თავდაცვა თავდასხმისგან

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით დღეს ქუჩაში სიარული არც ისე სახიფათოა, შემთხვევებისგან თავის დაცვა აუცილებელია, მით უმეტეს ქალებისთვის.

მოსალოდნელი საფრთხისგან თავდაცვის ხერხებზე კარატისტი და შავი ქამრის მფლობელი, ნოდარ ხაჯიშვილი გვესაუბრა.

“უპირველეს ყოვლისა, უნდა შეეცადოთ დიალოგისას კონფლიქტში არ შეხვიდეთ. თუ არის შესაძლებლობა, აუცილებლად გაიქეცით. თუ გაქცევა შეუძლებელია, შეეცადეთ, დაარწმუნოთ თავდამსხმელი მისი საქციელის გაუმართლებლობაში, აუხსენით, რომ შეცდომას უშვებს და ეს არამარტო თქვენთვის, მისთვისაც ცუდი შედეგის მომტანია. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამით შეიძლება უკუშედეგი მივიღოთ და უფრო გავაღიზიანოთ მოწინააღმდეგე.

თუ პირველმა ორმა ხერხმა შედეგი არ გამოიღო, დროა მოქმედებაზე გადახვიდეთ და სანამ თვითონ მოიმოქმედებდეს რამეს, შეუტიოთ მოწინააღმდეგეს. ადამიანის სხეულზე არის რამდენიმე სუსტი წერტილი, რომლებზე ზეწოლისას ადვილად შეიძლება თავდამსხმელისგან გათავისუფლება. მაგალითად, ორივე გაშლილი ხელისგულის გარემხარე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა ჩაარტყათ ნეკნებში, ან გაშლილი ხელით პირდაპირ ყელში, ცხვირზე, თვალებსა ან კუჭზე უნდა შეუტიოთ. მტკივნეულია წვივებზე დარტყმაც, ოღონდ დაიმახსოვრეთ, რომ ამ შემთხვევაში მარჯვენა წვივზე მარჯვენა ფეხითვე ურტყამთ, მარცხენაზე _ მარცხენათი, რადგან ამ დროს წვივი გახსნილია და ზუსტად წვივზე ურტყამთ და არა _ მახლობლად. ეფექტურია ფეხებს შუა ამორტყმაც. ოღონდ გახსოვდეთ, რომ მას შემდეგ, რაც რომელიმე დარტყმა შედეგს გამოიღებს, აუცილებლად უნდა განერიდოთ მოწინააღმდეგეს. თქვენმა დარტყმამ ორი შედეგი შეიძლება გამოიღოს _ თავდამსხმელი თავს დაგანებებთ, რადგან დარტყმის შემდეგ იგრძნობს დანაშაულს, ან მოულოდნელი შეტევა შეაშინებს, მეორე შემთხვევაში კი დარტყმა უფრო გააღიზიანებს და შედეგად უფრო საშიში გახდება, თვითონაც გადავა შეტევაზე.

დაიმახსოვრეთ, რომ დარტყმის მომენტში არ უნდა დაიძაბოთ, რადგან ამ დროს ორგანიზმი დისკომფორტს განიცდის, იკეტება, შინაგანი ენერგიის ბლოკირება მიმდინარეობს და იზღუდები. თავისუფლად უნდა იყოთ, ხელიც თავისუფლად წაიღოთ მოწინააღმდეგისკენ და შემდეგ უკვე მძიმედ დაარტყათ, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება თქვენი დარტყმა მტკივნეული და შესაბამისად, შედეგის მომტანი.

გარდა ამისა, მოწინააღმდეგის შეშინება შესაძლებელია ყვირილითაც. დარტყმისას აუცილებლად იყვირეთ, ისე, რომ მოწინააღმდეგე შეშინდეს, ეს არის უდიდესი ფსიქოლოგიური ზემოქმედება, თითქმის დარტყმის ანალოგიურია და ამაში მდგომარეობს ჩხუბის ხელოვნება.

არსებობს თავდაცვის კიდევ რამდენიმე ხერხი, მაგალითად, თუ თავდამსხმელი უკანა მხრიდან მოგეპარათ, იდაყვი ჩაარტყით სახეზე ან კუჭთან. თუ ხელები შეგიკრათ, ფეხის ქუსლი უნდა დაარტყათ. თუმცა, მსგავსი ხერხების გამოყენება არც ისე მარტივია და თუ გინდათ ეს ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთოთ, ვარჯიშია საჭირო. ჩვეულებრივი ადამიანი, ვინც ჩხუბი არ იცის, ამას ვერ გააკეთებს”.

გაითვალისწინეთ, რომ გარდა თავდაცვის რამდენიმე ხერხის ცოდნისა, აუცილებელია დაფიქრდეთ იმაზეც, თუ რა მდგომარეობაში ჩავარდება თქვენი მოწინააღმდეგე ამ ხერხების გამოყენების შემდეგ და ფსიქოლოგიურად ამისთვისაც მზად უნდა იყოთ. თუმცა, როგორც ნოდარ ხაჯიშვილი ამბობს, თუ უბრალო მოკვდავი ხართ და არა რომელიმე სპორტის მიმდევარი, თქვენი დარტყმა ფატალური არ შეიძლება აღმოჩნდეს, ადამიანის დაზიანებას და თავიდან მოცილებას კი ადვილად შეძლებთ.

მან კი, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო დარტყმა არ შეუძლია, სასურველია შეიძინოს ცრემლსადენი გაზის პატარა ბალონი. გაზი მოწინააღმდეგეს თვალებში უნდა შეასხათ. მისი შეძენა ბარათაშვილის ქუჩაზე, იარაღების მაღაზიაში შეგიძლიათ დაახლოებით 20 ლარად. აქვე იყიდება .. “გაზის პისტოლეტი”, რომელიც რეზინის ტყვიებს ისვრის და მისი ფასი 180 ლარამდეა. როგორც მაღაზიის თანამშრომელი, ზაზა ბერიძე ამბობს, ამიარაღისტარება ჩანთით ან სულაც ქამარზე დამაგრებული შეგიძლიათ. იყიდება ელექტროშოკებიც, თუმცა კერძო პირებისთვის მათი მიყიდვა ნებადართული არ არის.

0 коммент.:

Отправить комментарий