მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ზამთრის სუსხი არ იგრძნობა, დეკემბერი დადგა და უკვე დროა, დავფიქრდეთ ქუდის შერჩევაზე. დღეს ქუდების დიდი არჩევანია და შეგიძლიათ ატაროთ ის მოდელი, რომელიც გსურთ, თუმცა არის ორი მთავარი ნიუანსი _ გარდა იმისა, რომ თბილად უნდა ვიყოთ, მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარეც. რამდენიმე, ყველაზე მოდური ქუდის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას, რაც მის შერჩევაშიც დაგეხმარებათ.
ბერეტი _ რეტრო ტენდენციის გაგრძელებაა და შეიძლება ითქვას, რომ წელს ერთ-ერთი ყველაზე მოდურია. განსაკუთრებით უხდება გაშლილ ხვეულ თმას _ რომანტიკულია, ელეგანტური და ქალური.
ნაქსოვი ქუდები _ ორიგინალურ გოგონებს უხდებათ, რომლებიც განსაკუთრებულ დახვეწილობას უფრო ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე მოდას. თუმცა, ბათუმში არსებულ ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, ასეთი ქუდები უფრო მოდურია, ვიდრე ორიგინალური. ყველაზე მეტად ნაქსოვი ქუდი გაშლილ სწორ თმას უხდება. განსაკუთრებით პოპულარულია ერთფეროვანი ქუდები მსხვილი ნაქსოვით. ამ ქუდის პლუსია ის, რომ შეგიძლიათ თავად მოქსოვოთ და გექნებათ გარანტია, რომ ზუსტად ასეთი ქუდით ქუჩაში არავინ შეგხვდებათ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნაქსოვი ქუდები სპორტულ და თავისუფალ სტილს უხდება.
”უშანკა” _ ძველი რუსული ქუდების ახალგაზრდული ანალოგია. კარგად გვიცავს სიცივისგან და უფრო ახალგაზრდულ და უდარდელ იმიჯს გვიქმნის.
”გავროში” _ ფრანგები საკუთარ ისტორიას მეტისმეტად ფრთხილად ეკიდებიან და ხშირად მოდაშიც ვერ იცილებენ მის გავლენას. სწორედ პარიზმა კვლავ აქტუალური გახადა ქალის კეპები ”გავროშის” სტილში. ზამთარში ასეთი ქუდები უფრო თბილია და ასეთივე ფერები აქვს. მას იკეთებენ ერთ მხარეს გადაწეულ მდგომარეობაში და ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ასიმეტრიულობა ელეგანტურობას უდრის...
”febora” _ ეს არის მცირე ზომის შლაპის მაგვარი ქუდი, რომელიც ზამთარში თბილი ბეწვით ”იმოსება”. ძირითადად ატარებენ პალტოსთან და ქურთუკთან. ეს ქუდი სახის ყველა ტიპს უხდება.
ბეწვის ქუდი _ ბეწვეული მოდურია ნებისმიერ დროს. თუმცა, აქ სიფრთხილეა საჭირო, პირველ რიგში, ბეწვი ნატურალური უნდა იყოს. იგი ყველაზე მეტად ქურთუკს უხდება, რომელსაც სასურველია ბეწვეულის სახელო ან სხვა დანამატები ჰქონდეს. ასევე, საკმაოდ აქტუალურია ბეწვეულის ჩანთები, რომელიც მოუხდება ბეწვის ქუდს. შეეცადეთ, ბეწვეული არ ატაროთ წვიმაში. თუ დასველდა, არავითარ შემთხვევაში არ დავარცხნოთ და არც გამათბობელზე გააშროთ. ბეწვეული ოთახის ტემპერატურაზე უნდა გაშრეს.
ტყავის და ზამშის ქუდები _ ხშირად ამ ტიპის ქუდებს ბეწვის დანამატები აქვს, რაც საშუალებას გვაძლევს, ვატაროთ სხვადასხვა სახის ქურქთან ერთად. ამ ქუდების მთავარი პლუსი მათი პრაქტიკულობაა _ წვიმაში თუ ბათუმისთვის დამახასიათებელ სველ თოვლში, სხვა ქუდებისგან განსხვავებით, ისინი არ სველდებიან და არ კარგავენ ფორმას.
0 коммент.:
Отправить комментарий