გაცნობიდან ერთ თვეში ახსნილი სიყვარული და ქორწილი სამი წლის შემდეგ


მაშინ, როცა ერთმანეთი გაიცნეს, ლალი ფოთში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო, გოდერძი კი _ იურისტი. ლალი პრაქტიკას გადიოდა სასამართლოში, გოდერძის კი სამსახურებრივ საქმეებზე ხშირად უწევდა ბათუმიდან ფოთში ჩასვლა… ერთ დღესაც ლალი გაიცნო, მერე ინტერნეტით დაუკავშირდა... _ “სიყვარული ძალიან მალე ამიხსნა, გაცნობიდან დაახლოებით ერთ თვეში” _ იხსენებს ლალი. სამი წლის განმავლობაში შეყვარებულები იყვნენ და გოდერძი ყოველ შაბათს ჩადიოდა ფოთში ლალის სანახავად, სხვა დროს შეხვედრას ვერ ახერხებდნენ _ დატვირთული გრაფიკის გამო _ “გაცნობიდან სამი წლის შემდეგ გადავწყვიტეთ შეუღლება, უკვე კარგად გვქონდა შესწავლილი ერთმანეთის ხასიათი, გრძნობები, ამიტომ კარგად ვიცოდით, რა ნაბიჯსაც ვდგამდით”.ქორწილი 22 მაისს გაიმართა _ “ტრადიციული და ძალიან ლამაზი ქორწილი გვქონდა. ყველა მხიარულობდა, მათ შორის ნეფე-პატარძალიც. სტუმრად გვყავდა ცნობილი მომღერალი ლაშა ღლონტი, მისმა სიმღერებმა უფრო გაალამაზა ეს დღე”.
რაც შეეხება ნეფე-პატარძლის ჩაცმულობას, გოდერძის მუქი ლურჯი შარვალ-კოსტიუმი ეცვა იისფერი ჰალსტუხით და თეთრი პერანგით. ლალის კი ღია ოქროსფერი, ბისერებით გაფორმებული კაბა _ “ერთი თვით ადრე დავიწყე საქორწილოდ მომზადება, კაბაც ადრე შევარჩიე და ქორწილს მეორე დღის სამოსიც”.
დარბაზიც თეთრსა და ოქროსფერში იყო გადაწყვეტილი. მაგიდები და სკამები თეთრი ქსოვილითა და ლენტებით იყო გაფორმებული.
ლალის ორი თაიგული ჰქონდა, ერთი გოდერძიმ მიართვა, მეორე კი _ მეჯვარემ. “გოდერძის ნაჩუქარი თაიგული მეჯვარეს დავუთმე, იმ იმედით, რომ ისიც მალე გათხოვდება. მეორე თაიგული კი ტრადიციულად ახალგაზრდებსი ვისროლე, იგი ერთ-ერთმა სტუმარმა დაიჭირა”.
როგორც ლალი ამბობს, ქორწილში ბევრი საჩუქარი მიართვეს, თუმცა რომელიმეს განსაკუთრებით გამორჩევა უჭირს _ “საჩუქრებს მნიშვნელობის მიხედვით არ ვაფასებ. მთავარია, ყურადღება და არა ნივთი”.


ქორწილის შემდეგ წყვილი თაფლობის თვის გასატარებლად თურქეთში, ქალაქ ქემერში გაემგზავრა. როგორც ლალი ამბობს _ “ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი დღეები იყო”.

გოდერძი გორაძე და ლალი ოყუჯავა

0 коммент.:

Отправить комментарий