სუსხიან ღამეებში ელექტროლეიბი ბევრისთვის თითქმის შეუცვლელი ნივთი გახდა. თუკი ადრე ეს ნივთი იშვიათად იყიდებოდა, დღეს მისი შეძენა ყველა მაღაზიაშია შესაძლებელი, თანაც ხელმისაწვდომ ფასად. ლეიბები 17-დან 25 ლარამდე ღირს. გამათბობელი ლეიბი ელექტროსადენების ხარჯზე ხურდება. ლეიბს სიმხურვალის მარეგულირებელიც აქვს.
ინსტრუქციის მიხედვით, ელექტროლეიბის გამოყენება ბავშვების გასათბობად მიზანშეწონილი არ არის, ეს თავად გამყიდველებმაც მითხრეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუქციის კიდევ ერთ პუნქტს გავითვალისწინებთ, რომლის მიხედვითაც ადამიანის დაწოლამდე ლეიბი უნდა გამოირთოს, ეს არც ისე სახიფათოა. სამწუხაროდ ბევრი მშობელი ამ წესს არ ითვალისწინებს და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებს.
ელექტროლეიბის გამოყენება ასევე არასასურველია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები აწუხებთ. ანგეოლოგ (სისხლძარღვთა ქირურგი) მერაბ მიქელაძის რჩევით, ქვედა კიდურების ვენების დაავადებების შემთხვევაში, ფეხებისთვის მავნებელია ცხელი აბაზანები, მზეზე დიდხანს ყოფნა და სხვა ამგვარი პროცედურები, მათ შორის გამათბობელი ლეიბებიც. მისი თქმით, ყველა ჩვენგანი, დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, პოტენციურად ამგვარი დაავადებების რისკის ქვეშ დგას, ამიტომ თავი უნდა დავიზღვიოთ და ელექტროლეიბის გამოყენებისას დავიცვათ მისი მოხმარების წესები.
გამათბობელი ლეიბის შეძენისას იგი კარგად უნდა შეამოწმოთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ მასში ელექტროენერგია გადის. გაითვალისწინეთ მისი მოხმარების მთავარი წესი: ლეიბი ჩართეთ დაწოლამდე ერთი საათით ადრე და არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ მთელი ღამე ჩართული. ბავშვებისთვის ამგვარი ლეიბების გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუმცა თუ დანარჩენ წესებს დაიცავთ, ეს დასაშვებია, მაგრამ არა ჩვილი ბავშვებისთვის, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის გადახურება და ოფლიანობა. ინსტრუქციის მიხედვით გასათბობი ლეიბი აუცილებლად ზეწრის ან ადიალის ქვეშ უნდა დააგოთ. იგი არ ირეცხება და მისი დაკეცილ მდგომარეობაში ჩართვა არ შეიძლება.
გამათბობელი ლეიბის გამოყენება არ არის სახიფათო, მთავარია კარგად გავეცნოთ ინსტრუქციას და ზუსტად დავიცვათ მისი მოხმარების წესები, განსაკუთრებით, თუკი მას ბავშვის საწოლის გასათბობად ვიყენებთ.
1 коммент.:
ზუსტად
Отправить комментарий