ბათუმში ძნელად მოიძებნება ადამიანი, ვინც ქოლგას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მიუხედავად თბილი და ზოგჯერ ცხელი ამინდებისა, როგორც მოდის სამყაროში ამბობენ, ქოლგა "აქტუალობას არც წელს დაკარგავს" _ სინოპტიკოსები მალე წვიმას და აცივებას გვპირდებიან. და თუ ქოლგა ჯერ არ შეგიძენიათ, დროა გაეშუროთ ბაზრობისკენ.
დაფიქრდით, როგორი ქოლგა გიხდება და გჭირდება. დიდ ქოლგებს, რომლებიც ბოლომდე არ იკეცება, აქვს უბრალო და საიმედო კონსტრუქცია, ამიტომ საკმაოდ გამძლეა. მავთულებს არ აქვს ზედმეტი მექანიზმები და გადატეხვები, ამიტომ ქოლგის გუმბათი უფრო უხეში და მრგვალია, რაც არამარტო ლამაზია, მოსახერხებელიცაა _ წვიმის წვეთები ადვილად ”ცვივა” ქვემოთ და ქოლგაც მალე შრება. ამ სახის ქოლგას ის ნაკლი აქვს, რომ ყოველთვის ხელში უნდა გეჭიროს და შენობაში კუთხეში დატოვება გიწევს, რის გამოც ხშირად გრჩება შენობაში.
რაც შეეხება დასაკეც ქოლგებს, მათი მთავარი პლუსი კომპაქტურობაა, პატარა ჩანთითაც კი შეგიძლიათ ტარება. თუმცა ამ ქოლგის დაზიანების შანსი უფრო დიდია, რადგან რაც მეტი ნაწილი აქვს ქოლგას, მით უფრო მეტი აქვს "სუსტი წერტილიც". დასაკეცი ქოლგები ერთმანეთისგან განსხვავდება გახსნის და დახურვის მეთოდით. არის ხელით სამართავი ნახევრად ავტომატური ქოლგები (სახელური ხელით იწევა და გუმბათი ღილაკზე ხელის დაჭერით), ავტომატური (მათ გასახსნელად ღილაკზე თითის დაჭერაც საკმარისია) და სრულიად ავტომატური, რომლებიც არამარტო იხსნება, არამედ იხურება ავტომატურად, ღილაკზე თითის დაჭერით.
თუ უკვე გადაწყვიტეთ, რა სახის ქოლგა გირჩევნიათ, შეძენისას რამდენიმე ნიუანსი გაითვალისწინეთ: რამდენჯერმე გახსენით და დახურეთ ქოლგა, რათა დარწმუნდეთ მექანიზმის გამართულობაში. გახსნისას შეამოწმეთ კარგად თუ არის გადაჭიმული ქსოვილი მავთულებზე. საერთოდ, დასაკეც ქოლგებს უფრო მსუბუქად აქვს შემოვლებული ქსოვილი, ვიდრე დიდ ქოლგებს, მაგრამ მეტისმეტად მსუბუქად მაინც არ უნდა იყოს _ წვიმის წვეთები არ დაიწურება და დროთა განმავლობაში ქსოვილიც უფრო გაიწელება. მავთულები, რომლებისგანაც დამზადებულია ქოლგის ერთგვარი "ჩონჩხი", უნდა იყოს ერთნაირი და "ჩონჩხსაც" სწორი ფორმა უნდა ჰქონდეს. ასევე, არ დაგავიწყდეთ შეამოწმოთ მყარადაა თუ არა დამაგრებული სახელურები. ბავშვის ქოლგას უსაფრთხოების მიზნით მავთულების დაბოლოებები პლასტმასის ან ხის ბურთულებით უნდა ჰქონდეს დაფარული.
იმისთვის, რომ ქოლგამ დიდხანს გემსახუროთ და ლამაზადაც გამოიყურებოდეს, საჭიროა კარგად მოუაროთ. გააშრეთ ბოლომდე გაშლილ მდგომარეობაში და არ დაკეცოთ სველი ქოლგა. ნურც ჩანთაში, მძიმე ნივთების ქვეშ მოათავსებთ, მავთულები გაიღუნება ან გადატყდება. აუცილებლობისას შეგიძლიათ ქოლგა გარეცხოთ კიდეც, ამისთვის ნახევრადდაკეცილ მდგომარეობაში ჩაალბეთ საპნიან წყალში, ცოტა ხნის შემდეგ კი გახსენით და სუფთა წყალი გადაავლეთ.
და ბოლოს, გაითვალისწინეთ ისიც, რომ უკეთესია ქოლგა არა ფერის, არამედ სტილის მიხედვით შეარჩიოთ _ საქმიან სამოსში გამოწყობილ ქალს ნაკლებად მოუხდება კოპლებიანი ქოლგა. უნდა გავითვალისწინოთ კანის ფერიც _ ფერმკრთალმა ქალებმა წითელი ან მუქი ვარდისფერი ქოლგა უნდა შეარჩიონ, მწვანე და ლურჯი კი უფრო აფერმკრთალებს კანს ვიზუალურად და ხაზს უსვამს ნაოჭებს.
როგორი ქოლგა გვჭირდება
02:31
khatia.Lifestyle
0 коммент.:
Отправить комментарий