ახალი წლის შემდეგ მომატებული კილოგრამები ბევრი ადამიანის თავსატეხი ხდება. არადა, დატვირთული სამუშაო წლის შემდეგ ნანატრი რამდენიმედღიანი დასვენების დროს ძნელია შეზღუდო რაციონი და უგემრიელესი კერძები არ დააგემოვნო.
როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან ზედმეტი კილოგრამები, რატომ მაინც და მაინც ზამთრის არდადეგებზე გვემუქრება გასუქების საფრთხე და არსებობს თუ არა უნივერსალური დიეტა _ ამ და სხვა კითხვებზე ენდოკრინოლოგი სალომე ღლონტი გვპასუხობს.
სალომე ღლონტი: ”შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჭარბი წონითაა დაავადებული. ამ დაავადებას მივყავართ სხვა პრობლემებამდე, ძირითადად ეს არის შაქრიანი დიაბეტი, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა და უკვე გულისხმობს სხვა დაავადებებსაც.
ჭარბი წონა არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს გამწვავების პერიოდები, ზამთარი სწორედ ეს პერიოდია. რაციონში კალორიული საკვების რაოდენობა იზრდება, რადგან ასეთი საკვები უფრო ათბობს და შეიძლება დაუფიქრებლად, მაგრამ სწორედ ამიტომ ადამიანი ზამთრის პერიოდში უფრო მეტ კალორიულ საკვებს იღებს. გარდა ამისა, ზამთარში მცირდება ფიზიკური აქტივობა - თუ ზაფხულში აქტიურად დავდივართ ზღვაზე, ვსეირნობთ სუფთა ჰაერზე, ზამთარში ამას ენაცვლება სითბოში ყოფნის სურვილი. სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ გვინდა დავწვეთ თბილად და ტელევიზორს ვუყუროთ, ძნელია თბილი პლედიდან გამოძვრომა და სასეირნოდ წასვლა. ამ ყველაფერს ემატება ახალი წელი მთელი თავისი ხანგრძლივობით და კალორიული კერძებით _ გოჭი, ხაჭაპური, ალკოჰოლი, _ გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი კალორიულია, მადასაც აძლიერებს.”
ქალბატონი სალომე ამბობს, რომ ამ პერიოდში მომატებული წონის დაკლება ძნელია, რადგან ორგანიზმი ზამთარში ისვენებს და არ არის ორიენტირებული ენერგიის დახარჯვაზე. ამიტომ, მზიან დღეებში მაინც უნდა შევეცადოთ ვივარჯიშოთ, სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ, ვიაროთ საცურაო აუზებზე. საჭირო კალორიებიც უკეთესია ხილით და არა ცომეულით მივიღოთ.
”უნივერსალური დიეტა, რომელიც ყველას მოერგება, არ არსებობს. თუმცა, არის რამდენიმე წესი, რომელთა დაცვის შემთხვევაში წონის შენარჩუნებას შეძლებთ: დღეში ხშირად და მცირე ულუფებით ჭამა, ძირითადად მსუბუქი პროდუქტების _ როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი, მინერალური წყალი მიღება, ხაჭაპურის და ნამცხვრის ჩანაცვლება ქიშმიშით, ყველით ან სხვა მსუბუქი საკვებით. სტატისტიკის მიხედვით, ჩვენთან ზაფხულში და ზამთარში მოხმარებადი ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა მკვეთრად განსხვავდება. არადა, ჩვენ ზამთარშიც არ გვაქვს ამის პრობლემა და თავისუფლად შეგვიძლია მივიღოთ ისინი. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც რძის ნაწარმი, სხვადასხვა სახის ხილი და ბოსტნეული მთელი ზამთრის განმავლობაში არის და უნდა გამოვიყენოთ ისინი.” _ გვირჩევს ქალბატონი სალომე.
ადამიანებს, რომლებსაც დატვირთული დღის რეჟიმი აქვთ და დღეში რამდენჯერმე ჭამას ვერ ახერხებენ, ცხადია, მათთვის მოსახერხებელია სწრაფი კვება, რაც ცალკე პრობლემაა. მოუცლელ ადამიანებს ენდოკრინოლოგი ურჩევს მიირთვან იოგურტი, მაწონი, მოხარშული ხორცი _ `ყველაზე დიეტური პროდუქტი საქართველოში არის მაწონი და მასზე ყველას მიუწვდება ხელი. შესაძლებელია მაწონი და ორცხობილა (სუხარი) მიირთვათ ერთად.~
სწორი კვების შედეგად თანდათან ვიკლებთ წონაში, სხვადასხვა სახის დიეტის დროს კი შედეგი სწრაფად დგება. ამას ”ახერხებენ” არა ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებით, არამედ სითხის დაკარგვის ხარჯზე _ ”შარდმდენების, საფაღარათო საშუალებებისა და ა.შ. გამოყენება რეალურად იწვევს წონაში კლებას, მაგრამ რის ხარჯზე? მთავარია, არ ავნო შენს ორგანიზმს. იმაზე უკეთესი საშუალება, როგორიცაა ფიზიკური აქტივობა და კალორაჟის გათვალისწინება, არ არსებობს.”
რადგან დიეტის დაცვას სხვადასხვა გართულება შეიძლება მოჰყვეს თან, დასაწყისში უნდა გავიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან. ”დიეტის დაწყება გამოკვლევის გარეშე არ შეიძლება, ორგანიზმს სჭირდება მომზადება. შიმშილი არის სტრესი და ორგანიზმი არ გვპატიობს არც ერთ სტრესს. სოფი ლორენმა თქვა _ ყველაზე დიდი სიამოვნება ცხოვრებაში ჭამააო”.
რაც შეეხება რაციონიდან პურის ამოღებას, ენდოკრინოლოგი ამბობს, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის ეს არ არის შეუძლებელი და ადვილად შესაძლებელია პურის ჩანაცვლება ბრინჯით, წიწიბურათი და ა.შ. _ ”პური საკმაოდ კალორიულია, განსაკუთრებით ცხელი, მაგრამ ამავე დროს სასარგებლოა და შესაძლებელია გარკვეული რაოდენობით დარჩეს რაციონში. რამდენიმე ნაჭერი პური და ბოსტნეულის სალათი ან მსგავსი მსუბუქი საკვები, მისაღებია. საკვებთან მიმართებაში უნდა გავითვალისწინოთ ოქროს წესი _ ზომიერება.”
და ბოლოს, ალბათ გაგიგიათ სხვადასხვა ფორმულის შესახებ, რომელთა საშუალებით იდეალური წონა გამოითვლება. ერთ-ერთ მათგანს გვთავაზობს სალომე ღლონტი - ”სიმაღლეს მინუს 115-დან 118-მდე, ანუ თუ თქვენი სიმაღლე არის 180 სანტიმეტრი, წონა უნდა იყოს 65 კილოგრამი ან ნაკლები (180-115).”
ჯანმრთელობა და სილამაზე
05:45
khatia.Lifestyle
0 коммент.:
Отправить комментарий