სტუდენტებს ხშირად სჯერათ ცრურწმენების, ლექციების ადვილად დასწავლის შესახებ. მაგალითად, ამბობენ, რომ თუ ძილისწინ წიგნს ბალიშის ქვეშ ამოიდებ, დილით ყველაფერი გეცოდინება; ან გამოცდის წინ თავი არ უნდა დაიბანო, თორემ ყველაფერი დაგავიწყდება. და არსებობს კიდევ ერთი წესი _ ხშირად ძირს დაგდებულ წიგნს თავში ხუთჯერ, მსუბუქად ირტყამენ _ ორიანი რომ არ მიიღონ (რაც, ალბათ ძალიან რთული შესასრულებელია 100-ქულიანი შეფასების სისტემის პირობებში). ყველა ეს ცრურწმენა, რა თქმა უნდა, ერთი მიზნისკენაა მიმართული – რაც შეიძლება მარტივად ვისწავლოთ მასალა, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გვახსოვდეს ნასწავლი და გამოცდები ავტომატურად თუ არა, ფრიადებზე მაინც ჩავაბაროთ.
წაუკითხავად მასალის შესწავლას ვერ დაგპირდებით, მაგრამ ის მეთოდები, რომლებსაც ახლა შემოგთავაზებთ, აუცილებლად დაგეხმარებათ სრულიად უინტერესო და ყველაზე რთული მასალის დასწავლაშიც კი.
თუკი რაიმეს "ტექსტთან ახლოს” სწავლა დაგავალეს, წაიკითხეთ იგი ხმამაღლა და თანაც სიმღერით, მერწმუნეთ, დასაზეპირებლად ეს იდეალური მეთოდია. შესაძლოა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ იგი ძალიან ეფექტურია.
გააკეთეთ თქვენი კონსპექტის აუდიოჩანაწერები, რაც ძალიან მარტივია თუ თქვენს მობილურ ტელეფონს გააჩნია ჩაწერის ფუნქცია. უბრალოდ წაიკითხეთ ლექცია ხმამაღლა და გარკვევით, შემდეგ კი რამდენჯერმე აზრიანად მოუსმინეთ მას.
აუცილებლად წარმოიდგინეთ გონებაში ყველაფერი, რასაც კითხულობთ, ხატოვანი წარმოსახვები საგნის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ, უკიდურეს შემთხვევაში მონახაზები ფურცელზეც გადმოიტანეთ.
შეამჩნევდით ალბათ, რომ ღამით უფრო სწრაფად ითვისებთ მასალას, ვიდრე დღისით, მაგრამ სამწუხაროდ, ასე ნასწავლი მაქსიმუმ მეორე დილამდე გაგყვეთ. დღისით მასალის დასწავლას, მართალია, მეტი დრო მიაქვს, თუმცა იგი დიდხანს გემახსოვრებათ. ასევე მიჩნეულია რომ, დილის საათები უკეთესია მათემატიკური საგნების სამეცადინოდ, საღამოს საათები კი ჰუმანიტარული საგნების ასათვისებლად.
იმ შემთხვევაში, თუ ერთ წინადადებაზე “გაჭედეთ” და აღარაფერი შედის თავში, შესვენება გჭირდებათ და თანაც ხეირიანი _ დალიეთ ცხელი ყავა, გააკეთეთ რაიმე ისეთი, რაც ბოლომდე განტვირთვაში დაგეხმარებათ და შემდეგ ისევ საქმეს შეუდექით.
კონსპექტები აუცილებლად სუფთად აწარმოვეთ, ეს დიდ სტიმულს იძლევა მათ წასაკითხად და ლექტორის თვალშიც აგიმაღლებთ ქულებს.
0 коммент.:
Отправить комментарий