პასიფლორა - ვნების ყვავილი




ლიანას, სუროს, პასიფლორას და სხვა მხვიარა მცენარეებს ხშირად შეხვდებით ბათუმის მოჩუქურთმებულ აივნებზე. ეს მცენარეები ძალიან კარგად ხარობენ ნესტიან გარემოში, ამიტომაც შეუცვლელი დეკორაციაა ბათუმის კერძო სახლებისთვის.
მიუხედავად საუცხოო სილამაზისა, სურო და ლიანაც პარაზიტი მცენარეები არიან, ისინი ცხოვრობენ სხვა მცენარის ხარჯზე, რომელსაც უმეტესად აზიანებენ. თუმცა აივანზე მათში მოშენება სხვა მცენარეებს საფრთხეს არ უქმნის.
პასიფლორა პარაზიტ მცენარეთა რიგს არ მიეკუთვნება, მას მეორენაირად ვნების ყვავილსაც უწოდებენ, იგი მარადმწვანეა და წელიწადში ორჯერ ყვავილობს ვარსკვლავისებრი, ულამაზესი ყვავილებით. მისი გამრავლება თესლით ცოტა რთულია, უმჯობესია მცენარეს ტოტი ააჭრათ, ისე რომ ზედ რამდენიმე ფოთოლი იყოს. ტოტი ჩადეთ წყალში და 3 კვირის შემდეგ, როცა იგი ფესვებს გამოიღებს, გადარგეთ მიწაში. როგორც ზემოხსენებულ მხვიარებს, პასიფლორასაც ნესტიანი მიწა უყვარს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ზომიერად ნესტიანი.
პასიფლორას მოვლა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, როგორც ქეთევან გოგოლაძემ, ამ შესანიშნავი მცენარის ერთ-ერთმა მფლობელმა გვითხრა, მისი მორწყვა კვირაში ერთხელაც საკმარისია, მთავარია, თავიდან ძაფი ან მავთული გაუბათ, რაზედაც უნდა მოეხვიოს და კედელზე ავიდეს.
პასიფლორას ნაყოფი საქვეყნოდ ცნობილი არომატული ხილი მარაკუიაა, თუმცა მისგან ნაყოფის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რამდენიმე ძირს ერთმანეთთან ახლოს დარგავთ, გაზაფხულზე კი უბრალო ფუნჯის საშუალებით მათ ჯვარედინ დამტვერვას მოახდენთ.

0 коммент.:

Отправить комментарий