ქუსლიან ფეხსაცმელს, რომ დადებითი ეფექტი აქვს ქალის გარეგნობაზე წყალი არ გაუვა. უდავოა, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ვიზუალურად ამაღლებს და აგრძელებს ფეხებს, ქალის ფიგურას კი უფრო მოხდენილს აჩენს, თუმცა მათი სისტემატურად ტარება ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხშირი მოხმარება ფეხის ტერფის დეფორმაციას იწვევს, ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონებს ეხებათ, რადგანაც ქალის ტერფი 22-23 წლამდე ფორმირდება. მაღალქუსლიან ფეხსაცმელში სხეულის სიმძიმე ტერფის წინა ნაწილზე გადადის, შედეგად ჩნდება კოჟრები, დეფორმირდება ცერა თითის ძვალი, წონასწორობის შესანარჩუნებლად იზნიქება წელი, როცა ხერხემალი სისტემატურად ამგვარ შეზნექას განიცდის, იგი ეჩვევა ასეთ მდგომარეობას და საბოლოოდ, ხერხემლის გამრუდებას იწვევს.
ფეხსაცმლის ქუსლის ყველაზე უსაფრთხო სიმაღლედ 4სმ-ია მიჩნეული, რომლის შემდეგაც ყოველი 2სმ-ის მატებასთან ერთად 25%-ით იზრდება ზეწოლა ფეხის თითებზე.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შერჩევა არც ისე მარტივი საქმეა. თუკი აქამდე მაღალ ქუსლებზე არასოდეს გივლიათ, პირდაპირ 12სმ-ზე ნუ შედგებით, სასურველია სანტიმეტრები ნელ-ნელა გაზარდოთ.
ფეხსაცმელი ჯობს დღის მეორე ნახევარში შეიძინოთ, როცა ფეხები სიარულისგან უკვე შეშუპებულია. დილით ნაყიდი ფეხსაცმელი შესაძლოა საღამოს პატარა დაგირჩეთ.
ყველაზე ხშირად მაღალქუსლიან ფეხსაცმელს დაბალი ტანის ქალები იცვამენ, ეს მათ თავდაჯერებულობას მატებს, სხეულის პროპორციებს კი შესამჩნევად არღვევს და შედეგად არც ისე მომხიბვლელად გამოიყურებიან, როგორც მათ ჰგონიათ.
გამხდარ ქალებს ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ მოუხდებათ, ფუმფულა მანდილოსნებმა კი უმჯობესია უპირატესობა სქელ და მყარქუსლიან ფეხსაცმელებს მიანიჭონ.
სიარულის მანერა ქალისთვის ერთგვარი ხელოვნებაა, თუმცა ხშირად 12 სმ-იან “შპილკებზე” `ამხედრებულ~ მანდილოსანს წონასწორობის შენარჩუნება უჭირს და ქუჩაში მრავალი სარისკო ილეთის გაკეთება უწევს. თუკი მაღალი ქუსლი თქვენთვის ახალი ხილია, აუცილებლად ივარჯიშეთ სახლში სწორ ხაზზე სიარულში. სიარულისას ზურგი და წელი სწორად უნდა გეჭიროთ, ფეხები დადგით მსუბუქად და თავისუფლად. ხშირად გააკეთეთ ფეხის ვარჯიშები, იატაკზე ფეხის გულებით აგორავეთ ბოთლი, გაიკეთეთ მასაჟები ფეხის თითებზე _ ამით ტერფი უფრო ელასტიური გახდება, რაც გაგიადვილებთ სიარულს.
თუკი მაღალ ქუსლებზე შემდგარს შორი მანძილი გაქვთ გასავლელი, თან დაბალძირიანი, კომფორტული ფეხსაცმელიც იქონიეთ და ნუ მოგერიდებათ გარშემომყოფების, ეს რჩევა მათაც გამოადგებათ.
0 коммент.:
Отправить комментарий