სწორი მოვლა და შენახვა ფეხსაცმლის გამოყენების ვადას საგრძნობლად ახანგრძლივებს. სხვადასხვა მატერია სხვადასხვაგვარ მოვლას საჭიროებს, სწორედ ამაზე ვისაუბრებთ სტატიაში.
ზამშის ფეხსაცმლის გაწმენდისას აუცილებლად სპეციალური საშუალება და რეზინის ჯაგრისი უნდა გამოიყენოთ. ცხიმიანი ლაქების მოსაშორებლად კი სპეციალური ქიმიური საშუალება გამოიყენება. უკვე გაწმენდილ ფეხსაცმელს წაუსვით ზამშის საღებავი და გაშრობის შემდეგ მშრალი ჯაგრისით გაწმინდეთ.
ტყავის ფეხსაცმელიც გახდის შემდეგ რეზინის ჯაგრისით უნდა გაწმინდოთ, შემდეგ კი თხლად გადაუსვით ფეხსაცმლის კრემი. 3-5 წუთის შემდეგ ჩვეულებრივი ჯაგრისით ან ბეწვიანი ნაჭრით გაწმინდეთ. ფეხსაცმელი თუ გაქექილი ან დაზიანებულია, შესაბამისი ფერის ფეხსაცმლის საღებავი გადაუსვით.
ლაკირებული ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმელი სველი ტილოთი გაწმინდეთ, შემდეგ კი მშრალი ტილო დაასველეთ სელის ზეთში, გაწმინდეთ ლაკირებული ადგილები და სწრაფადვე გააპრიალეთ რბილი ქსოვილით. საერთოდ, ამ სახის ფეხსაცმელს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რადგან ვერ იტანს დაბალ ტემპერატურას. სახლიდან გასვლამდე 10 წუთით ადრე ჩაიცვით ფეხსაცმელი, ფეხის სითბო გადავა მასზე, სიცივეში თანდათან გაცივდება და არა მაშინვე, რაც ფეხსაცმლის სიცივისგან დაზიანებას გაცილებთ. ასევე, ამ მეთოდით ხელს შეუშლით ზედაპირზე ნახეთქების გაჩენასაც.
რაც შეეხება ხელოვნური მასალისგან დამზადებულ ფეხსაცმელს, მისი უპირატესობა ისაა, რომ იგი დიდხანს ინარჩუნებს სასიამოვნო იერსახეს და ადვილად იწმინდება. მისი გასუფთავება შესაძლებელია ოთახის ტემპერატურის წყლით და შემდეგ მშრალი ტილოთი.
საერთოდ კი, ყოველი ტარების შემდეგ ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა მოაწესრიგოთ. სველი ფეხსაცმელი ოთახის ტემპერატურაზე უნდა გააშროთ, გამათბობელი საშუალებებისგან მოშორებით, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებსაც. დახურული ფეხსაცმლის ჩაცმისას გამოიყენეთ ე.წ. ”კოვზი”, რათა არ დაზიანდეს ქუსლის ნაწილი. ფეხსაცმელს ქუსლზე დაჭერით ნუ გაიხდით, გაიხსნება და ძირი აძვრება.
გახსოვდეთ ისიც, რომ სეზონური ფეხსაცმლის გარანტირებული ვადა 30 დღეა და იწყება სეზონის დაწყების დღიდან. თუმცა, თუ ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებს გაითვალისწინებთ, ფეხსაცმლის მოხმარების ვადა საგრძნობლად გახანგრძლივდება.
0 коммент.:
Отправить комментарий