როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია

თითქმის ყველა ოჯახი შიშით ელოდება იმ დღეს, როდესაც `შუქის ქვითარი~ მოაქვთ სახლში. იმისთვის, რომ სახლში ენერგორესურსების ხარჯვა შეამციროთ, შემდეგი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ. რჩევები `ენერგოეფექტურობის ცენტრი, საქართველოს~ პროექტის `მწვანე ავტობუსში~ მოვისმინე და უფრო ზუსტი ინფორმაციისთვის, მათი ბუკლეტები დავიხმარე.

თურმე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათების სისტემებს _ თუ ვარვარა ნათურებს ენერგოდამზოგავი ნათურებით ჩაანაცვლებთ, ელექტროენერგიის მოხმარება 50-70%-ით შემცირდება. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეთ შუქის ჩაქრობა იმ ოთახებში, რომლებშიც არ იმყოფებით;
კონდიციონერის სიმძლავრე, ისევე, როგორც გათბობის სისტემების სიმძლავრე, გასათბობი ფართობის მიხედვით უნდა შეარჩიოთ; კონდიციონერის ჩართვისას ნუ დააყენებთ თერმოსტატის ტემპერატურას 24 გრადუსზე ქვემოთ, ამით ელექტროენერგია დაიზოგება;
მაცივრის ტევადობა აირჩიეთ მოთხოვნილების შესაბამისად. მაცივარი უნდა მოათავსოთ სითბოს წყაროდან მოშორებით და აუცილებლად გაწმინდოთ საყინულე, როცა ყინულის სისქე მიაღწევს 3 მმ-ს, ამით ენერგიის 30%ს დაზოგავთ. ასევე არ უნდა შეინახოთ მაცივარში ცხელი საჭმელი და არც მაცივრის კარი უნდა დატოვოთ ღია _ თურმე ესეც დიდ ზეგავლენას ახდენს ენერგიის წვაზე;
სარეცხი მანქანა უნდა ამუშაოთ სრული დატვირთვით. ეცადეთ, გამოიყენოთ დაბალტემპერატურიანი პროგრამები. რეგულარულად უნდა გაიწმინდოს სარეცხი მანქანის ფილტრი, ელექტროენერგიის მოხმარებას ამითაც შეამცირებთ;
ღამით და სახლის დატოვების შემთხვევაში ქსელიდან უნდა გამორთოთ აუდიო-ვიდეო ტექნიკა. ერთი ტელევიზორი მოლოდინის რეჟიმში (ეკრანზე გამოსახულების გარეშე და ანთებული მართვის სისტემით _ ანუ ანთებული პატარა, წითელი ნათურით) მოიხმარს ნორმალური მუშაობის დროს საჭირო ენერგიის 15%-ს.
საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ დაზოგვის ეს ხერხები ძალიან ეფექტურია, მას შემდეგ, რაც უბრალო ნათურები, ენერგოდამზოგავი, სპირალისებრი ნათურებით ჩავანაცვლე, ელექტროენერგიის გადასახადი საგრძნობლად შემცირდა.

0 коммент.:

Отправить комментарий