დღეს ბაზარზე ნაძვის ხის სათამაშოების დიდი არჩევანია, მაგრამ ყოველთვის შეიძლება რაიმე განსაკუთრებულისა და ორიგინალურის გაკეთება. დღეს შემოგთავაზებთ იდეას, რომელსაც ერთ-ერთ საიტზე გავეცანი. საახალწლო ვარსკვლავის შესაკერად დაგჭირდებათ 15-სმ-იანი კვადრატის ფორმის, ნებისმიერი ფერისა თუ ტექსტურის ქსოვილი (2 ც) ოქროსფერი ფერი ძაფი და ფერადი ბუსები.
ქსოვილზე ფანქრით მოხაზეთ ვარსკვლავის ან გულის ფორმა, შემდეგ ქსოვილის ორივე ნაჭერი დაადეთ ერთმანეთს და გამოჭერით ნახაზი, ნახევარი სანტიმეტრით იმაზე დიდი, ვიდე ნაძვის ხის სათამაშოს რეალური ზომა უნდა გამოვიდეს. შემდეგ ნემსითა და ძაფით შემოუარეთ ნახაზს და დატოვეთ ერთი სანტიმეტრის სიგრძის ნარღვევი. ამოატრიალეთ ვარსკვლავი ისე, რომ ნაკერი შიგნითა მხარეს აღმოჩნდეს და პატარა ნარღვევიდან მოათავსეთ შიგ ბამბა ისე, რომ იგი ყველა ქიმში თანაბრად გადანაწილდეს. შემდეგ ამოკემსეთ ვარსკვლავის დარჩენილი ნაწილიც და თან ჩააკერეთ ორად მოკეცილი რაიმე ბრჭყვიალა ზონარი, რომელიც საკიდის მაგივრობას გაწევს. როცა ბალიშისმაგვარ ვარსკვლავს მიიღებთ, ზედ რაიმე ორნამენტის სახით დააკერეთ ფერადი ბუსები და ყველაფერი მზადაა. ასეთი სათამაშო კარგი საჩუქარია ყველასთვის.
არ დაგავიწყდეთ, საახალწლო ვარსკვლავის დაკიდვისას აუცილებლად ჩაიფიქრეთ რაიმე სურვილი _ ახალი წლის განმავლობაში აუცილებლად აგისრულდებათ!
0 коммент.:
Отправить комментарий