Facebook, myspace, odnoklassniki - ეს ის საიტებია, სადაც თითქმის ყველა მომხმარებელს განთავსებული აქვს რამდენიმე ავტოპორტრეტი. მათი დათვალიერებისას ერთ-ერთს ყოველთვის გამოარჩევთ, იმას, რომელზეც საიტის მომხმარებელი ყველაზე ლამაზად და ბუნებრივად გამოიყურება, დანარჩენ ფოტოები კი, რომლებზეც უცნაური გამომეტყველებაა აღბეჭდილი, ნაკლებად საინტერესოა. უმეტესად ამგვარი ფოტოები გოგონებს აქვთ, რაც იმითაა გამოწვეული, რომ გოგონები ხშირად მოდელებს ბაძავენ და ცდილობენ, უცნაური მიმიკები გამოხატონ, ტუჩები უფრო დაბერილი წარმოაჩინონ. ბიჭების პორტრეტები კი პირიქით _ ზედმეტად ბუნებრივი და უინტერესოა.
ხშირად იმას, რომ ფოტოები ინტერესს არ იწვევს, ჩვენს არაფოტოგენურობას ვაბრალებთ, რაც არასწორია. არსებობს მოსაზრება, რომ არაფოტოგენური ადამიანები საერთოდ არ არსებობენ, არსებობენ მხოლოდ ცუდი ფოტოგრაფები და ეს აზრი, ვფიქრობ, ყველაზე ახლოსაა ჭეშმარიტებასთან. იმ შემთხვევაში თუკი ფოტოს არაპროფესიონალი ფოტოგრაფი იღებს, მაშინ ყველაფერი თქვენ ხელშია, მთავარია კამერის წინ სწორად პოზირება შეძლოთ. ახალგაზრდა ფოტოგრაფის, ზაზა გაბაიძის რჩევით, პორტრეტი უფრო სახასიათო უნდა იყოს, ადამიანი შეიძლება არ იყოს ლამაზი, მაგრამ იყოს საინტერესო ტიპაჟი, ამიტომ არ უნდა მოვერიდოთ ბუნებრიობას. ამგვარ ფოტოებში პერსონაჟის გარდა სივრცეც უნდა ჩანდეს, ანუ ის გარემო, სადაც იგი ცხოვრობს ან მუშაობს.
არსებობს კონკრეტული რჩევები მათთვის, რომლებსაც ფოტოგადაღებისას რაიმე ნაკლის დაფარვა ან პირიქით, ღირსების წარმოჩენა სურთ. იმ შემთხვევაში, თუკი მიიჩნევთ, რომ დიდი და კეხიანი ცხვირი გაქვთ, ფოტოს პროფილში ნუ გადაიღებთ, ყველაზე მომგებიანი იქნება ნახევრადპროფილში (ენფასში) დგომა, ან თმის საშუალებით შეავსოთ სახე ისე, რომ ყურადღება სახის სხვა დეტალზე გადავიდეს, ცხვირის ვიზუალურად დაპატარავება სათვალის დახმარებითაც შეიძლება. ხშირად გოგონები ფოტოებზე ქვევიდან იყურებიან, მიიჩნევა, რომ ამგვარი სახე მათ ბავშვურ იერს აძლევს, თუმცა ზაზას თქმით, ზემოდან გადაღებული ფოტო ზოგჯერ ძალადობის შთაბეჭდილებასაც ტოვებს. პორტრეტში ყველაზე მეტყველი თვალებია, ფოტოგრაფმაც სწორედ მათზე უნდა მოახდინოს ფოკუსირება.
ბათუმში დღეს უკვე ძალიან ბევრი კარგი ფოტოხელოვანია, ამიტომ ნუ დაგეზარებათ, ჰკითხეთ თქვენს მეგობრებსა და ნაცნობებს, იქნებ ისინიც იცნობენ რომელიმე მათგანს და დაითანხმონ გადაღებებზე. მერწმუნეთ, კმაყოფილი დარჩებით.
როგორ ვიყოთ ფოტოგენური
09:56
iako.lifestyle
1 коммент.:
Отправить комментарий