ლამაზად სიარული ყველა ქალს არ შეუძლია. როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს ქალი და კარგად გამოიყურებოდეს, თუ “შპილკებზე” ძლივს დგას და სიარულიც უჭირს, არც ისე კარგი შთაბეჭდილება შეგვექმნება მასზე. მოდელების სიარულის მანერა იდეალურად მიიჩნევა, მაგრამ ჩვეულებრივი მოკვდავისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელია, ამიტომ უკეთესია იგი პოდიუმს დავუთმოთ და ჩვენ რამდენიმე უბრალო რჩევა გავითვალისწინოთ.
სიარულისას თავი ოდნავ წამოწეული უნდა იყოს, ნიკაპის ხაზი _ მიწის პარალელური. მზერა ოდნავ ზემოთ უნდა იყოს მიმართული, მაგრამ მეტისმეტად თავაწეულებმაც არ უნდა იაროთ. ხშირად თავდახრილები დადიან, მოტივად კი იმას ასახელებენ, რომ გზას უყურებენ და სიფრთხილეს იჩენენ, მაგრამ წინ თუ გავიხედავთ, საფრთხეს მანამდე დავინახავთ, სანამ მივუახლოვდებით. ამიტომ, უმჯობესია ცოტა თავაწეული ვიაროთ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ნაბიჯების სიგრძ, მეტისმეტად დიდი ნაბიჯები უხეში და უფრო მამაკაცურია, ამიტომ უმჯობესია შეამციროთ ისინი. თუმცა, ძალიან მოკლე ნაბიჯები არაბუნებრივია.
სიარულისას ხელები არ უნდა `ეკიდოს” უძრავად, მაგრამ არც ხელების ქნევაა ლამაზი. აიღეთ ხელი მიწის პარალელურად, ისე, რომ 90-გრადუსიანი კუთხე შეიქმნას, ჩამოსწიეთ ზუსტად ნახევარზე და მერე კიდევ ნახევარზე. ასე დაახლოებით 20-გრადუსიან კუთხეს მიიღებთ, სწორედ ეს არის დასაშვები ზომა ხელების წინ და უკან `საქნევად”.
მსუბუქად უნდა დადიოდეთ, რისთვისაც აუცილებელია კომფორტული ფეხსაცმელი. ქალების უმეტესობა მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებს უპირატესობას _ ლამაზია, ქალური, სექსუალური და ა.შ. თუმცა ყველას არ შეუძლია ატაროს ასეთი ფეხსაცმელი, არც მათი ხშირად ტარება ღირს _ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა შეიძლება შეგექმნათ. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას ჯერ ქუსლს უნდა დააწვეთ და ნელა გადაიტანოთ მთელი სხეული წინ, ნახევრად მოხრილი მუხლებით რომ არ იაროთ. მნიშვნელოვანია ისიც, როგორ დადგამთ ფეხს _ ტერფის წინა ნაწილები შიდა მხარეს არ უნდა იყოს მიმართული, მაგრამ არც ძალიან გარეთ, როგორც საბალეტო პოზიცია.
ამბობენ, რომ ლამაზი სიარულის მანერა მეცნიერებაა, მაგრამ არც ისე რთული და მისი შესწავლა ყველა ქალს შეუძლია.
0 коммент.:
Отправить комментарий