ქორწინების დღეს კაბა ყველაზე მნიშვნელოვანია დედოფლისთვის. სწორედ ამიტომ ყველა ქალი ცდილობს, იგი რაც შეიძლება ლამაზი და ორიგინალური შეარჩიოს. სამწუხაროდ, ძალიან რთულია შენი ოცნების კაბა პირდაპირ გამზადებული იშოვო და შემდეგ იგი "ამქვეყნიურ ფასად" შეიძინო, მაგრამ თუკი გაგიმართლა და კაბების კარგ სალონს წააწყდი, ეცადე, კაბა ისეთი შეარჩიო, რომელიც შენს მოძრაობებს არ შებოჭავს, არ მოგიჭერს და სიარულშიც არ შეგიშლის ხელს.
მიჩნეულია, რომ ქორწილამდე საქმრომ სადედოფლო კაბა არ უნდა ნახოს, მაგრამ მისი სურვილების იგნორირება ნამდვილად დიდი შეცდომაა _ ბოლოს და ბოლოს, შენ ხომ მისთვის ცდილობ ამ ყველაფერს, ამიტომ კაბის საბოლოო შერჩევამდე მასთან ერთად დაათვალიერე კაბების ჟურნალები, ვებგვერდები და ყურადღება მიაქციე მის გემოვნებას _ მის მიერ გაკეთებული ყოველი კომენტარი და ჟესტიც კი ძალიან ყურადსაღები უნდა იყოს შენთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მას ქორწილის დღეს იმედები გაუცრუო . ნუ დაგავიწყდება, რომ შენს დღესასწაულზე ისიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია.
იმ შემთხვევაში, თუ შენი ოცნების სადედოფლო კაბა არ მოიძებნა და სხვა გზა არ რჩება თუ არა მისი შეკერვა, ყურადღება მიაქციე ქსოვილს, იგი აუცილებლად კარგი ხარისხისა და სეზონის შესაფერისი უნდა იყოს.
გამხდარ პატარძლებს თითქმის ყველა სტილის კაბა უხდებათ, მაგრამ ხშირად უპირატესობას გაფუშფუშებულ, რკინებით გამაგრებულ კაბებს ანიჭებენ, რაც ძალიან ბანალურად და უგემოვნოდ გამოიყურება. ეცადე, შენი სხეულის ყველა ღირსება გამოკვეთო, ტანზე მოტმასნილი კაბა ჩაიცვი და რაიმე ექსტრავაგანტური აქსესუარებით შეივსე იმიჯი.
თუკი შენ საშუალო სიმაღლისა და სავსე ტანის ქალების რიცხვს მიეკუთვნები, შიშის საფუძველი მაინც არ გაქვს, განუმეორებელი და თვალისმომჭრელი კაბა შენც შეგხვდება, შენთვის იდეალური ვარიანტია კაბა ვერტიკალური ან დიაგონალური ნაკერით. თუ მიიჩნევ, რომ ფართე მხრები გაქვს _ A სილუეტის ფორმის კაბა დაგშვენდება, ქვევით გაფართოებული ბოლოთი, რომლის შესანიშნავი დამატება იქნება ექსტრავაგანტური გრძელყელიანი ხელთათმანი.
მაღალმა და სავსე ქალებმა უარი უნდა თქვან ფუშფუშა და მრავალფენიანი კაბებისგან, მსგავსი იმიჯი უფრო საქორწინო ტორტის პრეროგატივაა, სადედოფლო კაბამ კი გარშემომყოფებს სიმსუბუქისა და ჰაეროვნების ილუზია უნდა შეუქმნას. სავსე ქალებისთვისაც იდეალური ვარიანტია A სილუეტის ფორმის კაბა _ იგი ყველა პრობლემურ ზონას (წელი, თეძოები) ფარავს და ყურადღება მხრებზე გადააქვს. მოერიდე ბრჭყვიალა ქსოვილის გამოყენებას, ასეთი კაბა ასუქებს მის მფლობელს, რაც ყველაზე შესამჩნევი ფოტოებზე ხდება.
ამბობენ, პატარძალს ის კაბა უხდება, რომელიც მას მოსწონს და რომელშიც კომფორტულად გრძნობს თავსო, ამიტომაც ნუ აყვები გავრცელებულ ტენდენციებს, კარგად დაფიქრდი და საქორწილოდ იმ დედოფლის იმიჯი შეიქმენი, რომელზედაც პატარაობიდან ოცნებობდი.
0 коммент.:
Отправить комментарий