არ არსებობს ერთი კონკრეტული გარეგნობა, სტილი თუ მოდა, რომელსაც ყველა საკუთარ თავზე მოირგებს. სილამაზე ისეთივე უნიკალური, მრავალფეროვანი და ინდივიდუალურია, როგორც ქალები მსოფლიოში. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, შეძლოთ სწორი არჩევანის გაკეთება, რათა საკუთარი სტილი შექმნათ.
ამისათვის უნდა იცოდეთ რამდენიმე მთავარი წესი. პირველი და მთავარი არის ის, რომ თავს კომფორტულად გრძნობდეთ შერჩეულ სტილში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალობა. არ უნდა მიყვეთ სტერეოტიპებს და არ ეცადოთ, გახდეთ ისეთი, როგორიც უნდა სხვას, არამედ უნდა იყოთ ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ. წარმოიდგინეთ იდეალური საკუთარი თავი, როგორიც გინდათ რომ იყოთ... და შექმენით... თუ თქვენ ატარებთ ჯინსის შარვალს და თმას მოკლედ იკრეჭთ, როგორც თქვენი მეგობრები, ამ დროს კი საკუთარი თავი შანელის სტილის კოსტიუმში და გრძელი თმებით წარმოგიდგენიათ, ე.ი. ესაა თქვენი სტილი და არა ის, რომელსაც თქვენი მეგობრები მისდევენ.
სტილის შერჩევისას მნიშვნელოვანია ფერების შერჩევაც. შესაძლოა, თქვენ შავგრემანი ხართ ცისფერი თვალებით და ცისფერი სამოსი ჯადოსნურ სილამაზეს განიჭებთ. იქნებ შავგრემანი ხართ და წითელი ფერი გიხდებათ, ან ქერა ხართ ვერცხლისფერში და ა.შ. ყოველთვის გამოინახება ფერები, რომლებიც თქვენს სილამაზეს გამოაჩენს ან პირიქით, დაჩრდილავს. თუ თქვენს მეგობარს ყვითელი ფერი უხდება, ეს არ არის გარანტი, რომ თქვენც მოგიხდებათ. ეძიეთ თქვენი ფერები.
ასევე, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ სტილი შედგება არამარტო სამოსისგან და მაკიაჟისგან, არამედ აქსესუარებისგან, სამკაულებისგან და ა.შ. შეიტანეთ თქვენს სტილში სუნამო, კარგი ფეხსაცმელი, ვარცხნილობები და აუცილებლად იმუშავეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და ფიგურაზე. თუ ოცნებობთ ატაროთ ღია ფერის ჯინსები, მაგრამ თეძოებზე მჭიდროდ გაქვთ, ივარჯიშეთ და სპორტი თქვენი ცხოვრების სტილად აქციეთ.
ხშირად, სტილის შერჩევაში თუ უკვე შერჩეულ საკუთარ სტილში შეცდომები მოგვდის, რომლებსაც თავი უნდა ავარიდოთ. არასოდეს უნდა მივენდოთ მთლიანად მოდურ ჟურნალებსა თუ გადაცემებს. ხშირად ჟურნალებში ნანახ სამოსში ვხარჯავთ ფულს და შედეგად კი ეს სამოსი უსარგებლოა.
შემდეგი შეცდომა, რომელსაც ხშირად ვუშვებთ, არასწორი ზომის სამოსის შეძენაა იმ მიზნით, რომ რამდენიმე კილოგრამს დავიკლებთ და გამოგვადგება.
არანაკლებ შეცდომას ვუშვებთ მრავალფეროვანი სამოსის შეძენითაც. სრულიად გამოუსადეგარია ერთი შეხედვით ბევრი ლამაზი ნივთი, რომლებიც უბრალოდ კარადას ავსებენ. თქვენ გაქვთ უამრავი სამოსი, მაგრამ ჩასაცმელი _ არა. იყიდეთ ის სამოსი, რომელსაც ჩაიცვამთ. თუმცა, რომელიმე სტილის ამოჩემებაც არ ვარგა, რაც ძირითადად კლასიკური სტილის შერჩევისას მოგვდის, რადგან ეს სტილი თითქმის ყველა შემთხვევისთვის გამოსადეგია.
განუმეორებლად რომ გამოიყურებოდეთ, შეარჩიეთ სტილი სწორად და შეავსეთ თქვენი საყვარელი სამოსი აქსესუარებით.
სტილი და შეცდომები
02:44
khatia.Lifestyle
0 коммент.:
Отправить комментарий