მიუხედავად არსებული უამრავი სარეცხი საშუალებისა, ხშირად სააბაზანოში გაჩენილ ლაქებთან გამკლავება რთულია. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
ყველას გვინდა სააბაზანოში ნიჟარა ახალივით თეთრი იყოს, თუმცა ზოგჯერ ხშირი გაწმენდის მიუხედავად, მოყვითალო-მოშავო შეფერილობას იღებს. ამის თავიდან ასაცილებლად, ერთ-ერთი გავრცელებული და ეფექტური მეთოდია ნიჟარის რაც შეიძლება ხშირად გარეცხვა ცხელი წყლისა და სარეცხი სოდის ნაზავით (ერთი სუფრის კოვზი სარეცხი სოდა ერთ ლიტრ ადუღებულ წყალში). ონკანის ირგვლივ გაჩენილი ლაქები კი ადვილად გაქრება, თუ თბილ ძმარში დასველებული ტილოთი გაწმენდთ. ნიკელის ონკანზე ლაქები შემთბარი ძმრის საშუალებით უნდა მოაცილოთ, რამდენიმე წუთის შემდეგ კი გარეცხეთ სუფთა წყლით და რბილი ტილო გადაუსვით.
გაითვალისწინეთ, რომ არაა რეკომენდებული ემალირებული ნივთების გაწმენდა ქვიშით ან ზუმფარას ქაღალდით (ე.წ. `შკურკა~), რადგან ასე ზიანდება დამცავი ფენა, შედეგად ის უფრო ხშირად და ძლიერად ბინძურდება.
გაყვითლებული ემალირებული აბაზანა მარილით და ძმრით უნდა გაწმინდოთ. ან ჯოხზე დახვეული ტილო დაასველეთ ხსნარით, რომლის ორი მესამედი იქნება წყალი და ერთი მესამედი ტექნიკური მარილიანი მჟავა. გააჩერეთ 10 წუთით, შემდეგ კი თბილი წყლისა და სარეცხი ფხვნილის ნაზავით გაწმინდეთ და რამდენჯერმე გადაავლეთ სუფთა წყალი.
იმისთვის, რომ აბაზანას თავდაპირველი სითეთრე დაუბრუნოთ, აურიეთ საჭმელი სოდა და რამდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტი, დაასველეთ შედარებით უხეში ტილო და გაწმინდეთ. სხვათა შორის, სოდა მიკრობებსაც სპობს.
შემდეგისთვის კი გაითვალისწინეთ, რომ ყვითელი ლაქები ჩნდება წყლის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების შედეგად. არ გამოუშვათ არც ძალიან ცივი, არც ძალიან ცხელი წყალი, დაიწყეთ გრილით. ასე ემალიც დიდხანს გაძლებს და ბზარებიც არ გაჩნდება.
ლაქები, რომლებიც გარეცხვის შედეგად რჩება, შეიძლება გააქროთ პემზის ფხვნილით, მაგრამ ფრთხილად უნდა გამოიყენოთ, რათა ემალის ზედა ფენა არ დააზიანოთ.
სააბაზანოს კაფელი კი ერთი ლიტრი წყლისა და ერთი ჭიქა ძმრის ნარევით გაწმინდეთ.
დიასახლისი ნანა მოქია ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სარეცხი საშუალება `დომესტოსია~. ის ასევე გირჩევთ სურნელოვანი სპრეის გამოყენებასაც.
0 коммент.:
Отправить комментарий