ქორწილის დაგეგმვა

ქორწილის დაგეგმვისას უმნიშვნელო დეტალების გაუთვალისწინებლობამაც კი შესაძლოა დიდი უსიამოვნება გამოიწვიოს, ჩვენი რჩევები სწორედ ამის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
სამზადისის
დასაწყისის პირველი ეტაპი სტუმრების სიის შედგენაა. ბრძოლა სიით ხელში შეიძლება ქორწილის ყველაზე საინტერესო ნაწილი არა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნამდვილად არის და თან
აუცილებლად თქვენი გადასაწყვეტი. ყველაფერი სწორედ ამით უნდა დაიწყოთ _ სტუმრების ვინაობა და რაოდენობა წყვეტს, რა სტილის ქორწილი გექნებათ.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საქმროს ქორწილის დეტალებით ისე ვერ დააინტერესებთ, რომ სალონებში თქვენთან ერთად იტრიალოს. კარგი იქნება, თუ საამისოდ ყოველ დღე თითო საათს გამოყოფთ და მხოლოდ ამ დროს გაუზიარებთ ერთმანეთს თქვენს გეგმებსა და სურვილებს. კვირაში ერთი დღე "განტვირთვისთვისაც" გამოყავით _ დაანახეთ საქმროს, რომ ის გოგონა, რომელიც მას შეუყვარდა, ისევ ისეთივე მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, როგორიც `საქორწინო ციებ-ცხელების" შეყრამდე იყო.

ხშირად პატარძლები კაბის უკეთ მორგების მიზნით დიეტას იცავენ და 10-15 კილოგრამს იკლებენ, რაც დიდი შეცდომაა. წონის დაკლება დიდი რაოდენობით, ფიგურის გარდა სახეზეც აისახება და არა ყოველთვის დადებითად. თან ასე დაკლებულ წონას ძალიან მალე აღიდგენთ და არავის უხარია თაფლობის თვეში ჯანმრთელობის პრობლემები.

ქორწილის გაფორმებას რაც შეეხება, სასურველია, ყველაფერი თქვენი გემოვნებით მოამზადოთ, არასოდეს ანდოთ სხვას. ენდეთ მხოლოდ ძალიან დახვეწილი გემოვნების მქონე მეგობარს და დედას. თუ დიზაინერი შეარჩიეთ, აუცილებლად დაინტერესდით მის მიერ დაგეგმილი ყველა დეტალით _ რაც ყოველგვარ გაურკვევლობას აგაცილებთ თავიდან.

დიდი ყურადღება მიაქციეთ ქორწილის მუსიკალურ გაფორმებას, წინასწარ შეუთანხმდით მუსიკოსებს რეპერტუარზე _ წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება თქვენი ქორწილი რუსულ-ქართული "შანსონების ფესტივალს" დაემსგავსოს.

არასოდეს გააკეთოთ ეკონომია თქვენს იმიჯზე _ მაკიაჟი, ვარცხნილობა და კაბა "წმინდაა". ფული დაზოგეთ ძვირფას ღვინოზე, ყვავილებსა და ბაფთებზე... ქორწილის შემდეგ სტუმრები სწორედ გემოვნებით ჩაცმულ პატარძალზე ილაპარაკებენ და არა იმ საუცხოო ბაფთებზე, რომლებიც სადღაც ჭერში ეკიდა და "ზღაპრულ გარემოს ქმნიდა".

0 коммент.:

Отправить комментарий