ადამიანების უმრავლესობას აქვს მოთხოვნილება, გამოიყურებოდეს კარგად, რათა მოსწონდეს გარშემომყოფებს და განსაკუთრებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს. თუმცა, გემოვნებიანად და სტილურად ჩაცმა რატომღაც მარტო ქალების საქმედ მიაჩნიათ, არადა, ის მამაკაცებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ხშირად ისმის კითხვა: როგორი მამაკაცები მოსწონთ ქალებს? გეტყვით, რომ ქალებს გემოვნებით ჩაცმული, სტილური მამაკაცები მოსწონთ და ამისთვის სულ არაა აუცილებელი მოდის ყველა სიახლეს მიჰყვეთ და ყველაფერი შეისყიდოთ. მამაკაცმა თავისი სტილი უნდა იპოვოს და ჰარმონიული იმიჯი შექმნას, უბრალოდ საჭიროა გქონდეთ ამის სურვილი და ცოტა ინფორმაციაც. შევეცდები ამ ინფორმაციის ნაწილი მოგაწოდოთ, დანარჩენი კი თქვენთვის მომინდვია.
მამაკაცის სამოსის სხვადასხვაგვარი სტილი არსებობს, თუმცა ყველაზე "გავრცელებული" სამი მათგანია და არ ღირს მათი აღრევა.
საქმიანი კლასიკური სტილი - პიჯაკი, კლასიკური შარვალი, პერანგი და ჰალსტუხი _ ეს საქმიანი კლასიკური სტილია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს სწორი ზომის და კარგად "იჯდეს" ფიგურაზე. პიჯაკის სახელო 1-1,5 სანტიმეტრით მოკლე უნდა იყოს პერანგის "მანჟეტზე". მამაკაცებს, რომლებსაც მოხდენილი ფიგურა აქვთ, მოუხდებათ "ჟილეტი", ასევე შარვალი დაბალი წელით. თუ თქვენ იდეალური ფიგურა არ გაქვთ, შარვალი უფრო მაღალწელიანი უნდა იყოს და სასურველია ზედმეტი ნაკეცების გარეშე.
casual სტილი - ეს სტილი უახლოვდება კლასიკურს, მაგრამ სამოსი უფრო თავისუფალი და მოსახერხებელია. სხვადასხვა სახის თხელი როლინგი, ე.წ. "კარდიგანები" (თხელი მოსაცმელი ჟაკეტი), ჯემპრი და მაისურები, შარვლები და რა თქმა უნდა, კლასიკური ჯინსი _ ავსებენ ამ სტილს. casual-ის საუკეთესო ვარიანტია: შარვალი+პერანგი+კარდიგანი+ე.წ. "მოკასინები".
სპორტული სტილი - სპორტულს ეძახიან სტილს, რომელშიც ყოველდღიურ გამოყენებისთვის ადაპტირებულია სპორტული სამოსი ან მისი ელემენტები. სპორტული სტილი უპირველეს ყოვლისა თავისუფლებაა, თუმცა აქაც არის ნიუანსები. მჭიდრო ჯინსები და მაისურები იმათთვისაა, ვისაც თავის სპორტულ აღნაგობაზე ყურადღების მიქცევა სურს, თავისუფალი ნივთები კი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც ცდილობენ გამოჩნდნენ ისეთები, როგორებიც არიან და ვისთვისაც მთავარი კომფორტია. სპორტული სტილის ყველაზე გავრცელებული ვარიანტია ფერადი პულოვერი V-ს ფორმის ყელით, მაისურები და კედები.
წარმატებებს გისურვებთ! მთავარია გახსოვდეთ, რომ ამ სტილებიდან კონკრეტული ელემენტების ერთმანეთთან სინთეზმა შეიძლება ცუდ შედეგამდე მიგიყვანოთ, ამიტომ შეეცადეთ ერთი მათგანი შეარჩიოთ.
0 коммент.:
Отправить комментарий