"აღმოჩნდა, რომ გელა ადრეც მიცნობდა, ჯერ კიდევ სკოლაში ვუნახივარ ერთ-ერთ საღამოზე... ისიც კი არ ვიცოდი, რომ იგი ჩემი უბნელი _ მეზობელი იყო"
ქეთევან ბალაძე და გელა მალაყმაძე ერთმანეთს უნივერსიტეტში შეხვდნენ. ისინი თითქმის სამი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, ბოლოს კი შეუღლება გადაწყვიტეს. "გელამ პირველად მიყვარხარო, ეკლესიაში მითხრა, ხელის სათხოვნელად კი ოჯახში მოვიდნენ..."
ქორწილი 2002 წლის 15 ივნისს დაიგეგმა.
"ქორწილისთვის სპეციალური არაფერი დაგვიგეგმია, არც მოცეკვავეები მოგვიწვევია, ჩვენ უფრო რაღაც კლასიკური გვინდოდა და ასეთიც გამოვიდა" _ ამბობს ქეთევანი.
წვეულება სასტუმრო "ინტურისტში" დაიწყო და სარიტუალო დარბაზ "ოდიშში" გაგრძელდა. დარბაზების გაფორმებაზე დიზაინერებმა იზრუნეს, წყვილის იმიჯზე კი _ თავად პატარძალმა. ქეთევანს კრემისფერი, პატარა ყვავილებით და ოქროსფერი თასმებით გაწყობილი სადედოფლო კაბა ეცვა, გელას კი _ ტრადიციული კლასიკური შავი პიჯაკი და შარვალი.
ქეთიმ ვარცხნილობა სალონში გაიკეთა. "როგორც კი დაასრულეს ვარცხნილობისა და მაკიაჟის გაკეთება, გელამაც მოგვისწრო, ფატა ჩამომაფარეს და სიჩქარეში ისე წამოვხტი სავარძლიდან, სარკეში ჩახედვაც კი ვერ მოვასწარი" _ იხსენებს ქეთი.
ქორწილის შემდეგ ტრადიციულად, ბუკეტის სროლის ჯერიც დადგა. "ლილიების ლამაზი ბუკეტი მქონდა, რომელიც გადასაგდებად დამენანა და გოგონებს სხვა ყვავილი გადავუგდე _ ამბობს ქეთევანი. _ მიუხედავად ამისა, ბუკეტზე მაინც დიდი მოთხოვნა იყო, იმდენი გოგო იბრძოდა, მის ხელში ჩასაგდებად... ბოლოს ჩაუვარდა ერთს ხელში".
ქორწილიდან მესამე დღეს გელა და ქეთევანი ანტალიაში გაემგზავრნენ - "უმშვენიერესი დღეები გავატარეთ, საუკეთესო პერიოდი იყო ჩვენს ცხოვრებაში".
წყვილმა ხელი შეუღლებიდან მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ მოაწერა. როგორც ქეთევანი ამბობს, აქამდე ისინი ერთმანეთს ცდიდნენ: "ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ამ დროს ირჩევ ადამიანს, რომელთანაც მთელი დარჩენილი ცხოვრება უნდა გაატარო”.
ისინი ჯერ მხოლოდ კანონით არიან ცოლ-ქმარი და მალე უფრო სერიოზულ ნაბიჯს გადადგამენ _ "იყო შეუღლებული უფლის წინაშე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და ალბათ, შინაგანად ჯერ კიდევ ვცდით ერთმანეთის გრძნობებს. თუმცა ვფიქრობ, მალე დავიწერთ ჯვარს" _ ამბობს ქეთევანი.
ქეთევანი და გელა დღეს ძალიან ბედნიერები არიან. მათ ორი შვილი ჰყავთ _ 7 წლის მარიამი და 4 წლის გიორგი.
0 коммент.:
Отправить комментарий