თეონას და ელდარის ქორწილი მენდელსონის მარშით დაიწყო… წყვილი ვალსს ცეკვავდა, უცებ მუსიკა შეწყდა, სტუმრები აფორიაქდნენ. ამ დროს კი ნეფემ მაიკლ ჯექსონის ცნობილი აქსესუარები _ ცილინდრი, სათვალე და სიგარა მოიმარჯვა, ჩაირთო ჯექსონისვე ცნობილი სიმღერა და ნეფე-პატარძალმა, მოცეკვავეების ჯგუფთან ერთად, ჯექსონის პოპულარული ცეკვა შეასრულა. ამის შემდეგ იყო სხვადასხვა სახის შოუ, განსხვავებული სადღეგრძელოები და კონკურსები. ყველაზე მეტად სტუმრებს ლექსების კონკურსი დაამახსოვრდათ, მონაწილეები ერთმანეთს ნეფე-პატარძალზე მიძღვნილი ლექსებით გაეჯიბრნენ. გამარჯვებულს წყვილმა მათ მიერვე დაწესებული პრიზი გადასცა. გამორჩეული იყო ცეკვის კონკურსიც. ამ დროს მელოდია სწრაფად იცვლებოდა და მოცეკვავე წყვილებიც მალევე უნდა აყოლოდნენ მუსიკას. კონკურსი წარმატებული აღმოჩნდა და სამის ნაცვლად პრიზი ხუთმა წყვილმა მიიღო.
თეონა თავდგირიძემ და ელდარ დავითაძემ ერთმანეთი საერთო მეგობრის ქორწილში გაიცნეს, მაშინ ელდარს სამოდელო სააგენტო ჰქონდა, თეონა კი დიზაინერია. ელდარმა მას თანამშრომლობა შესთავაზა გაცნობის მიზნით.
თეონა: `სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობა საკმაოდ დამაინტრიგებელი შემოთავაზება იყო, ამიტომ დავპირდი, მოვიფიქრებ-მეთქი. თუმცა მალევე გადამავიწყდა, თბილისში სასწავლებლად ვაპირებდი წასვლას, მაგრამ გადავიფიქრე და საერთო მეგობრების დახმარებით ვიპოვე ელდარის ტელეფონის ნომერი. მესიჯი მივწერე, პასუხად კი მომწერა, ვერ გიცანიო. მალე ისევ მივიღე მისგან მესიჯი და შევხვდით ერთმანეთს, თუმცა თანამშრომლობასა და საქმეზე აღარ ვლაპარაკობდით. ოთხი თვე შეყვარებულები ვიყავით, მეხუთე თვეს ვიქორწინეთ”.
თეონამ საქორწილო კაბა თავისივე დიზაინით თვითონვე შეიკერა, ვარცხნილობა კი სტილისტმა შეურჩია კაბის მიხედვით. ელდარის საქორწილო სამოსის დიზაინზეც თეონამ იზრუნა _ იტალიურ სტილში გადაწყვეტილი თეთრი შარვალ-კოსტიუმი.
ქორწილზე ელდარმა იმღერა კიდეც და სიმღერა, რა თქმა უნდა, თეონას ეძღვნებოდა. ქორწილის მუსიკალურ გაფორმებაზე კი ბენდმა იზრუნა. ნეფე-პატარძლისთვის რამდენიმე სიმღერა ბათუმში პოპულარულმა ქრისტინე შუშაძემაც შეასრულა.
აჭარული ტრადიციების თანახმად, პატარძლის ოჯახმა ე.წ. სადილი მიიტანა. წყვილისთვის განკუთვნილ ვაშლის და მსხლის ფორმის შაქარლამებში ფული იდო _ ერთში ასი დოლარი ხოლო, მეორეში _ ორი ლარი. ასი დოლარი ნეფეს შეხვდა…
ტრადიციულად, გაიმართა ქორწილის მეორე დღეც. თეონა იხსენებს, რომ ამ დღეს მან დაისი მეწყვილეს გარეშე იცეკვა _ “ვეძახოდი ელდარს, მოდი-მეთქი, მაგრამ არ გამოვიდა და ბოლომდე მარტო ვიცეკვე”.
ამბობენ, რომ ქორწილისთვის კიდევ ბევრი რამე ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ ყველაფერმა ისე საინტერესოდ ჩაიარა, რომ გადაავიწყდათ. რადგან დეკემბერში მარხვა იყო, წყვილმა ჯვარი ვერ დაიწერა, ამიტომ ზაფხულში ექნებათ ჯვრისწერა და ამ დღის დაგეგმვა უკვე დაიწყეს.
თეონა თავდგირიძე და ელდარ დავითაძე
ნეფე მაიკლ ჯექსონის აქსესუარებით
07:53
LIFEstyle
0 коммент.:
Отправить комментарий