მამაკაცი და სტილი



ზურა ჩართოლანი პროფესიით რეჟისორია. მისთვის ჩაცმულობა, ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია – თვითგამოხატვისთვის. იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს, საკუთარი გემოვნებით ხელმძღვანელობს. მიიჩნევს, რომ მამაკაცის გარდერობში ყველა სტილის სამოსი უნდა იყოს.
"სამოსს ყველგან ვყიდულობ, ცნობილ ბრენდების მაღაზიებში, ბაზრობაზეც და სექენდ ჰენდშიც. ხშირად სექენდ ჰენდში, პატარა ხარვეზის გამო, ძვირადღირებული ბრენდების ტანისამოსი ხვდება. თუმცა სულ არაა სამარცხვინო, რომ ფინანსების უქონლობის გამო ვინმემ მეორადი მოხმარების სამოსი შეიძინოს. ბაზრობაზე ნაყიდი სამოსი ყველას აცვია, მეორადებში კი ყოველთვის ნახავ ორიგინალურს და დარწმუნებული მაინც იქნები, რომ ასეთი სამოსით სხვა არავინ გაივლის", _ ამბობს ზურა.
თუკი გინდათ, რომ სხვებისგან განსხვავებული ტანსაცმელი გეცვათ, ზურა გირჩევთ, თავად მოიფიქროთ სვიტერის ან ჟაკეტის დიზაინი და ვინმეს მოაქსოვინოთ.
ყველა მამაკაცის გარდერობში მოიპოვება ჯინსის ერთი შარვალი მაინც, რომლის ფერსა და ფორმაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული _ სამოსის ფერი და ფორმა ვიზუალურად ამაღლებს ან აპატარავებს ადამიანს. `დაბალი ბიჭები უნდა მოერიდონ ისეთი სამოსის ჩაცმას, რომელიც მათ სიდაბლეს გაუსვამს ხაზს. ასეთი სამოსია, მაგალითად, ფართე, ჩაჩაჩული შარვალი და გრძელცხვირიანი ფეხსაცმელი. მათ უნდა ჩაიცვან რაიმე გამოყვანილი მაისურები, სიგრძივი ზოლებით ან სვიტერი, ასეთივე ნაქსოვი ორნამენტით. უნდა მოერიდონ გადმოშვებულ მაისურებს და მუქ ფერებს, _ ამბობს ზურა.
უმეტესობა დღეს მუქი ფერის სამოსს ატარებს. შავი ფერი ადამიანს ინდივიდუალურობას უკარგავს. ფერით შეიძლება შენი ხასიათი განსაზღვრო. მთავარია, ფერები ერთმანეთს ეხამებოდეს. კაცი მაინც უფრო ექსპრესიულია და ტანსაცმელი რაღაცას უნდა გამოხატავდეს. თუ ქალისთვის თავის მოწონება გსურს, არ უნდა იმალებოდე რუხ ფერებში და უფრო გაბედული უნდა იყო ჩაცმულობასა და საქციელშიც".
ზურა ამბობს, რომ ჯობია გეცვას ის, რაშიც კომფორტულად გრძნობ თავს. სხვაზე მიბაძვას აზრი არა აქვს. ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება, ვისაც ისეთი მოეწონები, როგორიც ხარ. ის, რაც გაცვია, შენს ხასიათს უნდა ესადაგებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თამაში გიწევს, რითაც საკუთარ მეობას კარგავ.
მამაკაცის აქსესუარი საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია მის ჩაცმულობაში. ნებისმიერი აქსესუარი თქვენს ხასიათს და გარკვეულ ღირსებებს უნდა უსვამდეს ხაზს და თქვენი პიროვნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. ზურას თქმით, მამაკაცის აქსესუარი იაფფასიანი არ უნდა იყოს _ "იაფფასიანში მხოლოდ ფასს არ ვგულისხმობ. სტილური მამაკაცის აქსესუარი არ უნდა იყოს უგემოვნო. ხელნაკეთი აქსესუარები ყოველთვის მომგებიანია. იმას გააჩნია, თუ რაზე გინდა აქცენტის გაკეთება... ჩვენთან რატომღაც მოდაშია ოქროს ჯაჭვები და უფრო მეშჩანური აქსესუარები. შესაძლოა, რამე ხელნაკეთი აირჩიო, ხით გაწყობილი ყელსაბამი აფრიკულ სტილში ან სამაჯური".
ასე რომ, თუ საკუთარი განუმეორებელი სტილის შექმნა გსურთ, მაქსიმალურად ეცადეთ საკუთარი ინდივიდუალურობა შეინარჩუნოთ, რადგან სტილურად ჩაცმა არ ნიშნავს ატარო ის, რაც მოდაშია. იგი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ლამაზი სამოსი. თქვენი ჩაცმის სტილი თქვენს პიროვნებას, ინტერესის სფეროს და მისწრაფებებს წარმოაჩენს.
ზურას აზრით, ზედმეტად თავის მოვლა და ჩაცმაზე გადაყოლა მიზანშეწონილი არ არის _ "ეს არც საპირისპირო სქესში იწვევს მოწონებას. ქალებს უფრო მოსწონთ მამაკაცური და ექსპრესიული კაცები, რომლებშიც მამაკაცური საწყისი უფრო ძლიერად არის გამოხატული. თუ მამაკაცი ამ თვისებებს გაუსვამს ხაზს თავისი ჩაცმულობით და ქცევით, ალბათ, ყველა ქალის ინსტინქტზე იმოქმედებს".

გემოვნებიანად ჩაცმის მარტივი და ხელმისაწვდომი გზები



აღმოჩნდა, რომ პოპულარული ბრენდების, საკმაოდ ხარისხიანი და სტილური სამოსი, ეგრეთ წოდებულ "სექენდ ჰენდში" სულ რაღაც 7-8 ლარად შეიძლება შეიძინო.
რატომღაც არსებობს მოსაზრება, რომ აქ მხოლოდ გაცვეთილი, უვარგისი ძველმანები იყიდება, რომელთა შეძენაც ან არაფერში გჭირდება, ან იმ საზოგადოების აზრს უფრთხი, რომლის წარმომადგენლებიც მალულად, მაგრამ ძალიან ხშირად სტუმრობენ ძველმანების მაღაზიებს.
სულ ახლახან ბათუმის ყველა "სექენდ ჰენდი" იმ მიზნით შემოვიარე, რომ გამერკვია, თუ რამდენად ვარგისიანი საქონელი იყიდება აქ. ძველმანებში საოცრად მრავალფეროვანი არჩევანი დამხვდა: sisley, benetton, espriti _ ეს ის ბრენდებია, რომლებიც, ჩვეულებრივ, ძალიან ძვირი ღირს, აქ კი ასე უყურადღებოდ ეყარა `ძონძების~ გვერდით.
ხშირად აქ სულ ახალი სამოსი იყიდება. მას შემდეგ, რაც ამ ტანსაცმელს ევროპის საუკეთესო მაღაზიებში ჩამოფასებულის სტატუსს ანიჭებენ, ისინი ისეთ ქვეყნებში იგზავნება ან იყიდება, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ის სამოსი კი, რომელიც უკვე მეორადი მოხმარებისაა, სრულ დეზინფექციას გადის და ისე გააქვთ გასაყიდად.
სპეციფიკური სუნი, რომელიც ხშირად გვხვდება ამგვარ მაღაზიებში, სწორედ დეზინფექციის შედეგია. აქ შეძენილ მეორადი მოხმარების ნივთს სპეციფიკური სუნი რომ მოაცილოთ, საჭიროა, მისი უბრალოდ ცხელ წყალში რამდენიმე საათით გაჩერება და შემდეგ გარეცხვა.
ჩემი "ძონძებში" მოგზაურობა უშედეგოდ არ დასრულებულა. აქ შესანიშნავი პატარა ზურგჩანთა და უგის ჩექმები (Uggs-ზამშის ჩექმა დაბალ ძირებზე) შევიძინე. მათი ფასი საქართველოშიც და უცხოეთშიც 120 დოლარამდეა. მე კი სულ რაღაც 15 ლარი გადავიხადე.

ქორწილი შოუ


ქორწილს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და უნდა შეეცადო, ლამაზი და გამორჩეული ქორწილი გადაიხადო” _ ამბობს ჯემალ თავართქილაძე. მან 2009 წლის სექტემბერში იქორწინა და როგორც თვითონ თქვა, ძალიან ლამაზი ქორწილი ჰქონდათ.
ჯემალმა და შორენამ ერთმანეთი შორენას მეგობრის და ჯემალის ნათესავის მეშვეობით გაიცნეს. აღმოჩნდა, რომ მას და ჯემალის მამას ეს გაცნობა დაუგეგმავთ, წყვილმა კი ამის შესახებ არაფერი იცოდა. ისინი ჯერ დამეგობრდნენ, ერთი წლის განმავლობაში შეყვარებულები იყვნენ და შემდეგ იქორწინეს.
წყვილმა ტელეპროექტჯეოსტარისერთ-ერთი მონაწილის ფანკლუბში ნახა ბიძინა მიქელაძის და მისი მეგობრების მიერ დადგმული შოუ. ჯემალმა და შორენამ გადაწყვიტეს მათი ქორწილიც ამ შოუთი გაელამაზებინათ და კმაყოფილნიც დარჩნენ.
შორენა: “წინასწარ არ ვიცოდით, როგორი იქნებოდა ქორწილი, ფაქტობრივად, სიურპრიზი გამოვიდა. ჯვრისწერის შემდეგ სარიტუალო დარბაზში მისულებს შოუს ორგანიზატორები კოსტიუმირებული სანახაობით შეგვეგებნენ, ამის შემდეგ კი იყო სხვადასხვა კონკურსი, პანტომიმა და შოუ ცეცხლებით. ქორწილი ტრადიციულად თამადამ დაიწყო, თუმცა ბოლომდე ტრადიციულად არ გაგრძელებულა, პარალელურად ქართული სადღეგრძელოებისა, სხვადასხვა წარმოდგენები, კონკურსები მიმდინარეობდა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ფოტოჩვენება, რომელიც სარიტუალო დარბაზის დიდ ეკრანზე გაიმართა, ნაჩვენები იყო ჩვენი ბავშვობისა და შეყვარებულობის პერიოდების ამსახველი ფოტოები”.
ქორწილი გონიოში, სარიტუალო დარბაზერაში” გაიმართა. შორენამ საქორწილოდ კაბა თავისი გემოვნებით შეაკერინა _ კაბა თეთრი აჟურული ბადით იყო გაფორმებული და მას განსაკუთრებულ დახვეწილობას ღრმა დეკოლტე მატებდა. მიუხედავად იმისა, რომ ვარცხნილობა ინტერნეტით შეარჩიეს, იგი სრულიად ესადაგებოდა წყვილის კლასიკურ იმიჯს. რაც შეეხება ჯემალს, მას ტრადიციული _ შავ-თეთრი შარვალ-კოსტიუმის ნაცვლად კრემისფერ და თეთრ ტონალობებში გადაწყვეტილი სამოსი ეცვა. დარბაზიც კლასიკური ღია ფერებით იყო გაფორმებული და დღეს პოპულარული გრძელი მაგიდების ნაცვლად, პატარა და ლამაზად გაფორმებული მაგიდები იდგა.
საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზეც შოუს ორგანიზატორებმა იზრუნეს. შვიდკაციანი მუსიკალური ჯგუფი ასრულებდა როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე სიმღერებს.
კონკურსებს შორის გამოირჩეოდა სადღეგრძელოების კონკურსი, რომელშიც ყველა ასაკის ადამიანი ჩაერთო. ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული და დაჯილდოვდა კიდეც. პრიზი მართლაც შთამბეჭდავი იყო _ ფერადი მინებით გაფორმებული ულამაზესი თასი, რომელიც სპეციალურად საფრანგეთიდან ჩამოატანინეს. ტრადიციულად, წარმოითქვა ხსოვნის სადღეგრძელოც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დარბაზში შუქი ჩააქრეს და 300 მოწვეულ სტუმარს ანთებული სანთლები ეჭირა ხელში.
გაიმართა აუქციონიც, ორიგინალურად გაფორმებული ვარდის საწყისი ფასი ერთი ლარი იყო, ბოლოს კი 100 ლარად გაიყიდა. საბოლოოდ ვარდი პატარძალმა მიიღო საჩუქრად.
განსხვავებული იყო საქორწილო ტორტიც. ის ტრადიციული კრემებიანი ტორტისგან განსხვავებით, თეთრი მინანქრითა და რამდენიმე წითელი ვარდით იყო გაფორმებული. ტორტი იმავე დღესვე დაჭრეს. ქორწილის შემდეგ კი ნეონებით გაფორმებულ დარბაზში დისკოთეკა გაიმართა.
შოუს საერთო ღირებულების დასახელებისგან წყვილმა თავი შეიკავა, თქვეს, რომ ზოგისთვის შეიძლება ძვირი იყოს, ზოგისთვის კი _ იაფი. ჯემალ თავართქილაძე: “რაც მთავარია, არავინ არც ხარჯზე ინანებს და არც შოუზე. მომსახურების ხარისხი ნამდვილად აღემატება ფასს”.
შორენა კონცელიძე და ჯემალ თავართქილაძე

ტელეფონი სუნამოს ყუთში და თაიგულის ნაცვლად ნასროლი ყურძნის მტევანი


თეას გუნდს შეჯიბრი ჰქონდა ბათუმში, ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ფრენბურთელები შეერკინენ... მახო კალათბურთელია და იმ დღეს გვერდით მსაჯად დანიშნეს... “როცა მითხრეს მსაჯი უნდა იყოო, კატეგორიული უარი ვთქვი, მით უმეტეს ნაბახუსევი მქონდა... ბოლოს მაინც დამითანხმეს და შეჯიბრზე ფაქტიურად მოვალეობის მოხდის მიზნით მივედი. იქ საინტერესო არაფერი მეგულებოდა... მაგრამ მივედი თუ არა, ერთი გოგონა შევნიშნე, რომელიც ძალიან მომეწონა და ჩემი ყურადღება არა თამაშის, არამედ მისკენ იყო მიპყრობილი... შევეცადე რამდენიმე ზედმეტი ქულა ჩამეთვალა მათთვის, მაგრამ მაინც წააგეს და თეა ატირებული წავიდა იქედან, ამიტომ ვერ გავბედე მისვლა და გაცნობა...”
თეა თბილისში გაემგზავრა, მახო კი ცდილობდა მისი ტელეფონის ნომერი გაეგო... ბოლოს, მაინც მიაღწია ამას და პირველი მესიჯიც გაუშვა... ურთიერთობა მალე აეწყო, მახო თბილისში ჩადიოდა თეას სანახავად. ახალი წლის ღამეს კი პირველად გამოუტყდა სიყვარულში და რადგან ჩასვლა და მისი ნახვა ვერ მოახერხა, საჩუქარი გაუგზავნა... მახო თეას პირველი სიყვარულია და ამიტომ იგი დიდხანს მოუნდა გადაწყვეტილების მიღებას, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ უთხრა, რომ მასაც უყვარდა. მახომ დაურეკა და დამშვიდობებისას თეამ მიყვარხარო უთხრა, მახომ ტელეფონი გათიშა... თეოს ტირილი აუვარდა, იფიქრა რომ მახოსთვის ეს არ იყო მნიშვნელოვანი და მოულოდნელი, მალე მიმატოვებსო გაიძახოდა... თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ტელეფონის ბრალი იყო ყველაფერი და მალე თეასთან ათობით გამოტოვებული ზარი შევიდა... წყვილი როგორც იქნა დაუკავშირდა ერთმანეთს და აღმოჩნდა, რომ ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გრძნობა...
ერთმანეთს ყოველ დღე ვერა, მაგრამ შეძლებისდაგვარად ხშირად ხვდებოდნენ, ხან მახო ჩადიოდა თბილისში, ხანაც თეა ბათუმში და .. მახო თეას ვარჯიშებზეც აკითხავდა და თუ სხვა გოგონებს მწვრთნელი უკრძალავდა შეყვარებულებთან შეხვედრას, მახო იმდენად მოსწონდა, რომ თეას არაფერს ეუბნებოდა ამის თაობაზე...
მახო ცდილობდა ხშირად ჩასულიყო თბილისში, ზოგჯერ მოულოდნელად მიაკითხავდა თეას სახლთან და სასიამოვნო სიურპრიზებითაც ანებივრებდა... ერთხელ, მამაკაცის სუნამო მიუტანა საჩუქრად და უთხრა შემეშალა, ქალის მეგონაო, თეამ არ ვაწყენინებო და მაინც აიღო, ყუთში კი ტელეფონი აღმოჩნდა მისთვის...
მახო კალათბურთის პარალელურად მეზღვაურია და საქართველოდან გამგზავრება ხშირად უხდებოდა. წყვილი ერთმანეთს ტელეფონის საშუალებით ეკონტაქტებოდა. ერთხელ თეას მაისური ჩამოუტანა მათი ფოტოებითა და წარწერით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ყველაფერი 4 წლის წინ ხდებოდა, საკმაოდ განსხვავებული საჩუქარი გამოუვიდა - “დღესაც მაქვს შენახული ის მაისური, ვცდილობ ხშირად არ ვატარო, რათა გარეცხვის შემდეგ არ გადავიდეს”, ამბობს თეა.
ქორწილამდე მახო კვლავ გაემგზავრა უცხოეთში, მაგრამ მერე გაიგო, რომ ნოემბერში დიდ მარხვა იწყებოდა და იანვრამდე ჯვრისწერას ვერ შეძლებდნენ. ამიტომ გადაწყვიტა ჩამოსულიყო საქართელოში და ქორწილი მარხვამდე გაეკეთებინათ. თეას არაფერი უთხრა, მოულოდნელად დაურეკა სამსახურში...
დეკოლტეთი და სვაროვსკის თვლებით გაფორმებული თეთრი საპატარძლო კაბა თეამ თავისი გემოვნებით შეაკერინა დიზაინერს, ვარცხნილობაც თვითონ შეარჩია. მახომ კი საზღვარგარეთ შეიძინა შავი შარვალ-კოსტიუმი და პერანგი, თუმცა ეს უკანასკნელი დაუწუნეს მეგობრებმა ფერის გამო და თავიდან მოუხდა ახალი პერანგის შერჩევა, ამჯერად თეთრის...
ქორწილი 4 ნოემბერს შედგა, მახომ წინა დღით ჩააკითხა თეას თბილისში და ჯვარი იქ დაიწერეს. ქორწილი კი ბათუმში გაიმართა, დარბაზის დიზაინზე თეამ არაფერი იცოდა, იცოდა მხოლოდ ის, რომ მახო სიურპრიზს უმზადებდა... როცა თამადამ ნეფე-პატარძლის ცეკვა გამოაცხადა, უცებ სპეციალური თეთრი სცენა გააკეთეს, წყვილმა ვალსი შეასრულა და ბოლოს მახომ თეა ხელში აიტაცა, ამ დროს ფერადი ბუშტები, ხელოვნური თოვლი და შუშხუნები ჩამოცვივდა ჭერიდან...
ქორწილში ძირითადად ქართული ტრადიციული მელოდიები ჟღერდა, შიგადაშიგ იყო დისკოთეკაც, რასაც სპეციალური განათებაც უწყობდა ხელს...
თაიგულის სროლისას წყვილმა გადაწყვიტა რამე სასაცილო მოეფიქრებინა და თაიგულის ნაცვლად ყურძნის მტევანი ისროლეს... საბოლოოდ, თაიგული მახოს მეჯვარეს შეხვდა, რომელიც შეყვარებულია და სავარაოდოდ თაიგულითავის საქმეს გააკეთებს”...
მალხაზ დოხაძე და თეა მძელური