ფაქტია, რომ მამაკაცები თმის ცვენას ისე უფრთხიან, თითქოს ბიბლიური სამსონები იყვნენ და მთელი თავიანთი ძალა სწორედ რომ თმებში ჰქონდეთ ჩადებული. მიუხედავად ამისა, მამაკაცები არ ზრუნავენ თმის ჯანმრთელობაზე, შედეგად კი კომპლექსებისგან იტანჯებიან. გამელოტება, იგივე "ალოპეაცია", შესაძლოა ადამიანის სტრესულმა მდგომარეობამ, ძლიერმა ფიზიკურმა ან ფსიქიკურმა ტრავმამ და ზოგიერთმა მედიკამენტმაც კი გამოიწვიოს. არსებობს ალოპეაციის მექანიკური მიზეზებიც, მაგალითად ფენის ცხელი ორთქლით თავის კანის დაზიანება, თავის დაბანა საპნით, თმის ჟელე, მუსი და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ალოპეაციის მიზეზი ხშირად გენეტიკაა, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს კვებას, კერძოდ კი ეცადეთ მიირთვათ B ვიტამინის შემცველი პროდუქტები.
გამელოტების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ორგანიზმში ანდროგენური და ესტროგენური ჰორმონების დისბალანსია. მამაკაცის ჰორმონი _ ანდროგენი ხელს უწყობს სხეულზე თმის ზრდას, მაგრამ საგრძნობლად ამცირებს მის ზრდას თავზე. თუმცა გულს ნუ გაიტეხთ, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სისხლში მამაკაცის სასქესო ჰორმონებს, ტესტოსტერონებსა და ანდროგენულ ალოპეაციას შორის დიდი კავშირია, ამიტომაც შესაძლოა სიმელოტე თქვენს მაღალ პოტენციასა და ჰიპერსექსუალობაზე მეტყველებდეს. სქესობრივი მომწიფების შემდეგ, მამაკაცური ჰორმონების მოჭარბებული რაოდენობით გამოყოფის შედეგად, თმის ფოლიკულები ანუ ბოლქვები პატარავდება, ამ დროს თმა რაოდენობრივად არ მცირდება, უბრალოდ იგი იმდენად მცირეა ზომით, რომ შეუიარაღებელი თვალით შემჩნევა ჭირს.
თუ გსურთ თმებს ჯანსაღი იერი შეუნარჩუნოთ, არ ატაროთ მჭიდრო და ზედმეტად თბილი ქუდები, თმა დაივარცხნეთ მისი ზრდის მიმართულებით, თავის დაბანისას ბალზამი ლუდით ან ლიმონის წვენით ჩაანაცვლეთ. გახსოვდეთ, რომ სიმელოტე ნაკლი არ არის და რომ მსოფლიოში არსებობდა და არსებობს ძალიან ბევრი ნიჭიერი, სიმპათიური და წარმატებული მელოტი მამაკაცი: პლატონი, პითაგორა, ბრიუს ვილისი, ჯეისონ სტეტჰემი, მობი და სხვა.
0 коммент.:
Отправить комментарий