"ცოტა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ მეც მიყვარდა"

ერთმანეთი საერთო ნაცნობთან გაიცნეს. სიმპათიები მაშინვე გაჩნდა და მალე ვიტალი თამარს სიყვარულშიც გამოუტყდა _ "შევეჩვიეთ ერთმანეთს და მიყვარხარო რომ მითხრა, არ გამკვირვებია, თუმცა, მაინც დავფიქრდი და ცოტა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ მეც მიყვარდა".
თამარს სიურპრიზები უყვარს და ვიტალიც ხშირად ანებივრებდა. ერთხელაც, ბულვარში სასეირნოდ გასულები თხილნარში აღმოჩნდნენ და დრო ძალიან ლამაზად გაატარეს. სიყვარულის დღეს კი მოულოდნელად კაფეში დაპატიჟა, სადაც მეგობრები ელოდებონენ და გვიან ღამემდე იმხიარულეს _ "იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი, მიწაზე ფეხი არ დამიდგამს."
მერე იყო ტრადიციული ნიშნობა, ვიტალი თამარის მშობლებთან მივიდა და საყვარელი ადამიანის ხელი სთხოვა. საქორწინო სამზადისი მალევე დაიწყო, თამარმა თეთრი საპატარძლო კაბა შეარჩია, დეკოლტეთი და გიპიურით გაფორმებული, წელზე კი დიდი ბანტი ეკეთა. შესაბამისი ვარცხნილობაც თვითონ მოიფიქრა. ვიტალიმ ტრადიციულ შავ შარვალ-კოსტიუმს და თეთრ პერანგს მიანიჭა უპირატესობა. თეთრსა და ოქროსფერში იყო გადაწყვეტილი და ცოცხალი ყვავილებით გაფორმებული ნეფე-პატარძლის კუთხე, რომლის დიზაინიც დიზაინერის დახმარებით თამარმა შეარჩია.
რადგან ცეკვა კარგად არც ერთმა იცოდა, გადაწყვიტეს, წინასწარ მომზადებულიყვნენ და გარდა ტრადიციული დაისისა, ტანგოც იცეკვეს, რომელიც დამოუკიდებლად, ვიდეორგოლის დახმარებით შეისწავლეს.


ქორწილი ტრადიციების სრული დაცვით გაიმართა. პატარძალს სახლში მიაკითხეს და იქედან წამოიყვანეს, მერე ჯვარი დაიწერეს ბენზეში, თამარის ეკლესიაში.
დარბაზში წყვილს პატარა გოგო და ბიჭი შეუძღვა, რომლებიც წინ ვარდის ფურცლებს უფენდნენ. წყვილმა ჯერ დაისი იცეკვა, შემდეგ კი რამდენიმე დღეში ნასწავლი ცეცხლოვანი ტანგო, _ დარბაზში ფეიერვერკიც ენთო და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ტანგო მართლაც ცეცხლოვანი იყო.
ქორწილი ლამაზი და საინტერესო გამოვიდა, მეორე დღეს კი ტრადიციულად, ტორტი გაჭრეს და "სადილიც გახსნეს".

ვიტალი მახარაძე და თამარ ფარტენაძე

0 коммент.:

Отправить комментарий