"ძალიან ჩემი ადამიანი..."


დიდი ხნის ურთიერთობის შემდეგ მიხვდნენ, რომ მათი გრძნობა მეგობრობის ჩარჩოებში არ ჯდებოდა და ერთმანეთისთვის უფრო მეტი იყვნენ, ვიდრე მეგობრები... ამ აღმოჩენას შოკში ნამდვილად არ ჩაუგდია და ახლა უკვე როგორც შეყვარებულები, ისე აგრძელებდნენ ურთიერთობას, თითქოს არაფერი შეცვლილიყოს... გარშემომყოფებიც დიდი ხნის განმავლობაში ვერაფრს ამჩნევდნენ, შემდეგ კი ბევრი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, ბევრიც წინააღმდეგი იყო ამ ურთიერთობის და როგორც თაკო ამბობს, იყო ხელის შეშლის მცდელობაც.
მაგრამ წყვილი კვლავ აგრძელებდა ურთიერთობას. ამ ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ უკამათიათ, თუმცა, როგორც თაკო ამბობს, ამაში დიდი წვლილი გიორგის დამთმობ ხასიათს მიუძღვის. დაუგროვდათ უამრავი სასიამოვნო მოგონებაც... ერთხელ, სათამაშოების მაღაზიაში შეიარეს, თაკომ `ჩებურაშკა~ შენიშნა დახლზე და ძალიან მოეწონა, მით უმეტეს, რომ ეს მულტფილმი და გმირი ძალიან უყვარს. გიორგისთან, რა თქმა უნდა, არაფერი შეიმჩნია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გიორგი მიხვდა და მეორე დღეს სწორედ ის `ჩებურაშკა~ აჩუქა. თაკო დღემდე ინახავს თოჯინას... ეს არ იყო ყველაზე განსაკუთრებული საჩუქარი. გიორგიმ იცის, რომ თაკოს უყვარს ცისფერი პეპლები და უცხოეთიდან ჩამოუტანა ძალიან ლამაზი ცისფერი პეპელა კრისტალში.
ყველაზე მეტად კი პირველი პაემანი დაამახსოვრდათ. ჯერ იყო და ახალშენში წირვაზე ასულებს ტაძარში არავინ დახვდათ, მამაო ბოლნისში იყო ტაძრის კურთხევაზე. გადაწყვიტეს `ცოტა~ გაესეირნათ და შედეგად ბათუმში ფეხით ჩამოვიდნენ. მერე ქალაქში ისეირნეს და რომანტიკული შეხვედრისას რატომღაც ნადირობაზეც დაიწყეს საუბარი, გიორგი საკმაოდ კარგი მონადირეა და რადგანაც თაკოსაც უყვარს ნადირობა, სანადიროდ წასვლა შესთავაზა. მართლაც, წავიდნენ და ერთი იხვიც მოკლეს, თუმცა, მისი დაგემოვნება მარხვის გამო ვერ შეძლეს და მეგობარს აჩუქეს.
რამდენიმე დღის შემდეგ კი გიორგიმ თაკოს ცოლობა თხოვა... თაკოს ბევრი არ უფიქრია, ამბობს ძალიან `ჩემი~ ადამიანი იყო, ამას სულ ვგრძნობდიო...
ჯერ რელიგიური ნიშნობა, იგივე წინდობა ჰქონდათ, შემდეგ კი ქორწილისთვის მოემზადნენ. ყველაფერი გიორგის მამის და ძმის ორგანიზებით ჩატარდა, წყვილმა მხოლოდ საქორწილო სამოსის შერჩევაზე იზრუნა. თაკომ კაბის დიზაინი კარგა ხანს ვერ შეარჩია, ქორწილამდე ერთი კვირით ადრე კაბა არ იყო მზად. ბოლოს დიზაინერ ესმა მამაულაძესთან ერთად ჩამოყალიბდა კონკრეტულ დეტალებზე და კაბაც იქვე შეიკერა. გიორგის კი ყოველთვის უნდოდა ქორწილზე ფრაკი ცმოდა და შეიკერა. წყვილმა ჯვარი ქორწილამდე სამი დღით ადრე დაიწერა, რადგან ჯვრისწერა ბათუმიდან საკმაოდ შორს, ყინწვისში გადაწყვიტეს. ყინწვისის ტაძარი მე-12 საუკუნისაა, სადაც შემორჩენილია თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის ფრესკები.

ჯვრისწერის დღეს თაკომ და გიორგიმ ტაძრის ეზოში ბევრი ისეირნეს და ვერც შეამჩნიეს, რომ თაკოს ახალ თეთრ საპატარძლო კაბას ლაქები დააჩნდა. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, არ იყო რთულად ამოსაყვანი ლაქები, უბრალოდ, ჯვრისწერიდან ქორწილამდე მოუხდათ კაბის გარეცვხა და ფორმაში მოყვანა. რაც შეეხება ქორწილს, თაკომ და გიორგიმ 2010 წლის 10 ოქტომბერს იქორწინეს, ანუ 10.10.10
თაკო და გიორგი ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები არიან და, შესაბამისად, გარდა ცოლ-ქმარისა, ერთი საქმეც აქვთ. თაკო მალე მეუღლის გვარზე გადასვლას გეგმავს. წყვილი ბათუმში, გიორგის მშობლებთან ერთად ცხოვრობს.
თამარ ხიტირი და გიორგი გოგიბერიძე

0 коммент.:

Отправить комментарий