ბავშვი და კვება



ერთი წლის ასაკიდან ბავშვს უკვე ყველანაირი საკვების ჭამა შეუძლია, თუმცა ხშირად ბავშვები ამ სიამოვნებაზე უარს ამბობენ.
ის, რომ ბავშვი სასარგებლო საკვების ჭამაზე უარს სისტემატურად ამბობს, ყველაზე ხშირად იმის ბრალია, რომ მათ დედის რძის შემდეგ უჭირთ უფრო მრავალფეროვან საკვებზე გადასვლა. ბავშვთა ნერვოპათოლოგი _ ირმა ხვიჩია გვირჩევს, რომ ბავშვებს არავითარ შემთხვევაში არ დავაძალოთ საჭმლის ჭამა. თუ ეს საკვები მას არ მოსწონს, მაინც ვერაფერს მივაღწევთ, გარდა იმისა, რომ მის ფსიქიკას დავაზიანებთ. ამიტომ მეტი მოთმინება გვმართებს.
ხშირად მშობლები ბავშვებს არ აძალებენ ვიტამინიზებულ საკვებს, აძლევენ იმას, რასაც თავად პატარები ითხოვენ, ამას კი იმით ამართლებენ, რომ ბავშვი უკეთ გრძნობს, თუ რა საკვები, რა რაოდენობით ესაჭიროება მის ორგანიზმს. პედიატრის თქმით, ეს მცდარი წარმოდგენაა. ,,ბავშვმა, რა თქმა უნდა, არ იცის, რა არის მისთვის სასარგებლო. როცა ბავშვი მისთვის განკუთვნილ ულუფას არ ჭამს, საჭიროა ერთგვარი წახემსებები~. წახემსება ისევ სრულფასოვან საკვებს გულისმობს: ხაჭაპური, ორცხობილა, ბანანი, მაწონი, ხილის წვენი... ამგვარი საკვები ბავშვებისთვის უფრო მიმზიდველია. ბავშვის ზრდისა და სრულფასოვანი განვითარებისთვის ექიმი გირჩევთ, რომ მის ყოელდღიურ მენიუში ვიტამინებით სავსე პროდუქტები შეიტანოთ, თქვენი ბავშვის საკვები ცილებით, ცხიმებით და ნახშირწყლებით უნდა იყოს გამდიდრებული. ყველა ვიტამინს თავისი წვლილი შეაქვს ბავშვის ორგანიზმის ჯანსაღად განვითარებაში:
A ვიტამინი ხელს უწყობს ტვინის უჯრედების განვითარებას, მას დიდი რაოდენობით შეიცავს რძის პროდუქტები, კვერცხი, თევზი და ხილი; B ვიტამინი ხელს უწყობს უჯრედების ფორმირებას, ნერვული სისტემის კარგად განვითარებას, ზრდის სისხლში ერითროციტების და ლეიკოციტების რაოდენობას; C ვიტამინი, რომლის შემცველიცაა ციტრუსი და მწვანილები, ამაღლებს იმუნიტეტს; D ვიტამინი კალცს შეიცავს, რომელიც ძვლებს ამაგრებს, თავად D ვიტამინს კი, საქონლის ღვიძლი, რძე და ცხიმი შეიცავს.
ბავშვების ტკბილეულისადმი მისწრაფებაც არ არის საზიანო, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში. პედიატრი გვირჩევს, რომ დღეში 1 ფილა შოკოლადი სავსებით ნორმალურია ბავშვისთვის. იგი შეიცავს რკინას, A, B და C ვიტამინებს, რაც ტვინის უკეთ მუშაობას უწყობს ხელს.
იმისათვის, რომ ბავშვს სასარგებლო საკვები მოვანდომოთ, ყველაზე გავრცელებული გზაა კერძის გაფორმება, რაც უფრო ფერადი და მხიარული იქნება თქვენ მიერ მირთმეული კერძი, მით უფრო მადისაღმძვრელი იქნება იგი თქვენი პატარასთვის. თუმცაღა ბავშვის უმადობა შეიძლება ჭიებმაც გამოიწვიოს, ამიტომ უმჯობესია, პედიატრთან გაიაროთ კონსულტაცია.

0 коммент.:

Отправить комментарий