სამი წლის წინ, პირველ იანვარს, #1 სკოლის მე-10-კლასელები ახალი წლის აღსანიშნავად უნდა შეკრებილიყვნენ. ვახო ერთ-ერთი მათგანის ნათესავი იყო და გადაწყვიტა, გაჰყოლოდა ნათესავს. სწორედ ამ დღეს გაიცნეს ნინომ და ვახომ ერთმანეთი, სიმპათიები მაშინვე გაჩნდა...
რამდენიმე თვის შემდეგ ვახო ნინოს სიყვარულში გამოუტყდა, თუმცა უარი მიიღო... გადიოდა დრო, წყვილი ხანდახან ისევ ხვდებოდა ერთმანეთს. ერთხელაც ნინო მიხვდა, რომ უკვე უყვარდა ვახო...
მერე იყო შეყვარებულობის პერიოდი, პაემნები, სეირნობა ღამის ბათუმში, ვახო მუდმივად უმეორებდა, რომ ძალიან უყვარდა, ნინო ძალიან ბედნიერი იყო _ "ვისაც გამოუცდია ეს გრძნობა, იცის, რას ნიშნავს საყვარელი ადამიანისგან ეს სიტყვები".
ნინო მაგიდის ჩოგბურთზე დადიოდა, ვახო არც ერთ შეჯიბრს არ ტოვებდა და საყვარელ ადამიანს მხარში ედგა... "ძალიან მამხნევებდა მისი დარბაზში ყოფნა..."
შეუღლებაზე ხშირად არა, მაგრამ მაინც ლაპარაკობდნენ _ "ვიცოდი, რომ სხვა არავინ შემიყვარდებოდა და ჩემი მეუღლე აუცილებლად ვახო გახდებოდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, ასე უცებ თუ გადავწყვეტდით ოჯახის შექმნას."
ერთ დღეს იკამათეს და ვახომ მის მეგობარს დაურეკა, რომელმაც წყვილი მასთან სახლში წაიყვანა, გზაშივე შერიგდნენ და იქვე გადაწყვიტეს, რომ გაპარულიყვნენ. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან ორივეს მშობლებმა იცოდნენ მათი ურთიერთობის შესახებ და არც არავინ ყოფილა წინააღმდეგი.
ქორწილი მალევე გაიმართა. წყვილს დარბაზში სამი პატარა გოგონა შეუძღვა, რომლებსაც ერთნაირი, ვარდისფერი და ძალიან ლამაზი კაბები ეცვათ. ისინი ვახოს და ნინოს ვარდის ფურცლებს უყრიდნენ, ნინო კი ამ დროს სტუმრებისკენ კანფეტებს ისროდა.
მოწვეული ჰყავდათ ცოცხალი ბენდი და ქორწილი გემოვნებიანი მუსიკით გააფორმეს. ამაზე ვახოს და ნინოს მამებმა იზრუნეს, რადგან, როგორც ნინო ამბობს, არც ერთს არ მოსწონს პოპულარული უხარისხო მელოდიები. იყო ფეიერვერკიც და ფერადი ბუშტებიც... "როდესაც მე და ვახომ პირველი ცეკვა ვიცეკვეთ, ტანში ჟრუანტელი მივლიდა... მელოდიაც ძალიან ლამაზი იყო, ვახომ შეარჩია სპეციალურად."
საქორწინო ჩაცმულობაზე თავად იზრუნეს, ნინოს თეთრი, აჟურული კაბა ეცვა დეკოლტეთი, ვარცხნილობაც თავისი გემოვნებით შეარჩია და თმაში თეთრი, ცოცხალი ყვავილი გაიკეთა. ვახოს კი შავი შარვალ-კოსტიუმი ეცვა. წყვილისთვის "გუდვილში" სპეციალურად დაამაზადეს საქორწილო ტორტი, რომელიც ძალიან ლამაზი და გემრიელი გამოვიდა.
ნინომ თეთრი ვარდებისგან გაკეთებული თაიგულიც ისროლა, ოღონდ წესების ზუსტი დაცვით _ მხოლოდ გასათხოვი გოგონები ელოდებოდნენ თაიგულს. საბოლოოდ ის ნინოს მეჯვარემ დაიჭირა, თუმცა, ჯერჯერობით ცრურწმენა წრურწმენადვე რჩება...
ქორწილის ბოლოს კი, როცა უკვე დაღამდა, ვახომ თავისი საყვარელი მელოდიების დისკი ჩართო _ "ვახოს ძალიან უყვარს კლუბური მუსიკა, დარბაზში იყო განათება და ყველა ცეკვავდა."
საბოლოოდ, ყველაფერმა ლამაზად ჩაიარა, "არ ყოფილა განსაკუთრებული შეჯიბრებები და კურიოზები, არც არავინ დამთვრალა წაქცევამდე და, უბრალოდ, ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო..."
გარდა შეუღლებისა, ვახოს და ნინოს წელს კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი ჰქონდათ, ორივე სტუდენტი გახდა. ოღონდ ნინომ თბილისში ჩააბარა, ვახომ _ ბათუმში. სწორედ ამიტომ თაფლობის თვე არ ჰქონიათ. ისინი შეძლებისდაგვარად ხშირად ნახულობენ ერთმანეთს, ხან ნინო ჩამოდის ბათუმში და ხან ვახო ჩადის თბილისში. ნინო ბათუმში გადმოსვლას გეგმავს. "ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან არაჩვეულებრივი და რაც მთავარია, ჩემთვის საყვარელი ადამიანი მყავს გვერდით", _ ამბობს ნინო.
ნინო ჩიჯავაძე და ვახო კობიძე
"ვიცოდი, რომ სხვა არავინ შემიყვარდებოდა"
02:45
khatia.Lifestyle
3 коммент.:
yvelaze magari cyvili msoplioashi!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ulamazesi cyviliiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii
საყვარელი წყვილია! წარმატებებს ვუსურვებ ორთავეს :)
Отправить комментарий