როგორ განვასხვავოთ მწვანილები




ეს სტატია ალბათ უფრო ახა­ლგაზრდა დიასახლისებს დააინტე­რესებთ, მათ, ვისაც ჩემსავით არ ძალუძთ ოხრახუშისა და ნიახურის ერთმანეთისგან გარჩევა. ყოველთვის, როცა მწვანილის ყიდვას მავალებენ, გზადაგზა სულ სხვადასხვა მწვანილის დასახელება მიტ­რიალებს თავში, მაღაზიაში მისული კი გამყიდველს გადავაბარებ დასახელებებს და მძიმე ტვირთისგან განთავი­სუფლებული, მორჩილად ველოდები ჩემ რიგს.
მწვანილების დამახსოვრება და შემდეგ მათი გარჩევა გაგიადვილდებათ, თუკი დაიმახსოვრებთ, რომ ოხრახუში, მაკიდო და `პეტრუშკა~ ერთი და იგივე მწვანილია.
რაც შეეხება კამას, ოხრახუშისა და ნიახურისგან განსხვავებით, მას წვრილი წიწვების მაგვარი ფოთლები აქვს. აყვავებული მწვანილი რომ შეგხვდეთ, არ დაიბნეთ, მოზრდილი კამა პატარა ყვითელ ყვავილებს ისხამს. ნიახურის ღერო სქელი და ოდნავ მოვარდისფროა, მისი ფოთლები ოხრახუშთან შედარებით უფრო დიდია. ოხრახუში მთლიანად მწვანეა და წვრილი ღეროები აქვს. ოხრახუშთან შედარებით, ქინძის ფოთლები უფრო მომრგვალებული, ხოლო ღერო და ფოთოლი შედარებით რბილია.
მწვანილი შეძენისას აუცილებლად ახალდაკრეფილი და ნედლი უნდა იყოს, არ უნდა ჰქონდეს გაყვითლებული ფოთლები.
მწვანილების გარჩევაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი სწორად გარეცხვა, თუმცა მანამდე მწვანილს გადარჩევა სჭირდება, სხვა ბალახი რომ არ ერიოს. ასევე უნდა მოაშოროთ ფესვები და გაყვითლებული ფოთლები. შემდეგ დადეთ საწურზე და გარეცხეთ გამდინარე ცივ წყალში, გადაიტანეთ ღრმა ჭურჭელში და დამდგარ წყალში კიდევ ერთხელ გარეცხეთ, თან შეამოწმეთ, ხომ არ დარჩა თასის ფსკერზე კენჭი ან ქვიშა. 15-20 წუთის განმავლობაში დატოვეთ ცივ წყალში, ეს ხელს შეუწყობს მწვანილებდან ნიტრატების გამოდევნას. მწვანილების ცხელი წყლით გარეცხვა არ არის რეკომენდებული, რაც უფრო ცივ წყალში გავრეცხავთ მწვანილს, მით უფრო შეინარჩუნებს სიმკვრივესა და ვიტამინებს.
მწვანილებს ბევრი სამკურნალო თვისება გააჩნიათ, უმეტესად მათ ხალხურ მედიცინაში იყენებენ. მაგალითად, კამას უმადობის საწინააღმდეგო საშუალებად მიიჩნევენ, იგი საჭმლის მომნელებელ სისტემას უხდება და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს.
ნიახურით თირკმლების დაავადებებს მკურნალობენ. მისი ფოთლები და თესლი შარდმდენ საშუალებად გამოიყენება, ნაყენი კი ორგანიზმს მარილებისგან ათავისუფლებს. ნიახური ხელს უშლის კენჭების წარმოქმნას და გამოიყენება რევმატიზმის სამკურნალოდაც.
ახლა უკვე, როცა მწვანილების ამოცნობა და მათი გარეცხვის წესიც ვიცით, თავისუფლად შეგვიძლია ეს, ვიტამინებით სავსე მცენარეები, არა მარტო საკვები, არამედ სამკურნალო დანიშნულებითაც გამოვიყენოთ.

0 коммент.:

Отправить комментарий