სხვადასხვა ინტერნეტფორუმზე ხშირად წერენ კანის გამაჯანსაღებელი რეცეპტების შესახებ. მათგან ერთ-ერთი ძალიან მარტივი და ეფექტური მომეჩვენა. გადავწყვიტე, იგი თქვენც გაგაცნოთ.
ცხელი აბაზანის შემდეგ თურმე ძალიან სასარგებლოა კანის მასაჟი ყინულით ან თოვლით. მასაჟი ყინულის კუბიკებით შეგიძლიათ კვირაში ორ-სამჯერ გაიკეთოთ _ აბაზანის შემდეგ. გამოიღეთ საყინულედან ყინულის 2-3 კუბიკი და წაისვით იგი ლოყებზე, შუბლსა და ყელზე. თუ შხაპის მიღებას არ გეგმავთ, სახე ცხელ წყალში დასველებული, რბილი პირსახოცით დაიტენიანეთ და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით სახეზე ყინული. მასაჟის შემდეგ გაიმეორეთ ცხელი კომპრესი და ჩამოიბანეთ სახე გრილი წყლით, სულ ბოლოს კი სახეზე რომელიმე მკვებავი კრემი წაისვით –შედეგს იმ წამსვე იგრძნობთ.
შეგიძლიათ სპეციალური "მკვებავი ყინულები" თქვენც დაამზადოთ _ ყინულის ფორმებში გაყინეთ მინერალური წყალი ან/და უშაქრო ჩაი.
შეგიძლიათ გასაყინავ წყალში ეთერზეთები გაურიოთ, მაგალითად ვარდის – ასეთი ზეთები პატარა ფლაკონებით იყიდება პარფიუმერიულ მაღაზიებში, თუმცა ბათუმის რამდენიმე მაღაზიაში მოკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ეთერზეთები არც ისე ადვილი საშოვნელია, ამიტომ მათ ნაცვლად შეგიძლიათ კოსმეტიკური ყინული ციტრუსების კანისგან დაამზადოთ შემდეგნაირად. ფორთოხლისა და მანდარინის კანი ჩაყარეთ პატარა ქილაში და დაასხით მდუღარე წყალი, ქილას თავი დაახურეთ და ერთი დღე-ღამის განმავლობაში შეინახეთ, დილით წყალი ფორმებში ჩაასხით და გაყინეთ. კიდვ ერთი "კოსმეტიკური ყინულის" დასამზადებლად გაყინეთ მინერალურ წყალთან შერეული, ახალდაწურული ფორთოხლის ან გრეიფრუტის წვენი (პროპორციით ერთი-ერთზე). გარდა იმისა, რომ ასეთი ყინული კანს სიმკვრივესა და სიჯანსაღეს შემატებს, იგი საკმაოდ ეფექტურია ნაოჭების საწინააღმდეგოდ.
0 коммент.:
Отправить комментарий