავლი ცეცხლოვანი ტანგო, _ დარბაზში ფეიერვერკიც ენთო და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ტანგო მართლაც ცეცხლოვანი იყო.
ქორწილი ლამაზი და საინტერესო გამოვიდა, მეორე დღეს კი ტრადიციულად, ტორტი გაჭრეს და "სადილიც გახსნეს".

ვიტალი მახარაძე და თამარ ფარტენაძე

როგორ დავზოგოთ ფული

ფულის ფლანგვა, როგორც წესი, ქალების პრობლემად მიიჩნევა. ამიტომაც დღევანდელი რჩევები "მფლანგველი ქალებისთვისაა”.
ხელფასის აღებამდე აუცილებლად გააკეთეთ მთელი თვის შესყიდვების სია და თანხის აღების შემდეგ, მაქსიმალურად შეეცადეთ, არ გადაუხვიოთ მას.
ყველა ქალს უნდა ჰქონდეს გარდერობში ცნობილი მარკების ტანსაცმელი, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრებისთვის სამოსი შეგიძლიათ უფრო “უბრალო” მაღაზიებში შეიძინოთ, ისეთებში როგორიცაა: BTM-(ხელვაჩაურში), კ.გამსახურდიას (ძველი ლენინის) ქუჩის #20-ში არსებულ მაღაზია “ანგელოზში”. სპორტული “აღჭურვილობის” მოყვარულებმა შეგიძლიათ დ.თავდადებულის ქ. #46-ში არსებული გერმანული მაღაზია `დიადორა” მოინახულოთ. ფულის დასაზოგად კარგი ვარიანტია ქსოვაც. გარდა იმისა, რომ ეს ხელსაქმე ნერვებს ამშვიდებს, საკმოდ სერიოზულ ეკონომიასაც გააკეთებთ.
ჩაინიშნეთ ან უბრალოდ დაიმახსოვრეთ, დღის განმავლობაში ნანახი ის მაღაზიები, რომელთა ვიტრინებზეც ყველა ქალის საყვარელი აბრა _ “SALE”-ია გამოკრული. თუ სადმე ძალიან ლამაზ და ძვირფას ნივთს გადაეყარეთ, ნუ იჩქარებთ, აუცილებლად მოძებნეთ იგი ონლაინმაღაზიებში, ასე შესაძლოა სამჯერ უფრო იაფად შეიძინოთ.
დილით აუცილებლად მიითვირთ მსუყე საუზმე და სახლიდან გასულმა პატარა კონტეინერით აუცილებლად გაიყოლეთ საგზალი. ნაცვლად, უგემურად წახემსებული ჰამბურგერისა და ფენოვანისა, “პერერივზე”, სახლში დამზადებულ, უსაფრთხო საკვებს მიირთმევთ, რითაც მთელი თვის განმავლობაში სოლიდურ თანხასაც დაზოგავთ.
იარეთ იმ კაფეებში, სადაც “მიწიერი” ფასებია და სადაც თავს დაჯერებულად იგრძნობთ. “ვიპ პრესტიჟულ” კაფეებში, ნათხოვარი ნოუთბუქით ჯდომა, მარტო იმიტომ, რომ იქ უფასო ინტერნეტია, ცოტა უხერხულია, ამიტომ თავი შეიკავეთ ხუთლარიანი ყავის სმისგან.
მაქსიმალურად ეცადეთ, არ დაახურდავოთ “დიდი ფული/კუპიურა”, ხურდები კი დიდ ფულში გადაცვალოთ –ერთიდან ხუთ ლარამდე კუპიურები ისე შემოგეხარჯებათ, რომ ვერც კი ვხვდებით, სად და როგორ გაქრა ის.
და რა თქმა უნდა, გაუფრხილდით ელექტროენერგიას _ როცა სადმე მიდიხართ, ყველაფერი გამორთეთ.
ბოლოს კი რამდენიმე “მითი” ფულის შესახებ, რომლებიც ზოგჯერ ნამდვილად ამართლებს და იქნებ თქვენც გესინჯათ _ ქუჩაში მოძეული ხურდა არ დახარჯოთ და სანამ იგი საფულეში გექნებათ, ფული არ დაგელევათ; ფულის ნაწილი სახლში უნდა შეინახოთ _ ფული, ფულს იზიდავს. ასევე გაუფრთხილდით კუპიურებს, მათ კარგი მოპყრობა უყვართ – ამბობენ, რომ როცა ფულს არ კუჭავთ და არ ხევთ, ისინი საგრძნობლად მრავლდებიან თქვენს საფულეში.

რამდენიმე რჩევა სუნამოს შესახებ

სუნამოს მაგიურ თვისებებზე აღარ მოვყვები და მისი მოხმარების რამდენიმე საიდუმლოს გაგაცნობთ. ზოგი მათგანი "ICI PARIS"-ის კონსულტანტმა, ნანა ჟორჟაძემ გამანდო, ზოგსაც კი სხვადასხვა ვებ-გვერდზე გავეცანი.
თურმე სუნამო მხოლოდ აბაზანის შემდეგ უნდა დაისხათ, სუფთა კანი უკეთ იკრავს სუნს და მერე უფრო დიდ ხანს აირეკლავს მას.
სუნამოს სურნელი რომ უფრო მდგრადი იყოს, იგი უნდა წაისვათ იმ ადგილებში, სადაც ვენები გადის _ მაჯა, იდაყვი, კისერი, ყურის ძირებთან, საფეთქელი, საძილე არტერია, ყელი და მხრები. კანი ამ ადგილებში უფრო თბილია და გარდა სუნის ხანგრძლივობისა, სუნამოს არომატი ბოლომდე იხსნება.
მაშინ, როცა სუნამოს ტანსაცმელზე ასხამთ, გახსოვდეთ, რომ სუნამო ნატურალურ ქსოვილებზე უფრო უკეთ ნარჩუნდება და არც მისი სუნი იცვლება. შალისა და ბეწვეულის სამოსი სუნს წლობით ინარჩუნებს. სუნამომ ღია ფერის სამოსზე შეიძლება ლაქები დატოვოს, ამიტომ იგი სამოსის შიგნიდან უნდა დაასხათ, ნაკერებში.
ყველა ქალმა იცის, რომ დაუშვებელია სუნამოების შერევა, მაგრამ სამწუხაროდ სურნელზე ზეგავლენას უბრალო დეზოდორანტიც ახდენს. ამიტომ, თუ გინდათ, რომ თქვენი სუნამოს თავბრუდამხვევი არომატი უბრალო გამვლელებსაც კი აჯადოვებდეს, შეარჩიეთ რაც შეიძლება ნაკლებარომატული დეზოდორანტი.
რაც შეეხება სუნამოს შენახვას, `იგი ბნელ და გრილ ადგილას, თავდახურული უნდა შეინახოთ _ სუნამოს, რომელსაც მზის სხივი ხვდება, კეთილსურნელებას კარგავს~ _ გვითხრა ნანა ჟორჟაძემ.

გურმანის საჩუქარი

თუკი თქვენ გყავთ მეგობარი, რომელსაც ძალიან უყვარს გემრიელი კერძები და სასუსნავები და სულ მალე მას დაბადების დღე ან რამე სხვა სახის დღესასწაული აქვს, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენზეა ზედგამოჭრილი.
ადამიანებს უხარიათ, როცა მათ რამე გემრიელს ჩუქნიან, განსაკუთრებით კი თუ ეს ტკბილეული თქვენ მიერაა დამზადებული.
თქვენ შეგიძლიათ გამოაცხოთ ორცხობილა ან ნამცხვარი, მაგალითად ვაშლის. მის მოსამზადებლად მიქსერით ათქვიფეთ 3 ც კვერცხი, ნელ-ნელა ჩააყარეთ შიგ ერთი ჭიქა შაქარი, შემდეგ გამორთეთ მიქსერი და დაშაქრული კვერცხის მასაში ჩააყარეთ ერთი ჭიქა ფქვილი და კოვზით ამოურიეთ. არ დაგავიწყდეთ, ცოტაოდენი ვანილის ჩამატებაც. აიღეთ ღმა ფორმა, თუ ის არ გაქვთ, პატარა რკინის თასი, წაუსვით შიგნით ზეთი და ჩაასხით შიგ ცომი, რომელშიც ჩაყარეთ დაჭრილი ვაშლი. ნამცხვარი დაახლოებით 20 წუთში გამოცხვება, თუმცა შიგ ჩაყრილი ვაშლის გამო იგი დიდად არ ამოფუვდება, სამაგიეროდ უფრო გემრიელი იქნება ვიდრე, მხოლოდ თავზე მოყრილი ვაშლებით იქნებოდა (ეს ნამცხვარი მეორე დღეს უფრო გემრიელია).
არ დაგავიწყდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი _ საჩუქრის გაფორმება. იგი აუცილებლად კოხტად სუფთად და მადისაღმძვრელად უნდა გამოიყურებოდეს, რაშიც ლამაზი ჭურჭელი და სადღესასწაულო ბაფთები დაგეხმარებათ.
გარდა ამისა, შეგიძლიათ ნამცხვარს ერთი ბოთლი სახლის ღვინოც დაურთოთ, რომელიც ლამაზ ბოთლში იქნება ჩასხმული. "სასაჩუქრე" ბოთლები და სხვა სახის ქილები მაღაზია `სუპერში~ შეიძლება შეიძინოთ. ბოთლზე კი შეგიძლიათ იუბილარისადმი მისალოცი ტექსტი მიაწებოთ.
კარგი იქნება თუ ამ ყველაფერთან ერთად რომელიმე კარგი ხარისხის შოკოლადითაც დაატკბობთ იუბილარს. სასაჩუქრე შოკოლადს ქაღალდი შემოაცალეთ და მხოლოდ ფოლგა დაუტოვეთ, შემდეგ კი ლამაზ ქაღალდში (წიგნებზე გადასაკრავ) გაახვიეთ, ბაფთა დააბნიეთ და მზადაა.
მერწმუნეთ თქვენს მეგობარს ასეთი საჩუქრი უფრო გაუხარდება, ვიდრე ნებისმიერი იარლიყიანი ნივთი. მართლაც, რა უნდა იყოს იმ საჩუქარზე უფრო კარგი, რომელიც იჭმევა!

როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია

თითქმის ყველა ოჯახი შიშით ელოდება იმ დღეს, როდესაც `შუქის ქვითარი~ მოაქვთ სახლში. იმისთვის, რომ სახლში ენერგორესურსების ხარჯვა შეამციროთ, შემდეგი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ. რჩევები `ენერგოეფექტურობის ცენტრი, საქართველოს~ პროექტის `მწვანე ავტობუსში~ მოვისმინე და უფრო ზუსტი ინფორმაციისთვის, მათი ბუკლეტები დავიხმარე.
თურმე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათების სისტემებს _ თუ ვარვარა ნათურებს ენერგოდამზოგავი ნათურებით ჩაანაცვლებთ, ელექტროენერგიის მოხმარება 50-70%-ით შემცირდება. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეთ შუქის ჩაქრობა იმ ოთახებში, რომლებშიც არ იმყოფებით;
კონდიციონერის სიმძლავრე, ისევე, როგორც გათბობის სისტემების სიმძლავრე, გასათბობი ფართობის მიხედვით უნდა შეარჩიოთ; კონდიციონერის ჩართვისას ნუ დააყენებთ თერმოსტატის ტემპერატურას 24 გრადუსზე ქვემოთ, ამით ელექტროენერგია დაიზოგება;
მაცივრის ტევადობა აირჩიეთ მოთხოვნილების შესაბამისად. მაცივარი უნდა მოათავსოთ სითბოს წყაროდან მოშორებით და აუცილებლად გაწმინდოთ საყინულე, როცა ყინულის სისქე მიაღწევს 3 მმ-ს, ამით ენერგიის 30%ს დაზოგავთ. ასევე არ უნდა შეინახოთ მაცივარში ცხელი საჭმელი და არც მაცივრის კარი უნდა დატოვოთ ღია _ თურმე ესეც დიდ ზეგავლენას ახდენს ენერგიის წვაზე;
სარეცხი მანქანა უნდა ამუშაოთ სრული დატვირთვით. ეცადეთ, გამოიყენოთ დაბალტემპერატურიანი პროგრამები. რეგულარულად უნდა გაიწმინდოს სარეცხი მანქანის ფილტრი, ელექტროენერგიის მოხმარებას ამითაც შეამცირებთ;
ღამით და სახლის დატოვების შემთხვევაში ქსელიდან უნდა გამორთოთ აუდიო-ვიდეო ტექნიკა. ერთი ტელევიზორი მოლოდინის რეჟიმში (ეკრანზე გამოსახულების გარეშე და ანთებული მართვის სისტემით _ ანუ ანთებული პატარა, წითელი ნათურით) მოიხმარს ნორმალური მუშაობის დროს საჭირო ენერგიის 15%-ს.
საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ დაზოგვის ეს ხერხები ძალიან ეფექტურია, მას შემდეგ, რაც უბრალო ნათურები, ენერგოდამზოგავი, სპირალისებრი ნათურებით ჩავანაცვლე, ელექტროენერგიის გადასახადი საგრძნობლად შემცირდა.

როგორ მოვაწყოთ საძინებელი იაფად და გემოვნებით

საძინებელი ყველაზე მაგიური და განსაკუთრებული ადგილია სახლში, აქ აუცილებლად კომფორტულად და მშვიდად უნდა გრძნობდეთ თავს. ჩვენ რამდენიმე მარტივ რჩევას შემოგთავაზებთ, რომლებიც ოთახის გემოვნებით გაფორმებაში დაგეხმარებათ.
დეკორაციული და სურნელოვანი სანთლები არამარტო მყუდრო გარემოს შექმნიან თქვენს საძინებელში, ისინი განტვირთვაშიც დაგეხმარებიან _ მათი შეძენა "სუპერში", "გუდვილსა" და "ჯორჯიტას" სუპერმარკეტშია შესაძლებელი (ფასი _ ერთიდან 25 ლარამდე);
საძინებელში რამდენიმე სახასიათო ნივთი _ ორიგინალური სურათები, ნახატები, განსაკუთრებული სათამაშოები და ა.შ. _ ხაზს გაუსვამს ოთახის პერსონალურობას;
განათება საძინებელში არ უნდა იყოს ზედმეტად კაშკაშა, საწოლში წიგნის საკითხავად ან უბრალოდ დაბალი განათებისთვის, პატარა ელექტროლამფები უნდა შეიძინოთ, რომლებიც საძინებელში არსებული, რომელიმე ავეჯის ტექსტურს უნდა შეეფერებოდეს...
ფარდებს რაც შეეხება, ინტერნეტში წავიკითხე, რომ ახლა დიზაინერები უპირატესობას ჭერთან ახლოს დაკიდულ ფარდებს ანიჭებენ, რომლებიც იატაკს სწვდება. ასეთი ფარდის საზღვრები ფანჯრის სისქეს უნდა აღემატებოდეს _ ფარდები ფანჯრის კიდეებამდე უნდა იყოს გახსნილი, რაც განსაკუთრებულ, კლასიკურ ეფექტს შესძენს ოთახს;
თუ საძინებელში სიცარიელეს გრძნობთ, არადა, ფერწერული ტილოების დაკიდება ძვირი გიჯდებათ, ან უბრალოდ სხვა მიზეზის გამო არ გნებავთ _ აჯობებს სარკეები დაკიდოთ... სასურველია ისინი რაიმე ლამაზ ჩარჩოში ჩასვათ. გარდა ოთახის ვიზუალურად გადიდებისა, ეს შესანიშნავი დიზაინერული შტრიხი იქნება თქვენი საძინებლისთვის.

დეკუპაჟი – დიზაინერული ხრიკი

დეკუპაჟი, ნივთების გალამაზების ძალიან ძველი ტექნიკაა, მას ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ავეჯის გასაფორმებლად იყენებდნენ გერმანიაში. დღეს ამ ტექნიკით შეგიძლიათ თითქმის ყველანაირი მოსაწყენი ნივთი გააფორმოთ, იქნება ეს მაგიდა, ჭურჭელი თუ სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთი.
დეკუპაჟი ერთგვარი აპლიკაციაა, მის შესაქმნელად სასურველი ორნამენტი ან ფიგურა,ქსოვილიდან, ქაღალდის ხელსახოცისგან, უბრალო ფურცლისა და ფოტოქაღალდიდანაც შეგიძლიათ გამოჭრათ, შემდეგ იგი სხვადასხვა სახის ავეჯსა თუ აქსესუარზე უნდა დააწებოთ და ზემოდან ლაქი გადაუსვათ. ოღონდ ორნამენტი კონტექსტიდან ამოვარდნილი რომ არ ჩანდეს, სურათს აკრილის საღებავით უნდა მიახატოთ კონტურები და დაბოლოებები.
დეკუპაჟის მოყვარულთა ფანგვერდზე - prodecoupage.com - ზე წავიკითხე, რომ ამოპრინტერებულ ქაღალდს, დაწებებამდე თმის ლაქი უნდა შეასხათ. ფოტოსურათს ჯერ ზედაპირზე (გამოსახულების მხარეს) უნდა წაუსვათ ლაქი, გაშრობის შემდეგ კი წყალში დაასველოთ და ფრთხილად მოაშოროთ ქვედა (თეთრი) მხარე. დეკუპაჟისთვის ხშირად იყენებენ მისალოც ბარათებს – მათი მომზადება ყველაზე ადვილია – დაასველეთ თითი წყალში და გადაუსვით ბარათს უკანა მხარეს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ზედაპირის დამუშავება, რომელზეც აწებებთ სურათს, მაგალითად, შუშა და ფაიფური კარგად უნდა გაწმინდოთ სპირტით ან ძმრით. ხის ნივთების ზედაპირი კი, დაწებებამდე უნდა გახეხოთ და თუ არ დაგეზარებათ, აკრილითაც შეღებეთ.
იმედია, დაგაინტერესათ დეკორირების ამ ხერხმა და თქვენც შექმნით რაიმე ორიგინალურ და ძალიან ლამაზ დეკუპაჟს.

ორცხობილა ჯემით

ინსტრუქცია ჯემიანი ორცხობილის დასამზადებლად ირმა სურმანიძემ მოგვაწოდა.
კარგად ათქვიფეთ 2ც კვერცხი და ყავის ფინჯნით, ნელ-ნელა გაურიეთ მასში ზეთი. შემდეგ ჩაამატეთ ერთი შეკვრა, დარბილებული მარგარინი, 1 ჭიქა შაქართან ერთად და ამოიყვანეთ მიქსერით, ჩაამატეთ შიგ ვანილის ფხვნილი (მთელი შეკვრა), ერთი სუფრის კოვზი კარგი ხარისხის არაყი და სულ ბოლოს ფქვილი, იმდენი, რამდენსაც შეიზელს. ცომი ძალიან რბილი უნდა იყოს და მისგან პატარა ბურთულები უნდა გამოძერწოთ, რომელსაც თავზე პატარა ორმოები გაუკეთეთ და შიგ ნებისმიერი ხილის ჯემი მოათავსეთ.
ორცხობილა საკმაოდ მალე ცხვება, ამიტომ ყურადღებით იყავით, როგორც კი შეწითლდება, გამოიღეთ ისინი ღუმელიდან და ღრმა ვაზაზე დაალაგეთ.