ტელეფონი სუნამოს ყუთში და თაიგულის ნაცვლად ნასროლი ყურძნის მტევანი


თეას გუნდს შეჯიბრი ჰქონდა ბათუმში, ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ფრენბურთელები შეერკინენ... მახო კალათბურთელია და იმ დღეს გვერდით მსაჯად დანიშნეს... “როცა მითხრეს მსაჯი უნდა იყოო, კატეგორიული უარი ვთქვი, მით უმეტეს ნაბახუსევი მქონდა... ბოლოს მაინც დამითანხმეს და შეჯიბრზე ფაქტიურად მოვალეობის მოხდის მიზნით მივედი. იქ საინტერესო არაფერი მეგულებოდა... მაგრამ მივედი თუ არა, ერთი გოგონა შევნიშნე, რომელიც ძალიან მომეწონა და ჩემი ყურადღება არა თამაშის, არამედ მისკენ იყო მიპყრობილი... შევეცადე რამდენიმე ზედმეტი ქულა ჩამეთვალა მათთვის, მაგრამ მაინც წააგეს და თეა ატირებული წავიდა იქედან, ამიტომ ვერ გავბედე მისვლა და გაცნობა...”
თეა თბილისში გაემგზავრა, მახო კი ცდილობდა მისი ტელეფონის ნომერი გაეგო... ბოლოს, მაინც მიაღწია ამას და პირველი მესიჯიც გაუშვა... ურთიერთობა მალე აეწყო, მახო თბილისში ჩადიოდა თეას სანახავად. ახალი წლის ღამეს კი პირველად გამოუტყდა სიყვარულში და რადგან ჩასვლა და მისი ნახვა ვერ მოახერხა, საჩუქარი გაუგზავნა... მახო თეას პირველი სიყვარულია და ამიტომ იგი დიდხანს მოუნდა გადაწყვეტილების მიღებას, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ უთხრა, რომ მასაც უყვარდა. მახომ დაურეკა და დამშვიდობებისას თეამ მიყვარხარო უთხრა, მახომ ტელეფონი გათიშა... თეოს ტირილი აუვარდა, იფიქრა რომ მახოსთვის ეს არ იყო მნიშვნელოვანი და მოულოდნელი, მალე მიმატოვებსო გაიძახოდა... თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ტელეფონის ბრალი იყო ყველაფერი და მალე თეასთან ათობით გამოტოვებული ზარი შევიდა... წყვილი როგორც იქნა დაუკავშირდა ერთმანეთს და აღმოჩნდა, რომ ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გრძნობა...
ერთმანეთს ყოველ დღე ვერა, მაგრამ შეძლებისდაგვარად ხშირად ხვდებოდნენ, ხან მახო ჩადიოდა თბილისში, ხანაც თეა ბათუმში და .. მახო თეას ვარჯიშებზეც აკითხავდა და თუ სხვა გოგონებს მწვრთნელი უკრძალავდა შეყვარებულებთან შეხვედრას, მახო იმდენად მოსწონდა, რომ თეას არაფერს ეუბნებოდა ამის თაობაზე...
მახო ცდილობდა ხშირად ჩასულიყო თბილისში, ზოგჯერ მოულოდნელად მიაკითხავდა თეას სახლთან და სასიამოვნო სიურპრიზებითაც ანებივრებდა... ერთხელ, მამაკაცის სუნამო მიუტანა საჩუქრად და უთხრა შემეშალა, ქალის მეგონაო, თეამ არ ვაწყენინებო და მაინც აიღო, ყუთში კი ტელეფონი აღმოჩნდა მისთვის...
მახო კალათბურთის პარალელურად მეზღვაურია და საქართველოდან გამგზავრება ხშირად უხდებოდა. წყვილი ერთმანეთს ტელეფონის საშუალებით ეკონტაქტებოდა. ერთხელ თეას მაისური ჩამოუტანა მათი ფოტოებითა და წარწერით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ყველაფერი 4 წლის წინ ხდებოდა, საკმაოდ განსხვავებული საჩუქარი გამოუვიდა - “დღესაც მაქვს შენახული ის მაისური, ვცდილობ ხშირად არ ვატარო, რათა გარეცხვის შემდეგ არ გადავიდეს”, ამბობს თეა.
ქორწილამდე მახო კვლავ გაემგზავრა უცხოეთში, მაგრამ მერე გაიგო, რომ ნოემბერში დიდ მარხვა იწყებოდა და იანვრამდე ჯვრისწერას ვერ შეძლებდნენ. ამიტომ გადაწყვიტა ჩამოსულიყო საქართელოში და ქორწილი მარხვამდე გაეკეთებინათ. თეას არაფერი უთხრა, მოულოდნელად დაურეკა სამსახურში...
დეკოლტეთი და სვაროვსკის თვლებით გაფორმებული თეთრი საპატარძლო კაბა თეამ თავისი გემოვნებით შეაკერინა დიზაინერს, ვარცხნილობაც თვითონ შეარჩია. მახომ კი საზღვარგარეთ შეიძინა შავი შარვალ-კოსტიუმი და პერანგი, თუმცა ეს უკანასკნელი დაუწუნეს მეგობრებმა ფერის გამო და თავიდან მოუხდა ახალი პერანგის შერჩევა, ამჯერად თეთრის...
ქორწილი 4 ნოემბერს შედგა, მახომ წინა დღით ჩააკითხა თეას თბილისში და ჯვარი იქ დაიწერეს. ქორწილი კი ბათუმში გაიმართა, დარბაზის დიზაინზე თეამ არაფერი იცოდა, იცოდა მხოლოდ ის, რომ მახო სიურპრიზს უმზადებდა... როცა თამადამ ნეფე-პატარძლის ცეკვა გამოაცხადა, უცებ სპეციალური თეთრი სცენა გააკეთეს, წყვილმა ვალსი შეასრულა და ბოლოს მახომ თეა ხელში აიტაცა, ამ დროს ფერადი ბუშტები, ხელოვნური თოვლი და შუშხუნები ჩამოცვივდა ჭერიდან...
ქორწილში ძირითადად ქართული ტრადიციული მელოდიები ჟღერდა, შიგადაშიგ იყო დისკოთეკაც, რასაც სპეციალური განათებაც უწყობდა ხელს...
თაიგულის სროლისას წყვილმა გადაწყვიტა რამე სასაცილო მოეფიქრებინა და თაიგულის ნაცვლად ყურძნის მტევანი ისროლეს... საბოლოოდ, თაიგული მახოს მეჯვარეს შეხვდა, რომელიც შეყვარებულია და სავარაოდოდ თაიგულითავის საქმეს გააკეთებს”...
მალხაზ დოხაძე და თეა მძელური

0 коммент.:

Отправить комментарий